1. კონფლიქტის რომელიმე მხარემ არ უნდა მიიღოს უცხო ქვეყანაში ბავშვების ევაკუაციასთან დაკავშირებული ზომები, თუკი ბავშვები არ არიან თავისი მოქალაქეები, ისეთი შემთხვევების გარდა, როცა საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ან მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მიზეზებს, ან, როდესაც ბავშვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათი უსაფრთხოებისათვის აუცილებელია დროებითი ევაკუაცია. როდესაც შესაძლებელია მშობლების ან კანონიერი მზრუნველების მოძიება, საჭიროა ევაკუაციაზე მათი წერილობითი თანხმობის მიღება. თუ ასეთი პირების მოძიება შეუძლებელია, მაშინ ევაკუაციისათვის საჭიროა იმ პირთა თანხმობა, რომელთაც სამართლის ან ჩვეულების ძალით ბავშვებზე ეკისრებათ ზრუნვის უპირველესი პასუხისმგებლობა. თითოეული ასეთი ევაკუაცია უნდა განხორციელდეს მფარველი სახელმწიფოს ზედამხედველობით, დაინტერესებულ მხარეებთან, ანუ ევაკუაციის განმახორციელებელ, ბავშვების მიმღებ და იმ მხარესთან შეთანხმებით, რომლის მოქალაქეებიც უნდა იყვნენ ევაკუირებული. თითოეულ შემთხვევაში, კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ყველა შესაძლო პრაქტიკული ზომა, რათა თავიდან აიცილოს ევაკუაციისათვის საფრთხის შექმნა.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ევაკუაციის განხორციელების შემთხვევაში ევაკუაციაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში და მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში შეუწყვეტლივ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა ბავშვის განათლება, რელიგიური და მორალური განათლების ჩათვლით, მისი მშობლების სურვილის თანახმად.

3.  წინამდებარე მუხლის თანახმად ევაკუირებული ბავშვების თავიანთ ოჯახებსა და ქვეყნებში დაბრუნების გასაადვილებლად, ევაკუაციის განმახორციელებელმა სახელმწიფომ, და როცა ეს მიზანშეწონილია, მიმღები სახელმწიფოს ორგანოებმა თითოეული ბავშვის სახელზე უნდა მოამზადონ ბარათი ფოტოსურათით, რომელიც მათ უნდა გაუგზავნონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძიების ცენტრალურ სააგენტოს. თითოეული ბარათი, როცა ეს შესაძლებელია და როცა ეს ბავშვისათვის ზიანის მიყენების რისკთან არ არის დაკავშირებული, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(ა) ბავშვის გვარ(ებ)ი;

(ბ) ბავშვის სახელ(ებ)ი;

(გ) ბავშვის სქესი;

(დ) დაბადების ადგილი და თარიღი (თუ დაბადების თარიღი ცნობილი არ არის, მიახლოებითი ასაკი);

(ე) მამის სრული სახელი;

(ვ) დედის სრული სახელი და ქალიშვილობის გვარი;

(ზ) ბავშვის უახლოესი ნათესავები;

(თ) ბავშვის ეროვნება;

(ი) ბავშვის მშობლიური ენა და ნებისმიერი სხვა ენა, რომელზეც იგი ლაპარაკობს;

(კ) ბავშვის ოჯახის მისამართი;

(ლ) ბავშვის ნებისმიერი პირადი ნომერი;

(მ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

(ნ) ბავშვის სისხლის ჯგუფი;

(ო) ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშანი;

(პ) ბავშვის პოვნის თარიღი და ადგილი;

(ჟ) ბავშვის მიერ თავისი ქვეყნის დატოვების თარიღი და ადგილი;

(რ) ბავშვის რელიგიური კუთვნილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(ს) ბავშვის ამჟამინდელი მისამართი მიმღებ ქვეყანაში;

(ტ) დაბრუნებამდე ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების თარიღი, ადგილი, გარემოებები და დაკრძალვის ადგილი.

თავი III

ჟურნალისტე