ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1288-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.102942 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1🔗
ამ კანონის მიზანია ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.
მუხლი 2🔗
1. პირი გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გამოსცა უფლებამოსილმა პირმა და ეს დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა ან/და საურავი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 3🔗
პირი გათავისუფლდეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.
მუხლი 4🔗
1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.
2. შესაბამისმა ორგანომ:
ა) არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა;
ბ) შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა;
გ) ძალადაკარგულად გამოაცხადოს დადგენილება, რომლითაც პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმა) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილი, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა და აღნიშნული დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი გათავისუფლდება ამ ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე:
ა) შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება;
ბ) არ დაიწყოს ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
5. ამ კანონით განსაზღვრულ პირს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან), შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ან/და სათანადო ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.
მუხლი 5🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,
17 დეკემბერი 2025 წ.
N1288-IVმს-XIმპ