1. სამაუწყებლო ბადის დაგეგმვისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს:
ა) პროგრამის ხასიათი;
ბ) აუდიტორიის სავარაუდო სიდიდე და ასაკი, სასკოლო დრო, დასვენებისა და უქმე დღეები;
გ) პროგრამის დაწყებისა და დასრულების დრო;
დ) მაუწყებლისა და კონკრეტული პროგრამის ხასიათი;
ე) სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი მაუწყებლის მიმართ კონკრეტულ დღესა და დროს.
2. სახიფათო ქმედების გაშუქებას თან უნდა ერთვოდეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მისი გამეორება სახიფათოა ექსპერტების ზედამხედველობის გარეშე.
3. ფასიან სამაუწყებლო არხს შეუძლია განათავსოს პროგრამა, რომლის ჩვენება შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებამოსილი ზრდასრული აბონენტისთვის.
4. 06:00 საათიდან 20.00 საათამდე, წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში გადაცემული პროგრამები უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო, მათ შორის, საბავშვო ჩვენებისთვის. რაც უფრო ადრეა საღამოს პროგრამა დაგეგმილი, მით უფრო შესაფერისი უნდა იყოს ის არასრულწლოვნებისთვის. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესის ან მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების არსებობისას შეიძლება ამ წესიდან გადახვევა და ასეთ დროს აუდიტორიას წინასწარ უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია პროგრამის შინაარსის შესახებ.
5. რადიოპროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს 23 საათამდე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის თვალსაზრისით. რადიოთი დღის განმავლობაში შეიძლება გადაიცეს ისეთი სიმღერები, რომლებიც შესაფერისია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
6. არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი მაუწყებლის ვებგვერდი არ უნდა იყოს მიბმული ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალასთან და უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მოთხოვნებს. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ბმულები მესამე პირთა ვებგვერდებთან, რომლებიც ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალას შეიცავს. ვებგვერდი არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეუფერებელია ეთერში გასვლისათვის. პროგრამასთან დაკავშირებული ინტერაქტიული მომსახურება და ვებმასალა ასევე უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
7. მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება პროგრამის ხასიათის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების მიზნით. ეს შეიძლება მოხდეს პროგრამის მოკლე ანოტაციის გამოქვეყნებით, საეთერო ან ონლაინ განცხადებებით, ან სპეციალური ნიშნის მინიჭებით. ის არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვნების წახალისებისათვის, უყურონ ან მოუსმინონ პროგრამას.
8. ისეთი პროგრამის დაწყებამდე, რომელმაც შეიძლება აუდიტორიაში გამოიწვიოს ძლიერი ნეგატიური ემოციები, უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი განცხადება. იმ პროგრამის ანონსები, რომლის ჩვენება უნდა მოხდეს წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო ჩვენებისთვის. გამაფრთხილებელი განცხადება უნდა იყოს ფაქტობრივი ხასიათის და შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რათა აუდიტორიამ ინფორმირებულად გადაწყვიტოს არის თუ არა პროგრამა მათთვის შესაფერისი. ის არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვნების წახალისებისათვის, უყურონ ან მოუსმინონ პროგრამას.
9. მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე, მაუწყებელმა არ უნდა სთხოვოს არასრულწლოვანს ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოთქმა (ინტერვიუ ან/და სამაუწყებლო პროგრამაში მონაწილეობა), რომლზეც სათანადო პასუხის გაცემა მის შესაძლებლობებს აღემატება. ინფორმირებული თანხმობის მიღების მიზნით მაუწყებელმა გასაგებად უნდა აუხსნას არასრულწლოვანს და მის მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს პროგრამის ხასიათი. სასურველია ნათესავის, ოჯახის მეგობრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ან მასწავლებლის დასწრება ბავშვთან დელიკატურ ან რთულ საკითხებზე საუბრისას, როგორიცაა მაგალითად, ანტისოციალური (დევიაციური ან დელიკვენტური) ქმედება, ნარკოტიკები და სხვა. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები ხშირად აზვიადებენ საკითხებს ან ამბობენ იმას, რისი გაგონებაც, მათი აზრით, სურთ ზრდასრულებს.
10. მშობლის, მეურვის ან მზრუნველისაგან თანხმობაზე უარის მიღების შემთხვევაში, ბავშვის პროგრამაში მონაწილეობა დასაშვებია, თუ არსებობს მნიშვენლოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და თუ ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნება არასრულწლოვანის თავისუფალ ნებას და ინფორმირებულ თანხმობას. რაც უფრო ახალგაზრდაა არასრულწლოვანი მით უფრო მნიშვნელოვანია მშობლის, მეურვის ან მზრუნველისაგან თანხმობის მიღება. დაუშვებელია არასრულწლოვნის ან მშობლის მეურვის ან მზრუნველის ფინანსური დაინტერესება თანხმობის მისაღებად. დასაშვებია მხოლოდ დასაბუთებული და კანონიერი ხარჯების დაფარვა.
11. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არსრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს.