1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტია სააგენტოს წარედგინება სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების შემდეგ და საფასურის გადახდამდე.
2. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 120 დღე – ელექტრონულ ტენდერში, რომელშიც სატენდერო პირობების გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა ნაკლებია 20 დღეზე, ხოლო არანაკლებ 160 დღე – ელექტრონულ ტენდერში, რომელშიც სატენდერო პირობების გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა შეადგენს ან აღემატება 20 დღეს;
ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათიდან სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.
3. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს ელექტრონული გარანტიის თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
5. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.
6. თუ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო პრეტენდენტს ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით დაუბრუნდა ელექტრონული გარანტია, სააგენტო ტენდერის სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს მხოლოდ სააგენტოსთვის ელექტრონული გარანტიის იდენტური პირობებითა და ვადით გაცემული ახალი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სააგენტო ტენდერის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისა