„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და გამოყენების სფერო 1. ამ კანონის მიზანია ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით. 2. ამ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირების, მათი ზედამხედველი ორგანოების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელების და თანამშრომლებისთვის. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანგარიშვალდებული პირი - ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს ამ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; ბ) ანგარიში - კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან ელექტრონული ფულის აღრიცხვის უნიკალური საშუალება; გ) არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი - საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებული გაერთიანება (მათ შორის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი და ამხანაგობა), რომელსაც აქვს შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა/მოწყობა და საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუმცა იურიდიულ პირად არ რეგისტრირდება; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე - ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი; ე) გაეროს სანქციების კომიტეტი - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე შექმნილი სანქციების შესაბამისი კომიტეტი; ვ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია - გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს ტერორიზმის ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას; ზ) გარიგება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრული გარიგება; თ) დაკავშირებული გარიგებები - დროის გონივრულ პერიოდში დადებული ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები, რომლებიც ერთი და იგივე კლიენტს უკავშირდება. ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის მიზანია კლიენტის მიერ, გარიგების თანხის დანაწევრებით, ამავე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თავის არიდების აღკვეთა; ი) დასაბუთებული ვარაუდი - ინფორმაციის ან გარემოებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ობიექტური დამკვირვებელი დაასკვნიდა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენას; კ) ერთჯერადი გარიგება - გარიგება, გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან შესრულებული გარიგებისა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს; ლ) ვერიფიკაცია - ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში, აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა; მ) ზედამხედველი ორგანო - ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება, რომელიც ამოწმებს ანგარიშვალდებული პირების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას; ნ) იდენტიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება, რომლებიც მისი მოკვლევის და სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა; ო) ადგილსამყოფელი იურისდიქცია - ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც პირი რეგისტრირებულია ან/და საქმიანობს; პ) კლიენტი - პირი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან ამყარებს საქმიან ურთიერთობას ან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით; ჟ) კომპეტენტური ორგანო - სამსახური, ზედამხედველი ორგანო ან ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაზე, გამოვლენაზე, აღკვეთაზე, გამოძიებაზე ან/და სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა, ხოლო კანონის X თავით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას, აგრეთვე სხვა იურისდიქციაში ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაზე, გამოვლენაზე, აღკვეთაზე, გამოძიებაზე ან/და სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა; რ) კონფიდენციალური ინფორმაცია - ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც შეიცავს პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოს ან/და პერსონალურ მონაცემებს; ს) პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი; ტ) პოლიტიკურად აქტიური პირი - ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი; უ) საერთაშორისო ორგანიზაცია - მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი ან სამთავრობოთაშორისი ორგანიზაცია; ფ) საეჭვო გარიგება - გარიგება, რომელზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან მისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას; ქ) საკორესპონდენტო ურთიერთობა - ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანი ურთიერთობა; ღ) სამსახური - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; ყ) სანქცირებულ პირთა სია - ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სია, რომლებზეც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება; შ) საქმიანი ურთიერთობა - ანგარიშვალდებულ პირს და კლიენტს შორის განგრძობადი ხასიათის კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს; ჩ) სიცოცხლის დაზღვევა - სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისი, რომელიც საინვესტიციო ხასიათს ატარებს (მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევის მაგროვებადი და დაბრუნებადი სახეობა); ც) ტერორიზმის დაფინანსება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლით გათვალისწინებული ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა; ძ) უჩვეულო გარიგება - ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარიგება ან გარიგებათა ერთობლიობა; წ) უცხოური ტრასტი ან მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა - სხვა იურისდიქციის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცალმხრივი ნების გამოვლენის ან ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, როდესაც მარწმუნებლის დავალების შესაბამისად, რწმუნებული იძენს საკუთრების უფლებას ქონებაზე და მას ბენეფიციარის სასარგებლოდ ან კანონით ნებადართული სხვა მიზნით განკარგავს; ჭ) ფინანსური დაზვერვის სამსახური - სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებაზე, ანალიზსა და საჭიროების შემთხვევაში - სხვა კომპეტენტური ორგანოებისთვის გადაცემაზე; ხ) ფინანსური ინსტიტუტი - ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ჯ) ფიქტიური ბანკი - ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი იურისდიქციაში, რომელშიც რეგისტრირებული ან ლიცენზირებულია; ჰ) ფულადი სახსრების გადარიცხვა - ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია; ჰ1) ფულის გათეთრება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); ჰ2) შესაბამისობის კონტროლის სისტემა - ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული შიდა კონტროლის პოლიტიკის, წესების, სისტემების და მექანიზმების ერთობლიობა; ჰ3) ხელმძღვანელობა - ფიზიკური პირ(ებ)ი, რომლებიც ანგარიშვალდებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებზე სრულფასოვან ინფორმაციას ფლობენ და თანამდებობრივად უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ამ რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები; ჰ4) ჯგუფი - სათავო საწარმო (ორგანიზაცია), მისი შვილობილი საწარმო (ორგანიზაცია) ან/და ფილიალი, რომლებზეც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული და სხვა ღონისძიებების გატარების თაობაზე. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. ანგარიშვალდებული პირები 1. ამ კანონის მიზნებისთვის, ანგარიშვალდებული პირებია: ა) შემდეგი ფინანსური ინსტიტუტები: ა.ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი; ა.ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი; ა.გ) დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი; ა.დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; ა.ე) კომერციული ბანკი; ა.ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ა.ზ) საბროკერო კომპანია; ა.თ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ა.ი) სადაზღვევო ორგანიზაცია; ა.კ) სალიზინგო კომპანია; ა.ლ) სესხის გამცემი სუბიექტი; ა.მ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი. ბ) შემდეგი არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირები: ბ.ა) ადვოკატი/საადვოკატო ბიურო; ბ.ბ) ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი; ბ.გ) ნოტარიუსი; ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი/იურიდიული პირი, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას ახორციელებს და რომლის სახელით მოქმედებს სერტიფიცირებული ბუღალტერი; ბ.ე) აუდიტორი/აუდიტორული ფირმა; ბ.ვ) ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი. გ) შემდეგი საჯარო დაწესებულებები: გ.ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო); გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომ - შემოსავლების სამსახური). 2. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე, თუ ისინი კლიენტს უწევენ შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას: ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა; დ) იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობის ან მართვის მიზნებისთვის შენატანების ორგანიზება; ე) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, უცხოური ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის შექმნა, საქმიანობა ან მართვა; ვ) სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან აქციების ყიდვა-გაყიდვა. 3. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე კლიენტისთვის იურიდიული რჩევის მიცემის ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოში ან არბიტრაჟში კლიენტის წარმომადგენლობის ან/და ასეთი წარმომადგენლობის მომზადების შემთხვევაში. 4. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პროფესიულ მომსახურებას დამოუკიდებლად ახორციელებენ. 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირები ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირთა პარტნიორები არიან ან მათი სახელით მოქმედებენ, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება შესაბამის იურიდიულ პირებზე. 6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-6, 25-ე მუხლის მე-4 და 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 7. შემოსავლების სამსახურზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9, მე-11 მუხლის მე-7, 25-ე მუხლის მე-5 და 26-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 4. ზედამხედველი ორგანოები ამ კანონის მიზნებისთვის, ზედამხედველი ორგანოებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისთვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“, „ა.ე“ „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“,„ა.ლ“ და „ა.მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.კ“, „ბ.ბ“, „ბ.ვ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის. თავი II ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა მუხლი 5. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა 1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას (შემდგომ - რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა) მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ - უწყებათაშორისი კომისია) წარდგინებით. 2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია: ა) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით; ბ) საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება ეროვნულ და სექტორულ დონეზე ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად; გ) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა. 3. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის განახლება უნდა განხორციელდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ. 4. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გარდა მისი იმ ნაწილ(ებ)ისა, რომლებიც კონფიდენციალურ ინფორმაციას ან სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს ან რომელთა გამოქვეყნებამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოში წარმოებულ გამოძიებას ან სისხლისამართლებრივ დევნას, შელახოს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ან სხვა საჯარო ინტერესები. მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი 1. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგის და განახლების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, იქმნება უწყებათაშორისი კომისია. 2. უწყებათაშორისი კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასთან და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენის, ანალიზის, შეფასების და მართვის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, სათანადო მეთოდოლოგიის (შემდგომ რისკების შეფასების მეთოდოლოგია) შემუშავება; ბ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადება კომპეტენტური ორგანოების და ანგარიშვალდებული პირების მონაწილეობით და უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა; გ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით, ცვლილებების და დამატებების პროექტის უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა; დ) სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და კომპეტენტური ორგანოებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ე) კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით; ვ) ანგარიშვალდებული პირების დროული ინფორმირების უზრუნველყოფა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებზე. 4. სამუშაო ჯგუფი ყოველწლიურად წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ. მუხლი 7. ინფორმაციის აღრიცხვა და წარდგენა 1. კომპეტენტურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა აღრიცხონ და ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ სამუშაო ჯგუფს წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) სამსახურში წარდგენილი და შემდგომი ანალიზისთვის შერჩეული ანგარიშგებების, აგრეთვე ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპეტენტურ ორგანოებში გაგზავნილი სამსახურის ანალიზის შედეგების რაოდენობა; ბ) სამსახურის მიერ ინფორმაციის წარმოდგენის ან გარიგების შეჩერების თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურებისთვის გაგზავნილი, მათგან მიღებული და დაკმაყოფილებული თხოვნების რაოდენობა; გ) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე დაწყებული გამოძიებების და სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა; დ) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე დაყადაღებული, ამოღებული და ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი ან/და ასეთი ქონების ღირებულება; ე) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებთან დაკავშირებით გაგზავნილი, მიღებული და დაკმაყოფილებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა; ვ) ზედამხედველი ორგანოს მიერ, ამ კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, ჩატარებული შემოწმებების რაოდენობა და სახეობა, გამოვლენილი დარღვევები და გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები. 2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, კომპეტენტური ორგანოებისგან მოითხოვოს და მიიღოს რისკების შეფასების მეთოდოლოგიით განსაზღვრული დამატებითი სტატისტიკური მონაცემები ან სხვა ინფორმაცია. მუხლი 8. ანგარიშვალდებული პირის მიერ რისკების შეფასება და მართვა 1. ანგარიშვალდებულმა პირმა, თავისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის გათვალისწინებით, უნდა დანერგოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების და მართვის ეფექტიანი სისტემა. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, სათანადო პერიოდულობით შეაფასოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული, ხოლო სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) შემთხვევაში, აგრეთვე ჯგუფის დონეზე არსებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კლიენტების და ბენეფიციარი მესაკუთრეების, მათი საქმიანობის არსის და ადგილსამყოფელი იურისდიქციის, აგრეთვე პროდუქტების, მომსახურებების, გარიგებების, მიწოდების საშუალებების და სხვა რისკ-ფაქტორების საფუძველზე. 3. ახალი ტექნოლოგიის, პროდუქტების, მომსახურებების ან მიწოდების საშუალებების დანერგვამდე ან ბიზნეს პრაქტიკაში სხვა არსებითი ცვლილებების განხორციელებამდე, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, შეაფასოს ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები. 4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შეაფასოს კლიენტთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და განსაზღვროს კლიენტის რისკის დონე საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და სათანადო პერიოდულობით საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, აგრეთვე ერთჯერადი გარიგების დადებამდე ან კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას. 5. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები ამ მუხლის შესაბამისად გამოვლენილი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასების და რისკების მართვის ღონისძიებების გატარებისას, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში მოცემული ინფორმაცია, სამსახურის და ზედამხედველი ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები. 7. ანგარიშვალდებულმა პირმა, მოთხოვნისამებრ, უნდა დაუსაბუთოს ზედამხედველ ორგანოს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, რისკები სათანადოდ შეაფასა და რისკების მართვის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებები განახორციელა. მუხლი 9. დაბალი რისკის მომსახურება/პროდუქტი 1. ანგარიშვალდებული პირი, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე. 3. ფინანსური ინსტიტუტი, ამ მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ელექტრონული ფულის ინსტრუმენტით საგადახდო მომსახურების განხორციელებისას, რომელიც ყველა შემდეგ პირობას აკმაყოფილებს: ა) ინსტრუმენტით შესაძლებელია ფულადი სახსრების გადარიცხვა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით; ბ) ინსტრუმენტზე შეუძლებელია, დროის ნებისმიერ მომენტში, შენახულ იქნას ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა აღემატება 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტს; გ) ინსტრუმენტით ნებადართული ფულადი სახსრების გადარიცხვების ჯამური ოდენობა თვეში არ აღემატება 500 ლარს, თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ან ინსტრუმენტზე შესაძლებელია ელექტრონული ფულის მხოლოდ ერთჯერადად განთავსება/ჩარიცხვა; დ) ინსტრუმენტზე ელექტრონული ფულის ანონიმურად ჩარიცხვა დაუშვებელია; ე) ინსტრუმენტის გამომშვები ახორციელებს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს საეჭვო გარიგებების გამოსავლენად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხობრივი ზღვარი შეიძლება გაიზარდოს 1,500 ლარამდე, თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ გავრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე, რომელიც ჯამურად 150 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით გატანის ან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა. თავი III პრევენციული ღონისძიებები მუხლი 10. პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, მისი ვერიფიკაცია; ბ) ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და გონივრული ზომების მიღება, სანდო წყაროზე დაყრდნობით, მისი ვერიფიკაციისთვის; გ) საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დადგენა; დ) საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, მისი ვერიფიკაცია, აგრეთვე მოიპოვოს სათანადო წესით დამოწმებული კლიენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, უცხოური ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობის და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს კლიენტის საქმიანობის არსი და მოიპოვოს ინფორმაცია მოსალოდნელი გარიგებების ხასიათის, მოცულობის და სიხშირის შესახებ. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგებები, რათა განსაზღვროს, რამდენად შეესაბამება ისინი კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობას, აგრეთვე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტების) სათანადო პერიოდულობით განახლება. 6. დაუშვებელია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ანგარიშვალდებული პირი ვერ ახერხებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გატარებას ამ კანონის მე11 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებში. ასეთ დროს, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. 7. დაუშვებელია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირია. ასეთ დროს, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, წარუდგინოს სამსახურს ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგება. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად აკრძალულ ქმედებად არ ჩაითვლება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დაყადაღებულ ანგარიშზე ჩარიცხვის ოპერაციის შესრულება, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის საფუძველზე სანქცირებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულების ან წარმოქმნილი ვალდებულების საფუძველზე ხორციელდება. 9. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირ(ებ)ის იდენტიფიკაცია. მუხლი 11. პრევენციული ღონისძიებების საფუძვლები 1. ანგარიშვალდებული პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია, გაატაროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები შემდეგ შემთხვევებში: ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარება; ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა აღემატება 15,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; გ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვა, თუ გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა აღემატება 3,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; დ) ეჭვის გაჩენა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 2. ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, გაატაროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები იმ შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულით შესრულებული გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა აღემატება 30,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. 3. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია, გაატაროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები შემდეგ შემთხვევებში: ა) ფულადი სახსრების მიღება, აგრეთვე მოგების ან ფულადი სახსრების გაცემა, თუ გარიგების თანხა/ღირებულება ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა/ღირებულება აღემატება 5,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობისას, საქმიანი ურთიერთობის დამყარება - კლიენტის მოთამაშედ რეგისტრაცია. 4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვარის ან ნებისმიერი სხვა დათქმის მიუხედავად, გაატაროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები საეჭვო გარიგების შემთხვევაში. 5. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება, განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის ვალდებულება, ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული თანხობრივი ზღვარის მიუხედავად, განახორციელოს კლიენტის ან/და მისი სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, ვერიფიკაცია. 6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, გაატაროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები ყიდვა-გაყიდვის ან ჩუქების გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში. 7. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გაატაროს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში, თუ თანხის ოდენობა ან/და ფასიანი ქაღალდების ღირებულება აღემატება 30,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. მუხლი 12. პრევენციული ღონისძიებების გატარების წესი 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, კლიენტის რისკის დონის შესაბამისად, გაატაროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და სათანადო პერიოდულობით საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, აგრეთვე ერთჯერადი გარიგების დადებამდე ან კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას. 2. კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გატარება, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას, შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან აცილებისთვის. ასეთ დროს, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება უნდა დასრულდეს, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შეიძლება სწრაფად. 3. დაუშვებელია ანონიმური ან ფიქტიურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან წარმოება. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, გახსნას ანგარიში კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გატარებამდე, თუ ანგარიშზე კლიენტის სახელით ან დავალებით ოპერაციების შესრულება აიკრძალება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დასრულებამდე. 4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან ერთჯერადი გარიგების დადების მიზნით, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები კლიენტთან ან/და მისი სახელით მოქმედ პირთან უშუალო კონტაქტის გარეშე (ელექტრონულად) განახორციელოს ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილი წესით და მასთან შეთანხმებული ისეთი საოპერაციო/ტექნიკური პროცედურებით, რომლებიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. 5. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტის ან/და მისი სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს, აგრეთვე ამ მონაცემების სიზუსტის გადამოწმებისთვის საჭირო დოკუმენტები. მუხლი 13. ბენეფიციარი მესაკუთრე 1. ბენეფიციარი მესაკუთრე, ამ კანონის მიზნებისთვის, არის ფიზიკური პირი, რომელიც კლიენტის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელია ან/და რომლის სახელით მზადდება, იდება ან სრულდება გარიგება. 2. იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე, ამ კანონის მიზნებისთვის, არის ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტს ან მეტს ან სხვაგვარად ახორციელებს საბოლოო კონტროლს იურიდიულ პირზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების პირდაპირ ფლობად ჩაითვლება სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის ფლობა ფიზიკური პირის მიერ, ხოლო არაპირდაპირ ფლობად - სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის ფლობა იურიდიული პირის მიერ, რომელსაც ფიზიკური პირ(ებ)ი აკონტროლებენ ან რამდენიმე იურიდიული პირის მიერ, რომლებსაც ერთი და იგივე ფიზიკური პირ(ებ)ი აკონტროლებენ. 4. თუ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარების შემდეგ, ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდა, რომ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს კლიენტის ხელმძღვანელობითი უფლებამოსელების მქონე პირ(ებ)ის მიმართ. 5. უცხოური ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის შემთხვევაში, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს შემდეგი პირების ან მათ ეკვივალენტურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ: ა) რწმუნებული; ბ) მარწმუნებელი; გ) მეურვე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარი; ე) სხვა ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საბოლოო ეფექტურ კონტროლს უცხოურ ტრასტზე ან მსგავს სამართლებრივ სტრუქტურაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი წინასწარ არ არის განსაზღვრული, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია პირთა წრეზე, რომლის სასარგებლოდ შეიქმნა ან მოქმედებს უცხოური ტრასტი ან მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს ბენეფიციარის მიმართ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გატარებას მასზე სარგებლის გაცემამდე ან ბენეფიციარის მიერ მისთვის მიკუთვნებული უფლებებით სარგებლობამდე. მუხლი 14. სიცოცხლის დაზღვევის მოსარგებლე 1. სადაზღვევო ორგანიზაცია და დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი ვალდებულნი არიან, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა, გაატარონ შემდეგი ღონისძიებები სიცოცხლის დაზღვევის მოსარგებლის მიმართ: ა) წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია; ბ) თუ მოსარგებლე წინასწარ არ არის განსაზღვრული, საკმარისი ინფორმაციის მოპოვება სავარაუდო მოსარგებლეთა წრეზე, რათა დარწმუნდნენ, რომ შეძლებენ მოსარგებლის იდენტიფიკაციას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე. 2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებაზე/პოლისზე მოთხოვნის უფლების მესამე პირისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, აღნიშნული პირის იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შეიძლება სწრაფად. 3. სადაზღვევო ორგანიზაციამ და დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევის მოსარგებლის ვერიფიკაცია უნდა განახორციელონ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე. 4. სადაზღვევო ორგანიზაციამ და დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევის მოსარგებლე უნდა განიხილონ რისკ-ფაქტორად, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკების გამოვლენისას, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე, ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, უნდა გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, განახორციელონ ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ. მუხლი 15. არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე 1. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებებისა, განახორციელოს საპენსიო სქემის მონაწილის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, მისი ვერიფიკაცია. 2. არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას, შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან აცილებისთვის. ასეთ დროს, საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შეიძლება სწრაფად. 3. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა საპენსიო სქემის მონაწილე უნდა განიხილოს რისკ-ფაქტორად, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკების გამოვლენისას, საპენსიო დანაგროვის გაცემამდე, ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, უნდა გაატაროს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები საპენსიო სქემის მონაწილის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ. მუხლი 16. მესამე პირი/შუამავალი 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტებს) და ექვემდებარება ზედამხედველობას. ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას, გაითვალისწინოს ინფორმაცია მის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში არსებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ. დაუშვებელია, ანგარიშვალდებული პირი დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის ფილიალზე ან შვილობილ საწარმოზე (ორგანიზაციაზე), რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, თუ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მოიპოვოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა ინფორმაცია. ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა მიიღოს ზომები საიდენტიფიკაციო და სხვა დოკუმენტების ასლების მესამე პირისგან/შუამავლისგან, მოთხოვნისამებრ, დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის სახელით მოქმედ აგენტზე ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელზე, რომლის ვალდებულებები ანგარიშვალდებულ პირთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრება. აგენტის ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დაცვაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება. 6. ანგარიშვალდებული პირი, რომელიც მესამე პირის/შუამავალის ფუნქციას ასრულებს, უფლებამოსილია, კლიენტის თანხმობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტების ასლები, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია გადასცეს სხვა პირს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტებს) და ექვემდებარება ზედამხედველობას. 7. ანგარიშვალდებული პირი, მისი სახელით მოქმედი აგენტი ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით და მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. მუხლი 17. ფულადი სახსრების გადარიცხვა 1. ფულადი სახსრების გადარიცხვა, ამ კანონის მიზნებისთვის, არის გადამხდელის დავალებით/თანხმობით, ელექტრონული საშუალებით შესრულებული ოპერაცია თანხის მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, გადამხდელის და მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად. ფულადი სახსრების გადარიცხვისას, გადამხდელი და მიმღები შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს ან ორივეს ერთი ფინანსური ინსტიტუტი უწევდეს საგადახდო მომსახურებას. 2. გადამხდელის ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვას თან ახლდეს ზედამხედველი ორგანოს მიერ განსაზღვრული გადამხდელის და მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები. 3. მიმღების და შუამავალმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეისწავლონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ ფულადი სახსრების გადარიცხვა სრულად არ შეიცავს გადამხდელის ან მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებს. თავი IV გაძლიერებული და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები მუხლი 18. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მაღალი რისკის დონეს მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებებისა, გამოვლენილი რისკების შესაბამისად, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები: ა) მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების და საქმიანობის შესახებ; ბ) გაზარდოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის, მათ შორის, მომზადებულ, დადებულ ან შესრულებულ და მოსალოდნელ გარიგებათა მიზნების და საფუძვლების შესახებ; დ) მიიღოს ხელმძღვანელობისგან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა; ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად; ვ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, გაზარდოს რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობა ან/და სიხშირე და გამოავლინოს გარიგებათა ერთობლიობები, რომლებიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს. 2 ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მაღალი რისკის დონეს მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, გაატაროს სხვა ეფექტიანი ღონისძიებები გამოვლენილი რისკების მართვის მიზნით. მუხლი 19. მაღალი რისკის იურისდიქცია 1. მაღალი რისკის იურისდიქცია, ამ კანონის მიზნებისთვის, არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემა სერიოზული ნაკლოვანებებით ხასიათდება. საქართველოს ეროვნული ბანკი, სამსახურის წარდგინებით, ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებები შეაქვს. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უნდა გაატაროს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები ამავე კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თუ: ა) კლიენტი მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალია; ბ) კლიენტი მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირია; გ) გარიგება იდება ან სრულდება ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. 3. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელია. 4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (ორგანიზაცია) ან ფილიალია და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას. მუხლი 20. უჩვეულო გარიგება 1. უჩვეულო გარიგება, ამ კანონი მიზნებისთვის, არის რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) ან კანონიერი მიზანი. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, შეისწავლოს უჩვეულო გარიგებები, მათი მიზანი და საფუძვლები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საეჭვო გარიგებების გამოსავლენად, განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა, მოთხოვნისამებრ, უნდა დაუსაბუთოს ზედამხედველ ორგანოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეისწავლა უჩვეულო გარიგებები და მიიღო გონივრული ზომები საეჭვო გარიგებების გამოსავლენად. მუხლი 21. პოლიტიკურად აქტიური პირი 1. პოლიტიკურად აქტიური პირი, ამ კანონის მიზნებისთვის, არის ფიზიკური პირი, რომელიც მნიშვნელოვან საჯარო ან პოლიტიკურ ფუნქციებს ახორციელებს (საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირების გარდა), მათ შორის: ა) სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი (მინისტრი) და მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი; ბ) საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი; გ) პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი და მმართველობის ორგანოს წევრი; დ) უზენაესი, საკონსტიტუციო და უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გასაჩივრებას გამონაკლის შემთხვევაში ექვემდებარება; ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი; ვ) ეროვნული (ცენტრალური) ბანკის საბჭოს წევრი; ზ) ელჩი და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; თ) თავდაცვის (სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი; ი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი და მმართველობის ორგანოს წევრი; კ) საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მმართველობის ორგანოს წევრი. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის სათანადო სისტემის საფუძველზე, დაადგინოს, არის თუ არა კლიენტი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები, თუ კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია: ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული განგრძობადი რისკი და განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების განხორციელების შეწყვეტიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები აგრეთვე უნდა გაატაროს შემდეგი პირების მიმართ: ა) პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები: მეუღლე, და, ძმა, მშობელი, აგრეთვე შვილი/გერი და მისი მეუღლე; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, უცხოური ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრეა პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად ან მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში იმყოფება; გ) ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად (არაფორმალურად) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, უცხოური ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრეა. 6. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან, მიიღონ გონივრული ზომები იმის დასადგენად, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევის მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მათი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკების გამოვლენის შემთხვევაში, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა, უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები: ა) სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე, ხელმძღვანელობას ეცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ; ბ) განხორციელდეს საქმიანი ურთიერთობის მთლიანი პერიოდის გაძლიერებული მონიტორინგი; გ) შესწავლილ იქნას, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. მუხლი 22. საკორესპონდენტო ურთიერთობა 1. საკორესპონდენტო ურთიერთობა, ამ კანონის მიზნებისთვის, არის ერთი ბანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორესთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ანალოგიური ხასიათის საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება. 2. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებებისა, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯარო წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლოს რესპონდენტის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, რესპონდენტის მიმართ განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის დარღვევის საფუძველზე; ბ) შეაფასოს რესპონდენტის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) თუ რესპონდენტი უშვებს საკორესპონდენტო ანგარიშზე კლიენტის პირდაპირ წვდომას საკუთარი სახელით ოპერაციების განსახორციელებლად, დარწმუნდეს, რომ ასეთი კლიენტის მიმართ რესპონდენტმა გაატარა პრევენციული ღონისძიებები ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და შეუძლია, მოთხოვნისამებრ, წარმოადგინოს ამ ღონისძიებების გატარების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტები); დ) მიიღოს ხელმძღვანელობისგან საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარების ნებართვა; ე) მკაფიოდ განსაზღვროს როგორც რესპონდენტი, ისე კორესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის ვალდებულებები. 3. ფინანსურმა ინსტიტუტმა, საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის მიმდინარეობისას, უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგებების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით გაატაროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები რესპონდენტის რისკის დონის შესაბამისად. 4. დაუშვებელია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, თუ რესპონდენტი ფიქტიური ბანკია ან უშვებს ფიქტიური ბანკის მიერ მისი ანგარიშის გამოყენებას. 5. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე ან/და მიმდინარეობისას, კორესპონდენტს მიაწოდოს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია. მუხლი 23. გადაზღვევის საქმიანობა 1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას, გადამზღვეველმა კომპანიამ და გადაზღვევის ბროკერმა, საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებებისა, სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული მზღვეველის მიმართ უნდა გაატარონ შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯარო წყაროებზე დაყრდნობით შეამოწმონ მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მზღვეველის მიმართ განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის დარღვევის საფუძველზე; ბ) შეაფასონ მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) მიიღონ ხელმძღვანელობისგან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ განსაზღვრონ როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის ან გადაზღვევის ბროკერის ვალდებულებები. 2. გადამზღვეველმა კომპანიამ და გადაზღვევის ბროკერმა, საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, უნდა მიიღონ გონივრული ზომები საეჭვო გარიგებების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით გაატარონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად. მუხლი 24. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, დაბალი რისკის დონეს მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, გამოვლენილი რისკების შესაბამისად, გაატაროს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის: ა) განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით; ბ) შეამციროს კლიენტის და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის ფარგლებში გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვარის ფარგლებში; დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებების სახეობიდან გამომდინარე. 2. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია დაბალი რისკის დონისთვის კლიენტის მიკუთვნების გონივრულობის დასადგენად. 3, დაუშვებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა გაატაროს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობისას. თავი V სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება მუხლი 25. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ. 2. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, შეიძლება განისაზღვროს გარიგებათა სახეობები, რომელთა შესახებ ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურს უნდა წარუდგინოს ანგარიშგება. გარიგებათა ასეთი სახეობები განისაზღვრება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ან სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით მათი გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს. 3. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის მიერ სამსახურისთვის ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. 5. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება 30,000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ. სამსახურს აგრეთვე უნდა წარედგინოს ანგარიშგება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების შესახებ. 6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს სამსახურს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტები) გარიგების ან მასში მონაწილე პირ(ებ)ის შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია. 7. ადვოკატი ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ან სხვა ინფორმაციას (დოკუმენტებს) სამსახურს წარუდგენს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „ადვოკატთა“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას. მუხლი 26. ინფორმაციის მიწოდების წესი და ვადები 1. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) სამსახურს წარედგინება ელექტრონულად ან წერილობით, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე. 3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებები სამსახურს უნდა წარედგინოს სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში. 4. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები) სამსახურს უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 6. ადვოკატი უფლებამოსილია, ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლით დადგენილ ვადებში, სამსახურის ნაცვლად, ზედამხედველ ორგანოს წარუდგინოს. ასეთ დროს, ზედამხედველმა ორგანომ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უცვლელი სახით უნდა წარუდგინოს სამსახურს შესაბამისი ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები). თავი VI ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალობის დაცვა მუხლი 27. ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტები) და განხორციელებული ანალიზის შედეგები, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან და ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა გარიგების მომზადებიდან, დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, შეინახოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) და 36-ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და ოქმები 5 წლის განმავლობაში. 4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან ზედამხედველი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5 წლით. 5. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს, სათანადო ვადაში, კომპეტენტური ორგანოებისთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას - აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება. 6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის გათვალისწინებით, შექმნას მონაცემთა აღრიცხვის და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვის მიზნით და დაკავშირებული, უჩვეულო და საეჭვო გარიგებების გამოსავლენად. მუხლი 28. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა 1. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ კლიენტს ან სხვა პირს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტარდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) ან ხორციელდება 36-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აკრძალულ ქმედებად არ ჩაითვლება: ა) ანგარიშვალდებული პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის (დოკუმენტების) წარდგენა კომპეტენტური ორგანოებისთვის; ბ) ერთი ჯგუფის წევრებს შორის ინფორმაციის გავრცელება; გ) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის ან ასეთ პირებს და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ერთი იურიდიული პირის სახელით ან მფლობელობის, მმართველობის ან შესაბამისობის კონტროლის ერთიანი სტრუქტურის (სისტემის) ქვეშ მოქმედი იურიდიული პირების სახელით ახორციელებენ, ინფორმაციის გავრცელება; დ) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ან ასეთ პირებს და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის, რომლებიც ერთ პროფესიულ კატეგორიას განეკუთვნებიან, ერთი და იგივე კლიენტთან და გარიგებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გავრცელება; ე) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მცდელობა, გადაარწმუნონ კლიენტი უკანონო ქმედების განხორციელებისგან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, გაავრცელოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, თუ: ა) ინფორმაციის გავრცელების მიზანია საეჭვო გარიგების გამოვლენა ან/და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა; ბ) ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულია გონივრული ზომები ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით მისი გამოყენების უზრუნველსაყოფად; გ) სხვა იურისდიქციის კანონმდებლობა ამ კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ეკვივალენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურის მითითებით, შეიძლება შეიზღუდოს ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურის მიერ ინფორმაციის (დოკუმენტების) გამოთხოვის ან სამსახურის მითითებით 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. 5. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის ამ კანონის მე-25 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ან სხვა ინფორმაციის (დოკუმენტების) სამსახურისთვის წარდგენის ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. 6. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ეკრძალებათ იმ თანამშრომლის ვინაობის გამჟღავნება, რომელიც ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ატარებს ღონისძიებებს უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან რომელმაც 25-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) ან სამსახურის მითითებით ახორციელებს 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ასეთი თანამშრომლის დაცვა მუქარის, დისკრიმინაციული მოპყრობის ან სხვა სახის უკანონო ზემოქმედებისგან. თავი VII შესაბამისობის კონტროლი მუხლი 29. შესაბამისობის კონტროლის სისტემა 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები (შემდგომ - შესაბამისობის კონტროლის სისტემა), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობის და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია. 2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშავოს შიდა ინსტრუქცია, რომელსაც დაამტკიცებს მისი მმართველობის ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი. შიდა ინსტრუქციით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს: ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და თანამშრომლების უფლება-მოვალეობები; ბ) თანამშრომელთა შერჩევის წესები სათანადო კვალიფიკაციის და რეპუტაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად; გ) თანამშრომელთა განგრძობადი სწავლების პროგრამა ამ კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნებზე მათი ინფორმირების მიზნით; დ) დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ეფექტიანი შესაძლებლობა, დროულად მოიპოვონ საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები) და დამოუკიდებლად მიიღონ ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგების წარდგენის გადაწყვეტილება. 4. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს მმართველობის ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზეა პასუხისმგებელი. 6. ინდივიდუალური მეწარმე ან ფიზიკური პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან მისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის გათვალისწინებით. მუხლი 30. ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლი 1. ანგარიშვალდებული პირი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული სათავო საწარმოა (ორგანიზაციაა), ვალდებულია დანერგოს ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა, რომელიც გარდა ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულისა, განსაზღვრავს: ა) ჯგუფის წევრებს შორის ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული და შენახული ინფორმაციის (დოკუმენტების) გავრცელების წესებს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების და მართვის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, უჩვეულო გარიგებების შესწავლის და საეჭვო გარიგებების გამოვლენის მიზნით; ბ) ინფორმაციის (დოკუმენტების) კონფიდენციალობის დაცვის და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით მისი გამოყენების უზრუნველყოფის მექანიზმებს. 2. ანგარიშვალდებული პირის სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულმა ან მოქმედმა შვილობილმა საწარმომ (ორგანიზაციამ) ან ფილიალმა უნდა შეასრულოს ამ კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები, თუ მის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში მოქმედი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობა ნაკლებად მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, დროულად მოახდინოს ზედამხედველი ორგანოს ინფორმირება და მიიღოს დამატებითი ზომები ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით, თუ მისი შვილობილი საწარმოს (ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქცია კრძალავს ან ზღუდავს ამ კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას. 4. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიღებული დამატებითი ზომები არასაკმარისია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვისთვის, ზედამხედველი ორგანო ვალდებულია, გაატაროს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები და საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი შვილობილი საწარმოს (ორგანიზაციის) ან ფილიალის საქმიანობის შეზღუდვა ან შეწყვეტა. თავი VIII საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუხლი 31. სამსახურის სტატუსი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. სამსახურზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია. დაუშვებელია, სამსახურს დაევალოს რაიმე ინფორმაციის მოპოვება ან სხვა ქმედების განხორციელება. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე, რომელსაც ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები სამსახურზე არ ვრცელდება. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურს შეუძლია გახსნას ანგარიში კომერციულ ბანკშიც. 5. სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. მუხლი 32. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (ბრძანება) და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. 2. სამსახურის უფროსს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) მძიმე სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა; გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა; დ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; ზ) პირადი განცხადება. 4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. მუხლი 33. სამსახურის დაფინანსება 1. სამსახურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით დასაშვებია მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. 3. სამსახურის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სექტორში არსებული შრომის ანაზღაურების დონეს. 4. სამსახურის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 34. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახური აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებს და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტებს), ხოლო ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში - უგზავნის თავისი ანალიზის შედეგებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2. სამსახური აცნობებს ანგარიშვალდებულ პირს მის მიერ წარდგენილი ანგარიშგების ამ კანონის და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე ანგარიშგების საფუძველზე სამსახურის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგების შესახებ. 3. სამსახური სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგებების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირებისთვის სახელმძღვანელო საყურადღებო ნიშნებს. 4. სამსახური გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირების მიერ ამ კანონის და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე. 5. სამსახური მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტების და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში. 6. სამსახური, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე, აგრეთვე ამ კანონით გათვალიწინებული წესით თანამშრომლობს სხვა იურისდიქციების ფინანსური დაზვერვის სამსახურებთან. მუხლი 35. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, სამსახური უფლებამოსილია: ა) ანგარიშვალდებული პირისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები); ბ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან მოითხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ასეთი ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზებზე, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. 2. სამსახური ვალდებულია, დაიცვას ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტების) კონფიდენციალობა. დაუშვებელია ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) გადაცემა ნებისმიერი სხვა პირისთვის მოსამართლის განჩინების გარეშე, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის (დოკუმენტების) კონფიდენციალობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურს, მის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ ნებისმიერ სხვა პირს, რომ ამ კანონის 25-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე სამსახურმა მიიღო ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) ან ხორციელდება ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით და 36-ე და 37-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, გარდა ამავე კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 36. მითითება გარიგების შეჩერების შესახებ 1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, ანგარიშვალდებულ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების, აგრეთვე ამ გარიგებასთან ან/და მასში მონაწილე პირ(ებ)თან დაკავშირებული სხვა გარიგებ(ებ)ის მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ დროს, სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები) დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 2. სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, გადაუდებელი აუცილებლობისას, ანგარიშვალდებულ პირს ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება. ასეთი მითითების ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითება უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადაეცემა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, განაახლოს შესაბამისი გარიგებ(ებ)ის მომზადება, დადება ან შესრულება. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები მითითების დაუყოვნებლივ შესასრულებლად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 72 საათიანი ვადის ათვლა იწყება ანგარიშვალდებული პირის მიერ მითითების მიღების მომენტიდან და ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენების და უქმე დღეები. მითითება შეიძლება ვადაზე ადრე გაუქმდეს, თუ ვარაუდი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე არ დასტურდება ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მითითების ვადაზე ადრე გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რაც ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, დროულად უნდა ეცნობოს ანგარიშვალდებულ პირს. ასეთი შეტყობინების ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 7. სამსახური უფლებამოსილია, სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნის საფუძველზე ანგარიშვალდებულ პირს მისცეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება ან თავად მიმართოს ანალოგიური თხოვნით სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თხოვნა დაკმაყოფილდება, თუ სამსახური დარწმუნდება, რომ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის ვარაუდი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე დასაბუთებულია. მუხლი 37. საერთაშორისო თანამშრომლობა 1. სამსახური უფლებამოსილია, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს გაუგზავნოს თხოვნა კონფიდენციალური ინფორმაციის წარმოდგენაზე და უპასუხოს ანალოგიურ თხოვნას ან საკუთარი ინიციატივით გაუგზავნოს ასეთი ინფორმაცია. 2. სამსახურმა დროულად უნდა მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს მის ხელთ არსებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომლის მოპოვება სამსახურს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუძლია, თუ თხოვნა კონფიდენციალური ინფორმაციის წარმოდგენაზე დასაბუთებულია, აღწერს გარემოებებს, რომლებიც მას საფუძვლად უდევს და განმარტავს ინფორმაციის შემდგომი გამოყენების გზებს. სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებისას, სამსახური კომუნიკაციის დაცულ საშუალებებს გამოიყენებს. 3. სამსახური არ დააკმაყოფილებს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას კონფიდენციალური ინფორმაციის წარმოდგენაზე, თუ თხოვნის დაკმაყოფილებამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოში წარმოებულ გამოძიებას ან სისხლისამართლებრივ დევნას, შელახოს პირის კანონიერი ინტერესები ან საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ან სხვა საჯარო ინტერესები. სამსახურის უარი თხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და დროულად განემარტოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს. 4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით და მისი გამოყენება მხოლოდ ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალიზის ან თხოვნაში მითითებული სხვა მიზნით. დაუშვებელია ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის წინასწარი ნებართვის გარეშე. 5. სამსახურმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რომ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურმა დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და მხოლოდ სამსახურის მიერ ნებადართული მიზნით უზრუნველყოს მისი გამოიყენება. 6. სამსახურმა, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში, მოთხოვნისამებრ, უნდა აცნობოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს მისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენების ან ასეთი ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული ანალიზის შედეგების თაობაზე. 7. სამსახური უფლებამოსილია, დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან, რომელიც მოაწესრიგებს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაციის გაცვლის და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებს. თავი IX ზედამხედველობა და უწყებათაშორისი თანამშრომლობა მუხლი 38. ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები 1. ზედამხედველი ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება დისტანციური ან/და ადგილზე შემოწმების გზით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების სახეობა და სიხშირე უნდა განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის, მოცულობის და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების (შემდგომ - რისკის დონე) საფუძველზე. 3. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარების ან რისკის დონის განსაზღვრის მიზნით, ანგარიშვალდებული პირისგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია. 4. ზედამხედველი ორგანოს მიერ ანგარიშვალდებული პირის რისკის დონე უნდა განისაზღვროს სათანადო პერიოდულობით და მისი მფლობელობის ან კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ან საქმიანობაში მომხდარი არსებითი ცვლილებისას. ანგარიშვალდებული პირის რისკის დონის განსაზღვრისას, ზედამხედველმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში მოცემული ინფორმაცია. 5. ზედამხედველი ორგანო გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირების მიერ ამ კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე. 6. ზედამხედველი ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს და ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევისას, ანგარიშვალდებული პირის მიმართ გაატაროს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები. მუხლი 39. თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა 1. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, სათანადო ინფორმაციის გაცვლით და გამოცდილების გაზიარებით. 2. ზედამხედველი ორგანო ვალდებულია, დროულად აცნობოს სამსახურს ანგარიშვალდებული პირის შემოწმებისას გამოვლენილი ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზედამხედველი ორგანოს მიერ გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტებზე. 3. ზედამხედველმა ორგანომ, ჯგუფის ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების ან ხელშეწყობის მიზნით, უნდა ითანამშრომლოს და გაცვალოს სათანადო ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის სათავო ან შვილობილი საწარმოს (ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქციის შესაბამის ზედამხედველ ორგანოებთან. 4. სამსახური ვალდებულია, დროულად აცნობოს ზედამხედველ ორგანოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შესაძლო ფაქტებზე. 5. საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულნი არიან, 6 თვეში ერთხელ ან მოთხოვნისამებრ, აცნობონ სამსახურს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამსახურისგან მიღებული ანალიზის შედეგების და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტების) გამოყენების და დამდგარი შედეგის თაობაზე. 6. საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია, წარუდგინოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 1941-ე, 3311-ე ან XXXIII თავით გათვალისწინებული მუხლ(ებ)ის საფუძველზე წარმოებული გამოძიების მიზნების მისაღწევად. თავი X გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება მუხლი 40. სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი 1. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ - სამთავრობო კომისია) არის საქართველოში მთავარი საკონტაქტო ორგანო გაეროს სანქციების კომიტეტის და სხვა სტრუქტურებისთვის, ტერორიზმის და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას. 2. სამთავრობო კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასთან და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამთავრობო კომისიის დებულებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. 3. სამთავრობო კომისია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამშრომლობს და ცვლის ინფორმაციას საქართველოს და სხვა იურისდიქციების კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 4. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომისიის ფუნქციების შესასრულებლად უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და გავრცელებას. მუხლი 41. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება 1. სამთავრობო კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავს სასამართლოს იმ პირის ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობით, რომელიც გაეროს სანქციების კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეყვანილ იქნა სანქცირებულ პირთა სიაში. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია, პირისთვის შეუტყობინებლად, დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მომართვა პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის საფუძველზე, დასაბუთებული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რომ პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, სამთავრობო კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავს სასამართლოს პირის ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამთავრობო კომისიამ, პირისთვის შეუტყობინებლად, უნდა გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობის სასამართლოსთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად. 5. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მისგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს: ა) სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ამ მუხლის მე5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 6. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მიზნით ან შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციის და მათი სათარადიგო ნაწილების დაუფლების აღსაკვეთად. სამთავრობო კომისიის მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად. 7. სამთავრობო კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირება გაეროში მოქმედი მექანიზმის შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს განცხადებებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. მუხლი 42. ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა 1. სამთავრობო კომისია ვალდებულია, სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანალებ წელიწადში ერთხელ ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, შეისწავლოს, არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეჭვისთვის. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით, გაეროს სანქციების კომიტეტის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირთა სიიდან მისი ამოღების შემთხვევაში ან თუ დადგინდა, რომ აღარ არსებობს საკმარისი საფუძველი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეჭვისთვის. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია, გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შუამდგომლობის სასამართლოსთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად. 4. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით, სასამართლოს მიმართოს პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით, რომელიც აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან დაყადაღებული ქონების შენახვის ხარჯების დასაფარად. სამთავრობო კომისია სასამართლოს ასეთი შუამდგომლობით მიმართავს, თუ პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე წინასწარ აცნობა გაეროს სანქციების კომიტეტს და 3 სამუშაო დღის ვადაში არ მიუღია უარყოფითი პასუხი. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით, სასამართლოს მიმართოს პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. სამთავრობო კომისია სასამართლოს ასეთი შუამდგომლობით მიმართავს, თუ გაეროს სანქციების კომიტეტისგან მიიღო დადებითი პასუხი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე. 6. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დადგენილი წესით, სასამართლოს მიმართოს პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით, რომელიც აუცილებელია სანქცირებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად. მუხლი 43. გაეროს სანქციების კომიტეტისადმი მიმართვა 1. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია, პირისთვის შეუტყობინებლად, გაეროს სანქციების კომიტეტს წარუდგინოს მიმართვა სანქცირებულ პირთა სიაში მისი შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენა უნდა განხორციელდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით და მიმართვის სტანდარტული ფორმების გამოყენებით. მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას პირის იდენტიფიკაციისთვის. 3. სამთავრობო კომისია ვალდებულია, სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანალებ წელიწადში ერთხელ ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, შეისწავლოს, არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეჭვისთვის. 4. სამთავრობო კომისია ვალდებულია, გაეროს სანქციების კომიტეტს წარუდგინოს მიმართვა სანქცირებულ პირთა სიიდან პირის ამოღების თაობაზე, თუ დადგინდა, რომ აღარ არსებობს საკმარისი საფუძველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეჭვისთვის. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამთავრობო კომისია ვალდებულია, გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები სანქცირებულ პირთა სიიდან პირის ამოღების თაობაზე მიმართვის გაეროს სანქციების კომიტეტისთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად. 6. სამთავრობო კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირება გაეროში მოქმედი მექანიზმის შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს განცხადებებს სანქცირებულ პირთა სიიდან პირის ამოღებასთან დაკავშირებით. თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 44. გარდამავალი დებულებები 1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ანგარიშვალდებულმა პირმა დანერგოს: ა) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების და მართვის სისტემა ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად; ბ) შესაბამისობის კონტროლის სისტემა ამ კანონის VII თავის შესაბამისად. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა უზრუნველყოს სათანადო ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა, ამ კანონის III და IV თავებით განსაზღვრული მოთხოვნების გავრცელება ისეთ კლიენტებზე, რომლებთან საქმიანი ურთიერთობა დამყარებული აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე. 3. ანგარიშვალებულმა პირმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სათანადო ვადის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღოს კლიენტის რისკის დონე და წარსულში კლიენტის მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარების დრო და მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტების) შესაბამისობა ამ კანონის მოთხოვნებთან. მუხლი 45. ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი (№ 2391 - IIს) და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 46. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და 44-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და 44-ე მუხლი ამოქმედდეს კანონის გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს ქვეყანას, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან (შემდგომ - FATF-ის რეკომენდაციები). ამ ვალდებულების შესრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), რომლის საშემფასებლო მისია საქართველოს 2019 წელს ეწვევა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სფეროში მოქმედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს დაახლოებას ევროპარლამენტის და საბჭოს 2005 წლის 26 ოქტომბრის 2005/60/EC დირექტივასა და 2006 წლის 1 აგვისტოს ევროკომისიის 2006/70/EC დირექტივასთან. თუმცა, დინამიური დაახლოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია, დაუახლოვდეს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ 2015 წლის 20 მაისის ევროპარლამენტის და საბჭოს მეოთხე (2015/849) დირექტივას (შემდგომ - ევროკავშირის მეოთხე დირექტივა), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული დირექტივები. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ ევროკავშირის (2015/849) დირექტივასთან (შემდგომ - ევროკავშირის მეოთხე დირექტივა). საქართველოს სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას საჭიროებს, მოიცავს გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულ სანქციებს (შემდგომ - გაეროს სანქციები) და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (შემდგომ - ვარშავის კონვენცია) მთელ რიგ დებულებებს. ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 2003 წლის 6 ივნისით თარიღდება. წლების განმავლობაში კანონში შესული ცვლილებები და დამატებები კანონის სტრუქტურას და ნორმების ნაწილს რთულად აღსაქმელს და ბუნდოვანს ხდის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ზემოაღნიშნული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციისთვის აუცილებელი პირობა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღებაა. ცვლილებების მასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ მოქმედი კანონის ახლით ჩანაცვლება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შემოთავაზებული კანონპროექტი უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის სფეროში მკაფიო და განჭვრეტადი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით შემოთავაზებულია შემდეგი ძირითადი ცვლილებები: თავი I - ზოგადი დებულებები კანონპროექტის პირველი თავი ადგენს მისი მოქმედების სფეროს, აგრეთვე მოიცავს ტერმინთა განმარტებას და ანგარიშვალდებულ პირთა და ზედამხედველ ორგანოთა ჩამონათვალს. კანონპროექტის მე-2 მუხლით, ერთი მხრივ, უმჯობესდება და უფრო მკაფიოდ ყალიბდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში განმარტებული ტერმინები, მაგალითად, კლიენტი, ბენეფიციარი მესაკუთრე და პოლიტიკურად აქტიური პირი, ხოლო მეორე მხრივ, განისაზღვრება ისეთი ახალი ტერმინები როგორიცაა ერთჯერადი გარიგება, საქმიანი ურთიერთობა და კლიენტის ვერიფიკაცია. ანგარიშვალდებულ პირთა სიას, რომელიც „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში „მონიტორინგის განმახორციელებელი პირების“ სიის ეკვივალენტურია, ემატება დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი, საადვოკატო ბიურო და სერტიფიცირებული ბუღალტერი. ზემოაღნიშნული ახალი ანგარიშვალდებული პირების ზედამხედველ ორგანოებად განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (საადვოკატო ბიურო) და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (სერტიფიცირებული ბუღალტერი). კანონპროექტის პირველი თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნებს და FATF-ის მე-10, 12ე, მე-13, მე-16, მე-19 და 22-ე რეკომენდაციებს. თავი II - ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა კანონპროექტის მეორე თავი აწესრიგებს ეროვნულ და სექტორულ დონეზე, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობაში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების და მართვის საკითხებს. კანონპროექტის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილებით შექმნილი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო“ შეასრულებს შესაბამისი უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციებს და სამუშაო ჯგუფთან ერთად უზრუნველყოფს რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მონიტორინგს და პერიოდულ განახლებას. კანონპროექტის მე-8 მუხლი განსაზღვრავს ანგარიშვალდებული პირების მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების და მართვის ვალდებულებას. ფინანსური ინკლიზიურობის ხელშეწყობის მიზნით, მე-9 მუხლი ითვალისწინებს, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ანგარიშვალდებული პირების გათავისუფლების შესაძლებლობას. კანონპროექტის მეორე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის მე-8 და მე-12 მუხლების მოთხოვნებს და FATF-ის პირველ და მე-15 რეკომენდაციებს. თავი III - პრევენციული ღონისძიებები მესამე თავი კანონპროექტის საკვანძო ნაწილია და აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხებს: კლიენტების და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება; საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დადგენა; მიმდინარე საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. ტერმინი „პრევენციული ღონისძიებები“ FATF-ის რეკომენდაციებით და ევროკავშირის მეოთხე დირექტივით გათვალისწინებული ტერმინის ”Customer Due Diligence Measures” არაპირდაპირი თარგმანია და მიზნად ისახავს ერთიანი ცნების შემოღებას, რომელიც მოიცავს ანგარიშვალდებული პირების მიერ კლიენტების მიმართ გასატარებელ იდენტიფიკაციის, ვინაობის გადამოწმების, საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის და სხვა ღონისძიებებს. კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი სიახლე უკავშირდება პრევენციული ღონისძიებების გატარების საფუძვლებს. აღნიშნული ღონისძიებები დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ანგარიშვალდებულ პირთან დადებული გარიგება აღემატება გარკვეულ თანხას, ხოლო კანონპროექტით შემოთავაზებულია საქმიანი ურთიერთობის გამიჯვნა ერთჯერადი გარიგებისგან. კერძოდ, საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ურთიერთობის ფარგლებში დადებული ან შესრულებული გარიგებების თუ ოპერაციების თანხის ოდენობის მიუხედავად. კანონპროექტის მე-13 მუხლი განსაზღვრავს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის წესებს როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების, ისე უცხოური ტრასტების და მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურების შემთხვევაში. მე-14 და მე-15 მუხლები აწესებს დამატებით ვალდებულებებს საინვესტიციო ხასიათის დაზღვევის პროდუქტებთან მიმართებით, ხოლო მე-16 და მე-17 მუხლები აწესრიგებს მესამე პირების და შუამავლების მეშვეობით პრევენციული ღონისძიებების გატარების და ფულად გადარიცხვებთან ერთად საიდენტიფიკაციო მონაცემების გაგზავნის საკითხებს. კანონპროექტის მესამე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის მე-10-მე-14 მუხლების მოთხოვნებს და FATF-ის მე-10, მე17 და 22-ე რეკომენდაციებს. თავი IV - გაძლიერებული და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები კანონპროექტის მეოთხე თავი აწესრიგებს, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი ან დაბალი რისკის არსებობისას, კლიენტების მიმართ შესაბამისი გაძლიერებული ან გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენების საკითხებს. კანონპროექტის მე-18 მუხლში მოცემულია გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არაამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც ანგარიშვალდებულმა პირებმა მაღალი რიკის კლიენტების მიმართ უნდა გაატარონ. მე-19 მუხლი ადგენს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებას ისეთი კლიენტების მიმართ, რომელთა ადგილსამყოფელი ან საცხოვრებელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. მე-20 მუხლი განსაზღვრავს უჩვეულო გარიგებების შესწავლის და საეჭვო გარიგებების გამოვლენის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. კანონპროექტის 21-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიტიკურად აქტიური პირების ცნებას, რომელიც მოიცავს როგორც უცხო ქვეყნის, ისე საქართველოს მოქალაქეებს. ასეთი პირების მიმართ უნდა გატარდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები. 22-ე და 23-ე მუხლებში მოცემულია იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარების ან გადაზღვევის საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაატაროს. კანონპროექტის 24-ე მუხლში მოცემულია გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების არაამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც ანგარიშვალდებულმა პირებმა დაბალი რისკის კლიენტების მიმართ შეიძლება გაატარონ. კანონპროექტის მეოთხე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის მე-15-24-ე მუხლების მოთხოვნებს და FATF-ის მე-10, მე12, მე-13, მე-16 და მე-19 რეკომენდაციებს. თავი V - სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება კანონპროექტის მეხუთე თავი აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების და სხვა ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომ - სამსახური) წარდგენის საკითხებს. კანონპროექტის 25-ე მუხლი ადგენს ანგარიშვალდებული პირის ვალდებულებას, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების შესახებ. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი, გარდა საეჭვო გარიგებებისა, დამატებით განსაზღვრავს გარიგებების ჩამონათვალს, რომლებიც ასევე უნდა ეცნობოს სამსახურს. შემოთავაზებული კანონპროექტი უფრო მოქნილ მიდგომას ითვალისწინებს. კერძოდ, 25-ე მუხლი სამსახურს ანიჭებს ისეთი გარიგებების განსაზღვრის უფლებას, რომელთა შესახებ სამსახურს უნდა ეცნობოს. შესაბამისი გარიგებების განსაზღვრა უნდა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ან სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით მათი გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს. კანონპროექტის მეხუთე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის 33-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნებს და FATF-ის მე-20, 23ე და 29-ე რეკომენდაციებს. თავი VI - ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალობის დაცვა კანონპროექტის მეექვსე თავი აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვის და კონფიდენციალობის დაცვის საკითხებს. კანონპროექტის 27-ე მუხლი განსაზღვრავს საიდენტიფიკაციო მონაცემების და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტების) 5 წლით შენახვის ვალდებულებას, ნაცვლად არსებული 6 წლისა. იგივე მუხლი მოითხოვს ანგარიშვალდებული პირების მიერ მონაცემთა აღრიცხვის და დამუშავების ელექტრონული სისტემის შექმნას შესაბამისი ინფორმაციის შენახვის და საეჭვო გარიგებების გამოვლენის მიზნით. კანონპროექტის 28-ე მუხლი კრძალავს საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების სამსახურისთვის წარდგენის ფაქტის სხვა პირებისთვის გამჟღვანებას, თუმცა იმავდროულად უშვებს რამდენიმე გამონაკლისს, როდესაც ასეთი ინფორმაციის გავრცელება ლეგიტიმური მიზნით ხორციელდება. კანონპროექტის მეექვსე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის 39-ე და მე-40 მუხლების მოთხოვნებს და FATF-ის მე-11, 21-ე და 23-ე რეკომენდაციებს. თავი VII - შესაბამისობის კონტროლი კანონპროექტის მეშვიდე თავი აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ ისეთი შიდა პოლიტიკის, წესების, სისტემების და მექანიზმების დანერგვის საკითხებს, რომლებიც მისი საქმიანობის შემოთავაზებული კანონპროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს უზრუნველყოფს. კანონპროექტის 29-ე მუხლი, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს, დამოუკიდებელი აუდიტის მეშვეობით, ზემოაღნიშნული პოლიტიკის, წესების, სისტემების და მექანიზმების ეფექტიანობის შემოწმების ვალდებულებას. 30-ე მუხლი ადგენს შესაბამისობის კონტროლის საკითხებს ჯგუფის დონეზე. კანონპროექტის მეშვიდე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის 45-ე და 46-ე მუხლების მოთხოვნებს და FATF-ის მე-18 რეკომენდაციას. თავი VIII - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონპროექტის მერვე თავი აწესრიგებს სამსახურის სტატუსთან, მართვასთან, დაფინანსებასთან, ფუნქციებთან, უფლება-მოვალეობებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტის 36-ე მუხლი ადგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ანგარიშვალდებულ პირს მისცეს წერილობითი მითითება, 72 საათის განმავლობაში გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების თაობაზე. ასეთი უფლებამოსილების მიზანია, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკმარისი დრო საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. კანონპროექტის მერვე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის 45-ე მუხლის და ვარშავის კონვენციის 46-ე და 47-ე მუხლების მოთხოვნებს. თავი IX - ზედამხედველობა და უწყებათაშორისი თანამშრომლობა კანონპროექტის მეცხრე თავი აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის საკითხებს. კანონპროექტის VII თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება ევროკავშირის მეოთხე დირექტივის 48-ე მუხლის მოთხოვნებს და FATF-ის 26-ე-29-ე რეკომენდაციებს. თავი X - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება კანონპროექტის მეათე თავი აწესრიგებს გაეროს სანქციების დაკისრების და მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნის საკითხებს. კანონპროექტის მეათე თავით შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ემყარება FATFის მე-6 და მე-7 რეკომენდაციებს და გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტერორიზმის ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას. თავი XI - გარდამავალი და დასკვნითი დებულებები კანონპროექტის მეთერთმეტე ძალადაკარგულად აცხადებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე აქტებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთი არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა მიღებიდან რამდენიმე თვეში, 2019 წლის 1 სექტემბრიდან, იმისათვის, რომ ანგარიშვალდებულ პირებს მიეცეთ საკმარისი დროს კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნების შესასრულებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება შეიძლება დაკავშირებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდასთან. კერძოდ, კანონპროექტის მე-3 მუხლით ახალ ანგარიშვალდებულ პირად განისაზღვრა დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი. კანონპროექტის მე-4 მუხლის თანახმად, დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერზე ზედამხედველობას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღნიშნული ფუნქციის შესრულება შეიძლება საჭიროებდეს დამატებითი თანამშრომლების აყვანას. სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონპროექტით ახალი ფუნქციები არ ემატება. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის და სამუშაო ჯგუფის შექმნა და საქმიანობა, რომლებიც კანონპროექტის მე-5 და მე-6 მუხლების თანახმად, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე არიან პასუხისმგებელი, არ უკავშირდება დამატებით ხარჯებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილების საფუძველზე შექმნილი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო“ და მის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფი ამჟამად უკვე მუშაობენ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. კანონპროექტის მიღების შემდეგ საბჭო გარდაიქმნება მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომისიად და გააგრძელებს მიმდინარე საქმიანობას არსებული სამუშაო ჯგუფის მეშვეობით. სამუშაო ჯგუფის წევრები თავიანთ საქმიანობას შეთავსებით ახორციელებენ და დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ. აღნიშნული პრაქტიკა შენარჩუნდება. ანალოგიურად, კანონპროექტის მე-40 მუხლით განსაზღვრული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის საქმიანობაც არ უკავშირდება დამატებით ხარჯებს, რადგან კომისია უკვე შექმნილია და საქმიანობს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილების საფუძველზე. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. კომისიის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები თავიანთ საქმიანობას შეთავსებით ახორციელებენ და დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ. აღნიშნული პრაქტიკა შენარჩუნდება. კანონპროექტი აგრეთვე არ გამოიწვევს სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას, რადგან 41-ე მუხლის საფუძველზე გაეროს მიერ სანქცირებულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობების განხილვა უკვე ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავის შესაბამისად. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების უმეტესობა ანგარიშვალდებულ პირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაც ეკისრებათ. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ითვალისწინებს კლიენტების იდენტიფიკაციას, ვინაობის გადამოწმებას, სხვა პრევენციულ ღონისძიებებს და რისკების მართვის სისტემის დანერგვას, მე-7 მუხლი განსაზღვრავს აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული დოკუმენტების და სხვა ინფორმაციის შენახვის და საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის მიზნით მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნის ვალდებულებას, ხოლო მე-8 მუხლი მოითხოვს კანონის ნორმების შესრულების უზრუნველსაყოფად შიდა კონტროლის განხორციელებას, რაც თანამშრომელთა პერიოდულ სწავლებას უნდა მოიცავდეს. ამასთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში კომერციული ბანკების მიერ გასატარებელი ღონისძიებები რესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. მიუხედავად ამისა, კანონპროექტით განსაზღვრულია დამატებითი ვალდებულებები, განსაკუთრებით ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების და მართვის (მე-8 მუხლი), პრევენციული ღონისძიებების გატარების (მე-10 მუხლი) და საეჭვო გარიგებების (მე-20 მუხლი) გამოვლენის პროცესის დოკუმენტირების კუთხით, რომლებიც ანგარიშვალდებული პირებისთვის ფინანსური და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას გამოიწვევს. იმავდროულად, კანონპროექტი არაერთი მიმართულებით ამსუბუქებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ანგარიშვალდებულ პირებს მთელი რიგი ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს. მაგალითად, კანონპროექტის მე-9 მუხლის თანახმად, ანგარიშვალდებული პირები შეიძლება გათავისუფლდნენ კანონის მოთხოვნებისგან ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის მატარებელი მომსახურების გაწევისას. კანონპროექტის მე-12 მუხლი იძლევა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების და კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ პრევენციული ღონისძიებების დასრულების საშუალებას. ამასთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებით, კანონპროექტი არა ნებისმიერი დაზღვევის პოლისის, არამედ მხოლოდ საინვესტიციო ხასიათის სიცოცხლის დაზღვევის პოლისის მოსარგებლის მიმართ მოითხოვს პრევენციული ღონისძიებების გატარებას (მე-14 მუხლი), რაც სადაზღვევო ორგანიზაციებს ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვის საშუალებას მისცემს. კანონპროექტის ფინანსური შედეგების უფრო ზუსტად განსაზღვრისთვის აუცილებელია ერთი მხრივ, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მოთხოვნებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯების, ხოლო მეორე მხრივ, კანონპროექტის მიღებასთან ერთად ასეთი ხარჯების მოსალოდნელი ზრდის/შემცირების კვლევა. მსგავსი კვლევა სპეციალიზებულ ცოდნას და სათანადო მეთოდოლოგიას საჭიროებს და დღემდე არ ჩატარებულა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი უზრუნველყოფს ევროკავშირის (მეოთხე) დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) 2012 წლის შეფასების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ ევროკავშირის მეოთხე (2015/849) დირექტივასთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა სამსახურის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, აგრეთვე კანონპროექტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებთან კონსულტაციების შედეგად. კანონპროექტის მომზადებაში სამსახურს დახმარება გაუწიეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მოწვეულმა ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის შემთხვევაში: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, კანონპროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით, მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები სრულად იქნა გაზიარებული. ამდენად, კანონპროექტის ნორმები შესაბამისობაშია ევროკავშირის მეოთხე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებთან და FATF-ის რეკომენდაციებთან. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.