1. მოქმედ საამქროებში, თუ საკაზმე მასალების დოზირებისა და მათი ალუმინის ფხვნილთან და გვარჯილასთან შერევისათვის ოპერაციების ცალკე სათავსში ჩატარება შეუძლებელია, განხორციელებული უნდა იქნეს ღონისძიებები აფეთქებასაფრთხიანი აეროტივტივარების წარმოქმნისა და მტვრის დაგროვების თავიდან ასაცილებლად.
2. ლითონთერმული საამქროების შიგა კედლებს კაზმის დოზირების, შერევისა და გადაყრის ადგილებში უნდა ჰქონდეს გლუვი მობათქაშებული ზედაპირი მინიმალური რაოდენობის შვერილებითა და კარნიზებით მათზე ადვილაალებადი მტვრის დალექვის გამოსარიცხად.
3. ლითონთერმული საამქროების სადნობ კორპუსში ადვილაალებადი მასალები უნდა ინახებოდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ლითონის დახურულ ტარაში (ქილებში, კასრებში და ა.შ.) არა უმეტეს ორი დღე-ღამის მარაგით. ამ მასალების ხანგრძლივი შენახვა საწარმოში უნდა ხდებოდეს ცალკეულ საწყობებში, რომლებიც პასუხობენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
4. ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალების და მათ საფუძველზე მომზადებული ნარევების ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მახასიათებლები: ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალებისათვის – აალებადობის კონცენტრაციის ქვედა ზღვარი; აეროტივტივარების აალების და შრეში თვითაალების ტემპერატურა; აფეთქების მაქსიმალური წნევა, ხოლო ნარევებისათვის, გარდა ამისა – დამოუკიდებელი წვის უნარი. მჟანგავშემცველი ნარევებისათვის ნაჩვენები უნდა იყოს საანგარიშო კუთრი სითბო, წვის ტემპერატურა და მგრძნობიარობა მექანიკური ზემოქმედების (ხახუნი, დარტყმა) მიმართ. ბოლო მახასიათებელი განისაზღვრება აგრეთვე ნარევის აქტიური შემდგენისათვის (საწვავის და მჟანგავის ნარევი). აღნიშნული მახასიათებლების განსაზღვრა (გარდა კუთრი სითბოსი და წვის ტემპერატურისა) და დასკვნა ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალებისა და მათ საფუძველზე დამზადებული ნარევების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ გაიცემა შესაბამისი სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ.
5. აკრძალულია ფეროშენადნობთა წარმოების დროს იმ ნარევების გამოყენება:
ა) რომელთა წვის პროცესი გადადის აფეთქებაში;
ბ) რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი წვის უნარი და 50 კჯოული/მოლზე მეტი წვის პროცესის კუთრი სითბო;
გ) რომელთა მგრძნობიარობა მექანიკურ ზემოქმედებაზე (დარტყმა) არ აღემატება 19,6 ჯოულს, ხოლო მათი აქტიური შემდგენის მგრძნობიარობა – 9,8 ჯოულს.
6. ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალებისა და ნარევების შენახვა და წარმოება უნდა ხდებოდეს 2006წ. 16 მაისს საქართველოს მთავრობის №95 დადგენილებით დამტკიცებული „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“ თანახმად.
7. ლითონთერმული საამქროების სათავსებში, სადაც მიმდინარეობს მასალების დაქუცმაცება და დაფქვა, უნდა ხდებოდეს დალექილი მტვრის პერიოდული აწმენდა კედლებიდან, ჭერიდან და სხვა სამშენებლო კონსტრუქციებიდან. აწმენდის პერიოდულობა უნდა გამორიცხავდეს მტვრის დაგროვებას იმ რაოდენობით, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება წვა შრეში ან აეროტივტივაში. მტვრისგან აწმენდის პერიოდულობის წესი და უსაფრთხოების ღონისძიებები განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით.
8. ლითონთერმული წარმოებისას აფეთქებასაფრთხიანი არის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს მასალების ფლეგმატიზაცია. ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალების ფლეგმატიზაციის ტექნოლოგია და ამისთვის გამოყენებული მასალები უნდა გამორიცხავდეს აფეთქებასაფრთხიანი აეროტივტივარების წარმოქმნის შესაძლებლობას ფხვნილისებრი მასალების შემდგომი გადამუშავებისას.
9. ლითონთერმული წარმოებისას იმ აფეთქებასაშიში ნარევების დამზადების დროს, რომელთა შემადგენლობაში შედის აქტიური მჟანგავები, შემრევ მოწყობილობაში ან ჩამტვირთავ ბუნკერში პირველ რიგში უნდა ჩაიტვირთოს ინერტული მასალები ან ძნელად აღსადგენი ოქსიდები, ამის შემდეგ კი – აქტიური მჟანგავები. ამ კომპონენტების შერევის შემდეგ აუცილებელია მოხდეს ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალების ჩატვირთვა და საბოლოო შერევა. იმ ნარევების მომზადებისას, რომელთა შემადგენლობაში არ შედის აქტიური მჟანგავები და ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალები, რომელთაც აქვთ უნარი შექმნან აფეთქებასაშიში არე, პირველ რიგში უნდა ჩაიტვირთოს ინერტული მასალები და მჟანგავები, შემდეგ კი ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალები. ადვილაალებადი ფხვნილისებრი მასალების ჩატვირთვა დასაშვებია კომპონენტების წინასწარი შერევის გარეშე.
10. ლითონთერმული წარმოებისას აფეთქებახანძარსაფრთხიანი საკაზმე მასალების ბუნკერების განლაგება ელექტროხიდური ამწეების ტროლეების ქვეშ დაუშვებელია. აღნიშნულ მასალებთან მუშაობის დროს გამოყენებული უნდა იყოს არანაპერწკალწარმომქმნელი ინსტრუმენტები
,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 89. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა ლითონთერმულ წარმოებაში
თავი XXVII — საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 81. სანიტარიული მოთხოვნები ლითონთერმულ წარმოებაში
- მუხლი 83. სანიტარიული მოთხოვნები ნადნობთა შერევის მეთოდით ფეროშენადნობთა წარმოებისას
- მუხლი 84. სანიტარიული მოთხოვნები ჰიდრომეტალურგიულ და ელექტროჰიდრომეტალურგიულ წარმოებებში
- მუხლი 85. სანიტარიული მოთხოვნები სამსხმელო ჭურჭლებსა და ჩამომსხმელ მანქანებზე
- მუხლი 87. სანიტარიული მოთხოვნები წიდების გადამუშავებისა და გრანულაციისას
- მუხლი 88. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 91. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა შენადნობთა მსხვრევადაწვრილმანებისას
- მუხლი 92. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა ფეროშენადნობთა შეფუთვისა და საწყობში მოთავსებისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 89, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-89/