1. ყველა პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს, ან რომელმაც შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია თუ არა მისი თავისუფლება, უფლება აქვს, რომ პატივი სცენ მის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ რწმენას. ყველა ვითარებაში მათ უნდა მოეპყრონ ადამიანურად, ნებისმიერი საზიანო განსხვავების გარეშე. აკრძალულია ბრძანების გაცემა, რომ არავინ იქნეს შეწყალებული.
2. ზემოაღნიშნული დებულებების საყოველთაობისადმი ზიანის მიყენების გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას აკრძალულია და აკრძალული დარჩება პირველ მუხლში მითითებული პირების მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) ძალადობა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ფიზიკური ან ფსიქიკური კეთილდღეობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, მკვლელობა, აგრეთვე სასტიკი მოპყრობა, როგორიცაა წამება, დასახიჩრება ან ფიზიკური დასჯის ნებისმიერი ფორმა;
(ბ) კოლექტიური დასჯა;
(გ) მძევლების აყვანა;
(დ) ტერორიზმის აქტები;
(ე) პირადი ღირსების შელახვა, განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა, გაუპატიურება, იძულებითი პროსტიტუცია და უხამსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმა;
(ვ) მონობისა და მონებით ვაჭრობის ყველა ფორმა;
(ზ) ძარცვა;
(თ) ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ნებისმიერის ჩადენის მუქარა.
3. ბავშვები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მზრუნველობითა და დახმარებით, რომელიც მათ სჭირდებათ, განსაკუთრებით:
(ა) მათ უნდა მიიღონ განათლება, მათ შორის რელიგიური და მორალური განათლება, მათი მშობლების სურვილის ან, მშობლების არარსებობის შემთხვევაში იმ პირთა სურვილის მიხედვით, რომლებიც პასუხს აგებენ მათ ზრუნვაზე;
(ბ) მიღებული უნდა იქნეს ყველა შესაბამისი ზომა დროებით განცალკევებული ოჯახების გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით;
(გ) თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვები არ უნდა იქნენ გაწვეულნი შეიარაღებულ ძალებში ან დაჯგუფებებში და არ უნდა მიეცეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ნებართვა;
(დ) თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვების მიმართ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული დაცვა გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი (ე) ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ უშუალოდ და ტყვედ ვარდებიან;
(ვ) საჭიროების შემთხვევაში, და როდესაც შესაძლებელია, მათი მშობლების ან იმ პირთა თანხმობით, რომლებიც სამართლით ან ჩვეულების თანახმად ძირითადად არიან პასუხისმგებელნი მათ ზრუნვაზე, მიღებულ უნდა იქნეს ზომები საბრძოლო მოქმედებების არეალებიდან ბავშვების დროებითი გაყვანის მიზნით ქვეყნის შიგნით შედარებით უსაფრთხო არეალში და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ თან ახლავთ მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი პირებ