ამ კონვენციის მიზნებისათვის:
(ა) „დაჭრილები“ და „ავადმყოფები“ აღნიშნავს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ისე სამოქალაქო პირებს, რომელთაც ტრავმის, ავადმყოფობის ან სხვა ფიზიკური ან ფსიქიკური აშლილობის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან მოვლა და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი მტრული მოქმედებისგან. ეს განსაზღვრებები ასევე მოიცავს დედობის შემთხვევებს, ახალშობილებსა და სხვა პირებს, რომელთაც შესაძლოა ესაჭიროებოდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან მოვლა, მაგალითად, უმწეოებს და ორსულ ქალებს, და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი მტრული მოქმედებისაგან;
(ბ) „ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები“ აღნიშნავს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ისე სამოქალაქო პირებს, რომლებიც საფრთხეში არიან ზღვაში ან სხვა წყლებში მათზე ან მათ გადამყვან საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე უბედური შემთხვევის შედეგად, და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი სახის მტრული მოქმედებისაგან. ეს პირები, იმ პირობით, რომ განაგრძობენ ნებისმიერი მტრული მოქმედებისაგან თავის შეკავებას, ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებად ითვლებიან გადარჩენის განმავლობაში იმ დრომდე, ვიდრე მიიღებენ კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ სხვა სტატუსს;
(გ) „სამედიცინო პერსონალი“ აღნიშნავს კონფლიქტის მხარის მიერ ექსკლუზიურად „ე“ ქვეპუნქტში მითითებული სამედიცინო მიზნების აღსრულებისთვის ან სამედიცინო დანაყოფების ადმინისტრირებისთვის, ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების ადმინისტრირების ან ოპერირებისთვის დანიშნულ პირებს. ასეთი დანიშვნა შეიძლება იყოს ან მუდმივი, ან დროებითი. ეს ტერმინი მოიცავს:
კონფლიქტის მხარის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს, რომელიც მოიცავს პირველ და მეორე კონვენციებში მითითებულ პერსონალს, და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებზე მიმაგრებულ პერსონალს;
წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებებისა და კონფლიქტის მხარის მიერ სათანადოდ აღიარებული და ავტორიზებული სხვა ეროვნული ნებაყოფლობითი დამხმარე საზოგადოების სამედიცინო პერსონალს;
სამედიცინო დანაყოფების ან მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სამედიცინო პერსონალს;
(დ) „რელიგიური პერსონალი“ გულისხმობს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, როგორიცაა კაპელანები, რომლებიც ჩართულნი არიან ექსკლუზიურად რელიგიური საქმიანობაში და მიმაგრებულნი არიან:
კონფლიქტის მხარეთა შეიარაღებულ ძალებზე;
კონფლიქტის მხარის სამედიცინო დანაყოფებზე ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებზე;
სამედიცინო დანაყოფებზე ან მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებზე; ან
კონფლიქტის მხარის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებზე.
რელიგიური პერსონალის მიმაგრება შეიძლება იყოს ან მუდმივი ან დროებითი, და მასზე ვრცელდება (ლ) ქვეპუნქტის შესაბამისი დებულებები;
(ე) „სამედიცინო დანაყოფები“ ნიშნავს დაწესებულებებსა და სხვა დანაყოფებს, სამხედროს თუ სამოქალაქოს, რომლებიც ორგანიზებულია სამედიცინო მიზნებისთვის, კერძოდ, დაჭრილების, ავადმყოფების და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების ძებნის, თავმოყრის, ტრანსპორტირების, დიაგნოსტიკის ან მკურნალობის – მათ შორის პირველადი დახმარების გაწევის – მიზნებისთვის, ან დაავადებების პრევენციისთვის. ტერმინი მოიცავს, მაგალითად, საავადმყოფოებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს, სისხლის გადასხმის ცენტრებს, პრევენციული მედიცინის ცენტრებსა და ინსტიტუტებს, სამედიცინო საწყობებს და ასეთი დაწესებულებების სამედიცინო და ფარმაცევტულ საწყობებს. სამედიცინო დანაყოფები შეიძლება იყოს სტაციონარული ან მოძრავი, მუდმივი ან დროებითი;
(ვ) „სამედიცინო ტრანსპორტირება“ ნიშნავს კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით დაცული დაჭრილების, ავადმყოფების, გემის დაღუპვაში მოყოლილი პირების, სამედიცინო პერსონალის, რელიგიური პერსონალის, სამედიცინო აღჭურვილობის ან სამედიცინო მარაგების ხმელეთით, წყლით ან ჰაერით გადაყვანას;
(ზ) „სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს ნებისმიერ სამხედრო თუ სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებას, მუდმივს ან დროებითს, რომელიც განკუთვნილია ექსკლუზიურად სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის და რომელსაც აკონტროლებს კონფლიქტის მხარის კომპეტენტური ორგანო;
(თ) „სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს ნებისმიერ სახმელეთო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას;
(ი) „სამედიცინო გემები და ხომალდები“ ნიშნავს წყლის ნებისმიერ სახმელეთო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას;
(კ) „სამედიცინო საჰაერო ხომალდი” ნიშნავს ნებისმიერ საჰაერო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას;
(ლ) „მუდმივი სამედიცინო პერსონალი“, „მუდმივი სამედიცინო დანაყოფები“ და „მუდმივი სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს განუსაზღვრელი ვადით ექსკლუზიურად სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილ პერსონალს, დანაყოფებსა და სატრანსპორტო საშუალებებს. „დროებითი სამედიცინო პერსონალი“, „დროებითი სამედიცინო დანაყოფები“ და „დროებითი სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ ნიშნავს შეზღუდული ვადით ექსკლუზიურად სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ პერსონალს, დანაყოფებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, მთელი ასეთი პერიოდის განმავლობაში. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ტერმინები „სამედიცინო პერსონალი“, „სამედიცინო დანაყოფები“ და „სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები“ მოიცავს როგორც მუდმივ, ასევე დროებით კატეგორიებს;
(მ) „განმასხვავებელი ემბლემა“ ნიშნავს თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელ ემბლემას, როდესაც ის გამოიყენება სამედიცინო დანაყოფებისა და სატრანსპორტო საშუალებების, ან სამედიცინო და რელიგიური პერსონალის, აღჭურვილობის ან მარაგების დასაცავად;
(ნ) „განმასხვავებელი სიგნალი“ ნიშნავს ნებისმიერ სიგნალს ან შეტყობინებას, რომელიც წინამდებარე ოქმის I დანართის III თავის შესაბამისად განსაზღვრულია ექსკლუზიურად სამედიცინო დანაყოფების ან სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებისთვი