1. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა:

ა) არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს;

ბ) მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს საგამოძიებო ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, რომელიც გამოავლენს ოფიციალური გამოძიების უზუსტობას, წინააღმდეგობრიობას ან ინერტულობას და ფლობს საკმარის ინფორმაციას სანდო ჟურნალისტური შეფასების გაკეთებისათვის.

2. სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, რაიმე ოპერაციაზე დასწრება, გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა. კერძო საკუთრებაზე განხორციელებულ ოპერაციებზე დასწრებისას, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს თანხმობა მესაკუთრისგან, ხოლო ნებართვაზე უარის შემთხვევაში დატოვოს ტერიტორია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

3. ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერვიუს ჩაწერისას მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის მოწონების ან გამართლებისგან და დაიცვას პატიმართან ინტერვიუს ჩაწერის წესები.

4. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

5. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული თანახმაა და არსებობს საზოდოებრივი ინტერესი.

6. მაუწყებელმა, როგორც წესი, არ უნდა ჩამოართვას მოწმეს ინტერვიუ სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

7. უკანონო ქმედების ჩადენაზე დასწრებისას მისი ჩაწერა დასაშვებია, თუ ეს არ უწყობს ხელს დანაშაულებრივ ქმედებას.

8. მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს, სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია.

9. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს პიროვნების იდენტიფიცირება, როცა:

ა) ადამიანი გამოიყენება ქმედების ილუსტრირებისათვის ან არ არის სრულად პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე;

ბ) რთულია ინფორმირებული თანხმობის მიღება, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო;

გ) არსებობს მაყურებლის მიერ გონივრული ვარაუდის საფუძველზე კადრში შემთხვევით მოხვედრილი პიროვნებების დანაშაულთან დაკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, მასალა საჯარო ადგილას არის გადაღებული, თუ კერძო ტერიტორიაზე.

10. საარქივო მასალის ჩვენებისას მაუწყებელმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და თავიდან აიცილოს მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ერთი დანაშაულის ამსახველი კადრების გამოყენებისას მეორე დანაშაულის ილუსტრირების ან გამოძიების ან სასამართლო პროცესის ანონსისთვის. მაუწყებელმა, როგორც წესი, უნდა გაიაროს იურიდიული კონსულტაცია დანაშაულის ამსახველი საარქივო მასალის გამოყენებისას, თუ საქმე სასამართლო განხილვის პროცესშია.

თავი XIII. შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარე