ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანტისოციალური ქცევა – საზოგადოებაში მიღებული სოციალური ნორმების საწინააღნდეგო ქცევა;
ბ) ახლო ხედი – ადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟის გარეშე ან სხეულის ცალკეული ნაწილის გამოსახულება;
გ) ბრენდი – სავაჭრო ნიშანი გამოსახული ან დაბეჭდილი ყუთზე, კოლოფსა და პაკეტებზე. საქონლის, პროდუქტის განსაკუთრებული სახეობა ამ ნიშნით;
დ) ბრენდინგი – პროდუქტისადმი ხანგრძლივი უპირატესობის მინიჭების შემქმნელი აქტივობა, რომელიც ეფუძნება მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა სახის (უწინარესად პიარი და რეკლამა) და სხვა ელემენტების (შეფუთვა და სამარკო ნიშანი) მომხმარებლის ცნობიერებაზე ერთობლივ ზემოქმედებას;
ე) გამართლებული ქმედება – საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით დადგენილი წესების შეუსრულებლობის ისეთი შემთხვევა, როდესაც დაცული სიკეთე აღემატება ზიანს და მაუწყებელს შეუძლია მოთხოვნის შეუსრულებლობის რედაქციულად დასაბუთება;
ვ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში;
ზ) დორსტეპინგი – ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. დორსტეპინგის წესები არ გამოიყენება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას;
თ) ეგზორციზმი – ფსიქიკური დარღვევების მკურნალობაში შელოცვის მეთოდების გამოყენება ავადმყოფის სხეულში თითქოსდა ჩასახლებული ეშმაკის განდევნის მიზნით, რომელმაც ავადმყოფში შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა;
ი) კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი – პირის მოლოდინი, რომ მას მოეპყრობიან აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკის ან წესების შესაბამისად. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი არ არის დამოკიდებული პიროვნების საზოგადოებრივ სტატუსზე. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი პიროვნებას შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში შემავალი პირები ინარჩუნებენ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, თუმცა ზოგიერთმა კერძო ქმედებამ შესაძლოა წამოჭრას საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება;
კ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
ლ) კონტექსტი – ისეთი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა პროგრამის ან პროგრამათა ციკლის შინაარსი; პროგრამის ან პროგრამათა ციკლის მეტნაკლებად დასრულებული ნაწყვეტი, რომლის საერთო აზრი იძლევა საშუალებას, დაზუსტდეს ან/და დასრულდეს მასში შემავალი ცალკეული სიტყვების, გამოთქმების, მოვლენების და ა.შ. მნიშვნელობა;
მ) მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთება – რედაქციის არგუმენტირებული წერილობითი მოთხოვნა სამაუწყებლო ბადეში გამონაკლისის დაშვებაზე. გამონაკლისი დაიშვება პროგრამის (გადაცემის) შინაარსის სრულყოფილად გაშლის (წარმოჩენის) ან/და კონტექსტის შესანარჩუნებლად;
ნ) მშობელი – არასრულწლოვნის დედა, მამა, მშვილებელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
ო) ოკულტიზმი – მისტიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ბუნებაში არსებობენ იდუმალი, ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მსგავსი საშუალებებით;
პ) ოჯახური ძალადობა – განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან სხვა სახის შეურაცხყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი ახორციელებს მეორეზე მასზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით, მხედველობაშია რეალური ქმედება ან მუქარა;
ჟ) პარანორმალური მოვლენა – მოვლენა, რომელიც მეცნიერულად არ დასტურდება, ანუ აქამდე მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნით არ აიხსნება;
რ) პროგრამასთან დაკავშირებული მასალა – მესამე პირებისაგან მიღებული მასალა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროგრამის თემას და ეხმარება მაყურებელს ან მსმენელს გაიგოს პროგრამის არსი და შინაარსი;
ს) პროდუქციის განთავსება – პროდუქციის ან მომსახურების პროგრამაში აუდიოვიზუალური ასახვა პროგრამის შემქმნელის ან მაუწყებლისთვის (ან მათი წარმომადგენლის ან პარტნიორისთვის) გარკვეული საზღაურის გადახდის ან სხვა სარგებლის შეთავაზების სანაცვლოდ;
ტ) ჟურნალისტური გამოძიება – ინსტიტუტებისა და საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის ან ქმედების დეტალური კვლევა და შესწავლა;
უ) საბავშვო დრო – დროის ისეთი მონაკვეთი, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, რომ არასრულწლოვნები ოჯახის წევრ ზრდასრული წევრებისაგან დამოუკიდებლად უსმენენ ან უყურებენ ტელერადიოსამაუწყებლო პროგრამებს;
ფ) საზოგადოებრივი ინტერესი – მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან;
ქ) სექსუალური კონტექსტი – სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების, თვითდაკმაყოფილების ან სხვათა აღგზნების მიზნით შიშველი სხეულის დემონსტრირება;
ღ) სექსუალური სცენა – კადრი, რომელშიც ნაჩვენებია პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით ან/და პერსონაჟი სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და სხვა პირზე სექსუალური ზემოქმედების მიზნით, რა დროსაც არ ჩანს შიშველი სხეული;
ყ) სქესობრივი აქტი – შეუღლების, შეერთების ან სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული ჰეტეროსექსუალურ, ჰომოსექსუალურ ან სხვაგვარ პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი, რა დროსაც ჩანს შიშველი სხეული, ან/და პერსონაჟის შიშველი სხეული სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და სხვა პირთა სექსუალური აღგზნების პროცესში;
შ) სპონსირებული პროგრამა – რეკლამის დამკვეთის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ასევე პროგრამა, რომლის მომზადების ხარჯებს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს სპონსორი, რომელსაც სურს საფირმო/სასაქონლო ნიშნის, სახელწოდების, იმიჯის, საქმიანობის, მომსახურების, პროდუქციის პოპულარიზაცია ან გააჩნია სხვა სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი;
ჩ) ფარული ჩაწერა – ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით საუბრის ჩაწერა ან ჩაწერის გაგრძელება ინფორმირებული თანხმობის გარეშე, როდესაც ჩაწერის ობიექტმა არ იცის, რომ იწერენ ან როცა ობიექტი ვარაუდობს, რომ ჩაწერა დამთავრდა; ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეო-კამერის გამოყენება ან დატოვება კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპოდენტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე;
ც) შიშველი სხეული – ადამიანის სხეული, რომელზეც ჩანს სასქესო ორგანოები ან/და ქალის მკერდი სექსუალურ კონტექსტში;
ძ) შესაფერისი განრიგი – სამაუწყებლო ბადის ისეთი გეგმა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია პროგრამის შინაარსი; სავარაუდო აუდიტორიაში არასრულწლოვანთა რაოდენობა და ასაკი (სასკოლო საათების, უქმე დღეებისა და არდადეგების მხედველობაში მიღებით); კონკრეტული მაუწყებლის ან პროგრამის ხასიათი; კონკრეტულ დღესა და საათზე კონკრეტული მაუწყებლის მიერ გადაცემული პროგრამისადმი აუდიტორიის სავარაუდო მოლოდინი;
წ) შორი ხედი – ადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟთან ერთად, როდესაც გარემოს წამყვანი ადგილი უკავია;
ჭ) წყალგამყოფი – საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ბადეში დროის გამყოფი ზღვარი, რომელიც იწყება 06.00 საათზე და სრულდება 20.00 საათზე და რომელიც თავისუფალია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისაგან; არასრულწლოვნებისათვის მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისა და პროგრამებში მასალების განთავსება 20.00 საათიდან 24.00 საათამდე შეზღუდულია ამ კოდექსით დადგენილი დროითი ფარგლებით.