„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 48-ე მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენლისაგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); ბ) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია და ჩამოართვას ლიცენზია; გ) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; დ) კომერციულ ბანკებს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკებს; ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია.“. 2. 48-ე მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.“ 3. 48-ე მუხლის 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „43. ფულის გათეთრების აღკვეთის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.“ 4. 48-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს ქვეყანას, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან (შემდგომ - FATF-ის რეკომენდაციები). ამ ვალდებულების შესრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), რომლის საშემფასებლო მისია საქართველოს 2019 წელს ეწვევა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სფეროში მოქმედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს დაახლოებას ევროპარლამენტის და საბჭოს 2005 წლის 26 ოქტომბრის 2005/60/EC დირექტივასა და 2006 წლის 1 აგვისტოს ევროკომისიის 2006/70/EC დირექტივასთან. თუმცა, დინამიური დაახლოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია, დაუახლოვდეს „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ 2015 წლის 20 მაისის ევროპარლამენტის და საბჭოს მეოთხე (2015/849) დირექტივას (შემდგომ ევროკავშირის მეოთხე დირექტივა), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული დირექტივები. საქართველოს სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას საჭიროებს, მოიცავს გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულ სანქციებს (შემდგომ - გაეროს სანქციები) და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (შემდგომ - ვარშავის კონვენცია) მთელ რიგ დებულებებს. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. ამდენად, აუცილებელია „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა ხსენებულ კანონპროექტთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი არ შეესაბამება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს. ამდენად, აუცილებელია შეტანა „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა ხსენებულ კანონპროექტთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შემოთავაზებული კანონპროექტით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებში გამოყენებულია ტერმინი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“. „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი აღნიშნული ტერმინის კორექტირებას ახდენს. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებში აგრეთვე გამოყენებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის სათაური, რომელიც „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურით უნდა შეიცვალოს. ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტით, ცვლილებები შედის „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: შემოთავაზებული კანონპროექტი უკავშირდება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და ამიტომ, მათი ამოქმედებაც ერთდროულად, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, უნდა მოხდეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): შემოთავაზებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და მისი მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“ ევროკავშირის მეოთხე (2015/849) დირექტივასთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.