1. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად.

2. ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

3. თუ გამარჯვებული პრეტენდენტის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში (მათ შორის, დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში) მითითებული წინადადების ფასი ნაკლებია მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე, ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში (მათ შორის, დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში) მითითებულ წინადადების ფასს, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

4. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

5. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა ზუსტ სახელწოდებასა და რეკვიზიტებს;

ბ) სატენდერო განცხადების ნომერს;

გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

დ) ხელშეკრულების ღირებულებას;

ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას (ხელშეკრულების შესრულების ვადა);

ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს;

თ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას;

ი) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.

6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.

7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

8. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ წესის 34-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებითა და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია.

10. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში