1. „ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და მისი მიზანია ცენტრალიზებული შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, ინსპექტირება და კონტროლი.
2. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო (შემდგომში – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის განხორციელების მიზნით, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.
3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ისაგან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელებისა, ასევე სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით, სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება, ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნებ