1. შეიარაღებული დაპირისპირების, მძევლების აყვანის და საგანგებო ვითარების დროს, მაუწყებელმა აუდიტორიას უნდა მიაწოდოს ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია.

2. მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

3. ტერორისტის, გამტაცებლის ან მძევლის განცხადება ან მასთან ინტერვიუ არ უნდა გადაიცეს მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე. ინტერვიუს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს ინფორმაციის გადაცემით მიღებული სარგებლისა და ზიანის შეფასება.

4. ტერორისტის ან გამტაცებლის მოთხოვნა ან განცხადება ეთერში უნდა გადაიცეს რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

5. მძევლებთან ან ტერორისტებთან/მძევლების ამყვანებთან სატელეფონო ან სხვაგვარმა პირდაპირმა კავშირმა ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებაში და საფრთხე არ უნდა შეუქმნას მძევლების სიცოცხლეს.

6. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს პოლიციისა და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების რჩევები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გაშუქებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოთხოვნა ინფორმაციის გაშვების ან გაშვებისგან თავის შეკავების შესახებ, როგორც წესი, უნდა დაკმაყოფილდეს მაუწყებლის მიერ.

7. საზოგადოებრივი არეულობის გაშუქებისას, მაუწყებელმა:

ა) სრულად და ობიექტურად უნდა ასახოს მოვლენების განვითარება;

ბ) განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გადასცეს არეულობაში მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და მიუთითოს ინფორმაციის წყარო, როდესაც მოვლენების გაშუქებისას დაპირისპირების ერთ მხარეს აღმოჩნდება;

გ) განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს რეაქციას, რაც შეიძლება კამერების გამოჩენას მოყვეს არეულობის მონაწილეთა მხრიდან.

8. თუ ძალადობა ან არეულობა ზედმეტად გამომსახველობით ფორმებს იღებს, მაუწყებელმა უნდა შეწყვიტოს მოვლენების პირდაპირი ტრანსლირება და ჩაწერილი მასალა შემდგომში დამონტაჟებული სახით გადასცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია აუდიტორიის დროული ინფორმირება მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

თავი XIV. ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაც