1. ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას, დეპარტამენტი შეისწავლის უცხოელისათვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება ეძლევა 1 წლით და ამავე ვადით გაიცემა მასზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. ეს ვადა დეპარტამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1 წლით, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცა.

3. უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის პერიოდში, როგორც წესი, 6 თვეში ერთხელ სამმართველო შეისწავლის ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის პერიოდში აღმოიფხვრა მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოება, უცხოელს გაუუქმდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მის მიმართ დაიწყება საქართველოდან გაძევების შესაბამისი პროცედურა.

4. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო.

5. ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას.

6. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება გაუუქმდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ:

ა) მან არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან/და დამალა;

ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას არ უნდა მისცემოდა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება;

გ) სააგენტოს მიერ მასზე გაცემულია ბინადრობის უფლება.

7. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის, გაგრძელების ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დეპარტამენტი წერილობით მიმართავს სააგენტოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, განმეორებით გაცემის ან გაუქმების თაობაზე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის ერთი ეგზემპლარი ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარდება უცხოელს.

9. უცხოელს უფლება აქვს, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს წელიწადში ერთხელ, დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უარს იტყვის უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და კვლავ არსებობს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უცხოელს გაუგრძელდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.

თავი XIII. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წე