1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიური ან/და პრაქტიკული მიზნებისათვის.
2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, სავალდებულოა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრში რეგისტრაცია, მოახდინოს ცხოველების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში და ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ან სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციას და იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.
4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ:
ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე;
ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა.
5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტიურობა;
გ) საძილე ადგილის გამოყოფა, გათბობა და განათება;
დ) ცხოველის (ძუ) შეჯვარებისა და მისი გამრავლების შემთხვევაში ცხოველებისათვის სათანადო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა;
ე) ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების დაცვით;
ვ) პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა;
ზ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას.
6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;
ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს ცხოველი საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ დაწესებულებაში, კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ ორგანიზაციაში, ცხოველთა დაცვის უფლებამოსილ ორგანიზაციაში ან სხვა უფლებამოსილ დაწესებულებაში 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის მაიდენტიფიცირებელი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) სავალდებულია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
დ) მოდარაჯე ძაღლის დაბმა აკრძალულია 5 მეტრზე ნაკლები სიგრძის თასმით, აუცილებელია ამგვარი ძაღლის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ კარებზე განთავსებული იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა;
ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება;
ვ) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ზ) ცხოველის სიკვდილის შესახებ, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ორგანოს;
თ) საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ, აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი და განთავსებული მისაბმელი ძელი;
ი) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
კ) ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია ბიოთერმულ ორმოში, კრემატორიუმში ან სამარხში;
ლ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ ამგვარი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი;
მ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების, ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო (პოლიცია) დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით;
ნ) დაუშვებელია ცხოველის ისეთი გაწვრთნა, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდ(ებ)ის გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებს, თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას, ტკივილსა თუ ტანჯვას;
ო) დაუშვებელია ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა და მოკლე საბელის ხანგრძლივად გამოყენება;
პ) ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული ცხოველი, დამშავებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გადაყვანილი უნდა იქნეს უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში, მას ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ცხოველის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების დაფინანსება და უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება, შემდგომი მზრუნველობის განხორციელების მიზნი