ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№08061977-01
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (109 მუხლი)

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)“

პრეამბულა

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები,გამოთქვამენ რა თავიანთ გულწრფელ სურვილს, რომ მსოფლიოს ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიანად,იხსენებენ რა, რომ ყოველ სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების თანახმად, აქვს ვალდებულება, თავის საერთაშორისო ურთიერთობებში, თავი შეიკავოს ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებთან შეუსაბამო ნებისმიერი სხვა ფორმით.

მიიჩნევენ რა, მიუხედავად ამისა, რომ აუცილებელია იმ დებულებების განმტკიცება და განვითარება, რომლებიც იცავს შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლებს, და მათი გამოყენების გაძლიერებისთვის გამიზნული დამატებითი ზომების მიღება,გამოხატავენ რა რწმენას, რომ წინამდებარე ოქმსა და ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებში არაფერი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ თითქოს ახდენდეს აგრესიის ნებისმიერი აქტის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასთან შეუსაბამო ძალის გამოყენების ნებისმიერი სხვა ფორმის ლეგიტიმაციას ან ავტორიზაციას,კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა, რომ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები და წინამდებარე ოქმი ნებისმიერ გარემოებაში სრულად უნდა გამოიყენებოდეს ამ დოკუმენტებით დაცული ყველა პირის მიმართ, ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე, რომელიც ეფუძნება შეიარაღებული კონფლიქტის ხასიათს ან წარმომავლობას, ან მიზეზებს, რომლებზეც კონფლიქტის მხარეები მიუთითებენ, ან რომლებიც მათ შეერაცხება,შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1 – ზოგადი პრინციპები და გამოყენების სფერო🔗

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, ყველა გარემოებაში პატივი სცენ წინამდებარე ოქმს და უზრუნველყონ მისი პატივისცემა.

2. წინამდებარე ოქმით ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში სამოქალაქო პირები და კომბატანტები რჩებიან საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპების დაცვისა და მოქმედების ქვეშ, რომლებიც წარმოშობილია დამკვიდრებული ჩვეულებიდან, ადამიანურობის პრინციპებიდან და საზოგადოებრივი შეგნების მოთხოვნებიდან.

3. წინამდებარე ოქმი, რომელიც ავსებს ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებს, გამოიყენება ამ კონვენციებისათვის საერთო მე-2 მუხლში მითითებულ სიტუაციებში.

4. წინა პუნქტში მითითებული სიტუაციები მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, რომელშიც ხალხები იბრძვიან კოლონიური ჩაგვრის, უცხოელთა ოკუპაციისა და რასისტული რეჟიმების წინააღმდეგ, ახორციელებენ რა მათი თვითგამორკვევის უფლებას, როგორც ეს ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და „სახელმწიფოთა შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ“ დეკლარაციაში.

მუხლი 2 –  განსაზღვრებები🔗

წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის:

(ა) „პირველი კონვენცია“, „მეორე კონვენცია“, „მესამე კონვენცია“ და „მეოთხე კონვენცია“, შესაბამისად, ნიშნავს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ; „კონვენციები“ ნიშნავს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს ოთხ კონვენციას ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ;

(ბ) „შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმები“ ნიშნავს იმ საერთაშორისო შეთანხმებებში განსაზღვრულ შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედ ნორმებს, რომელთა მხარეებიც არიან კონფლიქტის მხარეები, და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს;

(გ) „მფარველი სახელმწიფო“ ნიშნავს ნეიტრალურ ან სხვა სახელმწიფოს, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე, და რომელიც დანიშნულია კონფლიქტის მხარის მიერ და ასეთად აღიარებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, და რომელიც დათანხმდა კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მფარველ სახელმწიფოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

(დ) ,,შემცვლელი“ ნიშნავს მე-5 მუხლის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოს ნაცვლად მოქმედ ორგანიზაციას.

მუხლი 3 – გამოყენების დასაწყისი და დასასრული🔗

იმ დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლებიც ნებისმიერ დროს მოქმედებს:

(ა) კონვენციები და წინამდებარე ოქმი გამოიყენება ამ ოქმის პირველ მუხლში მითითებული ნებისმიერი სიტუაციის დაწყებიდან;

(ბ) კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენება კონფლიქტის მხარეების ტერიტორიაზე წყდება სამხედრო მოქმედებების ზოგადად დამთავრებისთანავე, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში – ოკუპაციის შეწყვეტისთანავე, გარდა იმ პირების მიმართ, ორივე შემთხვევაში, რომელთა საბოლოო გათავისუფლება, რეპატრიაცია ან რესტიტუცია ხორციელდება მოგვიანებით. ეს პირები აგრძელებენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებებით სარგებლობას მათი საბოლოო გათავისუფლების , რეპატრიაციის ან რესტიტუციის მომენტამდე.

მუხლი 4 – კონფლიქტის მხარეთა სამართლებრივი სტატუსი🔗

კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენება, ასევე ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული შეთანხმებების დადება, გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მხარეების სამართლებრივ სტატუსზე. არც ტერიტორიის ოკუპაცია და არც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენება გავლენას არ მოახდენს აღნიშნული ტერიტორიის სამართლებრივ სტატუსზე.

მუხლი 5 – მფარველი სახელმწიფოებისა და მათი შემცვლელების დანიშვნა🔗

1. კონფლიქტის მხარეები ვალდებული არიან, კონფლიქტის დაწყებისთანავე უზრუნველყონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის ზედამხედველობა და განხორციელება მფარველი სახელმწიფოების სისტემის გამოყენების მეშვეობით, რაც მოიცავს, inter alia, ამ სახელმწიფოთა დანიშვნას და აღიარებას ქვემოთ მოცემული პუნქტების შესაბამისად. მფარველ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, დაიცვან კონფლიქტის მხარეების ინტერესები.

2. პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის დაწყებისთანავე, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს მფარველი სახელმწიფო და ასევე, დაუყოვნებლივ და იმავე მიზნით, მის მიერ აღიარებულ დანიშნულ მფარველ სახელმწიფოს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი დანიშვნის შემდეგ, უნდა დართოს საქმიანობის ნება.

3. თუ მფარველი სახელმწიფო არ არის დანიშნული ან აღიარებული პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის დაწყებისთანავე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ნებისმიერი სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მიერ მსგავსი მოქმედების უფლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, კონფლიქტის მხარეებს უნდა შესთავაზოს თავისი კეთილი სამსახური იმ მფარველი სახელმწიფოს დაუყონებლივ დანიშვნის მიზნით, რომელსაც დათანხმდებიან კონფლიქტის მხარეები. ამ მიზნით, მას შეუძლია, inter alia, თითოეულ მხარეს სთხოვოს  სულ მცირე ხუთი სახელმწიფოს შემცველი სიის წარდგენა, რომელთაც, როგორც მფარველ სახელმწიფოს, ეს სახელმწიფო მისაღებად მიიჩნევს, რათა მისი სახელით იმოქმედოს მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიერთობაში, და თითოეულ მოწინააღმდეგე მხარეს სთხოვოს სულ მცირე იმ ხუთი სახელმწიფოს შემცველი სიის წარდგენა, რომლებსაც მისთვის მისაღები იქნება პირველი მხარის მფარველ სახელმწიფოდ; ეს სიები კომიტეტს უნდა გაეგზავნოს შესაბამისი თხოვნის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში; მან უნდა შეაჯეროს ისინი და უნდა ეცადოს, მოიპოვოს ორივე სიაში დასახელებული ნებისმიერი შემოთავაზებული სახელმწიფოს თანხმობა.

4. თუ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მფარველი სახელმწიფო არ არის დანიშნული, კონფლიქტის მხარეები დაუყონებლივ უნდა დათანხმდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის ყველა გარანტიის მიმცემი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წინადადებას, იმოქმედოს როგორც შემცვლელმა აღნიშნულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების შემდეგ და ამ კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით. ამგვარი შემცვლელის ფუნქციონირება დამოკიდებულია კონფლიქტის მხარეების თანხმობაზე; კონფლიქტის მხარეებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა შემცვლელს ხელი შეუწყონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად მისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების ოპერაციებში.

5. მე-4 მუხლის შესაბამისად, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების მიზნით, მფარველი სახელმწიფოს დანიშვნა და აღიარება გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მხარეების ან ნებისმიერი ტერიტორიის, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიის სამართლებრივ სტატუსზე.

6. კონფლიქტის მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება ან, დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მესამე სახელმწიფოსთვის მინდობა არ არის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების მიზნით მფარველი სახელმწიფოების დანიშვნის დაბრკოლება.

7. წინამდებარე ოქმში მფარველი სახელმწიფოს ყოველი შემდგომი მოხსენიება ასევე გულისხმობს შემცვლელსაც.

მუხლი 6 – კვალიფიციური პერსონალი🔗

1. მშვიდობიან დროს მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების დახმარებით უნდა ეცადონ კვალიფიციური პერსონალის მომზადებას, რათა ხელი შეუწყონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებას და, განსაკუთრებით, მფარველი სახელმწიფოების საქმიანობას.

2. ამგვარი პერსონალის შეკრება და მომზადება ექცევა სახელმწიფოს შიდა იურისდიქციაში.

3. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ სარგებლობისთვის, უნდა შეინახოს ამგვარად მომზადებული პირების სიები, რომლებიც მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა შესაძლოა შეადგინონ და გადასცენ მას ამ მიზნით.

4. ასეთი პერსონალის ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუშაობის მომწესრიგებელი პირობები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმებების საგანი.

მუხლი 7 – შეხვედრები🔗

წინამდებარე ოქმის დეპოზიტარი ერთი ან რამდენიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის და მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა უმეტესობის თანხმობით, მოაწყობს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეხვედრას კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგადი სახის პრობლემების განსახილველად.

კარი II

დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები

ნაწილი I

ზოგადი დებულებები დაცვის შესახებ

მუხლი 8 – ტერმინოლოგია🔗

ამ კონვენციის მიზნებისათვის:

(ა) „დაჭრილები“ და „ავადმყოფები“ აღნიშნავს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ისე სამოქალაქო პირებს, რომელთაც ტრავმის, ავადმყოფობის ან სხვა ფიზიკური ან ფსიქიკური აშლილობის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან მოვლა და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი მტრული მოქმედებისგან. ეს განსაზღვრებები ასევე მოიცავს დედობის შემთხვევებს, ახალშობილებსა და სხვა პირებს, რომელთაც შესაძლოა ესაჭიროებოდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან მოვლა, მაგალითად, უმწეოებს და ორსულ ქალებს, და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი მტრული მოქმედებისაგან;

(ბ) „ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები“ აღნიშნავს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ისე სამოქალაქო პირებს, რომლებიც საფრთხეში არიან ზღვაში ან სხვა წყლებში მათზე ან მათ გადამყვან საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე უბედური შემთხვევის შედეგად, და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი სახის მტრული მოქმედებისაგან. ეს პირები, იმ პირობით, რომ განაგრძობენ ნებისმიერი მტრული მოქმედებისაგან თავის შეკავებას, ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებად ითვლებიან გადარჩენის განმავლობაში იმ დრომდე, ვიდრე მიიღებენ კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ სხვა სტატუსს;

(გ) „სამედიცინო პერსონალი“ აღნიშნავს კონფლიქტის მხარის მიერ ექსკლუზიურად „ე“ ქვეპუნქტში მითითებული სამედიცინო მიზნების აღსრულებისთვის ან სამედიცინო დანაყოფების ადმინისტრირებისთვის, ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების ადმინისტრირების ან ოპერირებისთვის დანიშნულ პირებს. ასეთი დანიშვნა შეიძლება იყოს ან მუდმივი, ან დროებითი. ეს ტერმინი მოიცავს:

კონფლიქტის მხარის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს, რომელიც მოიცავს პირველ და მეორე კონვენციებში მითითებულ პერსონალს, და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებზე მიმაგრებულ პერსონალს;

წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებებისა და კონფლიქტის მხარის მიერ სათანადოდ აღიარებული და ავტორიზებული სხვა ეროვნული ნებაყოფლობითი დამხმარე საზოგადოების სამედიცინო პერსონალს;

სამედიცინო დანაყოფების ან მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სამედიცინო პერსონალს;

(დ) „რელიგიური პერსონალი“ გულისხმობს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, როგორიცაა კაპელანები, რომლებიც ჩართულნი არიან ექსკლუზიურად რელიგიური საქმიანობაში  და მიმაგრებულნი არიან:

კონფლიქტის მხარეთა შეიარაღებულ ძალებზე;

კონფლიქტის მხარის სამედიცინო დანაყოფებზე ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებზე;

სამედიცინო დანაყოფებზე ან მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებზე; ან

კონფლიქტის მხარის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებზე.

რელიგიური პერსონალის მიმაგრება შეიძლება იყოს ან მუდმივი ან დროებითი, და მასზე ვრცელდება (ლ) ქვეპუნქტის შესაბამისი დებულებები;

(ე) „სამედიცინო დანაყოფები“ ნიშნავს დაწესებულებებსა და სხვა დანაყოფებს, სამხედროს თუ სამოქალაქოს, რომლებიც ორგანიზებულია სამედიცინო მიზნებისთვის, კერძოდ, დაჭრილების, ავადმყოფების და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების ძებნის, თავმოყრის, ტრანსპორტირების, დიაგნოსტიკის ან მკურნალობის – მათ შორის პირველადი დახმარების გაწევის – მიზნებისთვის, ან დაავადებების პრევენციისთვის. ტერმინი მოიცავს, მაგალითად, საავადმყოფოებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს, სისხლის გადასხმის ცენტრებს, პრევენციული მედიცინის ცენტრებსა და ინსტიტუტებს, სამედიცინო საწყობებს და ასეთი დაწესებულებების სამედიცინო და ფარმაცევტულ საწყობებს. სამედიცინო დანაყოფები შეიძლება იყოს სტაციონარული ან მოძრავი, მუდმივი ან დროებითი;

(ვ) „სამედიცინო ტრანსპორტირება“ ნიშნავს კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით დაცული დაჭრილების, ავადმყოფების, გემის დაღუპვაში მოყოლილი პირების, სამედიცინო პერსონალის, რელიგიური პერსონალის, სამედიცინო აღჭურვილობის ან სამედიცინო მარაგების ხმელეთით, წყლით ან ჰაერით გადაყვანას;

(ზ) „სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს ნებისმიერ სამხედრო თუ სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებას, მუდმივს ან დროებითს, რომელიც განკუთვნილია ექსკლუზიურად სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის და რომელსაც აკონტროლებს კონფლიქტის მხარის კომპეტენტური ორგანო;

(თ) „სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს ნებისმიერ სახმელეთო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას;

(ი) „სამედიცინო გემები და ხომალდები“ ნიშნავს წყლის ნებისმიერ სახმელეთო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას;

(კ) „სამედიცინო საჰაერო ხომალდი” ნიშნავს ნებისმიერ საჰაერო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას;

(ლ) „მუდმივი სამედიცინო პერსონალი“, „მუდმივი სამედიცინო დანაყოფები“ და „მუდმივი სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს განუსაზღვრელი ვადით ექსკლუზიურად სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილ პერსონალს, დანაყოფებსა და სატრანსპორტო საშუალებებს. „დროებითი სამედიცინო პერსონალი“, „დროებითი სამედიცინო დანაყოფები“ და „დროებითი სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს შეზღუდული ვადით ექსკლუზიურად სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ პერსონალს, დანაყოფებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, მთელი ასეთი პერიოდის განმავლობაში. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ტერმინები „სამედიცინო პერსონალი“, „სამედიცინო დანაყოფები“ და „სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ მოიცავს როგორც მუდმივ, ასევე დროებით კატეგორიებს;

(მ) „განმასხვავებელი ემბლემა“ ნიშნავს თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელ ემბლემას, როდესაც ის გამოიყენება სამედიცინო დანაყოფებისა და სატრანსპორტო საშუალებების, ან სამედიცინო და რელიგიური პერსონალის, აღჭურვილობის ან მარაგების დასაცავად;

(ნ) „განმასხვავებელი სიგნალი“ ნიშნავს ნებისმიერ სიგნალს ან შეტყობინებას, რომელიც წინამდებარე ოქმის I დანართის III თავის შესაბამისად განსაზღვრულია ექსკლუზიურად სამედიცინო დანაყოფების ან სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებისთვის.

მუხლი 9 – გამოყენების სფერო🔗

1. წინამდებარე კარი, რომლის დებულებები მიმართულია დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, გამოიყენება ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც შეეხო პირველ მუხლში მითითებული სიტუაცია, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის, ან რომელიმე სხვა მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე დამყარებული საზიანო განსხვავების გარეშე.

2. პირველი კონვენციის 27-ე და 32-ე მუხლების შესაბამისი დებულებები გამოიყენება მუდმივი სამედიცინო დანაყოფებისა და სატრანსპორტო საშუალებებისა (გარდა ჰოსპიტალური გემებისა, რომელთა მიმართ მოქმედებს მეორე კონვენციის 25-ე მუხლის დებულებები) და მათი პერსონალის მიმართ, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის კონფლიქტის მხარეს განკარგულებაში გადასცა:

(ა) ნეიტრალურმა ან სხვა სახელმწიფომ, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე;

(ბ) ასეთი სახელმწიფოს მიერ აღიარებულმა და ავტორიზებულმა დამხმარე საზოგადოებამ;

(გ) მიუკერძოებელმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ.

მუხლი 10 – დაცვა და ზრუნვა🔗

1. ყველა დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნის იგი, სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით.

2. ნებისმიერ გარემოებაში მათ უნდა მოეპყრონ ადამიანურად და მაქსიმალურად პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში და რაც შეიძლება მცირე შეყოვნებით, უნდა მიიღონ მათი მდგომარეობის შესატყვისი სამედიცინო დახმარება და ყურადღება. მათ შორის არ უნდა იყოს განსხვავება სამედიცინო საფუძვლისგან განსხვავებული რაიმე სხვა საფუძვლით.

მუხლი 11 – პირთა დაცვა🔗

1. დაუშვებელია პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის შედეგად მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მყოფი, ინტერნირებული, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირების ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ხელშეუხებლობისათვის რაიმე გაუმართლებელი მოქმედებით ან უმოქმედობით ზიანის მიყენება. შესაბამისად, აკრძალულია წინამდებარე მუხლში მოცემულ პირთა მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება, რომელიც არ გამომდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან  და არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სამედიცინო სტანდარტებს, რომლებიც ანალოგიურ სამედიცინო შემთხვევებში გამოყენებული იქნებოდა პროცედურის ჩამტარებელი სახელმწიფოს არათავისუფლებააღკვეთილი მოქალაქეების მიმართ.

2. განსაკუთრებით, იკრძალება ასეთ პირთა მიმართ, თუნდაც მათი თანხმობით, შემდეგი ქმედებების ჩადენა:

(ა) ფიზიკური დასახიჩრება;

(ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება;

(გ) ტრანსპლანტაციის მიზნით ქსოვილების ან ორგანოების ამოკვეთა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამგვარი მოქმედებები გამართლებულია პირველ პუნქტში მითითებული პირობების თანახმად.

3. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვისგან გამონაკლისები შეიძლება დაშვებული იყოს მხოლოდ სისხლის გადასხმისთვის ან კანის გადანერგვისთვის დონაციის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ისინი ხორციელდება ნებაყოფლობით და ყოველგვარი იძულების ან წაქეზების გარეშე, და მხოლოდ თერაპიული მიზნებისთვის, ზოგადად აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და კონტროლის შესაბამის პირობებში, რომლებიც შექმნილია როგორც დონორის, ასევე მიმღების სასარგებლოდ.

4. ნებისმიერი განზრახ ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნებისმიერი იმ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას ან მთლიანობას, რომელიც იმყოფება იმ ერთ-ერთი მხარის ძალაუფლების ქვეშ, რომელზეც ის არის დამოკიდებული, და რომელიც არღვევს პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე აკრძალვას ან არ შეესაბამება მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წარმოადგენს წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევას.

5. პირველ პუნქტში მითითებულ პირებს აქვთ ნებისმიერ ქირურგიულ ოპერაციაზე უარის თქმის უფლება. უარის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი უნდა შეეცადოს პაციენტის მიერ ხელმოწერილი ან დადასტურებული შესაბამისი წერილობითი განცხადების მიღებას.

6. კონფლიქტის თითოეულმა მხარემ უნდა აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები პირველ პუნქტში მითითებული პირების მიერ სისხლის ჩაბარებისთვის ან კანის გადანერგვისთვის დონაციის ყველა შემთხვევის შესახებ, თუკი ეს დონაცია ამ მხარის პასუხისმგებლობით ხორციელდება. გარდა ამისა, კონფლიქტის თითოეული მხარე შეეცდება, რომ აღრიცხოს ინტერნირებულ, დაკავებულ ან პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის შედეგად ნებისმიერი ფორმით თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ ჩატარებული ყველა სამედიცინო პროცედურა. ამგვარი ჩანაწერები მზად უნდა იყოს მფარველი სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ დროს შემოწმებისათვის.

მუხლი 12 – სამედიცინო დანაყოფების დაცვა🔗

1. სამედიცინო დანაყოფები ნებისმიერ დროს სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით და არ უნდა გახდნენ თავდასხმის ობიექტი.

2. პირველი პუნქტი გამოიყენება სამოქალაქო სამედიცინო დანაყოფების მიმართ იმ პირობით, რომ ისინი:

(ა) კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს ეკუთვნიან;

(ბ) კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ არიან აღიარებული ან უფლებამოსილი; ან

(გ) უფლებამოსილი არიან წინამდებარე ოქმის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ან პირველი კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად.

3. კონფლიქტში მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს აცნობონ თავიანთი სტაციონარული სამედიცინო დანაყოფების განლაგების შესახებ. ამგვარ შეტყობინებათა არარსებობა არ ათავისუფლებს არცერთ მხარეს პირველი პუნქტის დებულებათა დაცვისაგან.

4. არცერთ ვითარებაში სამედიცინო დანაყოფები არ უნდა გამოიყენებოდეს სამხედრო ობიექტების თავდასხმისგან დასაფარად. კონფლიქტის მხარეებმა შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ, რომ სამედიცინო დანაყოფების იმგვარი განლაგება, რომ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის დროს საფრთხე არ ექმნებოდეს მათ უსაფრთხოებას.

მუხლი 13 – სამოქალაქო სამედიცინო დანაყოფების დაცვის შეწყვეტა🔗

1. დაცვა, რომლითაც სამოქალაქო სამედიცინო დანაყოფები სარგებლობენ, წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ, ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულების გარდა, იყენებენ მოწინააღმდეგისათვის საზიანო ქმედებებისთვისაც. თუმცა, დაცვა წყდება მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების მიცემის შემდეგ, რომელიც, შესაბამის შემთხვევაში, აწესებს გონივრულ ვადას, და მას შემდეგ, რაც ასეთი გაფრთხილება მხედველობაში არ იქნა მიღებული.

2. მოწინააღმდეგისათვის საზიანო ქმედებად არ ითვლება:

(ა) სამედიცინო დანაყოფის პერსონალის მიერ თავდაცვის ან მათ მზრუნველობაში მყოფი დაჭრილების და ავადმყოფების დაცვის მიზნით პირადი მსუბუქი იარაღის ტარება;

(ბ) სამედიცინო დანაყოფის გუშაგებით, მორიგეებით ან ბადრაგით დაცვა;

(გ) სამედიცინო დანაყოფში ავადმყოფებისა და დაჭრილებისათვის ჩამორთმეული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების არსებობა, რომელიც შესაბამისი სამსახურებისათვის ჯერ არ გადაუციათ;

(დ) სამედიცინო დანაყოფში, სამედიცინო მიზეზების გამო, შეიარაღებული ძალების წევრების ან სხვა კომბატანტების ყოფნა.

მუხლი 14 – სამოქალაქო სამედიცინო დანაყოფების რეკვიზიციის შეზღუდვა🔗

1. ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება.

2. შესაბამისად, ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია სამოქალაქო სამედიცინო დანაყოფების, მათი აღჭურვილობის, მათი მატერიალური რესურსების ან მათი პერსონალის მომსახურების რეკვიზიცია, სანამ ეს რესურსები აუცილებელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის ან მკურნალობის ქვეშ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების უწყვეტი მოვლისთვის.

3. იმ პირობით, რომ შესრულდება მე-2 პუნქტში მითითებული ზოგადი წესი, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია აღნიშნულის რესურსების რეკვიზიცია, შემდეგი კონკრეტულ პირობების გათვალისწინებით:

(ა) რესურსები აუცილებელია ოკუპანტი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების  დაჭრილი და ავადმყოფი წევრებისთვის ან სამხედრო ტყვეებისთვის ადეკვატური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;

(ბ) რეკვიზიცია გრძელდება მანამ, სანამ ასეთი საჭიროება არსებობს; და

(გ) დაუყოვნებლივ მიიღება ზომები, რათა კვლავ უზრუნველყოფილი იყოს იმ სამოქალაქო მოსახლეობის, ასევე მკურნალობის ქვეშ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სამედიცინო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვისაც ეს რეკვიზიცია შეეხო.

მუხლი 15 – სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიური პერსონალის დაცვა🔗

1. სამოქალაქო სამედიცინო პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით.

2. საჭიროების შემთხვევაში, იმ არეალებში, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო შეფერხებულია სამოქალაქო სამედიცინო მომსახურება, სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს უნდა გაეწიოს ყველა შესაძლო დახმარება.

3. ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს უნდა აღმოუჩინოს ყოველგვარი დახმარება, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმით შეძლონ თავიანთი ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთმა პერსონალმა, სამედიცინო საფუძვლებისგან განსხვავებული რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიმე პირს მიანიჭოს უპირატესობა. დაუშვებელია პერსონალის იძულება, შეასრულონ თავიანთი ჰუმანიტარული ფუნქციების შეუსაბამო ამოცანები.

4. სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს აქვს წვდომა ნებისმიერ ადგილზე, სადაც არსებობს მათი მომსახურების საჭიროება, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ზედამხედველობისა და უსაფრთხოების ის ზომები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს კონფლიქტის შესაბამისი მხარე.

5. სამოქალაქო რელიგიური პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით. ასეთ პირებზე თანაბრად ვრცელდება კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებები, რომლებიც შეეხება სამედიცინო პერსონალის დაცვასა და იდენტიფიკაციას.

მუხლი 16 – სამედიცინო ფუნქციების ზოგადი დაცვა🔗

1. ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია სამედიცინო ეთიკის შესაბამისად თავისი სამედიცინო საქმიანობის შესრულებისათვის პირის დასჯა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ სარგებლობის ამით.

2. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირები არ უნდა აიძულონ, შეასრულონ სამუშაო, რომელიც ეწინააღმდეგება სამედიცინო ეთიკას ან დაჭრილთა და ავადმყოფთა ინტერესების დამცავ სხვა სამედიცინო წესებს, ან კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დებულებებს, ან რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ნორმებითა და დებულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისაგან.

3. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ უნდა აიძულონ, რომ რომელიმე მხარეს – მოწინააღმდეგე მხარეს ან საკუთარი მხარის წარმომადგენელს, გარდა ამ უკანასკნელის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიაწოდოს ინფორმაცია ავადმყოფების ან დაჭრილების შესახებ, რომლებიც მისი ზრუნვის ქვეშ იყვნენ ან არიან, თუ ინფორმაციის გადაცემა, მისი აზრით, ზიანს მიაყენებს პაციენტებს ან მათ ოჯახებს. თუმცა, უნდა შესრულდეს რეგულაციები ინფექციური დაავადებების შეტყობინების შესახებ.

მუხლი 17 – სამოქალაქო მოსახლეობისა და დახმარების საზოგადოებების როლი🔗

1. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა მოეპყროს დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს, თუნდაც ისინი მოწინააღმდეგე მხარეს ეკუთვნოდნენ, და მათ მიმართ არ უნდა ჩაიდინონ ძალადობის აქტები. სამოქალაქო მოსახლეობას და დახმარების საზოგადოებებს, როგორიცაა წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებები, უნდა მიეცეთ ნება, საკუთარი ინიციატივის შემთხვევაშიც, თავი მოუყარონ დაჭრილებს, ავადმყოფებს და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს და მოუარონ მათ, თუნდაც დაპყრობილ ან ოკუპირებულ არეალებში. არავის უნდა მიადგეს ზიანი, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ცნობილ იქნეს მსჯავრდებულად ან დაისაჯოს ამგვარი ჰუმანიტარული მოქმედებისათვის.

2. კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სამოქალაქო მოსახლეობას და პირველ პუნქტში მითითებულ დახმარების საზოგადოებებს, რათა თავი მოუყარონ და იზრუნონ დაჭრილებზე, ავადმყოფებზე და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებზე, მოიძიონ გარდაცვლილები და აცნობონ მათი ადგილმდებარეობა; მათ უნდა უზრუნველყონ იმ პირთა დაცვა და მხარდაჭერა, რომლებიც გამოეხმაურებიან ასეთ მოწოდებას. თუ მოწინააღმდეგე მხარე დაამყარებს ან აღადგენს კონტროლს არეალზე, ამ მხარემ უნდა უზრუნველყოს იგივე დაცვა და მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

მუხლი 18 – ამოცნობა🔗

1. კონფლიქტის თითოეული მხარე შეეცდება, უზრუნველყოს, რომ სამედიცინო და რელიგიური პერსონალი, ასევე სამედიცინო დანაყოფები და სატრანსპორტო საშუალებები იყოს ამოცნობადი.

2. აგრეთვე, კონფლიქტის თითოეული მხარე უნდა შეეცადოს გამოიყენოს და განახორციელოს ის მეთოდები და პროცედურები, რომელიც ხელს შეუწყობს განმასხვავებელი ემბლემებისა და განმასხვავებელი სიგნალების გამომყენებელი სამედიცინო დანაყოფებისა და სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობას.

3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არეალებში, სადაც მიმდინარეობს ან შეიძლება დაიწყოს ბრძოლები, სამოქალაქო სამედიცინო პერსონალი და სამოქალაქო რელიგიური პერსონალი უნდა იყოს ამოცნობადი განმასხვავებელი ემბლემითა და მათი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობით.

4. კომპეტენტური ხელისუფლების თანხმობით, სამედიცინო დანაყოფები და სატრანსპორტო საშუალებები უნდა აღინიშნოს განმასხვავებელი ემბლემით. წინამდებარე ოქმის 22-ე მუხლში მოხსენებული გემები და ხომალდები უნდა აღინიშნოს მეორე კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

5. განმასხვავებელ ემბლემაზე დამატებით, კონფლიქტის მხარეს შეუძლია, წინამდებარე ოქმის I დანართის III თავის შესაბამისად, ნება დართოს განმასხვავებელი სიგნალების გამოყენებას სამედიცინო დანაყოფებისა და სატრანსპორტო საშუალებათა ამოცნობისათვის. გამონაკლის შემთხვევებში, ზემოაღნიშნული თავით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ განმასხვავებელი სიგნალების გამოყენება განმასხვავებელი ემბლემების გამოსახვის გარეშე.

6. წინამდებარე მუხლის 1-5 პუნქტების დებულებათა გამოყენება განისაზღვრება წინამდებარე ოქმის I დანართის I-III თავებით. ექსკლუზიურად სამედიცინო დანაყოფებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოსაყენებელი, დანართის III თავში მითითებული სიგნალები, გარდა აღნიშნული თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ უნდა გამოიყენებოდეს აღნიშნულ თავში მითითებული სამედიცინო დანაყოფებისა და სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობისგან განსხვავებული რაიმე მიზნით.

7. წინამდებარე მუხლის დებულებებით ნებადართული არ არის მშვიდობიან პერიოდში განმასხვავებელი ემბლემის უფრო ფართო გამოყენება, ვიდრე ეს მითითებულია პირველი კონვენციის 44-ე მუხლში.

8. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია განმასხვავებელი ემბლემების გამოყენებასთან, კონტროლსა და ბოროტად გამოყენების აღკვეთასთან, გამოიყენება განმასხვავებელი სიგნალების მიმართ.

მუხლი 19 – ნეიტრალური და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარეები🔗

ნეიტრალურმა და სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარეები, წინამდებარე კარის შესაბამისი დებულებები უნდა გამოიყენონ წინამდებარე ნაწილით დაცული პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება მიიღონ ან ინტერნირებულ იქნენ მათ ტერიტორიაზე, და კონფლიქტის მხარის ნებისმიერი გარდაცვლილის მიმართ, რომელიც შეიძლება იპოვონ მათ.

მუხლი 20 – რეპრესალიების აკრძალვა🔗

წინამდებარე ნაწილით დაცული პირებისა და ობიექტების მიმართ აკრძალულია რეპრესალიები.

ნაწილი II

სამედიცინო ტრანსპორტირება

მუხლი 21 – სახმელეთო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები🔗

სახმელეთო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ იმავე პატივისცემითა და დაცვით, როგორიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებათა შესაბამისად ვრცელდება მოძრავი სამედიცინო დანაყოფებისათვის.

მუხლი 22 – ჰოსპიტალური გემები და სანაპირო სამაშველო სანაოსნო საშუალებები🔗

1. კონვენციათა დებულებები, რომლებიც ეხება:

(ა) მეორე კონვენციის 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლში მითითებულ ხომალდებს,(ბ) მათ სამაშველო ნავებს და მცირე სანაოსნო საშუალებებს,(გ)  მათ პერსონალსა და ეკიპაჟს, და

(დ) ბორტზე მყოფ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს, ასევე შეეხება შემთხვევებს, როდესაც ამ ხომალდებს გადაჰყავთ დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, რომლებიც არ ეკუთვნიან მეორე კონვენციის მე-13 მუხლში მითითებულ რომელიმე კატეგორიას. თუმცა, არ შეიძლება ამ სამოქალაქო პირთა გადაცემა რომელიმე მხარისთვის, რომელსაც ისინი არ ეკუთვნიან, ან მათი დატყვევება ზღვაზე. თუ ეს პირები მოექცევიან კონფლიქტის იმ მხარის ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც ისინი არ ეკუთვნიან, მათზე გავრცელდება მეოთხე კონვენციისა და წინამდებარე ოქმის დებულებები.

2. მეორე კონვენციის 25-ე მუხლში მითითებული ხომალდების მიმართ კონვენციებით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება ჰოსპიტალურ გემებზე, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებით კონფლიქტის მხარეს გადასცა:

(ა) ნეიტრალურმა ან სხვა სახელმწიფომ, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე; ან

(ბ) მიუკერძოებელმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, იმ პირობით, რომ ორივე შემთხვევაში დაცულია ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული მოთხოვნები.

3. მეორე კონვენციის 27-ე მუხლში მითითებული მცირე სანაოსნო საშუალებები დაცვით სარგებლობენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც დასახელებული მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება არ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, რომ ერთმანეთს აცნობონ ნებისმიერი დეტალი ამგვარი სანაოსნო საშუალებების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ამოცნობასა და აღიარებას.

მუხლი 23 – სხვა სამედიცინო გემები და სანაოსნო საშუალებები🔗

1. სამედიცინო გემები და სანაოსნო საშუალებები, გარდა წინამდებარე ოქმის 22-ე მუხლში და მეორე კონვენციის 38-ე მუხლში მითითებული გემებისა და სანაოსნო საშუალებებისა, რომლებიც ზღვაში ან სხვა წყლებში იმყოფებიან, სარგებლობენ ისეთივე პატივისცემითა და დაცვით, როგორიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მიხედვით გათვალისწინებულია მოძრავი სამედიცინო დანაყოფებისთვის. ვინაიდან ეფექტური დაცვა შეიძლება მხოლოდ მათი ამოცნობის და აღიარების შემთხვევაში განხორციელდეს, ამგვარი გემები განმასხვავებელი ემბლემით უნდა აღინიშნოს და მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში დაცული უნდა იყოს მეორე კონვენციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები. ვინაიდან ეს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ შესაძლებელია მათი სამედიცინო გემებად ან სანაოსნო საშუალებებად ამოცნობა და აღიარება, ასეთი ხომალდები აღნიშნული უნდა იყოს განმასხვავებელი ემბლემით და, შეძლებისდაგვარად, დაიცვან მეორე კონვენციის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი.

2. პირველ პუნქტში მითითებული გემები და სანაოსნო საშუალებები რჩებიან ომის კანონების დაქვემდებარებაში. წყლის ზედაპირზე მყოფ ნებისმიერ სამხედრო ხომალდს, რომელსაც უნარი შესწევს მათ თავისი ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულება აიძულოს, შეუძლია, რომ მათ უბრძანოს გაჩერება, არეალის დატოვება ან გარკვეული კურსის აღება, ხოლო ისინი უნდა დაემორჩილონ ყოველ ასეთ ბრძანებას. დაუშვებელია სამედიცინო მისიისგან ასეთი გემებისა და ნავების სხვაგვარად გადამისამართება მანამ, სანამ ისინი საჭირო არიან ბორტზე მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირებისათვის.

3. პირველ პუნქტში მითითებული დაცვა წყდება მხოლოდ მეორე კონვენციის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობებში. მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული ბრძანების შესრულებაზე აშკარა უარი, მეორე კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად, ჩაითვლება მოწინააღმდეგისთვის საზიანო აქტად.

4. კონფლიქტის მხარეს შეუძლია, გამგზავრებამდე რაც შეიძლება ადრე, ნებისმიერ მოწინააღმდეგე მხარეს აცნობოს სამედიცინო გემის ან სანაოსნო საშუალების სახელწოდების, აღწერილობის, ცურვის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, კურსისა და მოსალოდნელი სიჩქარის შესახებ, განსაკუთრებით 2000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემების შემთხვევაში, და შეუძლია აცნობოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელ შეუწყობს მათ ამოცნობას და აღიარებას. მოწინააღმდეგე მხარემ უნდა დაადასტუროს ასეთი ინფორმაციის მიღება.

5. მეორე კონვენციის 37-ე მუხლის დებულებები გამოიყენება ასეთ გემებსა და სანაოსნო საშუალებებზე მყოფი სამედიცინო და რელიგიური პერსონალის მიმართ.

6. მეორე კონვენციის დებულებები გამოიყენება ამ კონვენციის მე-13 მუხლსა და წინამდებარე ოქმის 44-ე მუხლში მითითებული დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ასეთ გემებსა და სანაოსნო საშუალებებზე. დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი სამოქალაქო პირები, რომლებიც მეორე კონვენციის მე-13 მუხლში მითითებულ რომელიმე კატეგორიას არ ეკუთვნიან, ზღვაზე ყოფნისას, არ უნდა გადასცენ რომელიმე სახელმწიფოს, რომელსაც არ ეკუთვნიან. ასევე არ შეიძლება მათი ასეთი გემებიდან და სანაოსნო საშუალებებიდან გადმოყვანა. თუ აღნიშნული პირები კონფლიქტის იმ მხარის ძალაუფლების ქვეშ მოექცევიან, რომელსაც ისინი არ ეკუთვნიან, მათზე გავრცელდება მეოთხე კონვენცია და წინამდებარე ოქმი.

მუხლი 24 – სამედიცინო საჰაერო ხომალდების დაცვა🔗

სამედიცინო საჰაერო ხომალდები სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით, წინამდებარე კარის დებულებების თანახმად.

მუხლი 25 – სამედიცინო საჰაერო ხომალდები მოწინააღმდეგე მხარის მიერ არაკონტროლირებად არეალებში🔗

ხმელეთის არეალებსა და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, რომლებიც ფიზიკურად აკონტროლებენ მეგობრული ძალები, ან ზღვის არეალებსა და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, რომლებსა ფიზიკურად აკონტროლებს მოწინააღმდეგე მხარე, კონფლიქტის მხარის სამედიცინო საჰაერო ხომალდების პატივისცემა და დაცვა არ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგესთან დადებულ რაიმე შეთანხმებაზე. ამის მიუხედავად, მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტში მხარეს, რომელიც ამ არეალებში იყენებს სამედიცინო საჰაერო ხომალდებს,  შეუძლია, 29-ე მუხლის თანახმად, მიაწოდოს ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარეს, განსაკუთრებით კი ინფორმაცია, თუ როდის ასრულებენ ამგვარი ხომალდები ისეთ ფრენებს, რომლებიც მათ მოაქცევს მოწინააღმდეგის „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის იარაღის მოქმედების ფარგლებში.

მუხლი 26 – სამედიცინო საჰაერო ხომალდები ურთიერთშეხების ან მსგავს ზონებში🔗

1. ურთიერთშეხების ზონის იმ ნაწილებში და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, რომლებსაც ფიზიკურად აკონტროლებენ მეგობრული ძალები, და იმ არეალებსა და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, რომელთა ფიზიკური კონტროლი არ არის ნათლად გამოხატული, ასევე შესაბამის საჰაერო სივრცეში, სამედიცინო საჰაერო ხომალდების დაცვა სრულიად ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ კონფლიქტის მხარეების კომპეტენტურ სამხედრო ორგანოთა შორის შესაბამისი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, როგორც ეს გათვალისწინებულია 29-ე მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შეთანხმების არარსებობის დროს, სამედიცინო საჰაერო ხომალდები მოქმედებენ საკუთარი რისკით, ასეთად აღიარების შემდეგ ისინი მაინც სარგებლობენ პატივისცემით.

2. „ურთიერთშეხების ზონა“ ნიშნავს ხმელეთის ნებისმიერ არეალს, სადაც მოწინააღმდეგე ძალების მოწინავე ნაწილები იმყოფებიან ურთიერთშეხებაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ისინი ექცევიან ხმელეთიდან გახსნილი პირდაპირი ცეცხლის მოქმედების ქვეშ.

მუხლი 27 – სამედიცინო საჰაერო ხომალდები მოწინააღმდეგე მხარის მიერ კონტროლირებად არეალებში🔗

1. კონფლიქტის მხარის სამედიცინო საჰაერო ხომალდები განაგრძობენ დაცვით სარგებლობას მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებადი ხმელეთის ან ზღვის არეალების თავზე ფრენისას იმ პირობით, რომ ფრენის ნებართვა წინასწარ იყო მიღებული მოწინააღმდეგე მხარის კომპეტენტური ორგანოსგან.

2. სამედიცინო საჰაერო ხომალდი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ ფიზიკურად კონტროლირებადი არეალის თავზე გადაიფრენს პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების გარეშე ან მისი პირობების დარღვევით, თუნდაც სანავიგაციო შეცდომის ან ფრენის უსაფრთხოებაზე გავლენის მქონე საგანგებო სიტუაციის გამო, ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა ამ ფორმით, რომ ამოიცნონ და მოწინააღმდეგე მხარეს აცნობოს გარემოებების შესახებ. როგორც კი მოწინააღმდეგე მხარე ამოიცნობს სამედიცინო საჰაერო ხომალდს, ამ მხარემ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა გასცეს 30-ე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ბრძანება დაფრენის ან წყალზე დაჯდომის შესახებ, ან მიიღოს სხვა ზომები საკუთარი ინტერესების დასაცავად და, ორივე შემთხვევაში, თვითმფრინავს მისცეს დრო ბრძანების შესრულებისთვის, სანამ თვითმფრინავზე განახორციელებს შეტევას.

მუხლი 28 – სამედიცინო საჰაერო ხომალდების ოპერაციების შეზღუდვა🔗

1. კონფლიქტის მხარეებს ეკრძალებათ სამედიცინო საჰაერო ხომალდების გამოყენება მოწინააღმდეგე მხარეზე რაიმე სახის სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. სამედიცინო საჰაერო ხომალდების ადგილზე ყოფნა არ უნდა იქნეს გამოყენებული სამხედრო ობიექტების თავდასხმისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. სამედიცინო საჰაერო ხომალდები არ უნდა იქნეს გამოყენებული სადაზვერვო მონაცემების შესაგროვებლად ან გადასაცემად და არ უნდა გადაიტანოს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა. მათ ეკრძალებათ ნებისმიერი იმ პირის ან იმ ტვირთის ტრანსპორტირება, რომლებიც არ ექცევიან მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის განსაზღვრებაში. ბორტზე მყოფი პირების პირადი ნივთების ან ისეთი აღჭურვილობის გადატანა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ნავიგაციის, კომუნიკაციის ან იდენტიფიკაციის გასაადვილებლად, არ ჩაითვლება აკრძალულად.

3. სამედიცინო საჰაერო ხომალდმა არ უნდა გადაიტანოს შეიარაღება, გარდა  ბორტზე მყოფი დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებისთვის ჩამორთმეული მსუბუქი იარაღისა და საბრძოლო მასალისა, რომლებიც ჯერ არ გადაუციათ შესაბამისი სამსახურისთვის, ასევე, ისეთი ინდივიდუალური მსუბუქი იარაღები, რომელიც ბორტზე მყოფ სამედიცინო პერსონალს აძლევს თავდაცვისა და მის მზრუნველობის ქვეშ მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების დაცვის საშუალებას.

4. 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ფრენის განხორციელებისას, სამედიცინო საჰაერო ხომალდები, მოწინააღმდეგე მხარესთან წინასწარი შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მოსაძიებლად.

მუხლი 29 – შეტყობინებები და შეთანხმებები სამედიცინო საჰაერო ხომალდების შესახებ🔗

1. 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებებში ან წინასწარი შეთანხმების თაობაზე 26-ე, 27-ე, 28-ე (მე-4 პუნქტი) ან 31-ე მუხლებით გათვალისწინებულ თხოვნებში უნდა მიეთითოს სამედიცინო საჰაერო ხომალდების სავარაუდო რაოდენობა, მათი ფრენის გეგმები და ამოცნობის საშუალებები, და უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ყველა ფრენა განხორციელდება 28-ე მუხლის შესაბამისად.

2. მხარემ, რომელიც იღებს 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას, დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს ასეთი შეტყობინების მიღება.

3. მხარემ, რომელიც იღებს წინასწარი შეთანხმების შესახებ 26-ე, 27-ე, 28-ე (მე-4 პუნქტი) ან 31-ე მუხლებით გათვალისწინებულ თხოვნებს, მთხოვნელ მხარეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს:

(ა) თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ;

(ბ) თხოვნაზე უარის თქმის შესახებ; ან

(გ) თხოვნის გონივრული ალტერნატიული წინადადებების შესახებ. მას ასევე შეუძლია შესთავაზოს მოცემულ არეალში შესაბამისი დროის განმავლობაში სხვა ფრენების შეზღუდვა ან აკრძალვა. თუ მთხოვნელი მხარე დათანხმდება შეთავაზებულ ალტერნატიულ წინადადებებს, მან ასეთი თანხმობის შესახებ უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

4. მხარეებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ შეტყობინებების გაგზავნისა და შეთანხმებების დადების სწრაფად განხორციელება.

5. მხარეებმა ასევე უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა ასეთი შეტყობინებებისა და შეთანხმებების შინაარსი სწრაფად გაავრცელონ შესაბამის სამხედრო დანაყოფებში და ამ დანაყოფებს უნდა მისცენ ინსტრუქცია ამოცნობის იმ საშუალებათა შესახებ, რომელსაც გამოიყენებს კონკრეტული სამედიცინო საჰაერო ხომალდი.

მუხლი 30 – სამედიცინო საჰაერო ხომალდების დაშვება და შემოწმება🔗

1. სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც დაფრინავენ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფიზიკურად კონტროლირებადი არეალების თავზე, ან იმ არეალების თავზე, რომლებზეც ფიზიკური კონტროლი ნათლად არ არის გამოხატული, გარემოებათა შესაბამისად, შეიძლება უბრძანონ ხმელეთზე ან წყალზე დაშვება, რათა შესაძლებელი გახდეს შემოწმების ჩატარება ქვემოთ მოცემული პუნქტების შესაბამისად. სამედიცინო საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ ნებისმიერ ასეთ ბრძანებას.

2. თუ ასეთი ხომალდი დაეშვება ხმელეთზე ან წყალზე, ბრძანების საფუძველზე ან რაიმე სხვა მიზეზით, ის შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების დადგენის მიზნით. ნებისმიერი ამგვარი შემოწმება უნდა დაიწყოს დაყოვნების გარეშე და განხორციელდეს სწრაფად. შემმოწმებელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დაჭრილთა და ავადმყოფთა ხომალდიდან გადმოყვანა, თუ მათი გადმოყვანა აუცილებელი არ არის შემოწმებისათვის. ამ მხარემ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს, რომ შემოწმების ან ხომალდიდან გადაყვანის შედეგად არ გაუარესდეს დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობა.

3. თუ შემოწმებით დადგინდება, რომ საჰაერო ხომალდი:

(ა) სამედიცინო საჰაერო ხომალდია მე-8 მუხლის (კ) ქვეპუნქტის თანახმად,(ბ) არ არღვევს 28-ე მუხლით დადგენილ პირობებს, და

(გ) ფრენას არ ასრულებს წინასწარი შეთანხმების გარეშე, ან ასეთი შეთანხმების დარღვევით, როცა ასეთი შეთანხმება აუცილებელია, მაშინ საჰაერო ხომალდი და მასში მყოფი პირებს, რომლებიც ეკუთვნიან მოწინააღმდეგე მხარეს, ნეიტრალურ ან იმ სახელმწიფოს, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე, უნდა მიეცეთ ფრენის დაუყოვნებლივ გაგრძელების ნებართვა.

4. თუ შემოწმებით დადგინდება, რომ საჰაერო ხომალდი:

(ა) არ არის სამედიცინო საჰაერო ხომალდი მე-8 მუხლის (კ) ქვეპუნქტის თანახმად,(ბ) არღვევს 28-ე მუხლი დადგენილ პირობებს, ან

(გ) ფრენას ასრულებს წინასწარი შეთანხმების გარეშე, ან ასეთი შეთანხმების დარღვევით, როცა ასეთი შეთანხმება აუცილებელია,მაშინ ამგვარი საჰაერო ხომალდი შეიძლება დააკავონ. მასში მყოფ პირებს უნდა მოეპყრონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების თანახმად. ნებისმიერი დაკავებული საჰაერო ხომალდი, რომელიც მუდმივ სამედიცინო საჰაერო ხომალდად იყო განსაზღვრული, შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამედიცინო საჰაერო ხომალდის სახით.

მუხლი 31 – ნეიტრალური ან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარეები🔗

1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს წინასწარი შეთანხმება, სამედიცინო საჰაერო ხომალდმა არ უნდა გადაიფრინოს ან დაეშვას ნეიტრალური ან იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე. თუმცა, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში სამედიცინო საჰაერო ხომალდები მთელი ფრენის და ასევე დროებითი დაფრენის განმავლობაში სარგებლობენ პატივისცემით. მიუხედავად ამისა, ისინი გარემოებების შესაბამისად უნდა დაემორჩილონ ხმელეთზე ან წყალზე დაშვების მოთხოვნას.

2. იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო საჰაერო ხომალდმა, შეთანხმების არარსებობის ან შეთანხმების პირობების დარღვევით, სანავიგაციო შეცდომის ან გადაუდებელი გარემოებების გამო, რომელიც გავლენას ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე, დაფრინდება ნეიტრალური ან ისეთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე, უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა შეატყობინოს ფრენის შესახებ და ამოიცნონ. სამედიცინო საჰაერო ხომალდის ასეთად ამოცნობისთანავე, ამ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა გასცეს 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ბრძანება ხმელეთზე ან წყალზე დაშვების შესახებ, ან მიიღოს სხვა ზომები თავისი ინტერესების დასაცავად და ორივე შემთხვევაში საჰაერო ხომალდს უნდა მისცეს ბრძანების შესრულების დრო, სანამ მასზე განახორციელებს შეტევას.

3. როდესაც სამედიცინო საჰაერო ხომალდი, შეთანხმების შესაბამისად, ან მე-2 პუნქტში მითითებულ გარემოებებში, ბრძანების ან სხვა მიზეზების გამო, დაეშვება ნეიტრალური ან ისეთი სახელმწიფოს ხმელეთზე ან წყალზე, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე, ის უნდა შემოწმდეს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის ნამდვილად სამედიცინო საჰაერო ხომალდი. შემოწმება უნდა დაიწყოს დაყოვნების გარეშე და ჩატარდეს სწრაფად. შემმოწმებელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დაჭრილებისა და ავადმყოფების ხომალდიდან გადმოყვანა, თუ ეს აუცილებელი არ არის შემოწმებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში შემმოწმებელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ შემოწმების ან გადმოყვანის შედეგად დაჭრილებისა და ავადმყოფების მდგომარეობა არ გაუარესდეს. თუ შემოწმება ცხადყოფს, რომ საჰაერო ხომალდი ნამდვილად სამედიცინო საჰაერო ხომალდია, მას, მასში მყოფი პირებით, იმ პირთა გამოკლებით, რომლებიც ექვემდებარებიან დაკავებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, უნდა დაერთოს ფრენის გაგრძელების ნება და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ფრენის გაგრძელების გონივრული პირობებით. თუ დადგინდა, რომ ეს საჰაერო ხომალდი არ არის სამედიცინო საჰაერო ხომალდი, მას დააკავებენ და მასში მყოფ პირებს მოეპყრობიან მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით ნეიტრალური ან კონფლიქტის არამხარე სახელმწიფოს  ტერიტორიაზე გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, დროებით გადმოყვანილი პირების გამოკლებით, გარდა ამ სახელმწიფოსა და კონფლიქტის მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის შემთხვევისა, ამ სახელმწიფოს მიერ, როცა ამას შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმები მოითხოვს, იმგვარად იქნებიან დაკავებულნი, რომ მათ ვეღარ შეძლონ საბრძოლო მოქმედებებში კვლავ მონაწილეობა. ინტერნირებასა და საავადმყოფოში მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.

5. ნეიტრალურმა და სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარეები, კონფლიქტის ყველა მხარის მიმართ თანაბრად უნდა გამოიყენონ მათი ტერიტორიის თავზე სამედიცინო საჰაერო ხომალდების გადაფრენასთან ან მათ ტერიტორიაზე დაშვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პირობა და შეზღუდვა.

ნაწილი III

უგზო-უკვლოდ დაკარგული და გარდაცვლილი პირები

მუხლი 32 – ზოგადი პრინციპი🔗

წინამდებარე ნაწილის დებულებათა განხორციელებისას, მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა, კონფლიქტის მხარეებმა და კონვენციებსა და წინამდებარე ოქმში მითითებული საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა თავიანთ საქმიანობაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელონ ოჯახების უფლებით – იცოდნენ თავიანთი ახლობლების ბედი.

მუხლი 33 – უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები🔗

1. როგორც კი გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა, და ყველაზე გვიან – აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე, კონფლიქტის თითოეულმა მხარემ უნდა მოიძიოს პირები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ასეთმა მოწინააღმდეგე მხარემ, ამგვარ პირთა ძიების გასაადვილებლად, უნდა გადასცეს ყველა საჭირო ინფორმაცია.

2. წინა პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის შეკრების გასაადვილებლად, კონფლიქტის თითოეული მხარე იმ პირების შესახებ, რომლებიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის თანახმად უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობენ:

(ა) მეოთხე კონვენციის 138-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უნდა აღრიცხოს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ან ოკუპაციის შედეგად დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა სახით თავისუფლებააღკვეთილი იყვნენ ორ კვირაზე მეტი ხნით, ან რომლებიც ამგვარი დაკავების დროს გარდაიცვალნენ;

(ბ) შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავად მოიძიოს აღნიშნული პირები და მათ შესახებ აღრიცხოს ინფორმაცია, თუ ისინი საბრძოლო მოქმედებების ან ოკუპაციის შედეგად გამოწვეული რაიმე სხვა გარემოებაში გარდაიცვალნენ.

3. ინფორმაცია პირველი პუნქტის თანახმად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული პირების შესახებ და მოთხოვნები ასეთი ინფორმაციისთვის უნდა გადაიცეს ან უშუალოდ, ან მფარველი სახელმწიფოს ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძიების ცენტრალური სააგენტოს, ან წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების მეშვეობით, როდესაც ინფორმაცია არ გადაიცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და მისი მოძიების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, კონფლიქტის თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ინფორმაცია ასევე გაეგზავნოს მოძიების ცენტრალურ სააგენტოს.

4. კონფლიქტის მხარეები უნდა შეეცადონ, რომ შეთანხმდნენ იმ ზომებზე, რაც საჭიროა საბრძოლო მოქმედებების არეალში გარდაცვლილთა მოძიების, ამოცნობისა და გამოყვანის ჯგუფებისთვის, რაც, შესაბამის შემთხვევაში მოიცავს ასეთი ჯგუფების მოწინააღმდეგე მხარის მიერ კონტროლირებად არეალებში ამ საქმიანობის შესრულებისას მოწინააღმდეგე მხარის პერსონალის მიერ თანხლებასთან დაკავშირებულ ზომებს. ასეთი ჯგუფების პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით ექსკლუზიურად ამ მოვალეობების შესრულების დროს.

მუხლი 34 – გარდაცვლილთა ნეშტი🔗

1. პატივისცემით უნდა მოეპყრონ იმ პირთა ნეშტებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ოკუპაციასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ან ოკუპაციით ან საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაკავებისას, და იმ პირთა ნეშტებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაიცვალნენ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არ იყვნენ, ასევე ამ პირთა დაკრძალვის ადგილებს უნდა მოეპყრონ პატივისცემით, მოუარონ მათ და აღნიშნონ ისინი მეოთხე კონვენციის 130-ე მუხლის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მათი ნეშტები და დაკრძალვის ადგილები არ სარგებლობს უფრო ხელსაყრელი მოპყრობით კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მიხედვით.

2. როგორც კი გარემოებები და მოწინააღმდეგე მხარეთა შორის ურთიერთობები ამას შესაძლებელს გახდის, მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს საბრძოლო მოქმედებების შედეგად ან ოკუპაციის განმავლობაში ან დაკავებისას გარდაცვლილი პირების საფლავები და, შესაბამის შემთხვევაში, მათი ნეშტის სხვა ადგილები, უნდა დადონ შეთანხმებები, რათა:

(ა) ხელი შეუწყონ გარდაცვლილთა ნათესავებისა და დაკრძალვის ადგილების რეგისტრაციის ოფიციალური სამსახურების წარმომადგენლების წვდომას საფლავებზე და განისაზღვრონ ასეთი წვდომის უზრუნველყოფის პრაქტიკული ღონისძიებები;

(ბ) ასეთი დაკრძალვის ადგილები იყოს მუდმივად დაცული და მოვლილი;

(გ) ხელი შეუწყოს გარდაცვლილის ნეშტისა და პირადი ნივთების სამშობლოში დაბრუნებას ამ ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე ან, თუ ეს ქვეყანა წინააღმდეგი არ არის, უახლოესი ნათესავის მოთხოვნის საფუძველზე.

3. მე-2 პუნქტის (ბ) და (გ) ქვეპუნქტებში მითითებული შეთანხმებების არარსებობისას და იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილთა სამშობლო არ არის თანახმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაკრძალვის ადგილების მოვლა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც არის ასეთი დაკრძალვის ადგილები, შეუძლია შესთავაზოს ნეშტების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა. ასეთი შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, ასეთი შეთავაზების გაკეთებიდან ხუთი წლის გასვლისა და შესაბამისი ქვეყნის სათანადოდ შეტყობინების შემდეგ, შეუძლია მიიღოს სასაფლაოებისა და საფლავების შესახებ საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

4. მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს წინამდებარე მუხლში მითითებული დაკრძალვის ადგილები, ექსჰუმაცია შეუძლია მოახდინოს მხოლოდ:

(ა) მე-2 პუნქტის (გ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ან

(ბ) როდესაც ექსჰუმაცია წარმოადგენს მომეტებული საჯარო აუცილებლობის, მათ შორის, სამედიცინო და საგამოძიებო აუცილებლობის საკითხს, რა დროსაც მაღალი ხელშემკვრელი მხარე მუდმივად პატივისცემით უნდა მოეპყროს გარდაცვლილთა ნეშტს და შესაბამის სახელმწიფოს უნდა შეატყობინოს ნეშტის ექსჰუმაციის განზრახვის შესახებ, გადასვენების სავარაუდო ადგილის დეტალებთან ერთად.

კარი III

ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები – კომბატანტებისა და სამხედრო ტყვეების სტატუსი

ნაწილი I

ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები

მუხლი 35 – ძირითადი წესები🔗

1. ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტში, კონფლიქტის მხარეთა უფლება, აირჩიონ ომის წარმოების მეთოდები ან საშუალებები, არ არის შეუზღუდავი.

2.  აკრძალულია ისეთი ხასიათის იარაღების, ჭურვების, მასალებისა და ომის წარმოების მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს გადამეტებულ ზიანს ან არასაჭირო ტანჯვას.

3. აკრძალულია ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავს ან რომელთაგან მოსალოდნელია ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და სერიოზული დაზიანების გამოწვევა.

მუხლი 36 – ახალი ტიპის იარაღები🔗

მაღალ ხელშემკვრელ მხარეს აქვს ვალდებულება, რომ ახალი იარაღის, ომის წარმოების საშუალებების ან მეთოდების შესწავლის, განვითარების, შეძენის ან დანერგვის პროცესში დაადგინოს, აკრძალული იქნებოდა თუ არა მისი გამოყენება, ზოგიერთ ან ყველა გარემოებაში, წინამდებარე ოქმით ან მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სხვა წესით.

მუხლი 37.– ვერაგობის აკრძალვა

1. აკრძალულია ვერაგობის გზით მოწინააღმდეგის მოკვლა, დაჭრა ან შეპყრობა. ვერაგობად ითვლება მოწინააღმდეგის ნდობის მოპოვება, რომელიც მას დააჯერებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესების თანახმად, მას აქვს დაცულად ყოფნის უფლება ან დაცვის მინიჭების ვალდებულება, რასაც თან ახლავს ასეთი ნდობის გაცრუების განზრახვა. ვერაგობის მაგალითებია:

(ა) ზავის ან დანებების დროშის ქვეშ მოლაპარაკების განზრახვის იმიტაცია;

(ბ) ჭრილობებით ან ავადმყოფობით გამოწვეული უუნარობის იმიტაცია;

(გ) სამოქალაქო ან არაკომბატანტის სტატუსის იმიტაცია, და

(დ) დაცული სტატუსის იმიტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან ნეიტრალური ან სხვა სახელმწიფოების, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარეები, ნიშნების, ემბლემების ან უნიფორმების გამოყენებით.

2. საომარი ხრიკები არ არის აკრძალული. ასეთ ხრიკად ითვლება ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას ან მისი დაუდევარი მოქმედების წაქეზებას, რომელიც არ არღვევს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის რომელიმე წესს და რომელიც არ არის ვერაგული, რადგან არ იწვევს მოწინააღმდეგის ნდობას, დაცული იყოს ამ სამართლის მიხედვით. ასეთი ხრიკების მაგალითებია: კამუფლაჟის, სატყუარების, ცრუ ოპერაციებისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამოყენება.

მუხლი 38 – აღიარებული ემბლემები🔗

1. აკრძალულია წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემების ან კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული სხვა ემბლემების, ნიშნების ან სიგნალების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. ასევე შეიარაღებული კონფლიქტის დროს აკრძალულია საყოველთაოდ აღიარებული სხვა დამცავი ემბლემების, ნიშნებისა და სიგნალების, მათ შორის ზავის დროშისა და კულტურული ძეგლების დამცავი ემბლემების განზრახ ბოროტად გამოყენება.

2. აკრძალულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ემბლემის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნებადართულია ამ ორგანიზაციის მიერ.

მუხლი 39 – ეროვნულობის ემბლემები🔗

1. აკრძალულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს ნეიტრალური სახელმწიფოების ან კონფლიქტის არამხარე სახელმწიფოების დროშების, სამხედრო ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების ან უნიფორმის გამოყენება.

2. აკრძალულია მოწინააღმდეგე მხარის დროშების, სამხედრო ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების გამოყენება თავდასხმების დროს, ან საბრძოლო მოქმედებების დაფარვის, ხელშეწყობის, დაცვის ან შეფერხების მიზნით.

3. წინამდებარე მუხლში ან 37-ე მუხლის პირველი პუნქტის (დ) ქვეპუნქტში არაფერი ახდენს გავლენას ჯაშუშობასთან ან ზღვაზე შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას დროშების გამოყენებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ წესებზე.

მუხლი 40 – შეწყალება🔗

აკრძალულია ბრძანების გაცემა, რომ არავინ დარჩეს ცოცხალი, მოწინააღმდეგის მიმართ ასეთი ბრძანებით დამუქრება ან საბრძოლო მოქმედებების მის საფუძველზე წარმართვა.

მუხლი 41 – გარანტიები მოწინააღმდეგე მხარის hors de combat პირებისთვის🔗

1. აკრძალულია თავდასხმა პირზე, რომელიც აღიარებულია, ან რომელიც, გარემოებების გათვალისწინებით, აღიარებული უნდა იქნეს hors de combat პირად.

2. პირი ითვლება hors de combat პირად, თუ:

(ა) მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება;

(ბ) აშკარად გამოთქვამს დანებების სურვილს; ან

(გ) უგონოდაა ან დაჭრის თუ ავადმყოფობის მიზეზით სხვაგვარად წაერთვა უნარი, და შესაბამისად, არ შეუძლია თავის დაცვა;

მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში იგი თავს იკავებს მტრული მოქმედებებისაგან და არ ცდილობს გაქცევას.

3. როდესაც სამხედრო ტყვეების დაცვით სარგებლობის უფლების მქონე პირები მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდებიან ბრძოლის უჩვეულო პირობებში,  რაც ხელს უშლის მათ ევაკუაციას, როგორც ეს გათვალისწინებულია მესამე კონვენციის III ნაწილის I ნაწილში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ და მიღებული უნდა იქნეს სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ზომა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 42 – საჰაერო ხომალდებში მყოფი პირები🔗

1. პირს, რომელიც პარაშუტით ტოვებს განსაცდელში მყოფ საჰაერო ხომალდს, არ უნდა დაესხან თავს მიწაზე დაშვების განმავლობაში.

2. მოწინააღმდეგე მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხმელეთთან მიახლოებისას, პირს, რომელმაც პარაშუტით დატოვა განსაცდელში მყოფი საჰაერო ხომალდი, მასზე თავდასხმამდე უნდა მიეცეს დანებების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ იგი მტრული მოქმედების განხორციელებას აპირებს.

3. საჰაერო-სადესანტო ძალები არ სარგებლობენ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაცვით.

ნაწილი II

კომბატანტისა და სამხედრო ტყვის სტატუსი

მუხლი 43 – შეიარაღებული ძალები🔗

1. კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალები შედგება ყველა ორგანიზებული შეიარაღებული ძალის, ჯგუფის ან შენაერთისაგან, რომელთაც მეთაურობს ამ მხარის წინაშე მის დაქვემდებარებულთა მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირი, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს მხარე წარმოდგენილია მთავრობით ან ხელისუფლებით, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე არ ცნობს. ამგვარი შეიარაღებული ძალები უნდა ემორჩილებოდნენ შიდა დისციპლინურ სისტემას, რომელმაც, inter alia, უნდა უზრუნველყოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესების დაცვა.

2. კონფლიქტის მხარის შეიარაღებულ ძალების წევრები (სამედიცინო პერსონალისა და კაპელანების გამოკლებით, რომლებზეც ვრცელდება მესამე კონვენციის 33-ე მუხლი) არიან კომბატანტები, ანუ მათ აქვთ საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობის უფლება.

3. როდესაც კონფლიქტის მხარე თავის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში ჩართავს გასამხედროებულ ან შეიარაღებულ სამართალდამცავ უწყებას, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს კონფლიქტის სხვა მხარეებს.

მუხლი 44 – კომბატანტები და სამხედრო ტყვეები🔗

1. 43-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კომბატანტი მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრისას ხდება სამხედრო ტყვე.

2. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი კომბატანტი ვალდებულია დაიცვას შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესები, ამ წესების დარღვევა, არ ართმევს მას უფლებას, ითვლებოდეს კომბატანტად, ან მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრისას – სამხედრო ტყვედ, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.

3. საბრძოლო მოქმედების შედეგებისაგან სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ხელშესაწყობად, თავდასხმისას ან თავდასხმის მოსამზადებელ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის დროს კომბატანტებმა საკუთარი თავი უნდა გამოარჩიონ სამოქალაქო მოსახლეობისაგან. თუმცა, იმის აღიარებით, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს არსებობს სიტუაციები, როდესაც საბრძოლო მოქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, შეიარაღებულ კომბატანტს არ შეუძლია საკუთარი თავის ამგვარად გამორჩევა, იგი ინარჩუნებს კომბატანტის სტატუსს იმ პირობით, რომ ასეთ სიტუაციებში ის ღიად ატარებს იარაღს:

(ა) ყოველი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, და

(ბ) იმ დროის განმავლობაში, როდესაც ის მოწინააღმდეგის თვალსაწიერის არეალშია, და როდესაც ის ჩართულია იმ სამხედრო განლაგებაში, რომელიც წინ უძღვის იმ თავდასხმის დაწყებას, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს.

ქმედებები, რომლებიც შეესაბამება ამ პუნქტის მოთხოვნებს, არ ჩაითვლება ვერაგულ ქმედებებად 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობით.

4. მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილ კომბატანტს, როცა ის ვერ აკმაყოფილებს მე-3 პუნქტის მეორე წინადადებაში განსაზღვრულ მოთხოვნებს, ერთმევა უფლება, ითვლებოდეს სამხედრო ტყვედ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი სარგებლობს დაცვით, რომელიც ყველა თვალსაზრისით არის მესამე კონვენციითა და წინამდებარე ოქმით სამხედრო ტყვეებისთვის მინიჭებული დაცვის ეკვივალენტური. ეს დაცვა მოიცავს დაცვას, რომელიც ეკვივალენტურია იმ დაცვისა, რომელიც მესამე კონვენციით მინიჭებული აქვთ სამხედრო ტყვეებს იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პირი სამართლდება და ისჯება მის მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის.

5. მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილი ნებისმიერი კომბატანტი, რომელიც მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ ხვდება მაშინ, როცა არ მონაწილეობს თავდასხმაში ან თავდასხმის მოსამზადებელ სამხედრო ოპერაციაში, მის მიერ მანამდე ჩადენილი ქმედებების გამო არ კარგავს უფლებას, ითვლებოდეს კომბატანტად და სამხედრო ტყვედ.

6. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს ნებისმიერი პირის უფლებას, ითვლებოდეს სამხედრო ტყვედ მესამე კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად.

7. წინამდებარე მუხლი არ ისახავს მიზნად, შეცვალოს სახელმწიფოების ზოგადად მიღებული პრაქტიკა, რაც უკავშირდება კონფლიქტის მხარის რეგულარული, ფორმიანი შეიარაღებული შენაერთების შემადგენლობაში მყოფი კომბატანტების მიერ ფორმის ტარებას.

8. პირველი და მეორე კონვენციების მე-13 მუხლში მითითებულ პირთა კატეგორიებზე დამატებით, კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ოქმის 43-ე მუხლში, აქვთ ამ კონვენციებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლება, თუ ისინი დაიჭრნენ ან ავად არიან, ან, მეორე კონვენციის შემთხვევაში მოყვნენ ზღვაში ან სხვა წყლებში ხომალდის დაღუპვაში.

მუხლი 45 – საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირთა დაცვა🔗

1. მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილი, სამხედრო მოქმედებაში მონაწილე პირი ითვლება სამხედრო ტყვედ და, შესაბამისად, სარგებლობს მესამე კონვენციის დაცვით, თუ იგი ითხოვს სამხედრო ტყვის სტატუსს, ან თუ ჩანს, რომ მას აქვს ამ სტატუსის ფლობის უფლება, ან თუ მხარე, რომელზეც ის დამოკიდებულია, მისი სახელით ითხოვს ამ სტატუსის მინიჭებას დამკავებელი ან მფარველი სახელმწიფოსთვის შეტყობინების გაგზავნის გზით. თუ წარმოიქმნება ეჭვი იმის შესახებ, აქვს თუ არა ასეთ პირს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება, მას ეს სტატუსი უნარჩუნდება და, შესაბამისად, დაცული იქნება მესამე კონვენციითა და წინამდებარე ოქმით მანამ, სანამ მის სტატუსს დაადგენს კომპეტენტური ტრიბუნალი.

2. მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილ პირს, რომელიც სამხედრო ტყვის სახით არ არის დაკავებული და რომელიც უნდა გასამართლდეს საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, უფლება აქვს, სასამართლო ტრიბუნალის წინაშე მოითხოვოს მისთვის სამხედრო ტყვის სტატუსის მინიჭება და აღნიშნული საკითხის განხილვა. როცა ეს შესაძლებელია მოქმედი პროცედურის მიხედვით, განხილვა უნდა გაიმართოს ამ სამართალდარღვევისთვის გასამართლებლამდე. მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს აქვთ საქმის განხილვაზე დასწრების უფლება, თუ, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, სხდომა არ ტარდა in camera. ამის შესახებ დამკავებელმა სახელმწიფომ სათანადოდ უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს.

3. ნებისმიერ პირს, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება და მეოთხე კონვენციის შესაბამისად უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობს, ყველა შემთხვევაში აქვს წინამდებარე ოქმის 75-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლება. ნებისმიერ ასეთ პირს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუ ის ჯაშუშობისათვის არ არის დაკავებული, მეოთხე კონვენციის მე-5 მუხლის მიუხედავად, შეუძლია ისარგებლოს ამ კონვენციით მინიჭებული კომუნიკაციის უფლებით.

მუხლი 46 – ჯაშუშები🔗

1. კონვენციის ან წინამდებარე ოქმის ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების წევრს, რომელიც ჯაშუშობის განხორციელების მომენტში აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ, არ აქვს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება და მას შეიძლება მოეპყრონ, როგორც ჯაშუშს.

2. კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც ამ მხარის სახელით აგროვებს ან ცდილობს შეაგროვოს ინფორმაცია მოწინააღმდეგის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, არ ჩაითვლება ჯაშუშობაში ჩართულად, თუ ამის განხორციელებისას იგი თავისი შეიარაღებული ძალების უნიფორმას ატარებს.

3. კონფლიქტში მხარის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებელია და ამ ტერიტორიაზე აგროვებს ან ცდილობს შეაგროვოს სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაცია იმ მხარის სახელით, რომელზეც ის დამოკიდებულია, არ ჩაითვლება ჯაშუშობაში ჩართულად, თუ ის არ მოქმედებს მოტყუებით ან, განზრახ და ფარულად. გარდა ამისა, ამგვარი პირი არ კარგავს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლებას და მას ვერ მოეპყრობიან, როგორც ჯაშუშს, თუ იგი დაკავებული არ არის ჯაშუშობის მომენტში.

4. კონფლიქტში მხარის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც არ არის მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებელი და ამ ტერიტორიაზე ჩართულია ჯაშუშობაში, არ კარგავს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლებას და მას არ უნდა მოეპყრონ, როგორც ჯაშუშს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას დააკავებენ იმ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებამდე, რომლებსაც ის ეკუთვნის.

მუხლი 47 – დაქირავებულები🔗

1. დაქირავებულს არა აქვს კომბატანტად ყოფნის ან სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება.

2. დაქირავებული არის ნებისმიერი პირი, რომელიც:

(ა) ადგილობრივად ან საზღვარგარეთ სპეციალურად დაიქირავეს შეიარაღებულ კონფლიქტში ბრძოლის მიზნით.

(ბ) ფაქტობრივად, უშუალოდ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში;

(გ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მოტივაცია უმთავრესად განპირობებულია პირადი მოგების სურვილით და რომელსაც კონფლიქტის მხარე, ან მისი სახელით სხვა, ფაქტობრივად დაპირდა მატერიალურ ანაზღაურებას, რომელიც არსებითად აღემატება ამ მხარის შეიარაღებული ძალების მსგავსი რანგისა და ფუნქციების მქონე კომბატანტებისათვის დაპირებულ ან გადახდილ ანაზღაურებას;

(დ) არ არის კონფლიქტის მხარის მოქალაქე ან კონფლიქტის მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;

(ე) არ არის კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების წევრი; და

(ვ) არ არის გაგზავნილი კონფლიქტის არამხარე სახელმწიფოს მიერ ოფიციალური ვალდებულების შესასრულებლად, როგორც თავისი შეიარაღებული ძალების წევრი.

კარი IV

სამოქალაქო მოსახლეობა

ნაწილი I

ზოგადი დაცვა საბრძოლო მოქმედებების შედეგებისგან

თავი I

ძირითადი წესი და გამოყენების სფერო

მუხლი 48 – ძირითადი წესი🔗

სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის მხარეებმა ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა განასხვაონ სამოქალაქო მოსახლეობა და კომბატანტები, სამოქალაქო ობიექტები და სამხედრო ობიექტები და, შესაბამისად, თავიანთი ოპერაციები უნდა მიმართო მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

მუხლი 49 – თავდასხმების განსაზღვრება და გამოყენების სფერო🔗

1. „თავდასხმები“ ნიშნავს მოწინააღმდეგის მიმართ განხორციელებულ ძალადობის აქტებს, მიუხედავად იმისა, შეტევის დროს ხორციელდება ის თუ თავდაცვისას.

2. წინამდებარე ოქმის დებულებები თავდასხმების შესახებ გამოიყენება ყველა თავდასხმის მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ტერიტორიაზე ხორციელდება ისინი, მათ შორის, იმ ეროვნულ ტერიტორიაზე, რომელიც კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს ეკუთვნის, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

3. წინამდებარე ნაწილის დებულებები გამოიყენება ხმელეთზე, ჰაერში ან ზღვაზე მიმდინარე ნებისმიერი საბრძოლო მოქმედების მიმართ, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს სამოქალაქო მოსახლეობას, ცალკეულ სამოქალაქო პირებს ან ხმელეთზე განლაგებულ სამოქალაქო ობიექტებს. ისინი ასევე გამოიყენება ხმელეთზე განლაგებულ ობიექტებზე ზღვიდან ან ჰაერიდან განხორციელებული ყველა თავდასხმის მიმართ, მაგრამ სხვაგვარად გავლენას არ ახდენს ზღვაზე ან ჰაერში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესებზე.

4. წინამდებარე ნაწილის დებულებები ავსებენ მეოთხე კონვენციით, კერძოდ კი მისი II კარითა და მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის სავალდებულო სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ჰუმანიტარულ დაცვასთან დაკავშირებულ წესებს, ასევე საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებს, რომლებიც შეეხება საბრძოლო მოქმედებების შედეგებისაგან ხმელეთზე, ზღვაზე ან საჰაერო სივრცეში მყოფი სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დაცვას.

თავი II

სამოქალაქო პირები და სამოქალაქო მოსახლეობა

მუხლი 50 – სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის განსაზღვრება🔗

1. სამოქალაქო პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც არ ეკუთვნის მესამე კონვენციის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის (1), (2), (3) და (6) პუნქტებში, აგრეთვე წინამდებარე ოქმის 43-ე მუხლში მითითებულ პირთა კატეგორიებს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, არის თუ არა ესა თუ ის პირი სამოქალაქო პირი, იგი ითვლება სამოქალაქო პირად.

2. სამოქალაქო მოსახლეობა შედგება ყველა პირისგან, რომელიც არის სამოქალაქო პირი.

3. სამოქალაქო მოსახლეობაში იმ ცალკეულ პირთა ყოფნა, რომლებიც სამოქალაქო პირის განსაზღვრებაში არ ხვდებიან, ამ მოსახლეობას არ ართმევს სამოქალაქო ხასიათს.

მუხლი 51 – სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა🔗

1. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები სარგებლობენ ზოგადი დაცვით სამხედრო ოპერაციების შედეგებისაგან. ამ დაცვის რეალიზაციისთვის, საერთაშორისო სამართლის სხვა მოქმედ წესებზე დამატებით, ნებისმიერ გარემოებაში, დაცული იქნება შემდეგი წესები.

2. სამოქალაქო მოსახლეობა, როგორც ასეთი, და ცალკეული სამოქალაქო პირები არ უნდა გახდნენ თავდასხმის ობიექტები. აკრძალულია ძალადობის აქტები ან ძალადობის მუქარა, რომელთა ძირითადი მიზანია სამოქალაქო მოსახლეობაში ტერორის გავრცელება.

3. სამოქალაქო პირები სარგებლობენ წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა და პერიოდისა, როცა ისინი უშუალოდ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში.

4. აკრძალულია განურჩეველი ხასიათის თავდასხმები. განურჩეველი თავდასხმებია:

(ა) თავდასხმები, რომელიც არ არის მიმართული კონკრეტული სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ;

(ბ) თავდასხმები, რომელთა დროსაც გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების წარმართვის ისეთი მეთოდი ან საშუალებები, რომელთა კონკრეტული სამხედრო ობიექტისკენ მიმართვა შეუძლებელია; ან

(გ) თავდასხმები, რომელთა დროს გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების წარმართვის ისეთი მეთოდი და საშუალებები, რომელთა შედეგების შეზღუდვა შეუძლებელია წინამდებარე ოქმის შესაბამისად;

და რომელიც, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ ასეთ შემთხვევაში, ისეთი ხასიათისაა, რომ განურჩევლად აზიანებს სამხედრო ობიექტებსა და სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო მოსახლეობას.

5. სხვა თავდასხმებთან ერთად, განურჩევლად ჩაითვლება შემდეგი ტიპის თავდასხმები:

(ა) თავდასხმა დაბომბვის ნებისმიერი მეთოდის ან საშუალების გამოყენებით, რომლის დროსაც ერთიან სამხედრო ობიექტად ითვლება მთელი რიგი ერთმანეთისაგან განცალკევებული და განსხვავებული სამხედრო ობიექტები, რომლებიც განლაგებულია ქალაქში, დაბაში, სოფელში ან სხვა არეალში, სადაც კონცენტრირებულია სამოქალაქო მოსახლეობა ან სამოქალაქო ობიექტები; და

(ბ) თავდასხმა, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს სიცოცხლის თანმდევ მოსპობას სამოქალაქო პირებში, სამოქალაქო პირთა დაზიანებას, სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან მათ კომბინაციას, რაც აღემატება მოსალოდნელ კონკრეტულ და პირდაპირ სამხედრო უპირატესობას.

6. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო პირებზე თავდასხმა რეპრესალიების გზით.

7. სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების ყოფნა ან გადაადგილება არ უნდა იყოს გამოყენებული გარკვეული პუნქტების ან არეალების საბრძოლო მოქმედებებისაგან დასაცავად, განსაკუთრებით, სამხედრო ობიექტების თავდასხმისაგან დაცვის მცდელობისას ან საბრძოლო მოქმედებების დაფარვის, ხელშეწყობის ან შეფერხების მიზნით. კონფლიქტის მხარეებმა სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების გადაადგილება არ უნდა მიმართონ სამხედრო ობიექტების თავდასხმებისაგან დაცვის ან სამხედრო ოპერაციების დაფარვის მცდელობის მიზნით.

8. ამ აკრძალვების ნებისმიერი დარღვევა კონფლიქტის მხარეებს არ ათავისუფლებს სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო პირების მიმართ მათთვის დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებებისაგან, მათ შორის, 57-ე მუხლით გათვალისწინებული სიფრთხილის ზომების მიღების ვალდებულებისგან.

თავი III

სამოქალაქო ობიექტები

მუხლი 52 – სამოქალაქო ობიექტების ზოგადი დაცვა🔗

1. სამოქალაქო ობიექტი არ უნდა იყოს თავდასხმის ან რეპრესალიის ობიექტი. სამოქალაქოა ყველა ობიექტი, რომელიც არ წარმოადგენს მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამხედრო ობიექტს.

2. თავდასხმა მკაცრად უნდა შემოიფარგლოს სამხედრო ობიექტებით. რამდენადაც საკითხი ეხება ობიექტებს, სამხედრო ობიექტები შემოიფარგლება იმ ობიექტებით, რომლებსაც თავისი ხასიათით, განლაგებით, დანიშნულებით ან გამოყენებით ეფექტური წვლილი შეაქვს სამხედრო მოქმედებაში და რომელთა სრული ან ნაწილობრივი განადგურება, დაკავება ან ნეიტრალიზება, იმ მომენტში არსებულ გარემოებებში, იძლევა სამხედრო უპირატესობას.

3. ეჭვის შემთხვევაში გამოიყენება თუ არა ობიექტი, რომელიც ჩვეულებრივ სამოქალაქო დანიშნულებისაა, როგორიცაა ღვთისმსახურების ადგილი, სახლი ან სხვა საცხოვრებელი ან სკოლა, სამხედრო მოქმედებებში ეფექტური წვლილის შეტანის მიზნით, ჩაითვლება, რომ ის ამ მიზნით არ გამოიყენება.

მუხლი 53 – კულტურული ობიექტებისა და ღვთისმსახურების ადგილების დაცვა🔗

„შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ობიექტების დაცვის შესახებ“ ჰააგის 1954 წლის 14 მაისის კონვენციისა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, აკრძალულია:

(ა) ნებისმიერი მტრული აქტის ჩადენა, რომელიც მიმართულია ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების ან ღვთისმსახურების ადგილების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოადგენს ხალხების კულტურულ ან სულიერ მემკვიდრეობას;

(ბ) ამგვარი ობიექტების გამოყენება სამხედრო მოქმედებათა მხარდასაჭერად;

(გ) ასეთი ობიექტების რეპრესალიების ობიექტებად გადაქცევა.

მუხლი 54 – სამოქალაქო მოსახლეობის არსებობისათვის აუცილებელი ობიექტების დაცვა🔗

1. აკრძალულია სამოქალაქო პირების დამშევის, როგორც ომის წარმოების მეთოდის, გამოყენება.

2. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის არსებობისთვის აუცილებელი ობიექტებზე – საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო არეალების, ნათესების, პირუტყვის, სასმელი წყლის ნაგებობებისა და სასმელი წყლის მარაგის, საირიგაციო ნაგებობების – თავდასხმა, მათი განადგურება, გატანა, მათი უსარგებლოდ ქცევა, იმ კონკრეტული მიზნით, რომ სამოქალაქო მოსახლეობამ ან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლოს მათი, როგორც საარსებო საშუალებების გამოყენება, განურჩევლად იმისა, თუ რა მოტივი ედო საფუძვლად ამგვარ მოქმედებას, იქნება ეს სამოქალაქო მოსახლეობის დამშევა, მათი იძულებითი გადაადგილება თუ რაიმე ნებისმიერი სხვა მოტივი.

3. მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვები არ ეხება ამ პუნქტში ნახსენებ იმ ობიექტებს, რომელთაც მოწინააღმდეგე მხარე იყენებს:

(ა) მხოლოდ მისი შეიარაღებული ძალების წევრების საარსებო წყაროდ, ან

(ბ) თუ საარსებო წყაროდ არა, მაშინ სამხედრო მოქმედების პირდაპირი მხარდაჭერის მიზნით, თუმცა იმ პირობით, რომ ამ ობიექტების წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო მოსახლეობას დატოვებს იმგვარად არასაკმარისი საკვებით ან წყლით, რაც გამოიწვევს მათ დამშევას ან აიძულებს მათ გადაადგილებას.

4. ეს ობიექტები არ უნდა იქცეს რეპრესალიების ობიექტად.

5. კონფლიქტის ნებისმიერი მხარის სასიცოცხლო საჭიროებების აღიარებით, რომელიც დაკავშირებულია მისი ეროვნული ტერიტორიის შეჭრისგან დაცვასთან, კონფლიქტის მხარეს შეუძლია გადაუხვიოს მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვებიდან მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, როცა ამას მოითხოვს იმპერატიული სამხედრო აუცილებლობა.

მუხლი 55 – ბუნებრივი გარემოს დაცვა🔗

1. საომარი მოქმედებების დროს ბუნებრივი გარემო დაცული უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და სერიოზული დაზიანებისაგან. ამგვარი დაცვა მოიცავს ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების აკრძალვას, რომლებიც მიზნად ისახავს ან შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რომ გამოიწვიოს ბუნებრივი გარემოსთვის ასეთი ზიანის მიყენება და ამით ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას ან გადარჩენას.

2. აკრძალულია ბუნებრივ გარემოზე თავდასხმები რეპრესალიების გზით.

მუხლი 56 – სახიფათო ძალის შემცველი დანადგარებისა და ნაგებობების დაცვა🔗

1. სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ კაშხლები, დამბები და ბირთვული ელექტროსადგურები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი, მაშინაც კი, როცა ისინი სამხედრო ობიექტებს წარმოადგენს, თუკი თავდასხმა გამოიწვევს სახიფათო ძალების გამოთავისუფლებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში. ამ დანადგარებსა ან ობიექტებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სხვა სამხედრო ობიექტები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი, თუ ამგვარმა თავდასხმამ  შეიძლება გამოიწვიოს დანადგარებიდან ან ნაგებობებიდან სახიფათო ძალების გამოთავისუფლება და ამით გამოწვეული მნიშვნელოვანი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

2. თავდასხმებისაგან პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული დაცვა წყდება:

(ა) კაშხლებისა და დამბების მიმართ, როცა მათ იყენებენ ნორმალური ფუნქციონირებისაგან განსხვავებული სახით და სამხედრო ოპერაციების რეგულარული, არსებითი და პირდაპირი მხარდაჭერისათვის და თუ ასეთი თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;

(ბ) ბირთვული ელექტროსადგურების მიმართ, თუ ისინი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ სამხედრო ოპერაციების რეგულარული, არსებითი და პირდაპირი მხარდაჭერისათვის და თუ ასეთი თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;

(გ) ამ დანადგარებში ან ნაგებობებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სხვა სამხედრო ობიექტების მიმართ, თუ ისინი გამოიყენება საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და პირდაპირი მხარდაჭერისათვის და თუ ასეთი თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა.

3. ყველა შემთხვევაში სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები განაგრძობენ საერთაშორისო სამართლით მათთვის მინიჭებული სრული დაცვით სარგებლობას, 57-ე მუხლით გათვალისწინებული სიფრთხილის ღონისძიებებით დაცვის ჩათვლით. თუ წყდება დაცვა ან თავს ესხმიან პირველ პუნქტში მითითებულ რომელიმე დანადგარს, ნაგებობას ან სამხედრო ობიექტს, მაშინ მიღებული იქნება სიფრთხილის ყველა პრაქტიკული ღონისძიება სახიფათო ძალების გამოთავისუფლების თავიდან ასაცილებლად.

4. აკრძალულია პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე დანადგარის, ნაგებობის ან სამხედრო ობიექტის რეპრესალიების ობიექტად გადაქცევა.

5. კონფლიქტის მხარეები უნდა შეეცადონ, რომ თავიდან აიცილონ პირველ პუნქტში მითითებული დანადგარების ან ნაგებობების მახლობლად რაიმე სამხედრო ობიექტის განლაგება. მიუხედავად ამისა, დასაშვებია ისეთი ნაგებობების აგება, რომელთა ერთადერთ მიზანს წარმოადგენს დაცული დანადგარების ან ნაგებობების თავდასხმისგან დაცვა. თავის მხრივ, ასეთი ნაგებობები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი იმ პირობით, რომ ისინი არ გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის, საიდანაც გამონაკლისია დაცული დანადგარების ან ნაგებობების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე რეაგირება, და რომ მათი შეიარაღება შემოიფარგლება მხოლოდ იმ იარაღით, რომელსაც შეუძლია მხოლოდ დაცული ობიექტების ან დანადგარების წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებების მოგერიება.

6. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ მათ შორის სხვა შეთანხმებათა დადებას, რათა სახიფათო ძალის შემცველი ობიექტებისთვის უზრუნველყონ დამატებითი დაცვა.

7. წინამდებარე მუხლით დაცული ობიექტების ამოცნობის გასაადვილებლად, კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ მათი აღნიშვნა სპეციალური ნიშნით – ერთ ღერძზე განლაგებული სამი ღია ნარინჯისფერი წრის ჯგუფით, როგორც ეს მითითებული წინამდებარე ოქმის I დანართის მე-16 მუხლში. ამგვარი ნიშნის არქონა კონფლიქტის მხარეებს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს წინამდებარე მუხლით დაკისრებული ვალდებულებებისაგან.

თავი IV

სიფრთხილის ღონისძიებები

მუხლი 57 – სიფრთხილის ღონისძიებები თავდასხმის დროს🔗

1. სამხედრო მოქმედებების წარმოებისას, მხარეებმა მუდმივად უნდა იზრუნონ სამოქალაქო მოსახლეობის, სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დასანდობად.

2. თავდასხმებთან მიმართებით მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები:

ა) პირი, რომელიც გეგმავს თავდასხმას ან იღებს მისი განხორციელების გადაწყვეტილებას:

(i) უნდა გააკეთოს ყველაფერი პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, რათა დარწმუნდეს, რომ თავდასხმის ობიექტი არ არის არც სამოქალაქო პირი, არც სამოქალაქო ან განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი, არამედ – სამხედრო ობიექტი 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით, და რომ წინამდებარე ოქმის დებულებების შესაბამისად, მათზე თავდასხმა არ არის აკრძალული;

(ii) უნდა მიიღოს სიფრთხილის ყველა პრაქტიკულად შესაძლებელი ზომა თავდასხმის განხორციელების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევისას, რათა თავიდან აიცილოს, ან ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმამდე დაიყვანოს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევი მოსპობა, სამოქალაქო პირთა დაზიანება და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება;

(iii) თავი უნდა შეიკავოს თავდასხმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისაგან, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევ მოსპობას, სამოქალაქო პირთა დაზიანებას, სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან მათ კომბინაციას, რაც გადამეტებული იქნებოდა მოსალოდნელი კონკრეტული და პირდაპირი სამხედრო უპირატესობის მიმართ;

(ბ) თავდასხმა უნდა გაუქმდეს ან შეჩერდეს, თუ გაირკვა, რომ ობიექტი არ არის სამხედრო ობიექტი, ან განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს ან თუ მოსალოდნელია, რომ თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევ მოსპობას, სამოქალაქო პირთა დაზიანებას, სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან მათ კომბინაციას, რაც გადამეტებული იქნებოდა მოსალოდნელი კონკრეტული და პირდაპირი სამხედრო უპირატესობის მიმართ;

(გ) ისეთი თავდასხმების შესახებ, რომელიც შეიძლება შეეხოს სამოქალაქო მოსახლეობას, უნდა გაიცეს წინასწარი ეფექტური გაფრთხილება, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა გარემოებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

3. როცა მსგავსი სამხედრო უპირატესობის მოპოვებისათვის რამდენიმე სამხედრო ობიექტს შორის შესაძლებელია არჩევანის გაკეთება, არჩევანი უნდა შეჩერდეს იმ ობიექტზე, რომელზე თავდასხმაც სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებს ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის.

4. ზღვაზე ან ჰაერში სამხედრო ოპერაციების წარმოებისას კონფლიქტის თითოეული მხარე უნდა შეეცადოს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესებით გათვალისწინებული თავისი უფლებებისა და ვალდებულებების თანახმად განახორციელოს უსაფრთხოების ყველა გონივრული ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის მოსპობა და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება.

5. წინამდებარე მუხლის რომელიმე დებულება არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ თითქოს იძლეოდეს სამოქალაქო მოსახლეობაზე, სამოქალაქო პირებსა ან სამოქალაქო ობიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმის უფლებას.

მუხლი 58 – სიფრთხილის ღონისძიებები თავდასხმის შედეგების წინააღმდეგ🔗

კონფლიქტის მხარეებმა მაქსიმალური პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში:

(ა) მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა შეეცადონ, რომ სამხედრო ობიექტების მიმდებარე არეალიდან გაიყვანონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სამოქალაქო მოსახლეობა, ცალკეული სამოქალაქო პირები და  სამოქალაქო ობიექტები;

(ბ) თავი უნდა აარიდონ სამხედრო ობიექტების განლაგებას მჭიდროდ დასახლებულ არეალებში ან მათ მახლობლად;

(გ) უნდა განახორციელონ სიფრთხილის ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა სამხედრო ოპერაციების შედეგად გამოწვეული საფრთხეებისგან დაიცვან მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სამოქალაქო მოსახლეობა, ცალკეული სამოქალაქო პირები და სამოქალაქო ობიექტები.

თავი V

განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ადგილები და ზონები

მუხლი 59 – დაუცველი ადგილები🔗

1. კონფლიქტის მხარეებს ეკრძალებათ დაუცველ ობიექტებზე ნებისმიერი საშუალებით თავდასხმა.

2. კონფლიქტის მხარის შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ დაუცველ ადგილად გამოაცხადონ ნებისმიერი დასახლებული პუნქტი, რომელიც შეიარაღებული ძალების ურთიერთშეხების ზონაში ან მის ახლოსაა და ღიაა მოწინააღმდეგის ოკუპაციისათვის. ასეთი ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

(ა)  ევაკუირებული უნდა იყოს ყველა კომბატანტი, ასევე მობილური შეიარაღება და მობილური სამხედრო აღჭურვილობა;

(ბ) სტაციონარული სამხედრო დანადგარები ან აღჭურვილობა არ უნდა გამოიყენებოდეს მტრული მიზნებისათვის;

(გ) ხელისუფლების ორგანოებმა და მოსახლეობამ არ უნდა ჩაიდინოს მტრული მოქმედებები; და

(დ) არ უნდა ხორციელდებოდეს სამხედრო ოპერაციების მხარდამჭერი ღონისძიებები.

3. ამ ადგილზე კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და მხოლოდ მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნით დატოვებული საპოლიციო ძალების ყოფნა არ ეწინააღმდეგება მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ პირობებს.

4. მე-2 პუნქტში გათვალისწინებული განცხადება უნდა მიემართებოდეს მოწინააღმდეგე მხარეს და მასში რაც შეიძლება ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და აღწერილი დაუცველი ადგილების საზღვრები. კონფლიქტის მხარემ, რომლის სახელზეც ეს განცხადება კეთდება, უნდა დაადასტუროს მისი მიღება და აღნიშნულ ადგილებს მოეპყროს როგორც დაუცველ ადგილს, იმ შემთხვევების გარდა, როცა ფაქტობრივად არ სრულდება მე-2 პუნქტში მითითებული პირობები. ასეთ შემთხვევაში ამის შესახებ მან დაუყონებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელ მხარეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა დაცული არ არის მე-2 პუნქტის პირობები, ასეთი ადგილი განაგრძობს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.

5. კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ შეთანხმება რომელიმე ადგილის დაუცველად გამოცხადების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასეთი ადგილები არ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შეთანხმებაში რაც შეიძლება ზუსტად უნდა განისაზღვროს და აღიწეროს დაუცველი ადგილის საზღვრები; აუცილებლობის შემთხვევაში შეთანხმებით შესაძლებელია ზედამხედველობის საშუალებათა დადგენაც.

6. მხარე, რომელიც ამგვარი შეთანხმებით განსაზღვრულ ადგილს აკონტროლებს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა აღნიშნოს ისეთი ნიშნებით, რომლებზეც შესაძლებელია მეორე მხარესთან შეთანხმება. ასეთი ნიშნები უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილებზე, განსაკუთრებით კი ამ ადგილის პერიმეტრზე, საზღვრებზე და გზატკეცილებზე.

7. დაუცველი ადგილი კარგავს დაუცველი ადგილის სტატუსს, როცა აღარ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტის ან მე-5 პუნქტში ნახსენები შეთანხმების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, ეს ადგილი აგრძელებს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.

მუხლი 60 – დემილიტარიზებული ზონები🔗

1. კონფლიქტის მხარეებს ეკრძალებათ სამხედრო მოქმედებების წარმოების გავრცელება ტერიტორიაზე, რომელიც მათ შორის შეთანხმებით დემილიტარიზებულ ზონად არის აღიარებული, თუ ასეთი გავრცელება ამგვარი შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგება.

2. ასეთი შეთანხმება უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული შეთანხმება, შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, უშუალოდ, მფარველი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით, და შეიძლება შეიცავდეს ორმხრივ და ურთიერთშეთანხმებულ განცხადებებს. ასეთი შეთანხმებების დადება შესაძლებელია როგორც მშვიდობიან დროს, ისე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდგომაც, და რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროს და აღიწეროს დემილიტარიზებული ზონის საზღვრები და, აუცილებლობის შემთხვევაში, დაადგინოს ზედამხედველობის მეთოდები.

3. ამგვარი შეთანხმების საგანი, ჩვეულებრივ, არის ნებისმიერი ზონა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

(ა) ევაკუირებული უნდა იყოს ყველა კომბატანტი, მობილური შეიარაღება და მობილური საბრძოლო აღჭურვილობა;

(ბ) სტაციონარული სამხედრო დანადგარები და ნაგებობები არ უნდა გამოიყენებოდეს მტრული მიზნებისათვის;

(გ) ხელისუფლების ორგანოებმა და მოსახლეობამ არ უნდა ჩაიდინოს მტრული მოქმედებები; და

(დ) უნდა შეწყდეს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა.

კონფლიქტის მხარეები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა განიმარტოს (დ) ქვეპუნქტის პირობები და შეთანხმდნენ მე-4 პუნქტში მითითებული პირებისგან განსხვავებულ იმ პირებზე, რომლებიც დაიშვებიან დემილიტარიზებულ ზონაში.

4. ასეთ ზონაში კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და მხოლოდ მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნით დატოვებული საპოლიციო ძალების ყოფნა არ ეწინააღმდეგება მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ პირობებს.

5. მხარე, რომელიც ასეთ ზონას აკონტროლებს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა აღნიშნოს ის ისეთი ნიშნებით, რომლებზეც შესაძლებელია მეორე მხარესთან შეთანხმება. ასეთი ნიშნები უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილებზე, განსაკუთრებით კი ამ ადგილის პერიმეტრზე, საზღვრებზე და გზატკეცილებზე.

6. თუ საბრძოლო მოქმედებები დემილიტარიზებულ ზონას უახლოვდება და თუ კონფლიქტის მხარეები ამაზე შეთანხმდნენ, არცერთ მათგანს არ შეუძლია ამ ზონის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული მიზნებისათვის გამოყენება ან ამ ზონების სტატუსის ცალმხრივად გაუქმება.

7.  თუ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე არსებითად დაარღვევს მე-3 ან მე-6 პუნქტების დებულებებს, მეორე მხარე თავისუფლდება ამ ზონისათვის დემილიტარიზებული სტატუსის მიმნიჭებელი შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებებისაგან. ასეთ შემთხვევაში, ზონა კარგავს თავის სტატუსს, მაგრამ აგრძელებს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.

თავი VI

სამოქალაქო თავდაცვა

მუხლი 61 – განსაზღვრებები და გამოყენების სფერო🔗

წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის:

(ა) „სამოქალაქო თავდაცვა“ არის ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ჰუმანიტარული ამოცანის შესრულება, რომელთა მიზანია სამოქალაქო მოსახლეობის საფრთხისგან დაცვა და მათი დახმარება საბრძოლო მოქმედებების ან კატასტროფების უშუალო შედეგების დაძლევაში და მათი გადარჩენისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ეს ამოცანებია:

(i) გაფრთხილება;

(ii) ევაკუაცია;

(iii) თავშესაფრების მართვა;

(iv) შუქშენიღბვის ღონისძიებების მართვა;

(v) სამაშველო ღონისძიებები;

(vi) სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, გადაუდებელი და რელიგიური დახმარება;

(vii) ხანძართან ბრძოლა;

(viii) სახიფათო არეალების აღმოჩენა და აღნიშვნა;

(ix) გაუსნებოვნება და მსგავსი დაცვითი ღონისძიებები;

(x) საგანგებო თავშესაფრითა და მარაგებით უზრუნველყოფა;

(xi) გადაუდებელი დახმარების გაწევა განსაცდელის არეალებში წესრიგის აღდგენასა და შენარჩუნებაში;

(xii) აუცილებელ კომუნალურ მომსახურებათა გადაუდებელი აღდგენა;

(xiii) ცხედართა გადაუდებელი დაკრძალვა;

(xiv) საარსებოდ აუცილებელი ობიექტების დაცვაში დახმარების გაწევა;

(xv) ნებისმიერი ზემოაღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად აუცილებელი დამატებითი საქმიანობა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დაგეგმარებითა და ორგანიზებით;

(ბ) „სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციები“ აღნიშნავს იმ დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზებულ დანაყოფებს, რომლებიც კონფლიქტის მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერაა შექმნილი ან უფლებამოსილი (ა) ქვეპუნქტში მითითებული ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად და რომლებიც მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენება;

(გ) სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციების „პერსონალი“ აღნიშნავს კონფლიქტის მხარის მიერ მხოლოდ (ა) ქვეპუნქტში მითითებული ამოცანების შესასრულებლად დანიშნულ პირებს, კონფლიქტის მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამგვარი ორგანიზაციების ხელმძღვანელობისათვის დანიშნული პირების ჩათვლით;

(დ) სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციების „მატერიალური რესურსები“ აღნიშნავს ამ ორგანიზაციის მიერ (ა) ქვეპუნქტში მითითებული ამოცანების შესასრულებლად გამოყენებულ აღჭურვილობას, მასალასა და სატრანსპორტო საშუალებებს.

მუხლი 62 – ზოგადი დაცვა🔗

1. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები და მათი პერსონალი წინამდებარე ოქმის, განსაკუთრებით კი წინამდებარე ნაწილის დებულებათა შესაბამისად, სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით. იმპერატიული სამხედრო აუცილებლობის შემთხვევების გარდა, ისინი უფლებამოსილნი არიან, შეასრულონ სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული მათთვის დაკისრებული ამოცანები.

2. პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ სამოქალაქო პირების მიმართაც, რომლებიც, მართალია, არ არიან სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები, მაგრამ კომპეტენტური ორგანოების მოწოდებით და მათი კონტროლის ქვეშ ახორციელებენ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებს.

3. სამოქალაქო თავდაცვისათვის გამოყენებულ შენობებსა და მატერიალურ რესურსებზე, ასევე სამოქალაქო მოსახლეობისათვის განკუთვნილ თავშესაფრებზე ვრცელდება 52-ე მუხლის მოქმედება. სამოქალაქო თავდაცვისათვის გამოყენებული ობიექტების განადგურება ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ მხარეს, რომელსაც ისინი ეკუთვნის.

მუხლი 63 – სამოქალაქო თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე🔗

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციებმა ხელისუფლების ორგანოებისგან უნდა მიიღონ მათი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ხელშეწყობა. მათი პერსონალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იძულებული, შეასრულოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ხელს შეუშლის ამ ამოცანების სათანადო შესრულებას. ოკუპანტმა სახელმწიფომ ამ ორგანიზაციათა სტრუქტურაში ან პერსონალში არ უნდა შეიტანოს რაიმე ცვლილება, რომელსაც მათი მისიის ეფექტური განხორციელებისათვის შეუძლია საფრთხის შექმნა. ამ ორგანიზაციებს არ უნდა მოსთხოვონ აღნიშნული სახელმწიფოს მოქალაქეებისა და მათი ინტერესებისათვის პრიორიტეტის მინიჭება.

2. ოკუპანტმა ძალამ არ უნდა დაავალდებულოს, აიძულოს ან წაახალისოს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციები, შეასრულონ თავიანთი ამოცანები რაიმე ფორმით, რაც საზიანო იქნება სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებისთვის.

3. ოკუპანტ სახელმწიფოს, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეუძლია სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის განიარაღება.

4. ოკუპანტმა სახელმწიფომ თავდაცვის ორგანიზაციებს არ უნდა შეუცვალოს მათი პირდაპირი დანიშნულება და არ უნდა მოახდინოს მათი კუთვნილი ან მათ მიერ გამოყენებული შენობების ან მატერიალური რესურსების რეკვიზიცია, თუ დანიშნულების ასეთი შეცვლა ან რეკვიზიცია დააზიანებს სამოქალაქო მოსახლეობას.

5. იმ პირობით, რომ დაცული იქნება მე-4 პუნქტის ზოგადი წესი, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ამ რესურსების რეკვიზიცია ან დანიშნულების შეცვლა შემდეგი კონკრეტული პირობების არსებობისას:

(ა) თუ ეს შენობები ან მატერიალური რესურსები სამოქალაქო მოსახლეობის სხვა საჭიროებებისათვისაა აუცილებელი; და

(ბ) თუ რეკვიზიცია ან დანიშნულების შეცვლა გრძელდება მანამ, სანამ ასეთი აუცილებლობა არსებობს.

6. ოკუპანტმა სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს მოსახლეობის მიერ გამოყენებული ან მისთვის აუცილებელი თავშესაფრების არც რეკვიზიცია, არც დანიშნულების შეცვლა.

მუხლი 64 – ნეიტრალური ან კონფლიქტის არამხარე სხვა სახელმწიფოების სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო მაკოორდინირებელი ორგანიზაციები🔗

1. 62-ე, 63-ე, 65-ე და 66-ე მუხლების დებულებები გამოიყენება ნეიტრალური ან კონფლიქტის არამხარე სხვა სახელმწიფოების სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების პერსონალისა და მატერიალური რესურსების მიმართ, რომლებიც კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე მისი თანხმობით და კონტროლით ასრულებს 61-ე მუხლში მითითებულ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებს. ნებისმიერ დაინტერესებულ მოწინააღმდეგე მხარეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობოს ამგვარი დახმარების გაწევის შესახებ. ეს საქმიანობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონფლიქტში ჩარევად. თუმცა, ამასთანავე, ეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს კონფლიქტის დაინტერესებული მხარეების უსაფრთხოების ინტერესების სათანადო გათვალისწინებით.

2. კონფლიქტის მხარეები, რომლებიც პირველ პუნქტში მითითებულ დახმარებას იღებენ, და ამგვარი დახმარების ნებართვის გამცემი მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, საჭიროების შემთხვევაში ხელს შეუწყობენ სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ამგვარი საქმიანობის საერთაშორისო კოორდინაციას. ასეთ შემთხვევებში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებზე ვრცელდება წინამდებარე თავის დებულებები.

3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია გამორიცხოს ან შეზღუდოს ნეიტრალური ან კონფლიქტის არამხარე სხვა სახელმწიფოების სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების და საერთაშორისო კოორდინაციის ორგანიზაციების საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების სათანადო შესრულების უზრუნველყოფა შეუძლია საკუთარი ან ოკუპირებული ტერიტორიის რესურსებიდან.

მუხლი 65 – დაცვის შეწყვეტა🔗

1. დაცვა, რომლითაც სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები, მათი პერსონალი, შენობები, თავშესაფრები და მატერიალური რესურსები სარგებლობს, არ უნდა შეწყდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ, მათი უშუალო ამოცანების გარდა, იყენებენ მოწინააღმდეგისათვის საზიანო მოქმედებებისთვის. თუმცა, ამავე დროს, დაცვა წყდება მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში ადგენს გონივრულ ვადას, და მას შემდეგ, რაც ეს გაფრთხილება მხედველობაში არ იქნა მიღებული.

2. მოწინააღმდეგისათვის საზიანოდ არ ჩაითვლება შემდეგი:

(ა) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანათა განხორციელება სამხედრო ხელისუფლების ხელმძღვანელობითა და კონტროლით;

(ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალის სამხედრო პირებთან თანამშრომლობა ან სამოქალაქო თავდაცვის ან სამოქალაქო ორგანიზაციებში გარკვეული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა;

(გ) ის გარემოება, რომ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანათა შესრულებას, თანმდევი სახით, სარგებლობის მოტანა შეუძლია სამხედრო მსხვერპლთათვის, განსაკუთრებით hors de combat პირებისთვის.

3. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალის მიერ წესრიგის დაცვის ან თავდაცვის მიზნით პირადი მსუბუქი იარაღის ტარება არ ითვლება მოწინააღმდეგისათვის საზიანო მოქმედებად. თუმცა, ხმელეთის იმ არეალში, სადაც მიმდინარეობს ან, სავარაუდოდ, დაიწყება ბრძოლები, სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალის კომბატანტებისაგან გარჩევის გასაადვილებლად, კონფლიქტის მხარეებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა მათი პირადი იარაღი შემოიფარგლებოდეს ისეთი ცეცხლსასროლი იარაღით, როგორიცაა პისტოლეტი ან რევოლვერი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადგილებში სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალმა შეიძლება სხვა სახის მსუბუქი იარაღიც ატაროს, იგი მაინც ისარგებლებს პატივისცემითა და დაცვით, როგორც კი მას სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალად ამოიცნობენ.

4. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების სამხედრო სტილით ფორმირება და მათში იძულებითი სამსახური მათ არ ართმევს წინამდებარე თავით მინიჭებულ დაცვას.

მუხლი 66 – ამოცნობა🔗

1. კონფლიქტის თითოეულმა მხარე უნდა ეცადოს, რომ მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების, მათი პერსონალის, შენობებისა და მატერიალური რესურსების ამოცნობას, როცა ისინი განკუთვნილია მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულებისთვის. ასევე, ამგვარად ამოცნობადი უნდა იყოს სამოქალაქო მოსახლეობისათვის განკუთვნილი თავშესაფრები.

2. კონფლიქტის თითოეულმა მხარემ ასევე უნდა ეცადოს, რომ მიიღოს და გამოიყენოს მეთოდები და პროცედურები, რომლებიც იძლევა სამოქალაქო თავშესაფრების, ასევე სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის, შენობებისა და მატერიალური რესურსების ამოცნობის შესაძლებლობას, მათზე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნის გამოსახვით.

3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იმ არეალებში, სადაც მიმდინარეობს ან შეიძლება დაიწყოს ბრძოლები, სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალი ამოიცნობა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნითა და მათი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობით.

4. სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანია ნარინჯისფერ ფონზე გამოსახული ტოლგვერდა ლურჯი სამკუთხედი, როცა ის სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების, პერსონალის, შენობებისა და მატერიალური რესურსების, ასევე სამოქალაქო თავშესაფრების დასაცავად გამოიყენება.

5. სამოქალაქო თავდაცვის ამოცნობის მიზნებისათვის კონფლიქტის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განმასხვავებელი ნიშნებისგან განსხვავებული განმასხვავებელი სასიგნალო ნიშნების გამოყენებაზე.

6.  პირველი - მე-4 პუნქტების დებულებათა გამოყენება მოწესრიგებულია წინამდებარე ოქმის I დანართის V თავით.

7. სამოქალაქო თავდაცვის ამოცნობის მიზნებისათვის, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების თანხმობით, მე-4 პუნქტში მითითებული განმასხვავებელი ნიშნებით სარგებლობა შესაძლებელია მშვიდობიან დროს.

8. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნის გამოყენებისადმი კონტროლისა და მისი ბოროტად გამოყენების აღკვეთის ან თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით.

9. სამოქალაქო თავდაცვის სამედიცინო და რელიგიური პერსონალის, სამედიცინო დანაყოფებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობა ასევე მოწესრიგებულია მე-18 მუხლით.

მუხლი 67 – სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებში განწესებული შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო შენაერთების წევრები🔗

1. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებში განწესებული სამხედრო შენაერთები და შეიარაღებული ძალების წევრები სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით, იმ პირობით, რომ:

(ა) ასეთი პერსონალი და ასეთი დანაყოფები განწესებული არიან მუდმივად და ასრულებენ მხოლოდ 61-ე მუხლში მითითებულ რომელიმე ამოცანას;

(ბ) ამგვარად განწესების შემთხვევაში ასეთი პერსონალი კონფლიქტის დროს არ ასრულებს რაიმე სხვა სამხედრო მოვალეობას;

(გ) ასეთი პერსონალი აშკარად გამოირჩევა შეიარაღებული ძალების სხვა წევრებისგან სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას ტარებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ზომის და ასეთ პერსონალს ეძლევა წინამდებარე ოქმის I დანართის V თავში მითითებული პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ სტატუსს;

(დ) ასეთი პერსონალი და ასეთი შენაერთები შეიარაღებულნი არიან მხოლოდ მსუბუქი იარაღით წესრიგის დაცვისა და თავდაცვის მიზნით. ამ შემთხვევაში ასევე გამოიყენება 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები;

(ე) ასეთი პერსონალი უშუალოდ არ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულების გარდა არ ახორციელებს მოწინააღმდეგისთვის საზიანო მოქმედებებს ან არ გამოიყენება ასეთი მოქმედებების ჩასადენად;

(ვ) ასეთი პერსონალი და ასეთი სამხედრო შენაერთები სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ მხოლოდ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში.

აკრძალულია (ე) ქვეპუნქტში მითითებული დებულებების შეუსრულებლობა შეიარაღებული ძალების ნებისმიერი წევრის მიერ, რომელიც შეზღუდულია (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული პირობებით.

2. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციებში მომსახურე სამხედრო პირები მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრისას ხდებიან სამხედრო ტყვეები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ ამ ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, დასაქმდნენ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებზე, რამდენადაც ამას საჭიროება მოითხოვს, იმ პირობით, რომ თუ ასეთი სამუშაო სახიფათოა, ისინი ნებაყოფლობით შეასრულებენ ამ ამოცანებს.

3. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებისთვის გადაცემული სამხედრო შენაერთების შენობები, მსხვილი აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები მკაფიოდ უნდა აღინიშნოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნით. განმასხვავებელი ნიშანი უნდა იყოს საჭიროებისამებრ დიდი.

4. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებისთვის მუდმივად გადაცემული სამხედრო შენაერთების მატერიალური რესურსები და შენობები, რომლებიც მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლადაა განკუთვნილი, მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრისას, მათზე კვლავ ვრცელდება ომის წესების მოქმედება. დაუშვებელია მათი სამოქალაქო თავდაცვის მიზნის შეცვლა მანამ, სანამ ისინი საჭიროა სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად, გარდა იმპერატიული სამხედრო აუცილებლობის შემთხვევებისა, თუ წინასწარ არ არის მიღებული ზომები სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებების სათანადო უზრუნველყოფის მიზნით.

ნაწილი II

სამოქალაქო მოსახლეობის დახმარება

მუხლი 68 – გამოყენების სფერო🔗

წინამდებარე ნაწილის დებულებები გამოიყენება წინამდებარე ოქმით განსაზღვრული სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ და წარმოადგენს 23-ე, 55-ე, 59-ე, მე-60, 61-ე და 62-ე მუხლებისა და მეოთხე კონვენციის სხვა შესაბამისი დებულებების დამატებას.

მუხლი 69 – ძირითადი საჭიროებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე🔗

1. მეოთხე კონვენციის 55-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების გარდა, რომელიც სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებას შეეხება, ოკუპანტმა სახელმწიფომ მის ხელთ არსებული საშუალებების მაქსიმალურად გამოყენების გზით და ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე უნდა უზრუნველყოს ტანისამოსის, საძილე ინვენტარის, თავშესაფრის საშუალებებისა და ოკუპირებული ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა მარაგის, ასევე რელიგიური მსახურების ჩატარებისათვის აუცილებელი ნივთების მიწოდება.

2. ოკუპირებული ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები მოწესრიგებულია მეოთხე კონვენციის 59-ე, მე-60, 61-ე, 62-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე და 111-ე მუხლებითა და წინამდებარე ოქმის 71-ე მუხლით და უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

მუხლი 70 – დახმარების ოპერაციები🔗

1. როცა კონფლიქტის მხარის კონტროლს დაქვემდებარებული, მაგრამ არაოკუპირებული რომელიმე ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობა 69-ე მუხლში მითითებული საშუალებებით არასაკმარისად მარაგდება, ამგვარი დახმარების ოპერაციებით დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმებათა და ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე, უნდა განხორციელდეს ჰუმანიტარული და მიუკერძოებელი სახის დახმარების ოპერაციები. ასეთი დახმარების გაწევის შემოთავაზება არ ითვლება შეიარაღებულ კონფლიქტში ჩარევად ან მტრულ აქტად. მიღებული დახმარების განაწილებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ისეთ პირებს, როგორიცაა ბავშვები, ორსული ქალები, მშობიარეები და მეძუძური დედები, რომლებიც მეოთხე კონვენციისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად პრივილეგირებული მოპყრობითა და განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ.

2. კონფლიქტის მხარეებმა და თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ ნება უნდა დართოს ყველა იმ ტვირთის, მოწყობილობისა და პერსონალის სწრაფ და შეუფერხებელ გატარებას, რომელიც, წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, დახმარების გასაწევად არის განკუთვნილი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ასეთი დახმარება მოწინააღმდეგე მხარის სამოქალაქო მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.

3. კონფლიქტის მხარეს და თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც, მე-2 პუნქტის თანახმად, იძლევა ტვირთის, აღჭურვილობისა და პერსონალის გატარების ნებართვას დახმარების გასაწევად:

(ა) უფლება აქვს, შემოიღოს ტექნიკური ზომები, ტვირთის დათვალიერების ჩათვლით, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ნებადართულია ტვირთის გატარება;

(ბ) შეუძლია, რომ ასეთი ნებართვა გასცეს იმ პირობით, რომ ეს დახმარების განაწილდება მფარველი სახელმწიფოს ადგილობრივი ზედამხედველობის ქვეშ;

(გ) არ შეუძლია, რომ რაიმე სახით შეცვალოს დახმარების ტვირთის დანიშნულება ან შეაფერხოს მისი გატარება, გარდა შესაბამისი სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა.

4. კონფლიქტის მხარეებმა უნდა უზრუნველყონ დახმარების ტვირთების დაცვა და ხელი უნდა შეუწყონ მათ სწრაფ განაწილებას.

5. კონფლიქტის მხარეებმა და თითოეულმა დაინტერესებულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წაახალისოს და ხელი შეუწყოს პირველ პუნქტში მითითებული დახმარების ოპერაციების ეფექტურ საერთაშორისო კოორდინაციას.

მუხლი 71 – დახმარების ოპერაციებში მონაწილე პერსონალი🔗

1. აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარების პერსონალი შეიძლება იყოს დახმარების ოპერაციების ფარგლებში მიწოდებული დახმარების ნაწილი, განსაკუთრებით ტვირთის ტრანსპორტირებისა და განაწილებისათვის; ასეთი პერსონალის მონაწილეობა ექვემდებარება იმ მხარის თანხმობას, რომლის ტერიტორიაზეც ისინი შეასრულებენ თავის მოვალეობებს.

2. ამგვარი პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით.

3. დახმარების ტვირთის მიმღებმა თითოეულმა მხარემ მაქსიმალური პრაქტიკული შესაძლებლობების ფარგლებში უნდა შეეცადოს დაეხმაროს პირველ პუნქტში მითითებულ პერსონალს მისი დახმარების მისიის შესრულებაში. ამგვარი პერსონალის საქმიანობისა და მისი გადაადგილების დროებით შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმპერატიული სამხედრო აუცილებლობიდან გამომდინარე.

4. დახმარების ოპერაციების პერსონალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდეს წინამდებარე ოქმის შესაბამისად განსაზღვრული მისიის ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღოს იმ მხარის უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლის ტერიტორიაზეც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ასეთი პერსონალის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი პირის საქმიანობა, რომელიც ამ პირობებს არ სცემს პატივს, შეიძლება შეწყდეს.

ნაწილი III

კონფლიქტის მხარის ძალაუფლების ქვეშ მყოფ პირებთან მოპყრობა

თავი I

გამოყენების სფერო და პირთა და ობიექტთა დაცვა

მუხლი 72 – გამოყენების სფერო🔗

წინამდებარე ნაწილში შემავალი დებულებები წარმოადგენს კონფლიქტის მხარის ძალაუფლების ქვეშ მყოფი სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ობიექტების ჰუმანიტარულ დაცვასთან დაკავშირებული მეოთხე კონვენციის, კერძოდ მისი I და III კარების ნორმების, ისევე როგორც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის სხვა წესების დამატებას.

მუხლი 73 – ლტოლვილები და მოქალაქეობის არმქონე პირები🔗

პირები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე დაინტერესებული მხარეების მიერ სავალდებულოდ აღიარებული შესაბამისი საერთაშორისო აქტების ან თავშესაფრის მიმცემი, ან მათი ბინადრობის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ითვლებოდნენ მოქალაქეობის არმქონე პირებად ან ლტოლვილებად, ნებისმიერ გარემოებაში და ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე, ითვლებიან მეოთხე კონვენციის I და III კარების მიხედვით დაცულ პირებად.

მუხლი 74 – განცალკევებული ოჯახების გაერთიანება🔗

მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რათა ხელი შეუწყონ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად განცალკევებული ოჯახების გაერთიანებას, კერძოდ, უნდა წაახალისონ ამ ამოცანის განმახორციელებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც მოქმედებენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებების, ასევე თავიანთი შესაბამისი უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

მუხლი 75 – ძირითადი გარანტიები🔗

1. იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას ახდენს წინამდებარე ოქმის პირველ მუხლში მითითებული სიტუაცია, კონფლიქტის მხარის ძალაუფლების ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც კონვენციებით ან წინამდებარე ოქმის შესაბამისად არ სარგებლობენ უფრო ხელსაყრელი მოპყრობით, ყველა გარემოებაში უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და, სულ მცირე, ისარგებლონ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაცვით რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის ან სხვა მსგავსი კრიტერიუმების საფუძველზე რაიმე საზიანო განსხვავების გარეშე. თითოეულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ყველა ასეთი პირის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ პრაქტიკას.

2. ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, ჩაიდინეს ისინი სამოქალაქო თუ სამხედრო პირებმა, აკრძალულია და ყოველთვის აკრძალულად დარჩება შემდეგი ქმედებები:

(ა) პირთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალადობა, კერძოდ:

(i) მკვლელობა;

(ii) ყველა სახის ფიზიკური თუ ფსიქიკური წამება;

(iii) სხეულებრივი სასჯელები; და

(iv) დასახიჩრება;

(ბ) პიროვნული ღირსების შელახვა, განსაკუთრებით კი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა, იძულებითი პროსტიტუცია და უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმა;

(გ) მძევლად აყვანა;

(დ) კოლექტიური დასჯა; და

(ე) რომელიმე ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის მუქარა.

3. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული ნებისმიერი პირი მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული ამ ზომების მიღების მიზეზების შესახებ. სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის დაპატიმრების ან დაკავების შემთხვევების გარდა, ასეთი პირები უნდა გათავისუფლდნენ შეძლებისდაგვარად მინიმალური დაყოვნებით და, ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინვე, როგორც კი დაპატიმრების, დაკავების ან ინტერნირების მიზეზები აღარ იარსებებს.

4. არ შეიძლება სასჯელის დანიშვნა ან სასჯელის აღსრულება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის ჩადენა, თუკი მისი მსჯავრდება არ ეფუძნებოდა მიუკერძოებელი და სათანადოდ დაფუძნებული სასამართლოს მიერ რეგულარული სამართალწარმოების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც მოიცავს შემდეგს:

(ა) პროცედურით გათვალისწინებული უნდა იყოს ბრალდებულის დაუყოვნებლივ ინფორმირება სამართალდარღვევის დეტალების შესახებ, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, ასევე სასამართლომდე და სასამართლოში საქმის მოსმენისას მისთვის დაცვის ყველა აუცილებელი უფლებისა და საშუალების მინიჭება;

(ბ) სამართალდარღვევისათვის მსჯავრის დადება დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე;

(გ) არავინ შეიძლება იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევისთვის ისეთი ქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევას იმ ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომელსაც ეს პირი ექვემდებარებოდა ჩადენის დროს; ასევე არ შეიძლება დაწესდეს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ის, რაც გამოიყენებოდა სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის ჩადენის დროს; თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ სამართალი განსაზღვრავს უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრებას, დამნაშავე ისარგებლებს ამით;

(დ) ნებისმიერი პირი, რომელსაც ბრალი ედება სამართალდარღვევაში, უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სამართლის შესაბამისად;

(ე) ნებისმიერ პირს, რომელსაც ბრალი წაუყენეს სამართალდარღვევისთვის, აქვს უფლება, თავად ესწრებოდეს გასამართლებას;

(ვ) არავინ უნდა იყოს იძულებული, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან აღიაროს ბრალი;

(ზ) ყოველ ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, და გამოიძახოს და დაკითხოს მის სასარგებლოდ ჩვენების მიმცემი მოწმეები, იმავე პირობებით, რომლითაც სარგებლობენ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები;

(თ) არ შეიძლება იმავე მხარემ ვინმეს მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან ვინმე დასაჯოს ისეთი სამართალდარღვევისთვის, რომლისთვისაც ადრე გამოტანილი იყო საბოლოო განაჩენი, რომლითაც იგი გამართლდა ან გამტყუნდა იმავე სამართლისა და სასამართლო პროცედურის შესაბამისად.

(ი) ნებისმიერ პირს, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდარღვევისთვის, აქვს უფლება, განაჩენი საჯაროდ გამოცხადდეს; და

(კ) მსჯავრდებულ პირს მსჯავრდების გამოცხადებისთანავე უნდა ეცნობოს მისი სასამართლო და სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებების, ასევე, მათი გამოყენების ვადების შესახებ.

5. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო თავისუფლებაშეზღუდული ქალები უნდა მოათავსონ მამაკაცების მოთავსების ადგილებისგან განცალკევებულ ადგილებში. ისინი უნდა იყვნენ ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა, ოჯახის დაკავების ან ინტერნირების შემთხვევაში, ისინი, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოათავსონ ერთსა და იმავე ადგილას და განათავსონ როგორც ოჯახები.

6. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული პირები, მათ საბოლოო გათავისუფლებამდე, რეპატრიაციამდე ან რესტიტუციამდე, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგაც კი, სარგებლობენ წინამდებარე მუხლის დაცვით.

7. ომის დანაშაულების ან ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ პირთა სისხლისსამართლებრივ დევნასა და გასამართლებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

(ა) ამგვარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირთა წარდგენა სისხლისსამართლებრივი დევნისა და გასამართლების მიზნით ხორციელდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესების თანახმად; და

(ბ) ნებისმიერ ასეთ პირს, რომელიც კონვენციების ან წინამდებარე ოქმის თანახმად, არ სარგებლობს უფრო ხელსაყრელი მოპყრობით, უნდა მოეპყრონ წინამდებარე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, დანაშაული, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, წარმოადგენს თუ არა კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევას.

8. წინამდებარე მუხლის რომელიმე დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ზღუდავდეს ან ლახავდეს ნებისმიერ სხვა დებულებას, რომელიც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესების მიხედვით, პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ანიჭებს უფრო ფართო დაცვას.

თავი II

ქალებისა და ბავშვების დაცვის ღონისძიებები

მუხლი 76 – ქალების დაცვა🔗

1. ქალები უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პატივისცემით და დაცული უნდა იყვნენ, განსაკუთრებით, გაუპატიურების, იძულებითი პროსტიტუციისა და უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმისაგან.

2. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული ან ინტერნირებული ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების დედების საქმეები განხილულ უნდა იქნეს უმაღლესი პრიორიტეტულობით.

3. კონფლიქტის მხარეები უნდა შეეცადონ, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში უარი თქვან ორსული ქალების ან მცირეწლოვანი შვილების დედებისათვის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისათვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანაზე. აღნიშნული ქალების მიმართ ასეთ სამართალდარღვევებზე გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი არ უნდა აღსრულდეს.

მუხლი 77 – ბავშვების დაცვა🔗

1. ბავშვები უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პატივისცემით და დაცული უნდა იყვნენ უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმისგან. კონფლიქტის მხარეებმა ისინი უნდა უზრუნველყონ ზრუნვითა და დახმარებით, რომელიც აუცილებელია მათი ასაკის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო.

2. კონფლიქტის მხარეებმა ყველა შესაძლებელი ღონე უნდა იხმარონ, რათა თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველმა ბავშვებმა არ მიიღონ უშუალო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში და, განსაკუთრებით, მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ შეიარაღებულ ძალებში მათი გაწვევისაგან. თხუთმეტ წელს მიღწეული პირების გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, კონფლიქტის მხარეებმა უნდა ეცადონ, რომ უპირატესობა მიანიჭონ ყველაზე ასაკოვან პირებს.

3. თუ გამონაკლის შემთხვევაში, მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, თხუთმეტ წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვები უშუალო მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში და მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ ხვდებიან, ისინი განაგრძობენ წინამდებარე მუხლით მინიჭებული განსაკუთრებული დაცვით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სამხედრო ტყვეები.

4. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული ბავშვები უნდა მოათავსონ მოზრდილთაგან განცალკევებულ მოთავსების ადგილზე, გარდა 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა ათავსებენ ოჯახებს, როგორც ცალკეულ ერთეულებს.

5. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი არ უნდა აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში არ შესრულებია თვრამეტი წელი.

მუხლი 78 – ბავშვების ევაკუაცია🔗

1. კონფლიქტის რომელიმე მხარემ არ უნდა მიიღოს უცხო ქვეყანაში ბავშვების ევაკუაციასთან დაკავშირებული ზომები, თუკი ბავშვები არ არიან თავისი მოქალაქეები, ისეთი შემთხვევების გარდა, როცა საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ან მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მიზეზებს, ან, როდესაც ბავშვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათი უსაფრთხოებისათვის აუცილებელია დროებითი ევაკუაცია. როდესაც შესაძლებელია მშობლების ან კანონიერი მზრუნველების მოძიება, საჭიროა ევაკუაციაზე მათი წერილობითი თანხმობის მიღება. თუ ასეთი პირების მოძიება შეუძლებელია, მაშინ ევაკუაციისათვის საჭიროა იმ პირთა თანხმობა, რომელთაც სამართლის ან ჩვეულების ძალით ბავშვებზე ეკისრებათ ზრუნვის უპირველესი პასუხისმგებლობა. თითოეული ასეთი ევაკუაცია უნდა განხორციელდეს მფარველი სახელმწიფოს ზედამხედველობით, დაინტერესებულ მხარეებთან, ანუ ევაკუაციის განმახორციელებელ, ბავშვების მიმღებ და იმ მხარესთან შეთანხმებით, რომლის მოქალაქეებიც უნდა იყვნენ ევაკუირებული. თითოეულ შემთხვევაში, კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ყველა შესაძლო პრაქტიკული ზომა, რათა თავიდან აიცილოს ევაკუაციისათვის საფრთხის შექმნა.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ევაკუაციის განხორციელების შემთხვევაში ევაკუაციაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში და მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში შეუწყვეტლივ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა ბავშვის განათლება, რელიგიური და მორალური განათლების ჩათვლით, მისი მშობლების სურვილის თანახმად.

3.  წინამდებარე მუხლის თანახმად ევაკუირებული ბავშვების თავიანთ ოჯახებსა და ქვეყნებში დაბრუნების გასაადვილებლად, ევაკუაციის განმახორციელებელმა სახელმწიფომ, და როცა ეს მიზანშეწონილია, მიმღები სახელმწიფოს ორგანოებმა თითოეული ბავშვის სახელზე უნდა მოამზადონ ბარათი ფოტოსურათით, რომელიც მათ უნდა გაუგზავნონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძიების ცენტრალურ სააგენტოს. თითოეული ბარათი, როცა ეს შესაძლებელია და როცა ეს ბავშვისათვის ზიანის მიყენების რისკთან არ არის დაკავშირებული, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(ა) ბავშვის გვარ(ებ)ი;

(ბ) ბავშვის სახელ(ებ)ი;

(გ) ბავშვის სქესი;

(დ) დაბადების ადგილი და თარიღი (თუ დაბადების თარიღი ცნობილი არ არის, მიახლოებითი ასაკი);

(ე) მამის სრული სახელი;

(ვ) დედის სრული სახელი და ქალიშვილობის გვარი;

(ზ) ბავშვის უახლოესი ნათესავები;

(თ) ბავშვის ეროვნება;

(ი) ბავშვის მშობლიური ენა და ნებისმიერი სხვა ენა, რომელზეც იგი ლაპარაკობს;

(კ) ბავშვის ოჯახის მისამართი;

(ლ) ბავშვის ნებისმიერი პირადი ნომერი;

(მ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

(ნ) ბავშვის სისხლის ჯგუფი;

(ო) ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშანი;

(პ) ბავშვის პოვნის თარიღი და ადგილი;

(ჟ) ბავშვის მიერ თავისი ქვეყნის დატოვების თარიღი და ადგილი;

(რ) ბავშვის რელიგიური კუთვნილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(ს) ბავშვის ამჟამინდელი მისამართი მიმღებ ქვეყანაში;

(ტ) დაბრუნებამდე ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების თარიღი, ადგილი, გარემოებები და დაკრძალვის ადგილი.

თავი III

ჟურნალისტები

მუხლი 79 – ჟურნალისტთა დაცვის ღონისძიებები🔗

1. შეიარაღებული კონფლიქტის არეალებში სახიფათო პროფესიულ მივლინებაში მყოფი ჟურნალისტები ითვლებიან სამოქალაქო პირებად 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მნიშვნელობით.

2. ისინი, როგორც ასეთი, სარგებლობენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვით იმ პირობით, რომ არ სჩადიან სამოქალაქო პირის სტატუსთან შეუთავსებელ რაიმე ქმედებას, და რომ ეს გავლენას არ ახდენს შეიარაღებულ ძალებთან აკრედიტებული ომის კორესპონდენტებზე ჟურნალისტების უფლებაზე, ისარგებლონ მესამე კონვენციის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის მე-(4) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსით.

3. მათ შეუძლიათ, რომ მიიღონ წინამდებარე ოქმის II დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით შედგენილი პირადობის მოწმობა. ჟურნალისტის სტატუსს ადასტურებს აღნიშნული მოწმობა, რომელიც უნდა გასცეს სახელმწიფომ, რომლის მოქალაქეცაა ჟურნალისტი, ან რომლის ტერიტორიაზეც იგი ცხოვრობს, ან რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მისი დამსაქმებელი საინფორმაციო საშუალება.

კარი V

კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესრულება

ნაწილი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 80 – შესრულების ღონისძიებები🔗

1. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა შეასრულონ კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მათთვის დაკისრებული ვალდებულებები.

2. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესრულების უზრუნველსაყოფის მიზნით, უნდა გასცენ ბრძანებები და ინსტრუქციები, და ზედამხედველობა გაუწიონ მათ შესრულებას.

მუხლი 81 – წითელი ჯვრისა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობა🔗

1. კონფლიქტის მხარეებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა მისცენ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა მას მიეცეს კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მისთვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულების საშუალება, კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის მიზნით; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, კონფლიქტის დაინტერესებული მხარეების თანხმობით, კონფლიქტის მსხვერპლთა სასარგებლოდ ასევე შეუძლია ნებისმიერი სხვა სახის ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელება.

2. კონფლიქტის მხარეები წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) თავის შესაბამის ორგანიზაციებს უზრუნველყოფენ ყველა საჭირო საშუალებით, რათა მათ განახორციელონ ჰუმანიტარული საქმიანობა შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად კონვენციების, წინამდებარე ოქმისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ ფორმულირებული წითელი ჯვრის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

3. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა ყველა შესაძლო საშუალებით ხელი უნდა შეუწყონ დახმარებას, რომელსაც წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ორგანიზაციები და წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა[1] უწევს შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლებს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებებისა და წითელი ჯვრის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, როგორც ისინი ფორმულირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ.

4. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა შესაძლებლობების ფარგლებში მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებების მსგავსი საშუალებებით უნდა უზრუნველყოფენ კონვენციებსა და წინამდებარე ოქმში მითითებული სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც კონფლიქტის შესაბამისი მხარეების მიერ სათანადოდ არიან უფლებამოსილნი და რომლებიც თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებათა შესაბამისად.

..............................................

[1] 1992 წლის 10 თებერვალს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, როგორც 1949 წლის ჟენევის კონვენციების დეპოზიტარი სახელმწიფოს მთავრობამ, აცნობა კონვენციების ყველა მხარე სახელმწიფოს, რომ 1991 წლის 28 ნოემბერს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების ლიგამ შეიცვალა სახელი და დაირქვა „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია“.

მუხლი 82 – სამართლებრივი მრჩევლები შეიარაღებულ ძალებში🔗

მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა ნებისმიერ დროს, კონფლიქტის მხარეებმა კი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უნდა უზრუნველყონ, რომ ჰყავდეთ სამართლებრივი მრჩევლები, რომელთაც აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ რჩევის მიცემა სათანადო რანგის სამხედრო ხელმძღვანელობისათვის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებისა და შეიარაღებული ძალებისათვის ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების თაობაზე.

მუხლი 83 – გავრცელება🔗

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ როგორც მშვიდობიანი, ისე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ კონვენციები და წინამდებარე ოქმი თავიანთ ქვეყნებში და, განსაკუთრებით, შეიტანონ მათი სწავლება სამხედრო მომზადების პროგრამაში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო მოსახლეობის მიერ მათ შესწავლას, რათა ეს დოკუმენტები ცნობილი იყოს შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის.

2. ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო უწყება, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესრულებაზე, სრულად უნდა იცნობდნენ მათ ტექსტებს.

მუხლი 84 – გამოყენების წესები🔗

მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა უმოკლეს ვადაში დეპოზიტარის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მფარველი სახელმწიფოების მეშვეობით, ერთმანეთს უნდა გაუგზავნონ წინამდებარე ოქმის ოფიციალურ თარგმანები, ასევე მისი გამოყენების უზრუნველყოფისთვის მიღებულ კანონებისა და რეგულაციების.

ნაწილი II

კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევათა აღკვეთა

მუხლი 85 – წინამდებარე ოქმის დარღვევათა აღკვეთა🔗

1. კონვენციების დებულებები დარღვევებისა და მძიმე დარღვევების აღკვეთის შესახებ, რომლებსაც ავსებს წინამდებარე ნაწილი, გამოიყენება წინამდებარე ოქმის დარღვევისა და მძიმე დარღვევების აღსაკვეთად.

2. კონვენციების თანახმად მძიმე დარღვევებად მიჩნეული დარღვევები წარმოადგენს წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევებს, თუ ისინი ჩადენილია მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მყოფი და წინამდებარე ოქმის 44-ე, 45-ე და 73-ე მუხლებით დაცული  პირების წინააღმდეგ, ან ჩადენილია მოწინააღმდეგის დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაცულნი არიან წინამდებარე ოქმით, ან მოწინააღმდეგე მხარის კონტროლს ქვეშ მყოფი და წინამდებარე ოქმით დაცული სამედიცინო ან რელიგიური პერსონალის, სამედიცინო დანაყოფების ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ.

3. მე-11 მუხლით განსაზღვრული მძიმე დარღვევებზე დამატებით, წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევებს წარმოადგენს შემდეგი მოქმედებები, როცა ისინი ჩადენილია განზრახ, წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების დარღვევით და შედეგად იწვევს სიკვდილს ან სხეულის ან ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას:

(ა) სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების თავდასხმის ობიექტად გადაქცევა;

(ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა, იმის ცოდნით, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის გადამეტებულ მოსპობას, სამოქალაქო პირთა ზიანს ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, როგორც ეს განსაზღვრულია 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (iii) ქვეპუნქტით;

(გ) თავდასხმა სახიფათო ძალის შემცველ ნაგებობებსა ან დანადგარებზე, იმის ცოდნით, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სიცოცხლის გადამეტებულ მოსპობას, სამოქალაქო პირთა ზიანს ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, როგორც ეს განსაზღვრულია 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (iii) ქვეპუნქტით;

(დ) დაუცველი ადგილებისა და დემილიტარიზებული ზონების თავდასხმის ობიექტებად გადაქცევა;

(ე) თავდასხმა პირზე იმის ცოდნით, რომ იგი hors de combat პირია;

(ვ) 37-ე მუხლის დარღვევით, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემებით ან კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით აღიარებული სხვა დამცავი ნიშნების ვერაგულად გამოყენება.

4. წინა პუნქტებსა და კონვენციებში გათვალისწინებულ მძიმე დარღვევებზე დამატებით, წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევად ითვლება მოქმედებები, როცა ისინი ჩადენილია განზრახ და კონვენციებისა და ოქმის დარღვევით:

(ა) ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლის დარღვევით, თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილის დეპორტაცია ან გადაყვანა ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ;

(ბ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის გაუმართლებელი შეფერხება;

(გ) აპარტეიდის პრაქტიკისა და რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული პიროვნული ღირსების შემლახველი სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოქმედების პრაქტიკა;

(დ) ნათლად ამოსაცნობი ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშებისა და ღვთისმსახურების ადგილების, რომელიც ხალხთა კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს და რომლებსაც, მაგალითად, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული სპეციალური ზომებით, მინიჭებული აქვს განსაკუთრებული დაცვა, თავდასხმის ობიექტად გადაქცევა, რაც შედეგად იწვევს მათ მნიშვნელოვან განადგურებას, როდესაც სახეზე არ არის მოწინააღმდეგე მხარის მიერ 53-ე მუხლის (ბ) ქვეპუნქტის დარღვევა და როცა ამგვარი ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები ან ღვთისმსახურების ადგილები არ მდებარეობს სამხედრო ობიექტების უშუალო სიახლოვეს;

(ე) კონვენციებით დაცული ან წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირებისათვის სამართლიანი და რეგულარული სამართალწარმოების უფლების ჩამორთმევა.

5. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებისათვის ზიანის მიყენების გარეშე ამ დოკუმენტების მძიმე დარღვევები უნდა ჩაითვალოს ომის დანაშაულებად.

მუხლი 86 – უმოქმედობა🔗

1. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა უნდა აღკვეთონ მძიმე დარღვევები და უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები კონვენციების ან წინამდებარე ოქმის ყველა სხვა დარღვევის აღსაკვეთად, რომელიც წარმოიშვა სავალდებულო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგად.

2. ის ფაქტი, რომ კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დარღვევა ჩადენილია ქვემდგომი პირის მიერ, მის მეთაურებს არ ათავისუფლებს, შესაბამად, სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან, იმ პირობით, რომ მათ იცოდნენ ან ფლობდნენ ინფორმაციას, რომელიც იმ დროისათვის არსებულ ვითარებაში მათ აძლევდა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მათდამი დაქვემდებარებული პირი ჩადიოდა ან აპირებდა ასეთი დარღვევის ჩადენას და თუ მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, არ მიიღეს ყველა პრაქტიკული ზომა ასეთი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად.

მუხლი 87 – მეთაურთა მოვალეობები🔗

1. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა სამხედრო მეთაურებს, მათი მეთაურობის ქვეშ მყოფი შეიარაღებული ძალების წევრებისა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა პირების მიმართ, უნდა მოსთხოვონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევების თავიდან აცილება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი აღკვეთა და კომპეტენტური ორგანოებისთვის მათი შეტყობინება.

2. დარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა მეთაურებისაგან უნდა მოითხოვონ, რომ მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მათ დაქვემდებარებაში მყოფმა შეიარაღებული ძალების წევრებმა იციან კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესახებ.

3. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა ნებისმიერი მეთაურისაგან, რომელმაც იცის, რომ მისთვის დაქვემდებარებული ან მის კონტროლს დაქვემდებარებული ნებისმიერი სხვა პირი აპირებს ჩაიდინოს ან სჩადის კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დარღვევას, უნდა მოითხოვოს ყველა იმ ზომის მიღება, რომელიც საჭიროა კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევათა თავიდან ასაცილებლად, და, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი დარღვევის ჩამდენი პირების წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნა.

მუხლი 88 – ურთიერთდახმარება სისხლის სამართლებრივ საკითხებში🔗

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ ერთმანეთს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

2. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის 85-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლებებისა და ვალდებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, და როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ექსტრადიციის საკითხში. მათ სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ იმ სახელმწიფოს თხოვნა, რომლის ტერიტორიაზეც სავარაუდოდ ჩადენილ იქნა დანაშაული.

3.  ყველა შემთხვევაში გამოყენებული იქნება თხოვნის მიმღები მაღალი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა.

თუმცა, წინა პუნქტის დებულებები არ ხელყოფს ნებისმიერი სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი ხასიათის ხელშეკრულების დებულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ აწესრიგებს ან მოაწესრიგებს სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების საგანს.

მუხლი 89 – თანამშრომლობა🔗

კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დებულებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ იმოქმედონ ერთობლივად ან ინდივიდუალურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად.

მუხლი 90 – ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისია🔗

1. (ა) დაარსდება ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომისია“), რომელიც შედგება მაღალი მორალური თვისებებითა და აღიარებული მიუკერძოებლობის მქონე თხუთმეტი წევრისგან;

(ბ) როდესაც არანაკლებ ოცი მაღალი ხელშემკვრელი მხარე დათანხმდება კომისიის კომპეტენციის აღიარებას მე-2 პუნქტის შესაბამისად, დეპოზიტარმა ამ დროს და შემდგომში ხუთი წლის ინტერვალებით, უნდა მოიწვიოს ამ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა კომისიის წევრების არჩევის მიზნით. შეხვედრაზე მხარეთა წარმომადგენლებმა კომისიის წევრები უნდა აირჩიონ ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომელშიც თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ერთი კანდიდატურის წარდგენა;

(გ) კომისიის წევრები საქმიანობას ახორციელებენ პირადი უფლებამოსილების ფარგლებში და თანამდებობას იკავებენ მომდევნო შეხვედრაზე ახალი წევრების არჩევამდე;

(დ) არჩევნების დროს მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომისიაში არჩეულ პირებს ინდივიდუალურად ჰქონდეთ საჭირო კვალიფიკაცია და რომ მთლიანობაში კომისიაში უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა;

(ე) გაუთვალისწინებელი ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეავსოს თავად კომისიამ, წინა ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწინებით;

(ვ) დეპოზიტარმა კომისია უნდა უზრუნველყოს აუცილებელი ადმინისტრაციული საშუალებებით მისი ფუნქციების შესრულებისათვის.

2. (ა) მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, ოქმის ხელმოწერისას, რატიფიცირებისას, მასთან შეერთებისას ან შემდგომში ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ ისინი ipso facto და წინასწარი შეთანხმების გარეშე, ნებისმიერი სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიმართ, რომელიც იღებს იმავე ვალდებულებას, ცნობენ კომისიის კომპეტენციას, გამოიძიოს ამ მეორე მხარის მიერ წაყენებული ბრალდებები, როგორც ეს ნებადართულია წინამდებარე მუხლით.

(ბ) ზემოხსენებული განცხადებები გადაეცემა დეპოზიტარს, რომელიც ასლებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს უგზავნის.

(გ) კომისიის კომპეტენციაა:

(i) გამოიძიოს ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით განსაზღვრულ მძიმე დარღვევას ან კონვენციების ან წინამდებარე ოქმის სხვა სერიოზულ დარღვევას;

(ii) კეთილი სამსახურის გაწევით ხელი შეუწყოს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმისადმი პატივისცემის დამოკიდებულების აღდგენას.

(დ) სხვა სიტუაციებში კომისიამ გამოძიება უნდა დაიწყოს კონფლიქტის მხარის თხოვნის საფუძველზე და მხოლოდ სხვა დაინტერესებული მხარის ან მხარეების თანხმობით;

(დ) წინამდებარე პუნქტის ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, პირველი კონვენციის 52-ე მუხლის, მეორე კონვენციის 53-ე მუხლის, მესამე კონვენციის 132-ე მუხლისა და მეოთხე კონვენციის 149-ე მუხლის დებულებათა მოქმედება გრძელდება კონვენციების ნებისმიერ სავარაუდო დარღვევაზე და უნდა გავრცელდეს წინამდებარე ოქმის ნებისმიერ სავარაუდო დარღვევაზე.

3. (ა) დაინტერესებულ მხარეებს შორის განსხვავებული ხასიათის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ყველა გამოძიებას აწარმოებს შვიდი წევრისგან შემდგარი პალატა, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდება:

(i) კომისიის ხუთ წევრს, რომლებიც არ არიან კონფლიქტის რომელიმე მხარის მოქალაქეები, გეოგრაფიული არეალების სამართლიანად წარმოდგენის საფუძველზე და კონფლიქტის მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე;

(ii)  ორ საგანგებო წევრს, რომლებიც არ არიან კონფლიქტის რომელიმე მხარის მოქალაქეები, ნიშნავენ თავად მხარეები.

(ბ) გამოძიების ჩატარების შესახებ თხოვნის მიღების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე დაადგენს პალატის შექმნის ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ აირჩიეს რომელიმე საგანგებო წევრი, კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ ნიშნავს პალატის დაკომპლექტებისათვის აუცილებელ დამატებით წევრს ან წევრებს.

4. (ა) პალატა, რომელიც მე-3 პუნქტის თანახმად შექმნილია გამოძიების ჩასატარებლად, მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, გაუწიონ მას დახმარება და წარმოუდგინონ მტკიცებულებები. ამასთანავე, პალატას შეუძლია, რომ თავად მოიძიოს სხვა აუცილებელი მტკიცებულებები და გამოძიება ადგილზევე აწარმოოს;

(ბ) ყველა მოპოვებული მტკიცებულება სრულად მიეწოდება დაინტერესებულ მხარეებს, რომელთაც ამ მტკიცებულებათა შესახებ აქვთ კომისიისათვის შენიშვნების წარდგენის უფლება;

(გ) ყოველ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, სადავო გახადოს ეს მტკიცებულებები.

5. (ა) კომისია დაინტერესებულ მხარეებს წარუდგენს პალატის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მოხსენებას იმ რეკომენდაციებთან ერთად, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს;

(ბ) თუ პალატამ ვერ შეძლო ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, იგი კომისიას აცნობებს მიზეზებს, რომელთა გამოც ეს ვერ მოახერხა;

(გ) კომისია თავის დასკვნას საჯაროდ არ აცხადებს, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას კონფლიქტის ყველა მხარე მოითხოვს.

6. კომისია ადგენს თავის პროცედურულ წესებს, კომისიასა და პალატაში თავმჯდომარეობის წესების ჩათვლით. ეს წესები უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი ფუნქციების აღსრულებას ნებისმიერ დროს, ხოლო გამოძიების წარმოებისას, მათ შესრულებას იმ პირის მიერ, რომელიც კონფლიქტის რომელიმე მხარის მოქალაქე არ არის.

7. კომისიის ადმინისტრაციული ხარჯები იფარება ნებაყოფლობითი შენატანებითა და იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შენატანებით, რომელთაც, მე-2 პუნქტის თანახმად, გაკეთებული აქვთ განცხადებები. კონფლიქტის მხარე ან მხარეები, რომელიც კომისიას მიმართავენ გამოძიების ჩატარების თხოვნით, ავანსად იხდიან პალატის ხარჯების დასაფარად საჭირო თანხას, რომლის ორმოცდაათ პროცენტს ანაზღაურებს ის მხარე ან მხარეები, რომელთა წინააღმდეგ არის მიმართული განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ. პალატისათვის შემხვედრი ბრალდებების წარდგენის შემთხვევაში, თითოეულ მხარეს ავანსად შეაქვს აუცილებელი სახსრების ორმოცდაათი პროცენტი.

მუხლი 91 – პასუხისმგებლობა🔗

კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დებულებათა დამრღვევი კონფლიქტის მხარემ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადაიხადოს კომპენსაცია. იგი პასუხისმგებელია მისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირების მიერ ჩადენილ ყველა ქმედებაზე.

კარი VI

დასკვნითი დებულებები

მუხლი 92 – ხელმოწერა🔗

წინამდებარე ოქმი კონვენციების მხარეთა მიერ ხელმოსაწერად ღიაა დასკვნითი აქტის ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ და ღია დარჩება თორმეტი თვის განმავლობაში.

მუხლი 93 – რატიფიკაცია🔗

წინამდებარე ოქმის რატიფიცირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირებული უნდა იქნეს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოსთან – კონვენციების დეპოზიტართან.

მუხლი 94 – შეერთება🔗

წინამდებარე ოქმი შეერთებისთვის ღიაა კონვენციების ნებისმიერი მხარისათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია. შეერთების სიგელი დეპონირებული უნდა იქნეს დეპოზიტართან.

მუხლი 95 – ძალაში შესვლა🔗

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ორი სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

2. კონვენციების თითოეული მხარისათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას ან შეერთებას, ის ძალაში შედის ამ მხარის მიერ მისი სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 96 – სახელშეკრულებო ურთიერთობები წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ🔗

1. თუ კონვენციების მხარეები ასევე არიან წინამდებარე ოქმის მხარეები, კონვენციები იმოქმედებს წინამდებარე ოქმის მიერ შესწორებული სახით.

2. თუ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე არ არის შებოჭილი წინამდებარე ოქმით, ოქმის მხარეებისთვის ერთმანეთს შორის ურთიერთობისას სავალდებულოა ოქმი. ამის გარდა, მათთვის წინამდებარე ოქმი სავალდებულოა ოქმის არამხარეებთან ურთიერთობებშიც, თუ ეს უკანასკნელი აღიარებს და იყენებს ოქმის დებულებებს.

3. ხელისუფლებას, რომელიც პირველი მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ კონფლიქტში წარმოადგენს ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს, დეპოზიტარის სახელზე ცალმხრივი განცხადების გაკეთების გზით, შეუძლია აიღოს ვალდებულება, რომ ამ კონფლიქტთან მიმართებით დაიცვას კონვენციები და წინამდებარე ოქმი. დეპოზიტარის მიერ მიღებულ ამგვარ განცხადებას ამ კონფლიქტთან მიმართებით ექნება შემდეგი კონკრეტული შედეგები:

(ა) კონვენციები და წინამდებარე ოქმი დაუყოვნებლივ შედის ძალაში აღნიშნული ხელისუფლებისათვის, როგორც კონფლიქტის მხარისათვის;

(ბ) აღნიშნულ ხელისუფლებას ენიჭება ისეთივე უფლებები და ეკისრება ისეთივე ვალდებულებები, როგორიც კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულია მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის; და

(გ) კონვენციები და წინამდებარე ოქმი თანაბრად სავალდებულოა კონფლიქტის ყველა მხარისათვის.

მუხლი 97 – შესწორება🔗

1. ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე ოქმში შესწორებების შეტანის წინადადების წარდგენა. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების ტექსტი უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელმაც ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყვიტოს, მოიწვიოს თუ არა კონფერენცია შეთავაზებული შესწორების განსახილველად.

2. დეპოზიტარმა ამ კონფერენციაზე უნდა მოიწვიოს ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარე, და ასევე კონვენციების მხარეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი.

მუხლი 98 – I დანართის გადახედვა🔗

1. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ოთხი წლისა, ხოლო შემდგომში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უნდა გამართოს კონსულტაციები მაღალ ხელშემკვრელ მხარეებთან წინამდებარე ოქმის I დანართის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია მოიწვიოს ტექნიკური ექსპერტების შეხვედრა დანართის გადახედვისა და მასში სასურველი შესწორებების შეტანის მიზნით. თუ შეხვედრის მოწვევის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ერთი მესამედი არ დააფიქსირებს წინააღმდეგობას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დანიშნავს შეხვედრას და მასზე დასასწრებად ასევე მოიწვევს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს. ასეთი შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უნდა მოიწვიოს ნებისმიერ დროს, მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

2. დეპოზიტარმა უნდა მოიწვიოს მაღალი ხელშემკვრელი და კონვენციების მხარეთა კონფერენცია ტექნიკური ექსპერტების შეხვედრის მიერ შეთავაზებული შესწორებების განსახილველად, თუ ამას შეხვედრის შემდეგ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ერთი მესამედი მოითხოვს.

3. I დანართის შესწორებები შეიძლება მიღებულ იქნეს ამგვარ კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ორი მესამედის უმრავლესობით.

4. დეპოზიტარმა მაღალ ხელშემკვრელ და კონვენციების მხარეებს უნდა აცნობოს ამგვარად მიღებული ნებისმიერი შესწორების შესახებ. შესწორება მიღებულად ითვლება ამგვარი შეტყობინების გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი ხელშემკვრელი მხარეების, სულ ცოტა, ერთმა მესამედმა დეპოზიტარს არ გაუგზავნა განცხადება შესწორების მიუღებლობის თაობაზე.

5. მე-4 პუნქტის თანახმად მიღებული შესწორებები ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შედის მიღებიდან სამი თვის შემდეგ, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც მე-4 პუნქტის თანახმად გააკეთეს დეკლარაცია შესწორების მიუღებლობის თაობაზე. აღნიშნული დეკლარაციის გამკეთებელ ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი უკან გამოხმობა, ხოლო შესწორება ამ მხარისათვის ძალაში შედის სამი თვის შემდეგ.

6. დეპოზიტარი მაღალ ხელშემკვრელ და კონვენციის მხარეებს აცნობებს ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლისა და იმ მხარეების შესახებ, რომლებზეც იგი ვრცელდება, ასევე ცალკეული მხარისათვის მისი ძალაში შესვლის თარიღის, მე-4 პუნქტის თანახმად გაკეთებული შესწორების მიუღებლობის განცხადებებისა და ასეთი განცხადებების უკან გამოხმობის შესახებ.

მუხლი 99 – დენონსაცია🔗

1. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარე მოახდენს წინამდებარე ოქმის დენონსაციას, დენონსაცია ძალაში შედის მხოლოდ დენონსაციის შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, თუ ამ ერთი წლის ამოწურვამდე მხარე, რომელმაც დენონსაციის შესახებ განაცხადა, აღმოჩნდება პირველ მუხლში მითითებულ რომელიმე სიტუაციაში, დენონსაცია ძალაში არ შედის შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის დასრულებამდე და, ნებისმიერ შემთხვევაში, კონვენციებით ან წინამდებარე ოქმით დაცული პირების საბოლოო გათავისუფლებასთან, რეპატრიაციასა ან რესტიტუციასთან დაკავშირებული მოქმედებების დასრულებამდე.

2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება წერილობითი ფორმით უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელმაც ეს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს.

3. დენონსაცია ძალაშია მხოლოდ იმ მხარისთვის, რომელმაც დენონსაცია განახორციელა.

4. პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი დენონსაცია გავლენას არ მოახდენს შეიარაღებული კონფლიქტის გამო ამ ოქმის შესაბამისად დენონსაციის განმცხადებელი მხარის მიერ უკვე აღებულ ვალდებულებებზე, ამ დენონსაციის ძალაში შესვლამდე ჩადენილ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით.

მუხლი 100 – შეტყობინებები🔗

დეპოზიტარმა მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს და კონვენციების მხარე სახელმწიფოებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი, უნდა შეატყობინოს:

(ა) 93-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე ოქმზე გაკეთებული ხელმოწერების, დეპონირებული სარატიფიკაციო და შეერთების სიგელების შესახებ;

(ბ) 95-ე მუხლის თანახმად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

(გ) 84-ე, 90-ე და 97-ე მუხლების თანახმად მიღებული შეტყობინებებისა და კომუნიკაციების შესახებ;

(დ) 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიღებული დეკალრაციების შესახებ, რომელთა თაობაზე შეტყობინებები უსწრაფესი მეთოდებით უნდა განხორციელდეს; და

(ე) 99-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დენონსაციების შესახებ.

მუხლი 101 – რეგისტრაცია🔗

1. ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე ოქმი დეპოზიტარის მიერ უნდა გაიგზავნოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისთვის.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს დეპოზიტარმა ასევე უნდა შეატყობინოს წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული ყველა სარატიფიკაციო, შეერთებისა და დენონსაციის სიგელის შესახებ.

მუხლი 102 – ავთენტური ტექსტები🔗

წინამდებარე ოქმის დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირებული უნდა იყოს დეპოზიტართან, რომელმაც კონვენციების ყველა მხარეს უნდა გადასცეს ოქმის დამოწმებული ასლები.

დანართი I

ამოცნობასთან დაკავშირებული წესები

(1993 წლის 30 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით)

მუხლი 1 – ზოგადი დებულებები🔗

1. წინამდებარე დანართში მოცემულ ამოცნობასთან დაკავშირებული წესები ახორციელებს ჟენევის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებებს; მათი მიზანია ჟენევის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვის ქვეშ მყოფი პერსონალის, საშუალებების, შენაერთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ნაგებობების ამოცნობის გაადვილება.

2. თავად მოცემული წესები არ ადგენს დაცვის უფლებას. ეს უფლება მოწესრიგებულია კონვენციებისა და ოქმის შესაბამისი მუხლებით.

3. ჟენევის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების თანახმად, კომპეტენტურ ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განმასხვავებელი ემბლემებისა და სიგნალების გამოყენების, გამოსახვის, განათებისა და ამოცნობადობის მოწესრიგება.

4. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მხარეებს ყოველთვის მოუწოდებენ, რათა შეთანხმდნენ დამატებითი ან სხვა სიგნალების, საშუალებების ან სისტემების შესახებ, რომლებიც აძლიერებენ ამოცნობის შესაძლებლობას და ქმნის ამ სფეროში არსებული ტექნოლოგიური პროგრესით სარგებლობის სრულ შესაძლებლობას.

თავი I

პირადობის მოწმობა

მუხლი 2 – მუდმივი სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიური პერსონალის პირადობის მოწმობა🔗

1. წინამდებარე ოქმის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიური პერსონალის პირადობის მოწმობა:

(ა) უნდა ატარებდეს განმასხვავებელ ემბლემას და იყოს იმ ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება;

(ბ) უნდა იყოს რაც შეიძლება გამძლე;

(გ) შედგენილი უნდა იყოს ეროვნულ ან ოფიციალურ ენაზე და, დამატებით და როცა საჭიროა, შესაბამისი რეგიონის ადგილობრივ ენაზე;

(დ) უნდა შეიცავდეს მფლობელის გვარს, დაბადების თარიღსა (ამ უკანასკნელის დაუდგენლობის შემთხვევაში წლოვანება მოწმობის გაცემის მომენტში) და პირად ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(ე) უნდა მიუთითებდეს, თუ რა უფლებამოსილების ფარგლებში სარგებლობს მფლობელი კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მინიჭებული დაცვით;

(ვ) უნდა შეიცავდეს მფლობელის ფოტოსურათს, მის ხელმოწერას ან მისი ცერა თითის ანაბეჭდს, ან ორივეს ერთად;

(ზ) უნდა ჰქონდეს კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა;

(თ) უნდა მიუთითებდეს მოწმობის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;

(ი) მოწმობის უკანა მხარეზე, რამდენადაც შესაძლებელია, მითითებული უნდა იყოს მფლობელის სისხლის ჯგუფი.

2. პირადობის მოწმობა უნდა იყოს ერთგვაროვანი თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და, რამდენადაც შესაძლებელია, – ერთი და იმავე ტიპის კონფლიქტის ყველა მხარისათვის. კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ პირველ გამოსახულებაზე მოცემული, ერთ ენაზე შედგენილი ნიმუშით სარგებლობა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტიდან, მხარეებმა ერთმანეთს უნდა გაუგზავნონ მათ მიერ გამოყენებული ფორმის ნიმუში, თუ ის განსხვავდება პირველ გამოსახულებაზე მოცემული ნიმუშისგან. პირადობის მოწმობა, თუ შესაძლებელია, უნდა დამზადდეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთ-ერთი დარჩება მოწმობის გამცემ უწყებასთან, რომელიც მის მიერ გაცემულ მოწმობებზე განახორციელებს კონტროლს.

3. მუდმივ სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიურ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ მოწმობის ასლის მიღების უფლება.

მუხლი 3 – დროებითი სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიური პერსონალის პირადობის მოწმობა🔗

1. დროებითი სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიური პერსონალის პირადობის მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს წინამდებარე წესების მე-2 მუხლში გათვალისწინებული მოწმობის ანალოგიური. კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ, რომ იხელმძღვანელონ პირველი გამოსახულებით.

2. როცა გარემოებები აბრკოლებს დროებითი სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიური პერსონალისთვის წინამდებარე წესების მე-2 მუხლში აღწერილი პირადობის მოწმობის მსგავსი მოწმობის გაცემას, ასეთ პერსონალზე შეიძლება გაიცეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პირს, რომელზეც იგი გაიცა, მოვალეობები დაკისრებული აქვს, როგორც დროებით სამედიცინო პერსონალს და რომელიც, თუ შესაძლებელია, მიუთითებს ამგვარი მოვალეობების შესრულების ვადას და მისი მფლობელის უფლებას, ატაროს განმასხვავებელი ემბლემა. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მფლობელის გვარი და დაბადების თარიღი (თუ ამ უკანასკნელის დადგენა შეუძლებელია – პირის წლოვანება ცნობის გაცემის მომენტისთვის), მისი ფუნქციები და პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ცნობაზე უნდა იყოს მფლობელის ხელმოწერა ან ცერის ანაბეჭდი, ან ორივე ერთად.

გამოსახულება 1: პირადობის მოწმობის ნიმუში (ფორმატი: 74 მმ x 105 მმ)

განმასხვავებელი ემბლემა

მუხლი 4 – ფორმა🔗

განმასხვავებელი ემბლემა (წითელი თეთრ ფონზე), გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ლომისა და მზის[1] ფორმასთან დაკავშირებით, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, რომ იხელმძღვანელონ მე-2 გამოსახულებაზე ნაჩვენები ნიმუშებით.

გამოსახულება 2: წითელი განმასხვავებელი ემბლემები თეთრ ფონზე

[1] 1980 წლიდან არც ერთ სახელმწიფოს გამოუყენებია ლომისა და მზის ემბლემა.

მუხლი 5 – გამოყენება🔗

1. განმასხვავებელი ემბლემა, თუ შესაძლებელია, უნდა გამოისახოს ბრტყელ ზედაპირზე, დროშებზე ან სხვა საშუალებით, რომელიც ზედაპირის რელიეფის შესატყვისია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს ყველა შესაძლო მიმართულებიდან და შორი მანძილიდან, განსაკუთრებით კი ჰაერიდან.

2. ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, განმასხვავებელი ემბლემა შეიძლება განათდეს ან ანათებდეს.

3. განმასხვავებელი ემბლემა შეიძლება დამზადდეს ისეთი მასალისგან, რომელიც ამოცნობის ტექნიკური საშუალებებით იძლევა მისი ამოცნობის საშუალებას. ემბლემის წითელი ნაწილი დატანილი უნდა იყოს შავი საღებავით შეფერილ ზედაპირზე, რათა გაადვილდეს მისი ამოცნობა, განსაკუთრებით ინფრაწითელი ხელსაწყოების მეშვეობით.

4. სამედიცინო და რელიგიური პერსონალი, რომელიც თავის მოვალეობებს საბრძოლო მოქმედებების არეალში ახორციელებს, შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს განმასხვავებელ ემბლემიან თავსაბურავს და ტანსაცმელს.

თავი III

განმასხვავებელი სიგნალები

მუხლი 6 – გამოყენება🔗

1. სამედიცინო დანაყოფებს ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ წინამდებარე თავით გათვალისწინებული ყველა განმასხვავებელი სიგნალის გამოყენება.

2. ეს სიგნალები, რომელთა გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დანაყოფებსა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ, არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, შუქოვანი სიგნალის გამოყენების გამოკლებით (იხ. მე-3 პუნქტი).

3. თუ კონფლიქტის მხარეებს შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ცისფერი მოციმციმე შუქების გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების ამოცნობისთვის, არ არის აკრძალული ამგვარი სიგნალის გამოყენება სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გემებისა და საჰაერო ხომალდებისთვის.

4. დროებით სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც დროის უკმარისობის ან მათი ტექნიკური მონაცემების გამო, ვერ აღინიშნებიან განმასხვავებელი ემბლემით, შეუძლიათ წინამდებარე თავში ნებადართული განმასხვავებელი სიგნალების გამოყენება.

მუხლი 7 – შუქოვანი სიგნალი🔗

1. ცისფერი მოციმციმე შუქისგან შემდგარი სიგნალი, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საჰაერო ვარგისიანობის ტექნიკურ სახელმძღვანელოში, დოკუმენტი №9051, გამიზნულია სამოქალაქო სამედიცინო საჰაერო ხომალდის გამოყენებისათვის, მისი ვინაობის მისანიშნებლად. არცერთი სხვა საჰაერო ხომალდი ამ სიგნალს არ გამოიყენებს. საჰაერო ხომალდმა, რომელიც ცისფერ მოციმციმე შუქს იყენებს, ნათურები იმგვარად უნდა განალაგოს, რომ შუქოვანი სიგნალი ხილვადი იყოს ყველა შესაძლო მიმართულებიდან.

2. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სიგნალების საერთაშორისო კოდექსის XIV თავის მე-4 პუნქტის დებულებათა თანახმად, ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვით მოსარგებლე ხომალდებს უნდა ჰქონდეთ ყველა შესაძლო მიმართულებიდან ხილვადი ერთი ან მეტი ცისფერი მოციმციმე შუქი.

3. სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეთ რაც შეიძლება შორი მანძილიდან ხილვადი ერთი ან მეტი ცისფერი მოციმციმე შუქი. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მხარეებმა, რომლებიც სხვა ფერის შუქებს იყენებენ, ამის შესახებ უნდა გააკეთონ შეტყობინება.

4. რეკომენდებული ცისფერი შუქი მიიღება, როდესაც მისი ქრომატულობა განათების საერთაშორისო კომისიის (ICI) ქრომატულობის დიაგრამის ფარგლებშია და განისაზღვრება შემდეგი ტოლობით:

მწვანე            y = 0.065 + 0.805x

თეთრი           y = 0.400 - x

იისფერი        x = 0.133 + 0.600y

ცისფერი შუქისთვის ციმციმის რეკომენდებული სიხშირეა სამოცი-ასი დაციმციმება წუთში.

მუხლი 8 – რადიოსიგნალი🔗

1. რადიოსიგნალი შედგება საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალებისგან, როგორც ეს აღწერილია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) რადიოკავშირის წესებში (RR-ის მე-40 და №40 მუხლები).

2. რადიოშეტყობინება, რომელსაც წინ უძღვის პირველ პუნქტში მითითებული საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალები, უნდა გადაიცემოდეს ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ინტერვალებით და იმ სიხშირეებზე, რომელიც განსაზღვრულია რადიოკავშირის წესებში, და უნდა შეიცავდეს სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ შემდეგ მონაცემებს:

(ა) გამოძახების სიგნალს ან ამოცნობის სხვა აღიარებულ საშუალებას;

(ბ) ადგილმდებარეობას;

(გ) სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობასა და სახეობას;

(დ) სავარაუდო მარშრუტს;

(ე) მგზავრობის საანგარიშო დროს და გამგზავრებისა და დაბრუნების დროს, შესაბამის გარემოებათა გათვალისწინებით;

(ვ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, როგორიცაა ფრენის სიმაღლე, მეურვეობის ქვეშ მყოფი რადიოსიხშირეები, კავშირის ენა და მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემის მუშაობის რეჟიმი და კოდები.

3. იმისთვის, რათა ხელი შეეწყოს პირველ და მეორე პუნქტებში, ისევე როგორც წინამდებარე ოქმის 22-ე, 23-ე და 25-ე - 31-ე მუხლებში მითითებული კავშირის გაადვილებას, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, კონფლიქტის მხარეებს ან კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, რომელიც მოქმედებს შეთანხმებით ან ინდივიდუალურად, „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონვენციაზე“ თანდართული რადიოკავშირის წესებში მოცემულ სიხშირეთა განაწილების ცხრილზე დაყრდნობით, შეუძლია განსაზღვროს და გამოაქვეყნოს მის მიერ შერჩეული ეროვნული სიხშირეები, რომლებითაც ის ისარგებლებს ამგვარი კავშირის დამყარებისას. ამ სიხშირეთა შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს, რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 9 – ელექტრონული ამოცნობა🔗

1. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის (ცვლილებებითა და დამატებებით) მე-10 დანართში მითითებული მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემა (SSR) შეიძლება გამოყენებული იყოს სამედიცინო საჰაერო ხომალდის მარშრუტის დასადგენად და თვალყურის დევნებისთვის. SSR-ის სპეციალური მუშაობის რეჟიმი და კოდი სამედიცინო საჰაერო ხომალდისათვის უნდა დადგინდეს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების, კონფლიქტის მხარეების ან მხარის მიერ, რომელიც მოქმედებს შეთანხმებით ან ინდივიდუალურად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პროცედურების შესაბამისად.

2. დაცვის ქვეშ მყოფ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს, მათი ამოცნობისა და ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, შეუძლიათ გამოიყენონ სტანდარტული საავიაციო სარადარო სისტემები და/ან საზღვაო ძიებისა და სამაშველო სარადარო სისტემები.

შესაძლებელი უნდა იყოს დაცვის ქვეშ მყოფი სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების ამოცნობა სხვა სატრანსპორტო საშუალებებისა და საჰაერო ხომალდების მიერ, რომლებიც აღჭურვილია მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემით, რადიოლოკაციური გადამცემის მიერ გაცემული კოდის საშუალებით, მაგალითად, 3/A რეჟიმში, რომელიც სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებისთვისაა გამიზნული.

სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების მიერ გადაცემული კოდი მისთვის მინიჭებული უნდა იყოს კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოს მიერ და მის შესახებ უნდა ეცნობოს კონფლიქტის ყველა მხარეს.

3. სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებათა ამოცნობა შესაძლებელი უნდა იყოს წყალქვეშა ნავების მიერ, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების მიერ გადაცემული შესაბამისი წყალქვეშა აკუსტიკური სიგნალის მეშვეობით.

წყალქვეშა აკუსტიკური სიგნალი შედგება გემის გამოძახების სიგნალისგან (ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სხვა ნებისმიერი აღიარებული საშუალებისგან), რომელსაც წინ უძღვის შესაბამის აკუსტიკურ სიხშირეზე (მაგ., 5 კჰც) მორზეს სისტემით გადაცემული ერთიანი ჯგუფი YYY.

კონფლიქტის მხარეებმა, რომელთაც სურთ ზემოაღნიშნული წყალქვეშა აკუსტიკური ამოსაცნობი სიგნალის გამოიყენება, ამის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა აცნობონ დაინტერესებულ მხარეებს და, მათი ჰოსპიტალური გემების გამოყენების შესახებ შეტყობინების გაკეთებისას, დაადგინონ გამოსაყენებელი სიხშირე.

4. კონფლიქტის მხარეებს, მათ შორისб სპეციალური შეთანხმებით, მათ მიერ გამოყენებისთვის შეუძლიათ დააწესონ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების, სამედიცინო წყლისა და საჰაერო ხომალდების ამოცნობის მსგავსი სისტემები.

თავი IV

კომუნიკაცია

მუხლი 10 – რადიოკავშირი🔗

1. წინამდებარე ოქმის 22-ე, 23-ე და 25-31-ე მუხლებში აღწერილი პროცედურების შესრულებისას, ამ წესების მე-8 მუხლში მითითებული საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალი წინ უძღვის სამედიცინო დანაყოფებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების მიერ რადიოკავშირის დამყარებას.

2. ITU-ს რადიოკავშირის წესების მე-40 (ნაწილი II, №3209) და №40 (ნაწილი III, №3214) მუხლებში ნახსენებ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ კავშირი აწარმოონ თანამგზავრული სისტემების მეშვეობით, მობილურ-თანამგზავრულ მომსახურებათა შესახებ ITU-ს რადიოკავშირის წესების 37-ე, №37 და 59-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად.

მუხლი 11 – საერთაშორისო კოდების გამოყენება🔗

სამედიცინო დანაყოფებსა და სატრანსპორტო საშუალებებს აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კოდები და სიგნალები. ეს კოდები და სიგნალები გამოყენებული უნდა იქნეს ამ ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტების, პრაქტიკისა და პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 12 – კომუნიკაციის სხვა საშუალებები🔗

როდესაც შეუძლებელია ორმხრივი რადიოკავშირის დამყარება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგნალები, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული სიგნალების საერთაშორისო კოდექსში ან „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის (ცვლილებებითა და დამატებებით) შესაბამის დანართში .

მუხლი 13 – ფრენის გეგმა🔗

წინამდებარე ოქმის 29-ე მუხლში გათვალისწინებული ფრენის გეგმასთან დაკავშირებული შეთანხმებები და შეტყობინებები, შეძლებისდაგვარად, ფორმულირებული უნდა იქნეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 14 – სამედიცინო საჰაერო ხომალდის გადაჭერასთან დაკავშირებული სიგნალები და პროცედურები🔗

თუ ფრენის განმავლობაში სამედიცინო საჰაერო ხომალდის ამოსაცნობად ან ამ უკანასკნელის წინამდებარე ოქმის 30-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად მიწაზე დაშვების მოთხოვნისათვის გამოყენებულია გადამჭერი საჰაერო ხომალდი, გადამჭერი და სამედიცინო საჰაერო ხომალდმა უნდა გამოიყენონ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის (ცვლილებებითა და დამატებებით) მე-2 დანართში გათვალისწინებული ვიზუალური და რადიოგადაჭერის სტანდარტული პროცედურები.

თავი V

სამოქალაქო თავდაცვა

მუხლი 15 – პირადობის მოწმობა🔗

1. წინამდებარე ოქმის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობა მოწესრიგებულია წინამდებარე წესების მე-2 მუხლის შესაბამისი დებულებებით.

2. სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობა შეიძლება შეესაბამებოდეს მე-3 გამოსახულებაზე აღნიშნულ ნიმუშს.

3. თუ სამოქალაქო თავდაცვის პერსონალს ნებადართული აქვს მსუბუქი პირადი იარაღის ტარება, აღნიშნულ პირადობის მოწმობაში ამის შესახებ გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

გამოსახულება 3: სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობის ნიმუში (ფორმატი: 74მმX105მმ)

მუხლი 16 – საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი🔗

1. წინამდებარე ოქმის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი არის ნარინჯისფერ ფონზე გამოსახული ლურჯი ტოლფერდა სამკუთხედი. ნიმუში ნაჩვენებია მე-4 გამოსახულებაზე:

გამოსახულება 4: ლურჯი სამკუთხედი ნარინჯისფერ ფონზე

2. რეკომენდებულია, რომ:

(ა) თუ ლურჯი სამკუთხედი გამოსახულია დროშაზე, სამკლავურსა ან მოსასხამზე, მაშინ დროშა, სამკლავური ან მოსასხამი იყოს ნარინჯისფერი;

(ბ) სამკუთხედის ერთ-ერთი კუთხე მიმართული იყოს ვერტიკალურად ზევით;

(გ) სამკუთხედის არცერთი კუთხე არ ეხებოდეს ნარინჯისფერი ფონის კიდეს.

3. საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი სიდიდით უნდა იყოს ისეთი, როგორსაც გარემოებები მოითხოვს. შესაძლებლობის შემთხვევაში, ის დატანილი უნდა იქნეს ბრტყელ ზედაპირზე ან ყველა შესაძლო მიმართულებიდან და რაც შეიძლება დიდი მანძილიდან ხილვად დროშებზე. კომპეტენტური ორგანოს ინსტრუქციების შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვის პერსონალი, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ატარებდეს თავსაბურავსა და ტანსაცმელს, რომელზედაც გამოსახულია საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი. ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ნიშანი შეიძლება ნათდებოდეს ან ანათებდეს; ის ასევე შეიძლება დამზადდეს ისეთი მასალისგან, რომელიც ამოცნობის ტექნიკური საშუალებებით მისი ამოცნობის საშუალებას იძლევა.

თავი VI

სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები

მუხლი 17 – საერთაშორისო სპეციალური ნიშანი🔗

1. საერთაშორისო სპეციალური ნიშანი სახიფათო ძალების შემცველი დანადგარებისა და ნაგებობების შესახებ, როგორც ეს წინამდებარე ოქმის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტით არის გათვალისწინებული, წარმოადგენს ერთ ღერძზე განლაგებულ, თანაბარი ზომის ღია ნარინჯისფერ სამი წრის ჯგუფს. ამასთან, მანძილი წრეებს შორის შეადგენს თითოეული წრის ერთ რადიუსს, ქვემოთ მოყვანილი მე-5 გამოსახულების შესაბამისად.

2. ნიშანი სიდიდით უნდა იყოს ისეთი, როგორსაც გარემოებები მოითხოვს. დიდი ფართობის მქონე ზედაპირზე დატანისას ის იმდენჯერ უნდა განმეორდეს, რამდენჯერაც ამას გარემოებები მოითხოვს. როცა ეს შესაძლებელია, ნიშანი გამოისახება ბრტყელ ზედაპირზე ან დროშებზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემჩნევა ყველა შესაძლო მიმართულებიდან და რაც შეიძლება შორი მანძილიდან.

3. დროშაზე გამოსახვისას, მანძილი ნიშნის გარე საზღვრებსა და დროშის მომიჯნავე მხარეებს შორის უნდა იყოს წრის ერთი რადიუსის ტოლი. დროშა უნდა იყოს მართკუთხა და ჰქონდეს თეთრი ფონი.

4. ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში ნიშანი შეიძლება ნათდებოდეს ან ანათებდეს; ის ასევე შეიძლება დამზადდეს ისეთი მასალისგან, რომელიც ამოცნობის ტექნიკური საშუალებებით მისი ამოცნობის საშუალებას იძლევა.

გამოსახულება 5: სახიფათო ძალის შემცველი დანადგარებისა და ნაგებობების აღმნიშვნელი საერთაშორისო სპეციალური ნიშანი

დანართი II

სახიფათო მივლინებებში მყოფი ჟურნალისტების

პირადობის მოწმობა

📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)““?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.1977.
როდის იქნა მიღებული „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)““?
„ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)““ მიღებულია 08.06.1977. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №08061977-01. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016864.
სად არის „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.1977 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)““, №08061977-01, 08.06.1977, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016864 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.1977). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6947304/