„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი
ნომერი
#07-3/34/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„აღსრულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნოტარიუსს უფლება აქვს, სანოტარო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შექმნას საერთო ბიურო ადვოკატთან, თარჯიმანთან ან/და აუდიტორთან ერთად. ნოტარიუსისა და საერთო ბიუროს სხვა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები საერთო ბიუროს მიმართ, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“. 2. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) დეპოზიტში იღებს ფულს და ფასიან ქაღალდებს;“. 3. 381 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულება ხორციელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების კოდექსით დადგენილი წესით.“. 4. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება აღსრულების კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტი მიზნად ისახავს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციასა და აღსრულების კოდექსის პროექტს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრას, ვინაიდან აღსრულების კოდექსის პროექტი ახლებურად არეგულირებს აღსრულების სისტემას და სააღსრულებო წარმოების ცალკეულ საკითხებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონის მიღება განპირობებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კოდექსის პროექტთან შესაბამისობის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კოდექსთან შესაბამისობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი აღსრულების კოდექსის პროექტის თანახმად, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, აღმასრულებელი უფლებამოსილია გაერთიანდეს იმავე სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ სხვა აღმასრულებელთან. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით უქმდება აღმასრულებლის მიერ ნოტარიუსთან ერთად საერთო ბიუროს შექმნის უფლებამოსილება. გარდა ამისა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება იცვლება „აღსრულების კოდექსზე“ მითითებით. ამასთან, კანონპროექტით ერთმანეთისაგან იმიჯნება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნოტარიუსის კომპეტენცია დეპონირებასთან დაკავშირებით - ნოტარიუსს რჩება ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპონირების უფლება, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს ნივთების დეპონირებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, რაც აღსრულების კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედებას უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსს რჩება ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპონირების უფლება, ხოლო ნივთების დეპონირებას განახორციელებს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი