1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0; F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც:

ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ბოლო 2 წლის) განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებული, ასევე პირები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში, ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, შესაბამისი დაწესებულებისათვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში.

2. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს:

ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა;

გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი ანალიტიკოსი, მეტყველების თერაპევტი, შემთხვევის მენეჯერი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა);

დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება;

ე) 6 თვეში ერთხელ ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა) და ა(ა)იპ-ის „საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის“ (ს/ნ 400205176) მიერ დამტკიცებული ანგარიშების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით ანგარიშის ელექტრონული სახით წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ 2 თვის განმავლობაში.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებების დაფინანსება:

ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა/კორექტირება;

ბ) მშობლის არჩევითი შემდეგი ღონისძიებები:

ბ.ა) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის სეანსების მიწოდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, როდესაც მშობელს უფლება აქვს თავად აირჩიოს თერაპიების სახე, ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით ან

ბ.ბ) ბაზისური მომსახურება (სტანდარტიზებული სეანსების რაოდენობის გათვალისწინებით), რომელიც მოიცავს:

ბ.ბ.ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა/კორექტირება;

ბ.ბ.ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათისა;

ბ.ბ.გ) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს:

ბ.ბ.გ.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 14 სეანსისა;

ბ.ბ.გ.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 12 სეანსისა;

ბ.ბ.გ.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

ბ.ბ.დ) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს:

ბ.ბ.დ.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 7/10;

ბ.ბ.დ.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 6/10;

ბ.ბ.დ.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს; სეანსების რაოდენობა შეზღუდული არ არის. სეანსების რაოდენობა და ბავშვის თერაპიის სახე ყოველთვიურად უნდა თანხმდებოდეს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ინახებოდეს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში.

5. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება თავად აფასებს მშობელთა ჩართულობის საჭიროებასა და ინტენსივობას სეანსების მიმდინარეობის პროცესში.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტანდარტიზირებული მომსახურების არჩევის შემთხვევაში შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ინახებოდეს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში.

7. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, სეანსების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოშ