1. სატენდერო კომისია პრეტენდენტებს აფასებს მათ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ წესისა და სატენდერო პირობების შესაბამისად.

2. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

3. დაუშვებელია პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

4. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია (გარდა ექსპერტიზის დასკვნისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ისა) არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ექსპერტიზის დასკვნა ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ ექვემდებარება დაზუსტებას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

8. თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს ნიმუშის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, სატენდერო კომისია პრეტენდენტს მიმართავს ნიმუშის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც მას განუსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ნიმუშს ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტს დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

9. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექვემდებარება დაზუსტებას.

10. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს.

11. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველა პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს.

12. პრეტენდენტი, რომელიც ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, რაც იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

13. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, რაც იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

14. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულება