„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი
ნომერი
#07-3/34/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„აღსრულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-200 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.“; ბ) მე-5-მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 6. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი. 7. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა აღსრულების კოდექსით დადგენილი წესით.“; გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.“. 2. 282-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღმასრულებლის ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნისა და მოყვანის შესახებ.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2852 მუხლი: „მუხლი 2852. სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის შეცვლა სხვა სასჯელით აღსრულების კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღმასრულებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო მისთვის მიმართვიდან 10 დღის განმავლობაში განჩინებით წყვეტს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის სხვა სასჯელით შეცვლის საკითხს.“. 4. 291-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 2851, 2852, 286-ე, 287-ე, 288-ე და 289-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს 1 თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედ რედაქციასა და აღსრულების კოდექსის პროექტს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრას, ვინაიდან აღსრულების კოდექსის პროექტი ახლებურად არეგულირებს აღსრულების სისტემას და სააღსრულებო წარმოების ცალკეულ საკითხებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონის მიღება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღსრულების კოდექსის პროექტთან შესაბამისობის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღსრულების კოდექსთან შესაბამისობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება იცვლება „აღსრულების კოდექსზე“ მითითებით. გარდა ამისა, აღსრულების კოდექსის პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება 2852 მუხლი, რომლის თანახმად, აღსრულების კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღმასრულებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო განჩინებით წყვეტს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის სხვა სასჯელით შეცვლის საკითხს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, რაც აღსრულების კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედებას უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის თანახმად, აღსრულების კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (თუ ჯარიმის გადახდევინება ვერ ხერხდება), აღმასრულებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებს გადაწვეტილებას პირისათვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის სხვა სასჯელით შეცვლის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხების შემცირება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის თანახმად, აღსრულების კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (თუ ჯარიმის გადახდევინება ვერ ხერხდება), აღმასრულებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებს გადაწვეტილებას პირისათვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის სხვა სასჯელით შეცვლის შესახებ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, დავით სონღულაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი