1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს წინასწარი შეთანხმება, სამედიცინო საჰაერო ხომალდმა არ უნდა გადაიფრინოს ან დაეშვას ნეიტრალური ან იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე. თუმცა, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში სამედიცინო საჰაერო ხომალდები მთელი ფრენის და ასევე დროებითი დაფრენის განმავლობაში სარგებლობენ პატივისცემით. მიუხედავად ამისა, ისინი გარემოებების შესაბამისად უნდა დაემორჩილონ ხმელეთზე ან წყალზე დაშვების მოთხოვნას.

2. იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო საჰაერო ხომალდმა, შეთანხმების არარსებობის ან შეთანხმების პირობების დარღვევით, სანავიგაციო შეცდომის ან გადაუდებელი გარემოებების გამო, რომელიც გავლენას ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე, დაფრინდება ნეიტრალური ან ისეთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე, უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა შეატყობინოს ფრენის შესახებ და ამოიცნონ. სამედიცინო საჰაერო ხომალდის ასეთად ამოცნობისთანავე, ამ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა გასცეს 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ბრძანება ხმელეთზე ან წყალზე დაშვების შესახებ, ან მიიღოს სხვა ზომები თავისი ინტერესების დასაცავად და ორივე შემთხვევაში საჰაერო ხომალდს უნდა მისცეს ბრძანების შესრულების დრო, სანამ მასზე განახორციელებს შეტევას.

3. როდესაც სამედიცინო საჰაერო ხომალდი, შეთანხმების შესაბამისად, ან მე-2 პუნქტში მითითებულ გარემოებებში, ბრძანების ან სხვა მიზეზების გამო, დაეშვება ნეიტრალური ან ისეთი სახელმწიფოს ხმელეთზე ან წყალზე, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე, ის უნდა შემოწმდეს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის ნამდვილად სამედიცინო საჰაერო ხომალდი. შემოწმება უნდა დაიწყოს დაყოვნების გარეშე და ჩატარდეს სწრაფად. შემმოწმებელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დაჭრილებისა და ავადმყოფების ხომალდიდან გადმოყვანა, თუ ეს აუცილებელი არ არის შემოწმებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში შემმოწმებელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ შემოწმების ან გადმოყვანის შედეგად დაჭრილებისა და ავადმყოფების მდგომარეობა არ გაუარესდეს. თუ შემოწმება ცხადყოფს, რომ საჰაერო ხომალდი ნამდვილად სამედიცინო საჰაერო ხომალდია, მას, მასში მყოფი პირებით, იმ პირთა გამოკლებით, რომლებიც ექვემდებარებიან დაკავებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, უნდა დაერთოს ფრენის გაგრძელების ნება და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ფრენის გაგრძელების გონივრული პირობებით. თუ დადგინდა, რომ ეს საჰაერო ხომალდი არ არის სამედიცინო საჰაერო ხომალდი, მას დააკავებენ და მასში მყოფ პირებს მოეპყრობიან მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით ნეიტრალური ან კონფლიქტის არამხარე სახელმწიფოს  ტერიტორიაზე გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, დროებით გადმოყვანილი პირების გამოკლებით, გარდა ამ სახელმწიფოსა და კონფლიქტის მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის შემთხვევისა, ამ სახელმწიფოს მიერ, როცა ამას შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმები მოითხოვს, იმგვარად იქნებიან დაკავებულნი, რომ მათ ვეღარ შეძლონ საბრძოლო მოქმედებებში კვლავ მონაწილეობა. ინტერნირებასა და საავადმყოფოში მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.

5. ნეიტრალურმა და სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარეები, კონფლიქტის ყველა მხარის მიმართ თანაბრად უნდა გამოიყენონ მათი ტერიტორიის თავზე სამედიცინო საჰაერო ხომალდების გადაფრენასთან ან მათ ტერიტორიაზე დაშვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პირობა და შეზღუდვა.

ნაწილი III

უგზო-უკვლოდ დაკარგული და გარდაცვლილი პირე