1. კონფლიქტის მხარეებს ეკრძალებათ დაუცველ ობიექტებზე ნებისმიერი საშუალებით თავდასხმა.
2. კონფლიქტის მხარის შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ დაუცველ ადგილად გამოაცხადონ ნებისმიერი დასახლებული პუნქტი, რომელიც შეიარაღებული ძალების ურთიერთშეხების ზონაში ან მის ახლოსაა და ღიაა მოწინააღმდეგის ოკუპაციისათვის. ასეთი ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
(ა) ევაკუირებული უნდა იყოს ყველა კომბატანტი, ასევე მობილური შეიარაღება და მობილური სამხედრო აღჭურვილობა;
(ბ) სტაციონარული სამხედრო დანადგარები ან აღჭურვილობა არ უნდა გამოიყენებოდეს მტრული მიზნებისათვის;
(გ) ხელისუფლების ორგანოებმა და მოსახლეობამ არ უნდა ჩაიდინოს მტრული მოქმედებები; და
(დ) არ უნდა ხორციელდებოდეს სამხედრო ოპერაციების მხარდამჭერი ღონისძიებები.
3. ამ ადგილზე კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და მხოლოდ მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნით დატოვებული საპოლიციო ძალების ყოფნა არ ეწინააღმდეგება მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ პირობებს.
4. მე-2 პუნქტში გათვალისწინებული განცხადება უნდა მიემართებოდეს მოწინააღმდეგე მხარეს და მასში რაც შეიძლება ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და აღწერილი დაუცველი ადგილების საზღვრები. კონფლიქტის მხარემ, რომლის სახელზეც ეს განცხადება კეთდება, უნდა დაადასტუროს მისი მიღება და აღნიშნულ ადგილებს მოეპყროს როგორც დაუცველ ადგილს, იმ შემთხვევების გარდა, როცა ფაქტობრივად არ სრულდება მე-2 პუნქტში მითითებული პირობები. ასეთ შემთხვევაში ამის შესახებ მან დაუყონებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელ მხარეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა დაცული არ არის მე-2 პუნქტის პირობები, ასეთი ადგილი განაგრძობს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.
5. კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ შეთანხმება რომელიმე ადგილის დაუცველად გამოცხადების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასეთი ადგილები არ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შეთანხმებაში რაც შეიძლება ზუსტად უნდა განისაზღვროს და აღიწეროს დაუცველი ადგილის საზღვრები; აუცილებლობის შემთხვევაში შეთანხმებით შესაძლებელია ზედამხედველობის საშუალებათა დადგენაც.
6. მხარე, რომელიც ამგვარი შეთანხმებით განსაზღვრულ ადგილს აკონტროლებს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა აღნიშნოს ისეთი ნიშნებით, რომლებზეც შესაძლებელია მეორე მხარესთან შეთანხმება. ასეთი ნიშნები უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილებზე, განსაკუთრებით კი ამ ადგილის პერიმეტრზე, საზღვრებზე და გზატკეცილებზე.
7. დაუცველი ადგილი კარგავს დაუცველი ადგილის სტატუსს, როცა აღარ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტის ან მე-5 პუნქტში ნახსენები შეთანხმების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, ეს ადგილი აგრძელებს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობა