1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სამუშაოს შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი ჩაატაროს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება აქვს, ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. ამავდროულად, წინადადების ფასის შემცირებასთან ერთად, პრეტენდენტი ვალდებულია, სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში ატვირთოს შეცვლილი ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. დამატებითი რაუნდები არ იმართება.

3. დაუშვებელია წინადადების ფასის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითება, ასევე ხარჯთაღრიცხვის სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთვა. ხარჯთაღრიცხვა უნდა აიტვირთოს სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს წინადადების ფასს ან/და ატვირთავს ხარჯთაღრიცხვას სისტემის ტექნიკური დოკუმენტაციის ველში, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4. პრეტენდენტი ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე, სატენდერო წინადადებასთან ერთად, სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში).

5. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ პრეტენდენტთა ვინაობა, მათი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში). ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციისა (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში), ასევე ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) შეფასების დასრულებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა, ხოლო სხვა პრეტენდენტების წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა საჯარო ხდება მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე.

6. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სატენდერო კომისია ვალდებულია, შეაფასოს ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

7. პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი/ისინი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე.

9. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას აფასებს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

10. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

11. პრეტენდენტებს ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის მოთხოვნით სატენდერო კომისიამ შეიძლება მიმართოს მხოლოდ წინადადების ფასისა და ხარჯთაღრიცხვის განსაჯაროებამდე.

12. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

13. სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა შეესაბამება სატენდერო პირობებს.

14. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისია აფასებს მისი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობას სატენდერო პირობებთან.

15. პრეტენდენტი, რომლის ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება დასაშვებია, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის დაზუსტება არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ხარჯთაღრიცხვა, თუ იგი არ არის ატვირთული სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში ან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი იგი.

16. თუ ხარჯთაღრიცხვა ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება გათვალისწინებული არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

17. თუ ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება სატენდერო პირობებს და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს ხარჯთაღრიცხვის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე.

18. თუ ხარჯთაღრიცხვა ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე. დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა მოწმდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის შეფასებასთან ერთად.

19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ დააზუსტებს ხარჯთაღრიცხვას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

20. სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულო არ არის.

21. გამარჯვებული პრეტენდენტის ხარჯთაღრიცხვის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია იწვევს მას ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ წესის 31-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ვადაში.

22. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, აფასებს სისტემის მიერ გამოვლენილ მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის (არსებობის შემთხვევაში), რომლის წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა საჯარო ხდება ელექტრონული ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე, ხარჯთაღრიცხვას ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

23. ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისა