1. სატენდერო კომისია, ყოველი კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.
2. მოთხოვნები, რომელთაც განსაზღვრავს სატენდერო კომისია, უნდა გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
3. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.
4. ელექტრონულ ტენდერში ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა. ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა სავალდებულოა, თუ ეს გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით. სატენდერო დოკუმენტაციაში ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გათვალისწინება სავალდებულო არ არის.
5. გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულოა. კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში.
6. სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინების შემთხვევაში სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას, თუ მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.
7. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველ კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით, ინვოისით ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. სატენდერო კომისიამ წინასწარ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სატენდერო დოკუმენტაციაში, თუ რა სახის დოკუმენტაციით უნდა დაასაბუთოს პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
8. სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.
9. შესყიდვის ობიექტის აღწერისას სატენდერო კომისია იყენებს ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებს. ტექნიკური სპეციფიკაცია აღწერს შესყიდვის ობიექტის კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს და, შესაბამისად, შესყიდვის შედეგის მიღწევის კონკრეტულ გზას, მაშინ, როდესაც ფუნქციური და შესრულების სპეციფიკაციები აღწერს თავად შესყიდვის სასურველ შედეგს ან/და შესყიდვის ობიექტის ძირითად ფუნქციურ თვისებებს ტექნიკური მახასიათებლების აღწერის გარეშე. კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სპეციფიკაციების შერეული ფორმის გამოყენება. იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას.
10. სატენდერო კომისია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. სატენდერო კომისია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს, რაც უნდა დასაბუთდეს. ასეთ შემთხვევაში აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა. დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი აღწერა, რომელიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
11. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს რეკვიზიტების სახით ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც ასახულია მისი მომხმარებლის პროფილშ