1. ელექტრონულ ტენდერში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, ორ ან რამდენიმე მიმწოდებელს უფლება აქვს, გაერთიანდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით. მხარეთა შეთანხმებით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ერთ ან რამდენიმე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიზნით.

2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას მიმწოდებლები დებენ წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ყველა მონაწილე. მონაწილეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება ან მათი ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, მიმწოდებლები ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას ვალდებული არიან, გაითვალისწინონ, რომ:

ა) ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადაზე ნაკლები;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, დაუშვებელია ამხანაგობის მონაწილის შეცვლა ან დამატება;

გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, ამხანაგობიდან მისი ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას;

დ) ამხანაგობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე წარმოდგენილი უნდა იყოს მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირით, რომელიც შეირჩევა ამხანაგობის მონაწილეთაგან.

3. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილი წესით, დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე და დარეგისტრირდეს სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამხანაგობის მონაწილე ყველა მიმწოდებელი იყოს რეგისტრირებული სისტემაში. ამხანაგობის პროფილში მიეთითება მისი მონაწილე მიმწოდებლების რეკვიზიტები და იტვირთება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში ატვირთვას ექვემდებარება ამ ხელშეკრულებაში შემდგომი ცვლილებებიც).

4. ელექტრონულ ტენდერში ამხანაგობა მონაწილეობას იღებს და სატენდერო წინადადებას წარადგენს, როგორც დამოუკიდებელი პრეტენდენტი. ამხანაგობასა და მის მონაწილეებს ეკრძალებათ ერთსა და იმავე ელექტრონულ ტენდერში ინდივიდუალურად მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში ამხანაგობა და მისი მონაწილე/მონაწილეები ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. ამხანაგობის მონაწილეები უფლებამოსილი არიან, შეასრულონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სხვადასხვა ნაწილი, თუ შესაძლებელია მათი გამოცალკევება მთლიანი ვალდებულებიდან და დამოუკიდებლად შესრულება, იმგვარად, რომ აღნიშნულმა, ალბათობის მაღალი ხარისხით, არ უნდა გამოიწვიოს საბოლოო შედეგის განადგურება, დაზიანება ან/და შედეგით სარგებლობის შეუძლებლობა. ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

6. ამხანაგობის მიერ სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად:

ა) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება;

ბ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისიას წარედგინება როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.

7. თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ეკრძალება იმ ამხანაგობას, რომლის მონაწილეც რეგისტრირებულია შავ სიაში.

9. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.

10. თუ ამხანაგობის მიმართ წარმოიშვა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილება მიიღება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების მიმართ.

11. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტა იწვევს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტას. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები პასუხს აგებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტით დამდგარი შედეგისთვის.

12. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

თავი IV. პრეტენდენტთა შეფასება, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და ხელშეკრულების დასადებად მიწვე