1. კოდექსი ეყრდნობა შემდეგ სამაუწყებლო პრინციპებს:

ა) მიუკერძოებელობა და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა;

გ) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფა, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე;

დ) თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრა.

2. კოდექსის გამოყენებისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს გამოქყვეყნებული მასალის კონტექსტი და მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები:

ა) მოსალოდნელი ზიანისა და შეურაცხყოფის მიყენების ფორმა, რომელიც შესაძლებელია მოახდინოს პროგრამაში გარკვეული შინაარსის მასალის გამოყენებამ;

ბ) სავარაუდო აუდიტორიის სიდიდე და შემადგენლობა;

გ) სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი კონკრეტული პროგრამის მიმართ, პროგრამის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების შესაძლებლობა და სავარაუდო აუდიტორიაზე პროგრამის შესაძლო ზემოქმედება;

დ) პროგრამის შინაარსობრივ ნაწილზე სარედაქციო დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

3. კოდექსის ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება მაუწყებელის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ მასალებზე