„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/292/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“. ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 – 87 პუნქტები: „81. ავტოსადგური – მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, მოწყობილი ადგილი სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ ან/და არარეგულარულ და/ან ქვეყნის შიდა და/ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება. 82. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება. 83. ავტოსადგურის შესაბამისობის სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი) - კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ავტოსადგურის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან. 84. ავტოსადგურის სიმძლავრე - დროის ერთეულში ავტოსადგურიდან/ავტოსადგურში შესასრულებელი რეისების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა. 85. M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება - არაუმეტეს 8 დასასხდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. 86. მინივენი - M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა (მძღოლის ადგილის გარდა) აღემატება 5 ადგილს. 87. M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება - 8-ზე მეტი დასასხდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული მასა აღემატება 5 ტონას.“. გ) მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა, აგრეთვე რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანად ჩაითვლება ასევე, მგზავრთა გადაყვანა თუ ის დაიწყო და დამთავრდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მაგრამ ინფრასტრუქტურის თავისებურებების და რელიეფის გამო გადაყვანის პროცესში მოხდა სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა.“. დ) 111 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 და 113 პუნქტები: „112. ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა - რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში (გარდა, ნებისმიერი სამგზავრო გადაყვანისა, რომელიც სრულდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში). 113. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა - საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.“. ე) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 – 173 პუნქტები: „171. ავტორიზაცია - პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ამავე ქვეყანაში რეგისტრირებულ გადამზიდველზე საქართველოდან მიღებული ავტორიზაციის ბლანკის დადგენილი წესით გაცემა, რომელიც მას ანიჭებს უფლებას, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციები ან/და იმოძრაოს ტრანზიტულად საქართველოს ტერიტორიის გავლით. 172. ავტორიზაციის ბლანკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით დამზადებული და პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემული დოკუმენტი. 173. კვოტა – საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ან პარტნიორ ქვეყნებს შორის შეთანხმებით ქვეყნისთვის დადგენილი, განსაზღვრული პირობების საფუძველზე განსახორციელებელი ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვის (ორმხრივი, ტრანზიტული, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) შეზღუდული რაოდენობა.“. ვ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა ავტობუსით ან/და მინივენით, რომელიც სრულდება წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“. ზ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ტერმინები: ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის დეკლარაცია, შესაბამისობის სერტიფიკატი – განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.“. თ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე-29-ე პუნქტები: „26. პარტნიორი ქვეყანა - ქვეყანა, რომელთანაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა. 27. ECMT - ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია. 28. BSEC - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია. 29. TRACECA – ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი.“. 1 2. 5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 5 . ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები 1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვა გაიცემა საქმიანობათა შემდეგ სახეებზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ა1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა; ბ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა; გ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა; დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვა (დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ. 2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების შეზღუდული რაოდენობის მოტივით, გარდა: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა; ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა. 3. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადამზიდველს აძლევს უფლებას განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული/ არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. 4. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა გადამზიდველს აძლევს უფლებას განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა დადგენილი წესით. 5. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით.“. 3. 53 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის წესი, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები 1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის წესი, მათ შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, გარკვეულ მარშრუტებზე მხოლოდ M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“. 4. 56 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტიბით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 57 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება 1. ამ კანონით განსაზღვრული სანებართვო საქმიანობის განხორციელება ნებართვის გარეშე დაუშვებელია. აღნიშნული მოთხოვნის დაცვას ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' და ,,ა1'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების ნაწილში აკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ხოლო, ამავე პუნქტის ,,ბ“ – „დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და სააგენტო, მათი კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“. 6. 58 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8 „მუხლი 5 . ნებართვის გაუქმება ნებართვის გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 7. 58 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 59 მუხლი: 9 მუხლი 5 . საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადმოცემული და პარტნიორ ქვეყნებთან გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები 1. საერთაშორისო ორგანიზაციების (ECMT, BSEC, TRACECA და სხვა, რომლის წევრიც არის საქართველო საავტომობილო სფეროში) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი და/ან პარტნიორი ქვეყნების მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვისათვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი, სააგენტოს მიერ გადამზიდველზე დადგენილი წესით გაცემის შემდეგ, მას აძლევს უფლებას განახორციელოს საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვები პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარკვეული პირობებით. აღნიშნული დოკუმენტი სააგენტოს მიერ გაიცემა მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ან/და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვების მფლობელ გადამზიდველზე. 2. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისათვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის და/ან ავტორიზაციის ბლანკის საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთმიწოდება ხდება შევსებული სახით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემისა და გაცემაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმა შესაძლებელია გასაცემი დოკუმენტების შეზღუდული რაოდენობის გამო. 4. საერთაშორისო ორგანიზაციების (ECMT, BSEC, TRACECA და სხვა, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ პარტნიორი ქვეყნისთვის გამოყოფილი და/ან საქართველოს მიერ პარტნიორ ქვეყნებისათვის გადაცემული ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვისათვის განკუთვნილი დოკუმენტის და/ან ავტორიზაციის ბლანკი, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ამავე ქვეყნის გადამზიდველზე დადგენილი წესით გაცემის შემდეგ, მას აძლევს უფლებას განახორციელოს საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული პირობებით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მოქმედების ვადა, შევსების, შეჩერების, შეცვლის და გაუქმების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან/და პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის შეჩერების, შეცვლის და გაუქმების წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. 6. საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტებისა და მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტების და მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“. 8. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები: „მუხლი 61. ავტოსადგური 1. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა უნდა განხორციელდეს ავტოსადგურებს შორის. 2. მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიხედვით ავტოსადგურები იყოფა პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგურებად: ა) პირველი კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარული ან/და არარეგულარული, ქვეყნის შიდა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიდა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ხოლო საერთაშორისო რეგულარული ან/და არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა): ბ.ა) არ ფუნქციონირებს პირველი კლასის ავტოსადგური; ბ.ბ) არსებული სხვა პირველი კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაზეც მე-2 კლასის ავტოსადგურს გააჩნია სააგენტოსგან შესაბამისი დასტური; გ) მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ხოლო საერთაშორისო რეგულარული ან/და არარეგულარული ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა): გ.ა) არ ფუნქციონირებს პირველი ან/და მე-2 კლასის ავტოსადგური; გ.ბ) არსებული სხვა პირველი და მე-2 კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაზეც მე-3 კლასის ავტოსადგურს გააჩნია სააგენტოსგან შესაბამისი დასტური. 3. სამივე კლასის ავტოსადგური შეიძლება მოემსახუროს ტრანზიტულ რეისს. 4. ავტოსადგურებს შორის შეიძლება მოეწყოს ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სამივე კლასის სამგზავრო ავტოსადგურის და ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტების ფუნქციონირების წესი, პირობები და მათ მიმართ წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 6. ავტოსადგურის ადმინისტრაციას უფლება აქვს გადამზიდველს დაუწესოს მომსახურების საფასური. გადამზიდველების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების საფასური ავტოსადგურიდან გასული თითოეული რეისისთვის არ უნდა აღემატებოდეს ავტობუსში მგზავრებისათვის განკუთვნილი დასასხდომი ადგილების სრული რაოდენობის 60%-ის მარშრუტის ბოლო პუნქტამდე ბილეთის სარეალიზაციო ფასზე ნამრავლით მიღებული თანხის 10 %-ს. 7. იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ არის სავალდებულო ავტოსადგურიდან რეისში გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ შესაბამის დასახლებაში ავტოსადგურის არ არსებობის შემთხვევაში. მუხლი 62. ავტოსადგურის სერტიფიცირება 1. ავტოსადგური ექვემდებარება სერტიფიცირებას სააგენტოს მიერ. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სერტიფიცირებული ავტოსადგური სააგენტოს მიერ მინიჭებული კლასის მიხედვით რეგისტრირდება სააგენტოს შესაბამის რეესტრში. 3. ავტოსადგურის სერტიფიცირების წესი, ვადა და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“. 9. 86. მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 87 მუხლი: „მუხლი 87. საკონტროლო შესყიდვა 1. სააგენტოს უფლება აქვს განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვა. 2. საკონტროლო შესყიდვის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა. 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას შესაძლებელია გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. 4. სააგენტოს უფლება აქვს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.“. 10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება 1. გადამზიდველები, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები, მძღოლები, საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის (მათ შორის სახიფათო, არაგაბარიტული, ზენორმატიული, მალფუჭებადი და სხვა) გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ამ კანონის ძალაში შესვლამდე კონკურსის წესით გაცემულ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვებსა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვებზე მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას 2024 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს: ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების, სანებართვო პირობებისა და ვადების განისაზღვრა. გ) ავტოსადგურის სერტიფიცირების წესის, პირობების და ვადების დადგენა.“. დ) ამ პუნქტის: დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვის მისაღებად გადამზიდველებისთვის გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა; დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სერტიფიკატის მისაღებად ავტოსადგურებისთვის გარდამავალი პირობების და პერიოდის განსაზღვრა.“. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 1) კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული რთული მდგომარეობა. ავტოსადგურებში არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. უმეტესი ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და სპობს ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას გადამზიდველებს შორის. დღეს არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის - სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასეთივე უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მიზნით იყენებენ რესურსამოწურულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც კომფორტის თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს. აღნიშნულის შედეგად ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, აღმოჩნდენ არაკონკურენტუნარიან პირობებში, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას. ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფითად აისახება მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების დონეზე. 2) ასოცირების შესახებ შეთანხმების 24-ე დანართის შესაბამისად ქვეყანამ აიღო ვალდებულება დაენერგა 2009 წლის 21 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1071/2009 რეგულაცია, კონკრეტულად კი მისი დებულებები (მუხლები – 3, 4, 5, 6, 7 (ფინანსური მდგომარეობის მონეტარული ღირებულების გარეშე), 8, 10, 11, 12, 13, 14 და 15 და ამ რეგულაციის I დანართი), რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო ოპერატორის მიმართ შესასრულებელი პირობების შესახებ საერთო წესებს. აღნიშნული დირექტივის ნორმები ნაწილობრივ დანერგილია და ვრცელდება საერთაშორიო გადაყვანა/გადაზიდვის განმახორციელებელ გადამზიდველებზე. თუმცა, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესაბამისად, 2020 წლიდან აღნიშნული ევრორეგულაციით გათვალისწინებული ნორმები სავალდებულოა დაინერგოს ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაყვანაზე დაკავებული მეწარმე სუბიექტებისთვის. შესაბამისად, გადამზიდველი რომელიც ახორციელებს საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვას უნდა აკმაყოფილადეს შემდეგ პირობებს: გააჩნდეს ეფექტური და სტაბილური წარმომადგენლობა - ოფისი სადაც ინახავს საფინანსო თუ სატრანსპორტო პროცესების მართვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით, გააჩნდეს ფინანსური უზრუნველყოფისთვის შესაბამისი რესურსი და ჰქონდეს შესაბამისი პროფესიონალური კვალიფიკაცია. აგრეთვე ევრორეგულაცია ითვალისწინებს აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოს მხრიდან საქმიანობის შეჩერების აუცილებლობის ვალდებულებას. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნული რეგულაციის დებულებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით 2015 წლიდან იყო მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი. თუმცა, რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვით გამოწვეული სოციალური რისკების გამო ფერხდებოდა საკანონმდებლო პაკეტის მიღების პროცესი. სწორედ აღნიშნული რისკების დაზღვევის და რეფორმის აუცილებლობლობიდან გამომდინარე მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელიც განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის, „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში (Mobility4Cities)“, ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კანონში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ დაგეგმილი ცვლილებების გავლენის შეფასება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დარგში პოლიტიკის ეფექტური აღსრულების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. რეგულირების ზეგავლენის შეფასება განხორციელდა 2021 წლის იანვარი-მაისის პერიოდში. კანონპროექტის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულება. აგრეთვე ზემოთ მოყვანილი საკითხების მოწესრიგებისათვის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (გარდა, ნებისმიერი სამგზავრო გადაყვანისა, რომელიც სრულდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში) სანებართვო სისტემაში მოქცევას, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სააგენტოს მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც წინამდებარე კანონპროექტთან ერთად მოიცავს შემდეგ კანონპრექტებს: ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ბ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; გ) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; დ) საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე მომზადებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასება (რზშ) -„საქართველოში საქალაქთაშორისო კავშირების გასაძლიერებლად“, რომელიც განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის, „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში (Mobility4Cities)“, ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კანონში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ დაგეგმილი ცვლილებების გავლენის შეფასება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დარგში პოლიტიკის ეფექტური აღსრულების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. წარმოდგენილი ანგარიში აღწერს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დარგში არსებული ვითარებას და იმ გამოწვევებს, რომელთა გადაჭრაც საჭიროა მიზნობრივი პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების საშუალებით. ამასთანავე, ანგარიშში წარმოდგენილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დარგში არსებულ გამოწვევებზე საპასუხო მიზნობრივი პოლიტიკის ღონისძიებები და შეფასებულია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული შედეგები და მოსალოდნელი ხარჯები. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტზე მომზადებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიში, რომელიც ერთვის წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო რეგულირების გარეშე შეუძლებელია ახალი სანებართვო სისტემის შემოღება, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ რეფორმის ერთერთ საფუძველს, ავტოსადგურების სერტიფიცირებასთან ერთად. აღნიშნულ კანონში ცვლილების საშუალებით ხდება აგრეთვე საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის დახვეწა/სრულყოფა. ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხირდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა და სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნა, ავტოსადგურების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად რეკონსტრუქციისა და ახალი საერთაშორისო დონის მშენებლობის სტიმულირება. ხელი შეეწყობა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და ტურიზმის განვითარებას, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდას და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საავტომობილი გადაყვანა - გადაზიდვის სფეროში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანებართვო საქმიანობის სახეები - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა; საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა და ამის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით განსაზღვული 4 სახის ნებართვის, როგორიცაა - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა, იცვლება და წინამდებარე პროექტით სანებართვო საქმიანობის სახეებად განისაზღვრება შემდეგი სახით - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი სახის ნებართვის შემოღება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელთა აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულირული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა. იცვლება ასევე სახელწოდება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში არსებული კიდევ ერთი სანებართვო საქმიანობისა - „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ. ახალი რედაქციით იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვა (დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.“. ცვლილება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, ქვეყნები, რომლებიც არიან პარტნიორები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში, საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებამდე, პოლიტიკურ დონეზე თანხმდებიან ერთმანეთში საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის აუცილებელი კვოტების გაცვლის პირობებსა და მათ რაოდენობაზე, რის საფუძველზეც იწყება ამ ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლა. ანალოგიური პრაქტიკით, საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებამდე, წინასწარ დადგენლი კვოტების საფუძველზე, საქართველო ამჟამად ახორციელებს საავტომობილო მიმოსვლას დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ავსტრიის, უნგრეთის, ტაჯიკეთის, სერბეთის რესპუბლიკებთან. „ნებართვა“, რომელიც განსაზღვრულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში, არის პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით. შესაბამისად, ქართველ მეწარმე გადამზიდველზე, ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვები, რაც მათ უფლებას აძლევს განახორციელონ საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის საქმიანობა - უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების (ECMT, BSEC და სხვა, რომლის წევრის არის საქართველო) მიერ გამოყოფილი სანებართვო დოკუმენტის და/ან ხელშეკრულების მონაწილე/პარტნიორი ქვეყნების მიერ გადაცემული ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვისათვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის საფუძველზე, შესაბამისი ქვეყნის/ქვეყნების ტერიტორიაზე. შესაბამისად, პროექტით განიმარტა საავტომობილო ტრანსპოტის დარგში არსებული საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის ნებართვის და ავტორიზაციის ცნება, რითიც მოხდა მათი შინაარსის და მოქმედების არეალის მკაფიო გამიჯვნა, რაც პრაქტიკაში უკვე 10 წელია დანერგილია და სწორედ აღნიშნული საკითხის მოწესრიგების მიზნით ემატება კანონს 59 მუხლი. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს სანებართვო საქმიანობების განსაზღვრას, რაც ხდება ახალი სახის ნებართვების შემოღების საფუძველი. აგრეთვე, ავტოსადგურის სერტიფიცირებას. ამდენად, პროექტით ხდება ახალი ტერმინების განმარტება. კერძოდ, ავტოსადგური განიმარტება, როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ ან/და არარეგულარულ და/ან ქვეყნის შიდა და/ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება. წარმოდგენილი პროექტით ასევე განიმარტება ავტოსადგურის შესაბამისობის სერტიფიკატი, როგორც დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ავტოსადგურის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან. კანონპროექტს ასევე ემატება „კვოტის“, „ავტორიზაციის“, „რეგულარული სამგზავრო გადაყვანის“, M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების, მინივენის განმარტებები და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონს ემატება ახალი მუხლი (59), რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ გადმოცემული სანებართვო დოკუმენტების მოქმედების არეალს და მათ ურთიერმოქმედებას ქართულ სანებართვო დოკუმენტებთან. ამასთან, მგზავრობის უსაფრთხოების, მგზავრის მიმართ გადამზიდველის პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან მისადაგების, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის დარგის დინამიური განვითარებისათვის შესაბამისი პროცესების მოქნილი და ეფექტიანი წარმართვის მიზნით, პროექტით დადგენილია სანებართვო პირობების და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განისაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონს ემატება ავტოსადგურთან დაკავშირებული 61 და 62 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტოსადგურის კლასებს და მათ სერტიფიცირებას. ასევე, როგორც ამას აღნიშნული კანონპროექტის 61 მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს, მუნიციპალიტეტი თავისი ნორმატიული აქტით განსაზღვრავს იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ არის სავალდებულო ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა. რაც შეეხება სამივე კლასის სამგზავრო ავტოსადგურის ფუნქციონირების წესს, პირობებს, მათ მიმართ წაყენებულ კონკრეტულ მოთხოვნებს, აღნიშნული განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, ავტოსადგურის სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს ავტოსადგურისთვის სერტიფიკატის ვადის, გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების და გაუქმების პირობებს, მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ასევე, დაგეგმილი რეფორმის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საავტომობილო ტრანსპორტის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოსავლენად კანონპროექტი ითვალისწინებს სააგენტოსთვის საკონტროლო შესყიდვის უფლებამოსილების მინიჭებას (მუხლი 87). კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას კანონის მიღებიდან მისი შესაბამისი მუხლების ამოქმედებამდე გასატარებელი ღონიძიების შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია „საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353 დადგენილებით დამტკიცებული საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპრექტით განსაზღვრულია კანონის ამოქმედების ორი თარიღი. კერძოდ, კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო, კანონის მიღებიდან მისი შესაბამისი მუხლის/პუნქტის ამოქმედებამდე განისაზღვრა გონივრული ვადა, კერძოდ, 2023 წლის 1 დეკემბერი, კანონპროექტით დადგენილი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ხოლო, კანონპროექტით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაცვას, რომელსაც გააკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (ნებართვის გარეშე საქმიანობა), განახორციელებს მისი ასიგნებების ფარგლებში არსებული ადმინისტრაციული ხარჯის გაწევით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით, სავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანების სფეროს რეგულირების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ლეგალური თანხების ბრუნვა, რაც, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. აგრეთვე, ნებართვების გაცემაზე, რომელზეც აქამდე გადაიხდებოდა საფასური და ირიცხებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე, მოხდება სანებართვო მოსაკრებლის სახით - 2025 წლის 1 მაისამდე (მხოლოდ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის შემთხვევაში) - 100 ლარის ხოლო, შემდგომ 500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვების მიღების შემთხვევაში. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ უნდა იქნეს 500 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ სავალდებულო იქნება 1500 ლარის გადახდა საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის აღების შემთხვევაში. სამგზავრო გადაყვანებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის, „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში (Mobility4Cities)“ ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ, 2021 წელს განხორციელებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების „საქართველოში საქალაქთაშორისო კავშირების გასაძლიერებლად“, მიხედვით ჩართულია 4125 პირი, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში დაახლოებით 4500 (სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით). წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ახალი მეწარმესუბიექტი ერთვება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საქმიანობაში (აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 800 ანებებს თავს აღნიშნულ საქმიანობას). სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით ანალოგიურ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არ ფლობს. შესაბამისად, სავარაუდო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა იქნება: პირველ წელს: (4125+4500)*500=4 312 500 ლარი. შემდეგ 3 წელს: 1000*500= 500 000 ლარი ყოველწლიურად. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვით წლის განმავლობაში სარგებლობს დაახლოებით 700 უცხოელი გადამზიდველი. (პროექტის მიხედვით 1500, არსებული ფასი - 500=1000) 1000*700= 700 000 ლარი დამატებითი შემოსავალი წლიურად ბიუჯეტისთვის. ასევე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით აღსანიშნავია არარეგისტრირებული პირების ე.წ „ხიშნიკების“, ფორმალიზება. „ხიშნიკები“ ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას, ფლობენ მინივენებსა და მიკროავტობუსებს და ძირითადად არაფორმალურად, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებენ მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის მომსახურებას. „ხიშნიკები“ ჩერდებიან ავტოსადგურების შესასვლელთან ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ახორციელებენ მგზავრთა აყვანას. გამომდინარე იქიდან, რომ „ხიშნიკები“ არ იხდიან კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს და ავტოსადგურის მომსახურების საფასურს, მათ გააჩნიათ მეტი მოქნილობა მგზავრობის საფასურის დადგენის პროცესში და შეუძლიათ დაბალი ფასი შეთავაზებით მოიზიდონ მგზავრები. „ხიშნიკების“ საქმიანობა ქმნის არასამართლიან პირობებს რეგისტრირებული ოპერატორების მიმართ. არაფორმალურ გადამყვანების მიერ წაყვანილი მგზავრების წილი განსხვავდება მარშუტების მიხედვით და საშუალოდ 30%-დან 80%-მდე მერყეობს. თუმცა, რეგულირების გავლენის შეფასების ანგარიშზე დაყრდნობით, გამომდინარე იქიდან, რომ არაფორმალურ სექტორში სერვისების მიწოდება ხორციელდება ძირითადად ფიზიკური პირების მიერ, მხოლოდ არარეგისტრირებული ოპერატორების საქმიანობის ფორმალიზება ვერ გამოიწვევს გადასახადების მნიშვნელოვან ზრდას. საქართველოს საგადასახადო კოდექსით ფიზიკური პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი არ აღემატება 30,000 ლარს, განთავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისგან. ამასთანავე, პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი და იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადის 1%-იანი განაკვეთით. იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების მიმწოდებელთა უმეტესობა წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ხოლო მათი წლიური შემოსავალი 10,000 – დან 50,000 ლარამდე მერყეობს, შესაბამისად დარეგისტრირების შემთხვევაში ისინი არ დაიბეგრებიან ან გადაიხდიან მხოლოდ შემოსავლის 1%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით. შეფასების პროცესში განხორციელებული გამოთვლების მიხედვით, არაფორმალური საქმიანობის სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, არარეგისტრირებული ოპერატორებისგან მიღებული დამატებითი საგადასახადო შემოსავლები წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლოდ 2022-2031 წლებში არაფორმალური სექტორის შემცირების შედეგად ბიუჯეტში გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების მიმდინარე ღირებულება შეადგენს 5.3 მილიონ ლარს. სააგენტოს შემოსავალზე გავლენს იქონიებს არადეკლარირებული ავტოსადგურები, რომლებიც მოქმედებს კანონმდებლობის დარღვევით და განხორციელებული რეფორმის შედეგად სავალდებულო წესით მოექცევიან რეგულაციის ქვეშ, მათი სერტიფიცირების გზით, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება სერტიფიცირების შემდეგ რამდენი ავტოსადგური დარჩება ბაზარზე. ამასთან, ავტოსადგურის სერტიფიცირება დამატებთი გადასახადის გადახდის ვალდებულებას არ წარმოშობს თუმცა, რეფორმის ფარგლებში დეკლარირებული ავტოსადგური გაზრდილი რეისების გათვალისწინებით შესაბამის ბიუჯეტში გადაიხდის გაზრდილ გადასახადებს, მათ შორის: ქონების გადასახადს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადს, როგორც სახელმწიფო ისე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან სააგენტო არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს სააგენტო ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. სააგენტოს მოუხდება ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორიცაა: ნებართვების და სერტიფიკატების დაბეჭდვა, ავტოსადგურების სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა, ადამიანური რესურსის დამატება-გადამზადება, ბაზრის მონაწილეების ინსპექტირება (სანებართვო პირობების აღსრულების მონიტორინგი და კონტროლი), ასევე ე.წ პოლიტიკის აღსრულების ხარჯების გაწევა - როგორიცაა წინამდებარე კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, მათ შორის დამატებითი ტექნიკური რეგულაციებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პრექტების მომზადება და ა.შ. სექტორში სანებართვო პირობების მონიტორინგსა და კონტროლთან დაკავშირებული ხარჯები დამოკიდებული იქნება სააგენტოს მხრიდან ყოველწლიურად განხორციელებული შემოწმებების რაოდენობასა და სიხშირეზე, ასევე იმ მიდგომებზე რომლებიც იქნება გამოყენებული სექტორის ზედამხედველობის პროცესში. ამასთან, გასათვალისწინებელია ეროვნული ელექტრონული რეესტრის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯი. რეგულირების ზეგავლების შეფასების ანგარიშის მიხედვით რეესტრის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯების მიმდინარე ღირებულება მერყეობს 96,3-დან 665,5 ათასი ლარამდე, რაც დამოკიდებულია სისტემის სიდიდესა და კომპლექსურებაზე. ერთჯერადი ხარჯების გარდა, ასევე აღსრულების ხარჯებს წარმოადგენს რეესტრის ფუნქციონირებასა და განახლებასთან დაკავშირებული დანახარჯებიც. 2022-2031 წლების განმავლობაში სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯების მიმდინარე ღირებულება მერყეობს 24.6 ათასიდან 159, 7 ათას ლარამდე. აღნიშნული რეესტრი გენერირებული იქნება პროგრამაში, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის იწერება მისი სერვისების გაციფრულების პროექტის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს: ა) საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველისთვის, რომელიც განახორციელებენ საერთაშორისო რეგულარულ/არარეგულარულ, ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას: ა.ა) სანებართვო მოსაკრებლის- 500 ლარის ოდენობით; ა.ბ) კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთვის გაწეული ხარჯის ოდენობით. საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 500 ლარის ოდენობის მოსაკრებელს და იღებს 5 წლიან ნებართვას. უცხო ქვეყნის გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 1500 ლარის ოდენობის სანებართვო მოსაკრებელს და იღებს ერთი გადაზიდვის განსახორციელებელ ნებართვას. კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება აქამდე არსებული ნებართვის სახეები და სანებართვო საქმიანობის სახედ განისაზღვრება რამდენიმე ზოგადი სახე, რომლის აღების შემთხვევაში პირს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული, ისე საერთაშორისო არარეგულარული მგზავრთა გადაყვანა, ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა. დაგეგმილი ცვლილებებით, ქვეყნის შიდა მგზავრთა რეგულარული გადაყვანის საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო ნებართვას, რაც ხელს შეუწყობს სექტორში არარეგისტრირებული პირების საქმიანობის შემცირებას. თუმცა, არაფორმალური სექტორის აღმოფხვრა სრულად იქნება დამოკიდებული აღსრულებისა და მონიტორინგის მექანიზმებზე. ეფექტური მონიტორინგისა და კონტროლის შემთხვევაში შემცირდება დაურეგისტრირებელი ფიზიკური პირების საქმიანობა. სექტორში არსებობს გარკვეული არაფორმალური ბარიერები, რაც ამცირებს ახალი კომპანიების ინტერესს სექტორის მიმართ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერს წარმოდგენს სამგზავრო მარშრუტების არაფორმალური მფლობელობა ავტოსადგურების ან რომელიმე არაოფიციალური ჯგუფის მიერ, რომლებიც მძღოლებს სთხოვენ გადაიხადონ განსაზღვრული საფასური კონკრეტულ მიმართულებაზე მუშაობის უფლების მისაღებად. ხშირად, ავტოსადგურები გვევლინებიან კონკრეტული სამგზავრო მიმართულებების ე.წ "მფლობელებად", რაც ქმნის არაფორმალურ ბარიერებს ახალი ოპერატორებისთვის. აღნიშნულ გამოწვევას პასუხობს წინამდებარე კანონპრექტით შემოთავაზებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ქვეყნის შიდა მგზავრთა რეგულარული გადაყვანის საქმიანობის განსახორციელებლად გადამზიდველს უნდა გააჩნდეს ნებართვა, ხოლო საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარეული სამგზავრო გადაყვანა უნდა განხორციელდეს ავტოსადგურებს შორის. შესაბამისად, ავტოსადგური უნდა მოემსახუროს, ნებართვის მფლობელ გადამზიდველს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სადგურს შეეზღუდება გადამზიდველად საქმიანობა (სათანადო ნორმები გაიწერება სერტიფიცირების წესში და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში). ასევე, კანონპროექტი განისაზღვრავს ავტოსადგურის მომსახურების საფასურის ზედა ზღვარს. ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენეტები, რომელიც წინამდებარე პროექტის მიხედვით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ძირითადად არ წარმოადგენს მათ მიერ დამატებით გასაწევ ხარჯებს. მაგ. მართვის მოწმობის ასლი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ა.შ არის დოკუმენტები, რომელიც ისედაც გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ნებართვის მაძიებლის მიერ დამატებით გასაწევ ხარჯებთან დაკავშირებული იქნება ნასამართლეობის შესახებ ცნობის აღების ხარჯი (20 ლარი), მენეჯერის დასაქირავებელი ხარჯი (საშუალოდ თვეში 1500 ლარი), აგრეთვე ფინანსური რესურსის არსებობის ვადებულება (რომლის მინიმალური თანხა განისაზღვრება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის - 5000 ლარით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 2500 ლარით), ავტობუსის ზიანისგან დაზღვევისთვის გასაწევი ხარჯი (წლიური თანხა საშუალოდ 9000 ლარი), რაც აუცილებელი პირობებია გადამზიდველისთვის ნებართვის მისაღებად. აქვე დავძენთ, რომ ფინანსური რესურსის ჩათვლის საშუალებად საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული იქნება რამოდენიმე ალტერნატივა, (ნებისმიერი აქტივი (ფულადი აქტივის ჩათვლით) ან/და წლიური ანგარიშები ან/და საბანკო გარანტია). ნებართვის მფლობელის საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ასევე ჩაითვლება ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ გავრცელდება დამატებითი რესურსის არსებობის ვალდებულება. ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ის უძრავი ქონება, რომელიც ნებართვის მფლობელს გააჩნია საკუთრებაში. შესაბამისად, პირველ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ მოქმედი ოპერატორების უმეტესობა შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და ცვლილებების მიღება გავლენას არ მოახდენს სატრანსპორტო სერვისების მიწოდებაზე. კანონპროექტი გავლენას იქონიებს პირებზე, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ პროექტით გათალისწინებულ სანებართვო პირობებს და შესაბამისად ჩანაცვლდებიან სხვა პირებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი, რაც დაინტერესებულ კონტინგენტს მისცემს ტექნიკური თუ ფინანსური რესურსის მობილიზების საშუალებას. ბ) ავტოსადგურებისათვის: ბ.ა) კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (ავტოსადგურების კლასების მიხედვით) შესრულებისთვის გაწეული ხარჯის ოდენობით; ბ.ბ) ავტოსადგურის შესაბამისობის სერთიფიკატის საფასურის ოდენობით. ამჟამინდელი პრაქტიკით ავტოსადგურის მომსახურების საფასური, ძირითადად განისაზღვრება ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის პროცენტით, რომელიც განსხვავებულია მარშუტების მიხედვით და მერყეობს ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის 10-20%ის ფარგლებში. ავტოსადგურების მხრიდან სერვისების მიმწოდებლებზე დისკრიმინაციული ფასის დაწესების თავიდან ასაცილებლად ახალი ცვლილებები ადგენს ავტოსადგურის მომსახურების საფასურის ზედა ზღვარს. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ავტოსადგურის მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ს იმ თანხისა, რომელიც გამოიანგარიშება ავტობუსის ადგილების მთლიანი რაოდენობის 60% -ის გამრავლებით ბილეთის ფასზე. კანონპროექტით განსაზღვრული საფასურის დადგენის ფორმულა ობიექტურ მიდგომაზეა დაფუძნებული, რადგან გადამზიდველს ეკარგება მოტივაცია დამალოს რეალიზებული ბილეთების რაოდენობა, რაც იწვევდა შემოსავლის დაფარვას როგორც სადგურისთვის, ისე ბიუჯეტისთვის, რადგან გადამზიდველი უმალავს შემოსავალს ავტოსადგურს, შესაბამისად, ავტოსადგური იხდის ნაკლებ გადასახადს შესაბამის ბიუჯეტში. ასევე, ავტოსადგურებს მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის აღნიშნული ხარჯები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ინფრასტრუქტურის განახლების ხარჯები და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით ავტოსადგურის კლასის ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯები. ინფრასტრუქტურის განახლების ხარჯები დამოკიდებულია ავტოსადგურების რაოდენობაზე, რომლებიც სერტიფიცირების შემდგომ დარჩება ბაზარზე ან დატოვებს ბაზარს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ფუნქციონირებს 134 დეკლარირებული ავტოსადგური. ავტოსადგურების რეალური რაოდენობა აღემატება ოფიციალურ მაჩვენებლებს, რადგან ზოგიერთი სადგური ფუნქციონირებს შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევით. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიხედვით რეისების საშუალო დატვირთვა დღის განმავლობაში 40%-ს შეადგენს. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით ავტოსადგურისათვის გადახდილი მომსახურების საფასური რეისიდან ფაქტიურად მიღებული შემოსავლის მაქსიმუმ 15% შეიძლება იყოს, რაც დღესდღეობით არსებული პრაქტიკით დადგენილ ზღვრებში ჯდება (რიას მიხედვით 10-20%). ამასთან, სააგენტოს გათვლებით, კანონის ეფექტურად ამოქმედების შემდგომ საშუალო დატვირთვა მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, რის შემდგომაც აღნიშნული საფასური სერვისის მიმწოდებლის მიერ რეისზე მიღებული შემოსავლის 6-10% ფარგლებში იქნება. ავტოსადგურებს შემოსავლები გაიზრდება იმის გათვალისწინებით, რომ კანონის ამოქმედების შემდგომ სადგურებიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს არაფორმალური სექტორის შემცირების ხარჯზე. ამდენად, ავტოსადგურებსა და გადამზიდველებს დამატებით მოუწევთ შესაბამისობის ხარჯების გაწევა, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურის განახლებას, საჭირო აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენას და შიდა საორგანიზაციო პროცესების მორგებას ახალ მოთხოვნებთან, კვალიფიციური კადრების აყვანას, არსებული პერსონალის გადამზადებას საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით და ზოგადად კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ასევე, კანონპროექტით დაგეგმილი, ავტოსადგურების და გადამზიდველების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია ბილეთის ფასის მცირედი ზრდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების 296-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXIV დანართში მითითებულ საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV დანართში მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტთან: 2009 წლის 21 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1071/2009 რეგულაცია, რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო ოპერატორის დასაქმების მიზნით შესასრულებელი პირობების შესახებ საერთო წესებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.