1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:
ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე;
ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს;
გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;
დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;
ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს;
ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
თ) ამ წესის მე-40 მუხლის მე-15 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, იგი არ წარადგენს ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით, არ დააზუსტებს მას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;
2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვასთან ერთად, შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში უთითებს პრეტენდენტის ამ გადაწყვეტილების შესაბამის დისკვალიფიკაციის სისტემურ საფუძველს.
3. პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუძველზე.
4. თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.
5. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.