1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, გარდა ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების დადების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით.
5. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.
6. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
7. თუ კონსოლიდირებულ ტენდერში არ გამოიყენება ელექტრონული გარანტია, ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია ითვალისწინებდეს გამარჯვებული პრეტენდენტის ვალდებულებას, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, გადაიხადოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმოქმედოს ამ წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისა