„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2017
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/49/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 8 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-27
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ.113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ უპასუხებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;“; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;“. 2. მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის , ელექტრონული ფულის პროვაიდერი), გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცემს მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს.“. 3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით, რომლის მიხედვითაც, კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო ორგანოდ, სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი : კანონპროექტის მიზანია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველო ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლებში, რომლებშიც მითითება კეთდება სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზე, როგორც კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო ორგანოზე. აღნიშნულ ნორმებში სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, მიეთითება საქართველოს ეროვნული ბანკი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი – ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ე) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი; ვ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; ზ) ზედამხედველობა – ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოების მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა; თ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; თ1) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას; ი) (ამოღებულია); კ) არარეზიდენტი პირი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ლ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს; ო) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი. პ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; ჟ) ფინანსური ინსტიტუტები – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტები; რ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; რ1) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ უპასუხებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს; ტ) მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) – საერთაშორისო ბანკთაშორისი ქსელი (სისტემა), რომელიც ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა. უ) ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) – ბანკი, რომელიც არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია/ ლიცენზირებულია, და რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება; ფ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – პირი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც ახორციელებს ფულადი გზავნილებით მომსახურებას; ქ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის/საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში; ღ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; ყ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. შ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით; ჩ) სალიზინგო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სალიზინგო საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ც) ადვოკატი – „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი; ძ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი; წ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა. მუხლი 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან: ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები; ა1) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები; ა2 ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი; ბ) საბროკერო კომპანიები და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები; გ) სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები; დ) ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ორგანიზატორი, მათ შორის, სამორინე (მათ შორის, აზარტული თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირი (ინტერნეტსამორინე)); ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური); ზ) გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები; თ) ნოტარიუსები; თ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ი) (ამოღებულია); კ) პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას; ლ) სალიზინგო კომპანიები; მ) (ამოღებულია - 27.11.2013, №1638); ნ) ადვოკატები; ო) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი), გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცემს მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს. მუხლი 4. ზედამხედველობა საზედამხედველო ორგანოები არიან: ა) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის; ა1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის ; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; შემოსავლების სამსახურისათვის; სალიზინგო კომპანიებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური − იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ადვოკატებისათვის.