1. სამხედრო მოქმედებების წარმოებისას, მხარეებმა მუდმივად უნდა იზრუნონ სამოქალაქო მოსახლეობის, სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დასანდობად.
2. თავდასხმებთან მიმართებით მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები:
ა) პირი, რომელიც გეგმავს თავდასხმას ან იღებს მისი განხორციელების გადაწყვეტილებას:
(i) უნდა გააკეთოს ყველაფერი პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, რათა დარწმუნდეს, რომ თავდასხმის ობიექტი არ არის არც სამოქალაქო პირი, არც სამოქალაქო ან განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი, არამედ – სამხედრო ობიექტი 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით, და რომ წინამდებარე ოქმის დებულებების შესაბამისად, მათზე თავდასხმა არ არის აკრძალული;
(ii) უნდა მიიღოს სიფრთხილის ყველა პრაქტიკულად შესაძლებელი ზომა თავდასხმის განხორციელების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევისას, რათა თავიდან აიცილოს, ან ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმამდე დაიყვანოს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევი მოსპობა, სამოქალაქო პირთა დაზიანება და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება;
(iii) თავი უნდა შეიკავოს თავდასხმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისაგან, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევ მოსპობას, სამოქალაქო პირთა დაზიანებას, სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან მათ კომბინაციას, რაც გადამეტებული იქნებოდა მოსალოდნელი კონკრეტული და პირდაპირი სამხედრო უპირატესობის მიმართ;
(ბ) თავდასხმა უნდა გაუქმდეს ან შეჩერდეს, თუ გაირკვა, რომ ობიექტი არ არის სამხედრო ობიექტი, ან განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს ან თუ მოსალოდნელია, რომ თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევ მოსპობას, სამოქალაქო პირთა დაზიანებას, სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან მათ კომბინაციას, რაც გადამეტებული იქნებოდა მოსალოდნელი კონკრეტული და პირდაპირი სამხედრო უპირატესობის მიმართ;
(გ) ისეთი თავდასხმების შესახებ, რომელიც შეიძლება შეეხოს სამოქალაქო მოსახლეობას, უნდა გაიცეს წინასწარი ეფექტური გაფრთხილება, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა გარემოებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
3. როცა მსგავსი სამხედრო უპირატესობის მოპოვებისათვის რამდენიმე სამხედრო ობიექტს შორის შესაძლებელია არჩევანის გაკეთება, არჩევანი უნდა შეჩერდეს იმ ობიექტზე, რომელზე თავდასხმაც სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებს ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის.
4. ზღვაზე ან ჰაერში სამხედრო ოპერაციების წარმოებისას კონფლიქტის თითოეული მხარე უნდა შეეცადოს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესებით გათვალისწინებული თავისი უფლებებისა და ვალდებულებების თანახმად განახორციელოს უსაფრთხოების ყველა გონივრული ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის მოსპობა და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება.
5. წინამდებარე მუხლის რომელიმე დებულება არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ თითქოს იძლეოდეს სამოქალაქო მოსახლეობაზე, სამოქალაქო პირებსა ან სამოქალაქო ობიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმის უფლება