1. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ოთხი წლისა, ხოლო შემდგომში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უნდა გამართოს კონსულტაციები მაღალ ხელშემკვრელ მხარეებთან წინამდებარე ოქმის I დანართის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია მოიწვიოს ტექნიკური ექსპერტების შეხვედრა დანართის გადახედვისა და მასში სასურველი შესწორებების შეტანის მიზნით. თუ შეხვედრის მოწვევის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ერთი მესამედი არ დააფიქსირებს წინააღმდეგობას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დანიშნავს შეხვედრას და მასზე დასასწრებად ასევე მოიწვევს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს. ასეთი შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უნდა მოიწვიოს ნებისმიერ დროს, მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

2. დეპოზიტარმა უნდა მოიწვიოს მაღალი ხელშემკვრელი და კონვენციების მხარეთა კონფერენცია ტექნიკური ექსპერტების შეხვედრის მიერ შეთავაზებული შესწორებების განსახილველად, თუ ამას შეხვედრის შემდეგ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ერთი მესამედი მოითხოვს.

3. I დანართის შესწორებები შეიძლება მიღებულ იქნეს ამგვარ კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ორი მესამედის უმრავლესობით.

4. დეპოზიტარმა მაღალ ხელშემკვრელ და კონვენციების მხარეებს უნდა აცნობოს ამგვარად მიღებული ნებისმიერი შესწორების შესახებ. შესწორება მიღებულად ითვლება ამგვარი შეტყობინების გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი ხელშემკვრელი მხარეების, სულ ცოტა, ერთმა მესამედმა დეპოზიტარს არ გაუგზავნა განცხადება შესწორების მიუღებლობის თაობაზე.

5. მე-4 პუნქტის თანახმად მიღებული შესწორებები ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შედის მიღებიდან სამი თვის შემდეგ, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც მე-4 პუნქტის თანახმად გააკეთეს დეკლარაცია შესწორების მიუღებლობის თაობაზე. აღნიშნული დეკლარაციის გამკეთებელ ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი უკან გამოხმობა, ხოლო შესწორება ამ მხარისათვის ძალაში შედის სამი თვის შემდეგ.

6. დეპოზიტარი მაღალ ხელშემკვრელ და კონვენციის მხარეებს აცნობებს ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლისა და იმ მხარეების შესახებ, რომლებზეც იგი ვრცელდება, ასევე ცალკეული მხარისათვის მისი ძალაში შესვლის თარიღის, მე-4 პუნქტის თანახმად გაკეთებული შესწორების მიუღებლობის განცხადებებისა და ასეთი განცხადებების უკან გამოხმობის შესახე