1. როცა კონფლიქტის მხარის კონტროლს დაქვემდებარებული, მაგრამ არაოკუპირებული რომელიმე ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობა 69-ე მუხლში მითითებული საშუალებებით არასაკმარისად მარაგდება, ამგვარი დახმარების ოპერაციებით დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმებათა და ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე, უნდა განხორციელდეს ჰუმანიტარული და მიუკერძოებელი სახის დახმარების ოპერაციები. ასეთი დახმარების გაწევის შემოთავაზება არ ითვლება შეიარაღებულ კონფლიქტში ჩარევად ან მტრულ აქტად. მიღებული დახმარების განაწილებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ისეთ პირებს, როგორიცაა ბავშვები, ორსული ქალები, მშობიარეები და მეძუძური დედები, რომლებიც მეოთხე კონვენციისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად პრივილეგირებული მოპყრობითა და განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ.

2. კონფლიქტის მხარეებმა და თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ ნება უნდა დართოს ყველა იმ ტვირთის, მოწყობილობისა და პერსონალის სწრაფ და შეუფერხებელ გატარებას, რომელიც, წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, დახმარების გასაწევად არის განკუთვნილი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ასეთი დახმარება მოწინააღმდეგე მხარის სამოქალაქო მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.

3. კონფლიქტის მხარეს და თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც, მე-2 პუნქტის თანახმად, იძლევა ტვირთის, აღჭურვილობისა და პერსონალის გატარების ნებართვას დახმარების გასაწევად:

(ა) უფლება აქვს, შემოიღოს ტექნიკური ზომები, ტვირთის დათვალიერების ჩათვლით, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ნებადართულია ტვირთის გატარება;

(ბ) შეუძლია, რომ ასეთი ნებართვა გასცეს იმ პირობით, რომ ეს დახმარების განაწილდება მფარველი სახელმწიფოს ადგილობრივი ზედამხედველობის ქვეშ;

(გ) არ შეუძლია, რომ რაიმე სახით შეცვალოს დახმარების ტვირთის დანიშნულება ან შეაფერხოს მისი გატარება, გარდა შესაბამისი სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა.

4. კონფლიქტის მხარეებმა უნდა უზრუნველყონ დახმარების ტვირთების დაცვა და ხელი უნდა შეუწყონ მათ სწრაფ განაწილებას.

5. კონფლიქტის მხარეებმა და თითოეულმა დაინტერესებულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წაახალისოს და ხელი შეუწყოს პირველ პუნქტში მითითებული დახმარების ოპერაციების ეფექტურ საერთაშორისო კოორდინაცია