1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელებასთან, მათ შორის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;
ბ) ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელება – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება და ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე;
გ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება – სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების მიზნით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების, აგრეთვე სატენდერო კომისიისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სატენდერო პროცედურების ჩატარებას, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფას, დადებული ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაციასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირებას, მათ შორის ინსპექტირებასა და კონტროლს;
დ) სატენდერო პროცედურები – პროცედურების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამის ეტაპებს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან ამ ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების პროცესის დაწყებამდე;
ე) სატენდერო კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი (შემდგომში – უფლებამოსილი წარმომადგენელი) – სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს სატენდერო კომისიის სახელით;
ვ) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;
ზ) სატენდერო განცხადება – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;
თ) სატენდერო დოკუმენტაცია – სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;
ი) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადების ფასი, შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტექნიკური დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის შესაბამის ველში;
ლ) სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადების ფასი) – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;
მ) დასადები ხელშეკრულების ღირებულება – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, დასადები ხელშეკრულების ღირებულებას წარმოადგენს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასი, თუ სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით – სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ფასი;
ნ) ექსპერტიზის დასკვნა – ექსპერტის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის შესახებ მითითებული ინფორმაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან;
ო) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);
პ) შესყიდვის ობიექტის ნიმუში (შემდგომში – ნიმუში) – ნიმუში, რომელიც სატენდერო კომისიას, ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, წარედგინება მატერიალური სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის აღწერის, ასევე მისაწოდებელი საქონლის ან მისი კომპონენტის (მათ შორის, მომსახურების შემადგენელი საქონლის) სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ჟ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა;
რ) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ტენდერის სტატუსი) – უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონსოლიდირებული ტენდერისთვის მინიჭებული, სისტემაში არსებული სტატუსი, რომელიც ასახავს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;
ს) ელექტრონული ვაჭრობა – კონსოლიდირებული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონულ ვაჭრობას ან ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;
ტ) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო (შემდგომში – ძირითადი დრო) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებიდან სატენდერო განცხადებაში მითითებული სატენდერო წინადადებების მიღებისთვის განკუთვნილი ვადის დასრულებამდე;
უ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – დამატებითი რაუნდები) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორ წუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;
ფ) გამარჯვებულის წინადადების მოქმედების ვადა – სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია შემსყიდველ ორგანიზაციებსა და გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის ხელშეკრულების დადება;
ქ) კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომელიც იწყება კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან და რომლის დასრულების თარიღი არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას;
ღ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ყ) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;
შ) კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემა – კონსოლიდირებული ტენდერებისთვის შექმნილი პორტალი https://ctd.spa.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გაცვლას, დამუშავებას, ანგარიშგებას, გარკვეული შესყიდვისთვის ნებართვის აღებასა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნული პორტალის მეშვეობით წარდგენილ რაოდენობაზე გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, თუ ინფორმაციის გამოთხოვისას ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ მითითებული არ იყო, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისათითებელი რაოდენობა საორიენტაციოა;
ჩ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;
ც) ხელშეკრულება – ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებელთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
ძ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, კანონისა და ამ წესის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია;
წ) ხელშეკრულების სტატუსი – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული სისტემაში არსებული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;
ჭ) ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.);
ხ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე მიღებულ/გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებშ