1. სააგენტო ტენდერის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს, ცვლის ან აუქმებს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია არასწორად მიანიჭებს სტატუსს ელექტრონულ ტენდერს ან/და ხელშეკრულებას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში არასწორად მიუთითებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს;

გ) ტენდერის სტატუსის შეცვლა, ასევე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა ან გაუქმება გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:

ა) ელექტრონულ ტენდერს არასწორად მიენიჭა ტენდერის სტატუსი, სააგენტო ამ ელექტრონულ ტენდერს უბრუნებს შესაბამის ტენდერის სტატუსს;

ბ) ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის საბოლოო სტატუსი და არ არის საჭირო სატენდერო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს ან ცვლის სააგენტო;

გ) ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის საბოლოო სტატუსი და საჭიროა სატენდერო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააგენტო ელექტრონულ ტენდერს უბრუნებს შესაბამის ტენდერის სტატუსს და აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

დ) ელექტრონულ ტენდერს არ აქვს მინიჭებული ტენდერის საბოლოო სტატუსი, სააგენტო აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

ე) ელექტრონულ ტენდერს არ აქვს მინიჭებული ტენდერის საბოლოო სტატუსი და პრეტენდენტს, რომლის შეფასების ჯერიც არ დამდგარა, მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს სააგენტო;

ვ) ხელშეკრულებას არასწორად მიენიჭა ხელშეკრულების სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, სააგენტო ამ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“.

3. სააგენტო იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მომართვას ტენდერის სტატუსთან დაკავშირებით არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების სტატუსთან დაკავშირებით – არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.

თავი II. ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, სატენდერო პირობე