1. იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას ახდენს წინამდებარე ოქმის პირველ მუხლში მითითებული სიტუაცია, კონფლიქტის მხარის ძალაუფლების ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც კონვენციებით ან წინამდებარე ოქმის შესაბამისად არ სარგებლობენ უფრო ხელსაყრელი მოპყრობით, ყველა გარემოებაში უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და, სულ მცირე, ისარგებლონ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაცვით რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის ან სხვა მსგავსი კრიტერიუმების საფუძველზე რაიმე საზიანო განსხვავების გარეშე. თითოეულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ყველა ასეთი პირის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ პრაქტიკას.
2. ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, ჩაიდინეს ისინი სამოქალაქო თუ სამხედრო პირებმა, აკრძალულია და ყოველთვის აკრძალულად დარჩება შემდეგი ქმედებები:
(ა) პირთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალადობა, კერძოდ:
(i) მკვლელობა;
(ii) ყველა სახის ფიზიკური თუ ფსიქიკური წამება;
(iii) სხეულებრივი სასჯელები; და
(iv) დასახიჩრება;
(ბ) პიროვნული ღირსების შელახვა, განსაკუთრებით კი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა, იძულებითი პროსტიტუცია და უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმა;
(გ) მძევლად აყვანა;
(დ) კოლექტიური დასჯა; და
(ე) რომელიმე ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის მუქარა.
3. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული ნებისმიერი პირი მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული ამ ზომების მიღების მიზეზების შესახებ. სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის დაპატიმრების ან დაკავების შემთხვევების გარდა, ასეთი პირები უნდა გათავისუფლდნენ შეძლებისდაგვარად მინიმალური დაყოვნებით და, ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინვე, როგორც კი დაპატიმრების, დაკავების ან ინტერნირების მიზეზები აღარ იარსებებს.
4. არ შეიძლება სასჯელის დანიშვნა ან სასჯელის აღსრულება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის ჩადენა, თუკი მისი მსჯავრდება არ ეფუძნებოდა მიუკერძოებელი და სათანადოდ დაფუძნებული სასამართლოს მიერ რეგულარული სამართალწარმოების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც მოიცავს შემდეგს:
(ა) პროცედურით გათვალისწინებული უნდა იყოს ბრალდებულის დაუყოვნებლივ ინფორმირება სამართალდარღვევის დეტალების შესახებ, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, ასევე სასამართლომდე და სასამართლოში საქმის მოსმენისას მისთვის დაცვის ყველა აუცილებელი უფლებისა და საშუალების მინიჭება;
(ბ) სამართალდარღვევისათვის მსჯავრის დადება დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე;
(გ) არავინ შეიძლება იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევისთვის ისეთი ქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევას იმ ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომელსაც ეს პირი ექვემდებარებოდა ჩადენის დროს; ასევე არ შეიძლება დაწესდეს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ის, რაც გამოიყენებოდა სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის ჩადენის დროს; თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ სამართალი განსაზღვრავს უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრებას, დამნაშავე ისარგებლებს ამით;
(დ) ნებისმიერი პირი, რომელსაც ბრალი ედება სამართალდარღვევაში, უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სამართლის შესაბამისად;
(ე) ნებისმიერ პირს, რომელსაც ბრალი წაუყენეს სამართალდარღვევისთვის, აქვს უფლება, თავად ესწრებოდეს გასამართლებას;
(ვ) არავინ უნდა იყოს იძულებული, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან აღიაროს ბრალი;
(ზ) ყოველ ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, და გამოიძახოს და დაკითხოს მის სასარგებლოდ ჩვენების მიმცემი მოწმეები, იმავე პირობებით, რომლითაც სარგებლობენ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები;
(თ) არ შეიძლება იმავე მხარემ ვინმეს მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან ვინმე დასაჯოს ისეთი სამართალდარღვევისთვის, რომლისთვისაც ადრე გამოტანილი იყო საბოლოო განაჩენი, რომლითაც იგი გამართლდა ან გამტყუნდა იმავე სამართლისა და სასამართლო პროცედურის შესაბამისად.
(ი) ნებისმიერ პირს, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდარღვევისთვის, აქვს უფლება, განაჩენი საჯაროდ გამოცხადდეს; და
(კ) მსჯავრდებულ პირს მსჯავრდების გამოცხადებისთანავე უნდა ეცნობოს მისი სასამართლო და სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებების, ასევე, მათი გამოყენების ვადების შესახებ.
5. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო თავისუფლებაშეზღუდული ქალები უნდა მოათავსონ მამაკაცების მოთავსების ადგილებისგან განცალკევებულ ადგილებში. ისინი უნდა იყვნენ ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა, ოჯახის დაკავების ან ინტერნირების შემთხვევაში, ისინი, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოათავსონ ერთსა და იმავე ადგილას და განათავსონ როგორც ოჯახები.
6. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული პირები, მათ საბოლოო გათავისუფლებამდე, რეპატრიაციამდე ან რესტიტუციამდე, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგაც კი, სარგებლობენ წინამდებარე მუხლის დაცვით.
7. ომის დანაშაულების ან ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ პირთა სისხლისსამართლებრივ დევნასა და გასამართლებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება შემდეგი პრინციპები:
(ა) ამგვარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირთა წარდგენა სისხლისსამართლებრივი დევნისა და გასამართლების მიზნით ხორციელდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესების თანახმად; და
(ბ) ნებისმიერ ასეთ პირს, რომელიც კონვენციების ან წინამდებარე ოქმის თანახმად, არ სარგებლობს უფრო ხელსაყრელი მოპყრობით, უნდა მოეპყრონ წინამდებარე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, დანაშაული, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, წარმოადგენს თუ არა კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევას.
8. წინამდებარე მუხლის რომელიმე დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ზღუდავდეს ან ლახავდეს ნებისმიერ სხვა დებულებას, რომელიც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესების მიხედვით, პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ანიჭებს უფრო ფართო დაცვას.
ქალებისა და ბავშვების დაცვის ღონისძიებე