1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენა შეუძლია ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე.

2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს.

3. სატენდერო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

4. სატენდერო წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა, უპირველეს ყოვლისა, სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია. ამის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები.

5. დღგ-ის გადამხდელი პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე ან მისი ჩათვლით, იმისდა მიხედვით, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების დღგ-ის გარეშე წარმოდგენა, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. ასეთ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

6. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

7. წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს ტექნიკური დოკუმენტაცია, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

8. სატენდერო წინადადების წარდგენისთანავე, პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ძირითადი დროის განმავლობაში პრეტენდენტი უფლებამოსილია, რამდენჯერმე შეამციროს წინადადების ფასი, წინა შეთავაზებულ ფასთან შედარებით არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით, გარდა ამ წესის 39-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

9. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელმაც ძირითად დროში, დადგენილი წესით, წარადგინა სატენდერო წინადადება. პირველ დამატებით რაუნდში შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება პრეტენდენტთა მიერ ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით, კერძოდ, პირველ დამატებით რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.

10. სისტემა ძირითად დროში უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. გარდა ამ წესის 39-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, პრეტენდენტების რაოდენობა და წინადადების ფასები საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დაწყების მომენტიდან. პრეტენდენტთა ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია საჯარო ხდება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე.

11. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.

12. ხელშეკრულების დასადებად მიწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგ