გადაწყვეტილება №27746/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27746/2/2026
10 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 04.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 08.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის N 27746/2/2026; N 27747/2/2026).
დავის საგანი:
1. სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 25.04.2026 წლის N EL313420 სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 25.04.2026 წლის N 11113/93 (022-93) საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 18.06.2026 წლის N 13432 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 21 026.56 ლარი (საბაჟო დეპარტამენტის 25.04.2026 წლის N 11113/93 (022-93) საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 20 962.67 ლარი;
დღგ - 10 757.07 ლარი;
აქციზის გადასახადი - 10 205.6 ლარი;
საურავი - 63.89 ლარი;.
ჯარიმა - 6 000 ლარი (საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი - 25.04.2026 წლის N EL313420 სამართალდარღვევის ოქმი).
ფაქტების აღწერა:
2026 წლის 17 მარტს, N -----/-----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი ----- გავლით შემოტანილი და შპს ----- (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობში განთავსებული შპს ----- (ს/ნ ----- ) კუთვნილი საქონელი – დიზელის საწვავი (ბრუტო/ნეტო წონით 5 991 013 კგ).
აღნიშნული საქონლის ნაწილი (ბრუტო/ნეტო წონით 611 149 კგ) 2026 წლის 15 აპრილს N -----/-----/----- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ( N ----- სარკინიგზო ვაგონებით) გადატანილ იქნა გადასახადის გადამხდელის საბაჟო საწყობში. შპს ----- ნავთობტერმინალში ვაგონ - ცისტერნის ჩატვირთვის N ----- (15.04.2026) აქტის მიხედვით, მითითებულ სარკინიგზო ვაგონებში ჩატვირთულ იქნა 611 149 კგ დიზელის საწვავი.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის გადამხდელის საბაჟო საწყობში გამოცხადების შემდეგ, 2026 წლის 18 აპრილს, შედგენილი იქნა სურვეირული კომპანიის აქტი, რომლის მიხედვითაც, მითითებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შეტანილი და სარკინიგზო ვაგონებში განთავსებული საქონლის ბრუტო/ნეტო წონამ შეადგინა 612 649 კგ.
გადასახადის გადამხდელის მიმდინარე წლის 20 აპრილის N ----- (რეგ.: N -----/21-10-19) და შპს ----- 24 აპრილის N ----- (რეგ.: -----) განცხადებებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელის საბაჟო საწყობში, საქონლის გადატვირთვისას, დაღვრილი იქნა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საწვავის ნაწილი, რაც დადასტურდა საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით, რომლის მიხედვითაც, საბაჟო საწყობის ავზში განთავსებული საქონლის ფაქტობრივი წონა იყო 586 955 კგ. შესაბამისად, საქონლის დანაკლისმა შეადგინა 25 514 კგ.
საქონლის უკანონო განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ფაქტზე მომჩივანს, 2026 წლის 25 აპრილის N EL313421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 20 962.67 ლარის ოდენობებით. საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ ასევე, დარღვეული იქნა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის დადგენილი ვალდებულება/სანებართვო პირობა, რაზეც 2026 წლის 25 აპრილის N EL313420 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლების, საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლებისა და „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიცა N EL11113/93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც კომპანიას დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი ჯამში 21 026.56 ლარის ოდენობით (დღგ 10 757.07 ლარი, აქციზი 10 205.6 ლარი და საურავი 63.89 ლარი).
გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 18.06.2026 წლის N 13432 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2026 წლის 25 აპრილის N EL313421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.06.2026 წლის N 13432 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, ასევე ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, რომელთა ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო 2026 წლის 25 აპრილის N EL313421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შედგენისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ.
დარიცხული საბაჟო სანქცია არასამართლიანია. არ ეთანხმება მებაჟე ოფიცრის შეფასებას, რომ დარღვეული იქნა საბაჟო საწყობისათვის საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები, რადგან აღნიშნულით ვალდებულია გამოირიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ხოლო, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ამ შემთხვევაში, უკანონო ქმედებას ადგილი არ ქონია, დიზელის დაღვრის ფაქტი გამოწვეულია მათგან დამოუკიდებელი დაუძლეველი გარემოებებით და ამ ფაქტით კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
აღიარებს, კომპანიის კუთვნილ საბაჟო ტერიტორიაზე, დაცლის პროცესში, შპს ----- კუთვნილი დიზელის საწვავის დაღვრის ფაქტს, რასაც თავად საბაჟო ოფიცერიც აფიქსირებს 2026 წლის 25 აპრილის საბაჟო სამართალდარღვევის N EL313420 ოქმში. აღნიშნული დაღვრის ფაქტიდან გამომდინარე წარმოიქმნა დანაკლისი, რომელშიც კომპანიის ბრალეულობა ან დაუდევრობა არ ფიქსირდება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მებაჟე ოფიცერმა დაღვრილი საწვავი აღიარა გამოვლენილ დანაკლისად და ჩათვალა, რომ დარღვეულია საბაჟო საწყობისათვის საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები და დაბეგრა შესაბამისი სანქციით. მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მათგან დაუძლეველი მიზეზით მოხდა შპს ----- კუთვნილი დიზელის საწვავის დაღვრა კომპანიის კუთვნილ საბაჟო ტერმინალზე, ამ ფაქტს თავად მებაჟე ოფიცერიც და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ----- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებიც აღიარებენ, რომ 2026 წლის 18 აპრილს, კომპანიის კუთვნილ ნავთობბაზის ტერიტორიაზე მოხდა დიზელის საწვავის ავარიული დაღვრა, ხოლო ამ ზემოაღნიშნულ, ნავთობბაზის ტერიტორიაზე დიზელის საწვავის ავარიული დაღვრის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ----- პოლიციის დეპარტამენტის ქ. ----- საქალაქო სამმართველოში წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა.
დიზელის საწვავის ავარიული დაღვრის ფაქტი მოხდა კომპანიის თანამშრომლებისგან დამოუკიდებელი მიზეზით (საბაჟო ტერიტორიაზე ვაგონების მიწოდებას და გაყვანას, თბომავლის საშუალებით, ახორციელებს სს საქართველოს რკინიგზა), არ დაურღვევია არცერთი ტექნიკური რეგლამენტი, უზრუნველყოფილი აქვს მომსახურების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, რაზეც საბაჟო საწყობის სანებართვო მოთხოვნის შესაბამისად არსებობს შესაბამისი ვიდეო ჩანაწერები, ხოლო დიზელის საწვავის ავარიული დაღვრა მოხდა კომპანიის თანამშრომლების მიერ დაუძლეველი გარემოების შედეგად.
თხოვს, დიზელის საწვავის ავარიული დაღვრა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და 61 ქვეპუნქტებით, რომელთა თანახმად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
61. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები.
საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 25 აპრილის N EL313420 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე და წარდგენილ მტკიცებულებებზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის საბაჟო საწყობში არ მომხდარა დიზელის საწვავის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, არამედ დაუძლეველი ფაქტორიდან მოხდა დიზელის საწვავის ავარიული დაღვრა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საბაჟო დეპარტამენტს.
რადგან კომპანიისგან დაუძლეველი მიზეზით მოხდა დიზელის საწვავის დაღვრა მათ კუთვნილ ტერმინალზე და ამ ფაქტს შეესწრო მებაჟე ოფიცერი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ----- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, ხოლო ავარიული დაღვრის ფაქტზე ფოთის საქალაქო სამმართველოში წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა, ამდენად კომპანიის ტერმინალზე მოხდა არა უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, არამედ ავარიული დაღვრა. დაბინძურებული, მიწოდებისათვის უვარგისი დიზელის საწვავის ძირითადი ნაწილი ამჟამადაც ინახება კომპანიის საბაჟო ტერიტორიაზე სპეციალურ ავზებში, შემდგომი განადგურების მიზნით. შესაბამისად, ითხოვს დიზელის საწვავის ავარიული დაღვრის ფაქტის შეფასებისას გათვალისწინებული იქნეს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და 61 ნაწილები.
კომპანიის აღნიშნულ პოზიციაზე, საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 25 აპრილის N -----/----- საგადასახადო მოთხოვნაზე და წარდგენილ მტკიცებულებებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიღო ნაწილობრივ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტების სრული დაცვით, კომპანიამ დიზელის ავარიული დაღვრის შესახებ დაუყოვნებლივ, 2026 წლის 18 აპრილს აცნობა საბაჟო დეპარტამენტს, ხოლო დიზელის საწვავის ავარიული დაღვრის ფაქტი დადასტურებულია საერთაშორისო სურვეირული კომპანიის ----- საქართველოს ფილიალის მიერ შესაბამისი აქტებით, აგრეთვე დასტურდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ----- რეგიონული სამმართველოს დათვალიერების შესახებ ინსპექტირების N ----- აქტით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული დღგ-ის და აქციზის გადასახადისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ხოლო, მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
3. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და პირველი შესაძლებლობისთანავე წარუდგინოს მას:
ა) საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან კანონით განსაზღვრული პირის მიერ, ან
ბ) საქონლის განადგურების ან დაზიანების გამომწვევი მიზეზის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ----- ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დასტურდება საქონლის განადგურება ან დაზიანება, ან
გ) საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ----- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირის მიერ.
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საჩივრის განხილვა ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა -----, ვერ განახორციელა ჩართვა და აღნიშნულიდან გამომდინარე, მობილური ტელეფონით კომუნიკაციის გზით, თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
მომჩივანს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ქონია, დიზელის დაღვრის ფაქტი გამოწვეულია მათგან დამოუკიდებელი დაუძლეველი გარემოებებით და ამ ფაქტით კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. აღიარებს, კომპანიის კუთვნილ საბაჟო ტერიტორიაზე დაცლის პროცესში შპს ----- კუთვნილი დიზელის საწვავის დაღვრის ფაქტს, ამ ფაქტს თავად მებაჟე ოფიცერიც და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ----- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებიც აღიარებენ და ამასთან, დიზელის საწვავის ავარიული დაღვრის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ----- პოლიციის დეპარტამენტის ------ სამმართველოში წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანიამ დიზელის ავარიული დაღვრის შესახებ დაუყოვნებლივ, 2026 წლის 18 აპრილს აცნობა საბაჟო დეპარტამენტს, ხოლო დიზელის საწვავის ავარიული დაღვრის ფაქტი დადასტურებულია საერთაშორისო სურვეირული კომპანიის ----- საქართველოს ფილიალის მიერ შესაბამისი აქტებით, აგრეთვე დასტურდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ----- რეგიონული სამმართველოს დათვალიერების შესახებ ინსპექტირების N ----- აქტით. დიზელის საწვავის ავარიული დაღვრა მოხდა კომპანიის თანამშრომლების მიერ დაუძლეველი გარემოების შედეგად. ყოველივეს გათვალისწინებით, ითხოვს დიზელის საწვავის ავარიული დაღვრა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და 61 ქვეპუნქტებით, წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებას და საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას, ასევე დარიცხული დღგ-ის და აქციზის გადასახადისაგან გათავისუფლებას. სადავო საკითხზე, საბაჟო დეპარტამენტის 15.07.2026 წლის N ----- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ როგორც საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, ისე საჩივარზე თანდართული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დოკუმენტაციით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილისა და ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N ----- ოქმი და ინსპექტირების N ----- აქტი) დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (დიზელის საწვავი) დაღვრა განხორციელდა შპს ----- კუთვნილ ტერიტორიაზე – საბაჟო საწყობში. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება განხორციელდა 2026 წლის 18 აპრილს, ხოლო საბაჟო ორგანოს აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება მიეწოდა შპს ----- მიმდინარე წლის 20 აპრილის N ----- (რეგ.: N ----- ) განცხადებითა და შპს ----- მიმდინარე წლის 24 აპრილის N ----- (რეგ.: N ----- ) განცხადებით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით, მომჩივნის პოზიციაზე, რომ დიზელის საწვავის ავარიული დაღვრა მოხდა კომპანიის თანამშრომლების მიერ დაუძლეველი გარემოების შედეგად და ამდენად, დიზელის საწვავის ავარიული დაღვრის საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და 61 ქვეპუნქტებით განსაზღვრის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ არ ეთანხმება, რადგან სადავო შემთხვევაში დაუძლეველი ძალის გარემოებები არ დგინდება.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას. შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მომჩივნისათვის ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია. ასევე მართლზომიერია მომჩივნისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც, ვინაიდან, არსებობს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხების ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ საქონლის გადატანისას, დაიღვარა საწვავის ნაწილი და დაფიქსირდა დანაკლისი. საბაჟო ორგანომ კომპანია დააჯარიმა და განუსაზღვრა გადასახდელი თანხა, თუმცა, შემოსავლების სამსახურმა ერთ - ერთი ჯარიმა გააუქმა, დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხების ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(2); 172; 163;.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145 (6; 61);.