1. კონფლიქტის მხარეებს ეკრძალებათ სამხედრო მოქმედებების წარმოების გავრცელება ტერიტორიაზე, რომელიც მათ შორის შეთანხმებით დემილიტარიზებულ ზონად არის აღიარებული, თუ ასეთი გავრცელება ამგვარი შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგება.

2. ასეთი შეთანხმება უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული შეთანხმება, შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, უშუალოდ, მფარველი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით, და შეიძლება შეიცავდეს ორმხრივ და ურთიერთშეთანხმებულ განცხადებებს. ასეთი შეთანხმებების დადება შესაძლებელია როგორც მშვიდობიან დროს, ისე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდგომაც, და რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროს და აღიწეროს დემილიტარიზებული ზონის საზღვრები და, აუცილებლობის შემთხვევაში, დაადგინოს ზედამხედველობის მეთოდები.

3. ამგვარი შეთანხმების საგანი, ჩვეულებრივ, არის ნებისმიერი ზონა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

(ა) ევაკუირებული უნდა იყოს ყველა კომბატანტი, მობილური შეიარაღება და მობილური საბრძოლო აღჭურვილობა;

(ბ) სტაციონარული სამხედრო დანადგარები და ნაგებობები არ უნდა გამოიყენებოდეს მტრული მიზნებისათვის;

(გ) ხელისუფლების ორგანოებმა და მოსახლეობამ არ უნდა ჩაიდინოს მტრული მოქმედებები; და

(დ) უნდა შეწყდეს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა.

კონფლიქტის მხარეები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა განიმარტოს (დ) ქვეპუნქტის პირობები და შეთანხმდნენ მე-4 პუნქტში მითითებული პირებისგან განსხვავებულ იმ პირებზე, რომლებიც დაიშვებიან დემილიტარიზებულ ზონაში.

4. ასეთ ზონაში კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და მხოლოდ მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნით დატოვებული საპოლიციო ძალების ყოფნა არ ეწინააღმდეგება მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ პირობებს.

5. მხარე, რომელიც ასეთ ზონას აკონტროლებს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა აღნიშნოს ის ისეთი ნიშნებით, რომლებზეც შესაძლებელია მეორე მხარესთან შეთანხმება. ასეთი ნიშნები უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილებზე, განსაკუთრებით კი ამ ადგილის პერიმეტრზე, საზღვრებზე და გზატკეცილებზე.

6. თუ საბრძოლო მოქმედებები დემილიტარიზებულ ზონას უახლოვდება და თუ კონფლიქტის მხარეები ამაზე შეთანხმდნენ, არცერთ მათგანს არ შეუძლია ამ ზონის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული მიზნებისათვის გამოყენება ან ამ ზონების სტატუსის ცალმხრივად გაუქმება.

7.  თუ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე არსებითად დაარღვევს მე-3 ან მე-6 პუნქტების დებულებებს, მეორე მხარე თავისუფლდება ამ ზონისათვის დემილიტარიზებული სტატუსის მიმნიჭებელი შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებებისაგან. ასეთ შემთხვევაში, ზონა კარგავს თავის სტატუსს, მაგრამ აგრძელებს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.

თავი VI

სამოქალაქო თავდაც