1. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებში განწესებული სამხედრო შენაერთები და შეიარაღებული ძალების წევრები სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით, იმ პირობით, რომ:
(ა) ასეთი პერსონალი და ასეთი დანაყოფები განწესებული არიან მუდმივად და ასრულებენ მხოლოდ 61-ე მუხლში მითითებულ რომელიმე ამოცანას;
(ბ) ამგვარად განწესების შემთხვევაში ასეთი პერსონალი კონფლიქტის დროს არ ასრულებს რაიმე სხვა სამხედრო მოვალეობას;
(გ) ასეთი პერსონალი აშკარად გამოირჩევა შეიარაღებული ძალების სხვა წევრებისგან სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას ტარებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ზომის და ასეთ პერსონალს ეძლევა წინამდებარე ოქმის I დანართის V თავში მითითებული პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ სტატუსს;
(დ) ასეთი პერსონალი და ასეთი შენაერთები შეიარაღებულნი არიან მხოლოდ მსუბუქი იარაღით წესრიგის დაცვისა და თავდაცვის მიზნით. ამ შემთხვევაში ასევე გამოიყენება 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები;
(ე) ასეთი პერსონალი უშუალოდ არ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულების გარდა არ ახორციელებს მოწინააღმდეგისთვის საზიანო მოქმედებებს ან არ გამოიყენება ასეთი მოქმედებების ჩასადენად;
(ვ) ასეთი პერსონალი და ასეთი სამხედრო შენაერთები სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ მხოლოდ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში.
აკრძალულია (ე) ქვეპუნქტში მითითებული დებულებების შეუსრულებლობა შეიარაღებული ძალების ნებისმიერი წევრის მიერ, რომელიც შეზღუდულია (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული პირობებით.
2. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციებში მომსახურე სამხედრო პირები მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრისას ხდებიან სამხედრო ტყვეები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ ამ ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, დასაქმდნენ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებზე, რამდენადაც ამას საჭიროება მოითხოვს, იმ პირობით, რომ თუ ასეთი სამუშაო სახიფათოა, ისინი ნებაყოფლობით შეასრულებენ ამ ამოცანებს.
3. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებისთვის გადაცემული სამხედრო შენაერთების შენობები, მსხვილი აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები მკაფიოდ უნდა აღინიშნოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნით. განმასხვავებელი ნიშანი უნდა იყოს საჭიროებისამებრ დიდი.
4. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებისთვის მუდმივად გადაცემული სამხედრო შენაერთების მატერიალური რესურსები და შენობები, რომლებიც მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლადაა განკუთვნილი, მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრისას, მათზე კვლავ ვრცელდება ომის წესების მოქმედება. დაუშვებელია მათი სამოქალაქო თავდაცვის მიზნის შეცვლა მანამ, სანამ ისინი საჭიროა სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად, გარდა იმპერატიული სამხედრო აუცილებლობის შემთხვევებისა, თუ წინასწარ არ არის მიღებული ზომები სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებების სათანადო უზრუნველყოფის მიზნით.
ნაწილი II
სამოქალაქო მოსახლეობის დახმარე