გადაწყვეტილება №20312/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20312/2/2023
30 .11. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 19.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20312/2/2023).
დავის საგანი:
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15262 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 420 071 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 279 981
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 6
საშემოსავლო გადასახადი - 279 680
ქონების გადასახადი - 295
ჯარიმა - 140 090
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების მომზადება გასაყიდად ან იჯარით გაცემა. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.11.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.05.1996 წელს, დღგ-ის გადამხდელად 26.04.2010 წელს. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბილისში, ----- (ს.კ. ----------) 2007 წლის ამონაწერით უფიქსირდება 1 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო 2010 წლის ამონაწერით, შენობა-ნაგებობა (მშენებარე) საერთო ფართით 3 723,6 კვ.მ. 10.10.2014 წლის ამონაწერის მიხედვით, შენობა-ნაგებობების (მშენებარე) საერთო ფართი 6 181,8 კვ.მ-ია. აღნიშნულ შენობანაგებობებში მდებარე საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები საწარმოს რეალიზებული აქვს 2013-2014 წლებში, ასევე, ფიქსირდება ფართების გადაცემა, როგორც შპს ------ის ყოფილი დამფუძნებლებისთვის, ასევე მშენებელი კომპანიის შპს ------------თვის. მიმდინარე პერიოდში საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება ავტოსადგომი №12, თუმცა საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, ისიც რეალიზებულია, ნასყიდობის ღირებულებაც ანაზღაურებულია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მყიდველის სახელზე. უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებებში მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადად მითითებულია საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი ან გარკვეული პერიოდი, რომელიც საშუალოდ არ აღემატება ერთ წელს.
შემოსავალი გაანგარიშდა აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარში, ამასთან გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ფ/პ--------ს (პ/ნ --------------) 3 ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან დაფარული არ აქვს 381 800 აშშ დოლარი. შემოწმებით, საწარმოს მიერ მიღებულმა ფულადმა სახსრებმა შეადგინა 5 338 470 ლარი (რეალიზაცია ხელშეკრულებებით ფიზიკურ პირებზე 5 620 197 ლარი + ანგარიშ-ფაქტურით შპს --------ზე 379 245 ლარი - ფ/პ--------ის (პ/ნ --------------) გადასახდელი თანხები 660 972 ლარი). აღნიშნულ თანხას გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული თანხა 3 385 118 ლარი (ანგარიშ-ფაქტურა 2 767 013,62 ლარი + სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა 11 745 ლარი + სასაქონლო ზედნადები 13 479,76 ლარი + ხელფასი 464 375 ლარი + ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო და მოგების გადასახადები (105 105+23 400 ლარი)). სხვაობის თანხამ შეადგინა 1 953 352 ლარი. შემოწმებისთვის წარმოდგენილი წერილობითი განმარტებით საწარმოს სალაროში თანხა არ გააჩნია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შპს „-----“-ის დირექტორმა განმარტა, რომ თანხა გაცემულია დივიდენდად დამფუძნებელ კომპანიაზე, საიდანაც ასევე გაცემულია დივიდენდად. აღნიშნული არ დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების შესწავლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1 953 352 ლარი განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ფ/პ--------ზე (პ/ნ --------------) გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელზეც გაგრძელდა პროცენტის (20%) დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და შესაბამისი თანხა, როგორც ანგარიშვალდებული პირის, ფ/პ--------ის (პ/ნ --------------) სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20808 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.09.2022 წლის №17660/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20808 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15262 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დადგენილია გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ბინების, კომერციული ფართების და ავტოსადგომების საწარმოს მიერ 2013-2014 წლებში რეალიზაციის ფაქტი. ასევე, ფიქსირდება ფართების გადაცემა როგორც შპს ----ის ყოფილი დამფუძნებლებისათვის, ასევე მშენებელი კომპანიის შპს -----------თვის. შემოწმებით გაანგარიშდა მითითებულ რეალიზაციებზე მისაღები შემოსავლები, რასაც გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული შესაბამისი ხარჯები. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებულ სხვაობასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ სალაროში გადამხდელს არ გააჩნია თანხები, შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ხოლო სესხზე გაანგარიშებული პროცენტი დაიბეგრა წყაროსთან. აღნიშნულ საკითხზე გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შემმოწმებლისათვის ბუღალტრული პროგრამა არ წარუდგენია, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების შესწავლის მიზნით დამუშავდა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე, საწარმოს მიერ წარმოდგენილი მასალები სასამართლოში გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი რეალიზაციების გათვალისწინებით გარდა მცირე ნაწილისა, არ შეუტანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო გადამხდელის დირექტორის განმარტებით დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდება კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლისას. აგრეთვე, შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხებზე შემოწმების პროცესში გადამხდელი აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხა დივიდენდის სახით იყო გაცემული, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა მომჩივნის მითითება შესამოწმებელი პერიოდის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საგადასახადო შემოწმების მიხედვით დაბეგრილია ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად განხილულ სესხზე შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული პროცენტი. შესაბამისად, მითითებულ დაბეგვრის ობიექტზე საგადასახადო ვალდებულება წარმოშობილია შესამოწმებელ პერიოდში და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია განხორციელებული ოპერაციების ხანდაზმულობასთან მიმართებით დაუსაბუთებელია. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მოტივაცია არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან შემოწმებული პერიოდი 2013-2014 წლები უდავოდ ხანდაზმულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად და არ ექვემდებარება გადასახადების დარიცხვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2020 წლის №35201 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2017 წლიდან 1.11.2020 წლამდე პერიოდები (აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება შეტანილია აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2021 წლის №3503, 24.06.2021 წლის №20528, 22.09.2021 წლის №29658, 24.11.2021 წლის №36379 და 7.12.2021 წლის №37757 ბრძანებებით, თუმცა შესამოწმებელი პერიოდის ცვლილება არ განხორციელებულა).
1.01.2017-1.01.2018 წწ პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულია 1.01.2018 წლიდან 1.11.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტი საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიას საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები საწარმოს რეალიზებული აქვს 2013-2014 წლებში. ფართები ასევე გადაცემულია კომპანიის ყოფილი დამფუძნებლისთვის და მშენებლობის განმახორციელებლი კომპანიისთვის. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით ავტოსადგომი №12-ის ღირებულებაც ანაზღაურებულია, თუმცა ვერ მოხერხდა შემძენის სახელზე გადაფორმება. ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ნასყიდობის ფასის გადახდის ვადად მითითებულია საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი ან პერიოდი, რომელიც საშუალოდ არ აღემატება ერთ წელს. თანხის მოძრაობის შესწავლით, გამოვლინდა სხვაობა 1 953 352 ლარი. მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი წერილობითი განმარტებით საწარმოს სალაროში თანხა არ გააჩნია. შპს „----------ი“ (ს/ნ ----------------) დამფუძნებელი კომპანიის, შპს „----“-ის დირექტორმა განმარტა, რომ თანხა გაცემულია დივიდენდად დამფუძნებელ კომპანიაზე, საიდანაც თანხა ასევე გაცემულია დივიდენდად. აღნიშნული არ დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების შესწავლით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო მომჩივნის წარმომადგენლის მონაწილეობით, რაზეც ინფორმაცია მიწოდებული იქნა მომჩივნის წარმომადგენლისთვის. 2.11.2023 წელს მომჩივნის წარმომადგენელმა საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.11.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები საწარმოს რეალიზებული აქვს 2013-2014 წლებში. ფართები ასევე გადაცემულია კომპანიის ყოფილი დამფუძნებლისთვის და მშენებლობის განმახორციელებლი კომპანიისთვის. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით ავტოსადგომი №12-ის ღირებულებაც ანაზღაურებულია, თუმცა ვერ მოხერხდა შემძენის სახელზე გადაფორმება. ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ნასყიდობის ფასის გადახდის ვადად მითითებულია საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი ან პერიოდი, რომელიც საშუალოდ არ აღემატება ერთ წელს. თანხის მოძრაობის შესწავლით, გამოვლინდა სხვაობა 1 953 352 ლარი.შემოწმებისთვის წარმოდგენილი წერილობითი განმარტებით საწარმოს სალაროში თანხა არ გააჩნია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ თანხა გაცემულია დივიდენდად დამფუძნებელ კომპანიაზე, საიდანაც ასევე გაცემულია დივიდენდად. აღნიშნული არ დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების შესწავლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1 953 352 ლარი განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელზეც გაგრძელდა პროცენტის (20%) დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და შესაბამისი თანხა, როგორც ანგარიშვალდებული პირის სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №20808 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №17660/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №20808 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.შემოსავლების სამსახურის №15262 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.ამასთან, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო მომჩივნის წარმომადგენლის მონაწილეობით, რაზეც ინფორმაცია მიწოდებული იქნა მომჩივნის წარმომადგენლისთვის. 2.11.2023 წელს მომჩივნის წარმომადგენელმა საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4 (5 ,6) ;101(1 ,2 „ბ“ ); 154(1 „ა“); 275;