1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენა შეუძლია წინადადებების წარდგენის ეტაპზე. სატენდერო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.

3. სატენდერო წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა, უპირველეს ყოვლისა, სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია (გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, რაც შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მატერიალური სახით, თუ ეს გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით). ამის შემდეგ, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები.

4. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, დღგ-ის გადამხდელი პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე ან მისი ჩათვლით, იმისდა მიხედვით, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების დღგ-ის გარეშე წარმოდგენა, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. ასეთ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

5. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს ტექნიკური დოკუმენტაცია.

6. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, სატენდერო წინადადების წარდგენისთანავე, პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში.

7. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

8. გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. ძირითად დროში ან დამატებით რაუნდებში პრეტენდენტი სატენდერო წინადადებაზე უარს ამბობს სისტემის მეშვეობით. ძირითადი დროის ან დამატებითი რაუნდების დასრულების შემდეგ სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგ