1. დაკავებაზე უფლებამოსილი პირი ახორციელებს უცხოელის იდენტიფიცირებას და საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს პირი საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე.

2. უცხოელის იდენტიფიცირებისა და საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენის მიზნით, დაკავებაზე უფლებამოსილი პირი:

ა) ამოწმებს უცხოელის პასპორტს/სამგზავრო დოკუმენტს და სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციას;

ბ) არკვევს, აქვს თუ არა უცხოელს ბინადრობის ნებართვა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, შესაბამისი ვიზა ან არის თუ არა უცხოელი თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი;

გ) ამოწმებს უცხოელის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადას, აგრეთვე, საზღვრის კვეთის შესახებ და საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების შესახებ ინფორმაციას;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ღონისძიებებს;

ე) იღებს უცხოელის თითების ანაბეჭდებს და ხელისგულების ანაბეჭდებს;

ვ) უღებს უცხოელს ფოტოსურათს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შემდეგ, თუ არსებობს უცხოელის გაძევების, მაგრამ არა მისი დაკავების საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს რეაგირების ოქმს ან სხვა შესაბამის დოკუმენტს.

4. უფლებამოსილი თანამდებობის პირი რეაგირების ოქმში უთითებს:

ა) ინფორმაციას საქართველოში უცხოელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ;

ბ) არსებობის შემთხვევაში, სხვა პირის საკონტაქტო მონაცემებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება უცხოელთან დაკავშირება;

გ) გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, რომლის განმავლობაშიც უცხოელი უნდა გამოცხადდეს დეპარტამენტში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის ადგილზე განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, უცხოელის იდენტიფიცირებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს სთავაზობს დეპარტამენტში გადაყვანას და განუმარტავს ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შედეგს.

6. პირის იდენტიფიცირების მიზნით ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს უცხოელის დაკავების უფლებამოსილება კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით.

7. თუ უცხოელი არ ფლობს სამართალწარმოების ენას, მასთან კომუნიკაცია ხორციელდება თარჯიმნის მეშვეობით.

8. ამ წესის მიზნებისათვის კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ სახეზეა კანონის 541 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ან თუ აღმოჩნდება, რომ:

ა) იგი არ თანამშრომლობს დეპარტამენტის უფლებამოსილ პირთან და აცხადებს, რომ არ სურს დეპარტამენტში გამოცხადება ან/და საქართველოს დატოვება;

ბ) ადგილი აქვს გაქცევის მცდელობას, წინააღმდეგობას ან/და სხვა გარემოებას, რაც ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე.

9. დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უცხოელის დაკავებისას ავსებს უცხოელის დაკავების ოქმს ამ წესის 52-ე მუხლის შესაბამისად.

10. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავებასა და ცენტრში/იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს დეპარტამენტი, აგრეთვე უცხოელის დამკავებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან საქართველოს სასაზღვრო პოლიცი