1. აფრენის ტრაექტორიის არეში მდებარე ობიექტები, რომლებიც კვეთენ 1.2%-იანი დახრილობის მქონე სიბრტყეს ზევით, რომელსაც აფრენის ტრაექტორიის არესთან გააჩნია საერთო საწყისი, სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის მომზადების დროს განიხილება როგორც დაბრკოლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაბრკოლებები სრულად იჩრდილება სხვა დაბრკოლებების მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და ეს დაბრკოლებები შეიძლება არ აღინიშნოს რუკაზე. ამასთან, მოძრავი ობიექტები (როგორიცაა, საჰაერო ხომალდები, სარკინიგზო შემადგენლობები, ავტომანქანები და ა.შ.), რომლებიც შეიძლება კვეთდნენ 1,2%-იანი დახრილობის მქონე სიბრტყეს, განიხილება როგორც დაბრკოლება, მაგრამ არ ითვლება როგორც დამჩრდილავი.
2. დაბრკოლების ჩრდილად ითვლება ბრტყელი ზედაპირი, რომელიც იწყება დაბრკოლების წვერზე გამავალი ჰორიზონტალური ხაზიდან და აფრენის ტრაექტორიის არეს ღერძულა ხაზის პერპენდიკულარულია. აღნიშნული სიბრტყე მოიცავს აფრენის ტრაექტორიის არეს სრულ სიგანეს და ვრცელდება ამ მუხლის 1-ელი პუნქტით მითითებულ სიბრტყემდე ან მომდევნო, უფრო მაღალ დაბრკოლებამდე, თუ იგი უფრო ახლოსაა. აფრენის ტრაექტორიის არეს პირველი 300 მ-ის (1000 ფუტის) მანძილზე დაჩრდილვის სიბრტყეები განთავსებულია ჰორიზონტალურად, ხოლო ამ წერტილის შემდეგ მათ გააჩნიათ 1.2 %-იანი აღმავალი დახრილობა.
3. დამჩრდილავი დაბრკოლების მოცილების შემთხვევაში, სხვა ობიექტები, რომლებიც აღნიშნულის შედეგად გახდება დაბრკოლებები, დაიტანება რუკაზე.
4. აფრენის ტრაექტორიის არე წარმოადგენს ოთხკუთხა სივრცეს მიწის ზედაპირზე, რომელიც მდებარეობს უშუალოდ აფრენის ტრაექტორიის ქვემოთ და მის სიმეტრიულად. ამ არეს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
ა) იგი იწყება იმ არეს ბოლოდან, რომელიც გამოცხადებულია როგორც ასაფრენად გამოსადეგი (ანუ ადზ-ის ან დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ბოლოდან, ვითარების მიხედვით);
ბ) მისი სიგანე საწყის წერტილში შეადგენს 180 მ-ს (600 ფუტს) და შემდეგ იზრდება 0.25D ხარისხით და მაქსიმალური სიგანე აღწევს 1800 მ-ს (6000 ფუტს), სადაც D წარმოადგენს მანძილს საწყის წერტილამდე;
გ) აფრენის ტრაექტორიის არე ვრცელდება წერტილამდე, რომლის შემდეგაც დაბრკოლებები აღარ არსებობს ან 10.0 კმ (5.4 საზღვაო მილი) ნიშნულამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი სიდიდეა ნაკლები.
5. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული საექსპლუატაციო მახასიათებლების მქონე საჰაერო ხომალდი ახორციელებს აფრენას 1.2 %-ზე ნაკლები გრადიენტით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აფრენის ტრაექტორიის არე იზრდება არანაკლებ 12.0 კმ-მდე (6.5 საზ. მილამდე), ხოლო ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული სიბრტყის დახრილობა მცირდება 1%-მდე ან ნაკლებით.
შენიშვნა: თუ ტოპოგრაფიული მეთოდით განსაზღვრულ სიბრტყეს, რომელსაც გააჩნია 1%-იანი დახრილობა, არ გააჩნია შეხება არანაირ დაბრკოლებასთან, ეს სიბრტყე შეიძლება დაიწიოს პირველ დაბრკოლებასთან შეხების წერტილამდე.
6. ადზ-ის თითოეული მიმართულებისთვის რუკაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) გასაქანად არსებული მანძილი;
ბ) შეწყვეტილი აფრენისთვის არსებული მანძილი;
გ) ასაფრენად არსებული მანძილი;
დ) დასაფრენად არსებული მანძილი.
7. იმ შემთხვევაში, თუ არ არის მითითებული გამოცხადებული მანძილები იმის გამო, რომ ადზ გამოიყენება მხოლოდ ერთი მიმართულებით, ასეთი ადზ უნდა აღინიშნოს, როგორც „გამოუსადეგარი ასაფრენად, დასაფრენად ან ორივე შემთხვევაში“.
8. გეგმილის ხედზე მიეთითება:
ა) ადზ-ის კონტური უწყვეტი ხაზით, მისი სიგრძე და სიგანე, მაგნიტური პელენგი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და ადზ-ის ნომერი;
ბ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი შტრიხ-ხაზით (წყვეტილი ხაზით), სიგრძის და აღნიშვნის მითითებით;
გ) აფრენის ტრაექტორიის არე – წერტილ-ხაზით და ღერძულა ხაზი – მოკლე და გრძელი შტრიხ-ხაზების მონაცვლეობით;
დ) აფრენის ტრაექტორიის სათადარიგო არეები. იმ შემთხვევაში, როდესაც აფრენის ტრაექტორიის სათადარიგო არეები განლაგებულია ადზ-ის ღერძულა ხაზის გაგრძელების სიმეტრიულად, უნდა გაკეთდეს შენიშვნა აღნიშნული არეების მნიშვნელობის განმარტებით;
ე) დაბრკოლებები, მათ შორის:
ე.ა) ყოველი დაბრკოლების ზუსტი ადგილმდებარეობა პირობით ნიშანთან ერთად, რომელიც ახასიათებს ამ დაბრკოლების ტიპს;
ე.ბ) ყოველი დაბრკოლების შემაღლება და აღნიშვნა;
ე.გ) დიდი ზომების დაბრკოლებების ზედა ზღვარი, განსაკუთრებული განმარტებით ლეგენდაში.
შენიშვნა: აღნიშნული არ გამორიცხავს აფრენის ტრაექტორიის არეს ფარგლებში კრიტიკული მაღლივი ნიშნულების მითითების აუცილებლობას.
9. სააეროდრომო დაბრკოლების რუკაზე უნდა მიეთითოს ადზ-ის და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ზედაპირის თვისებები. დამუხრუჭების ბოლო ზოლი უნდა აღინიშნოს შტრიხ ხაზით.
10. დამუხრუჭების ბოლო ზოლის გამოსახვისას, მიეთითება ყოველი დამუხრუჭების ბოლო ზოლის სიგრძე.
11. პროფილზე მიეთითება:
ა) ადზ-ის ღერძულა ხაზის პროფილი – უწყვეტი ხაზით და ნებისმიერი სათანადო დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ღერძულა ხაზის პროფილი - შტრიხ ხაზით;
ბ) ადზ-ის ყოველ ბოლოზე ღერძულა ხაზის შემაღლება, დამუხრუჭების ბოლო ზოლის შემაღლება და შემაღლება აფრენის ტრაექტორიის ყოველი არეს დასაწყისში, ასევე ადზ-ის და დამუხრუჭების ბოლო ზოლის დახრილობის მნიშნელოვანი ცვლილება;
გ) დაბრკოლებები, მათ შორის:
გ.ა) ყოველი დაბრკოლება – უწყვეტი ვერტიკალური ხაზით, რომელიც იწყება კოორდინატთა ბადის შესაბამისი ხაზიდან და გადის, სულ მცირე, ბადის მომდევნო ხაზით დაბრკოლების ზედა წერილამდე;
გ.ბ) ყოველი დაბრკოლების აღნიშვნა;
გ.გ) ლეგენდაში განსაკუთრებული განმარტებით იმ დაბრკოლების გადაკვეთის წერტილი, რომელსაც გააჩნია დიდი განფენილობა.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება დატანილი იყოს დაბრკოლებების პროფილი, რომელიც წარმოადგენს ხაზს, რომელიც აერთებს ყოველი დაბრკოლების წვეროს და განსაზღვრავს ამ დაბრკოლებებით წარმოქმნილ დაჩრდილვის არეს