გადაწყვეტილება №24228/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24228/2/2024
23 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 31.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24228/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №17032 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №005-115 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22065 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 71 250.94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 40 438
დღგ - (- 5 903)
მოგების გადასახადი - 5 294
საშემოსავლო გადასახადი - 41 047
ჯარიმა - 22 827
საურავი - 7 985.94
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სსიპ "-------"-სა და სხვა პირებისთვის მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებშიც ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულებას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 17.10.2022 წლის №26261 ბრძანება და ამავე თარიღის №005-154 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 7.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.06.2023 წლის №13461 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-3 (შპს „--------“ გადარიცხული თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრა) და მე-4 (გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „--------“ ავანსად გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13461 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13461 ბრძანება; საჩივარი პირველი (მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვის) და მე-2 დავის საგნის (კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის არ შემცირების) ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანებით საჩივარი:
- პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დარჩა განუხილველი;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.04.2024 წლის №22112/2/2024 (რეგ. 27.05.2024წ. №03/40652) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძვლით განუხილველად დატოვების ნაწილში;
- შემოსავლების სამსახურს დაევალა, მე-2 დავის საგნის მე-2 (უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის) ნაწილში, საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება;
- მე-2 დავის საგნის პირველ ნაწილში და მე-3 დავის საგნის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან (უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.08.2024 წლის №23337/2/2024 (რეგ. 8.08.2024წ. 03/60967) გადაწყვეტილებით საჩივარი პირველი დავის საგნის (მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვა), მე-2 დავის საგნის პირველ (არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა), მე-3 დავის საგნის (დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება), აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №005-164 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33929 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 10.07.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად შემცირდა დღგ 5 903 ლარის ოდენობით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა 18.07.2024 წლის №17032 ბრძანება და ამავე თარიღის №005-115 საგადასახადო მოთხოვნა, რაც აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №005-154 და 11.10.2023 წლის №005-164 საგადასახადო მოთხოვნებთან ერთად 30.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22065 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №005-115 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო 17.10.2022 წლის №005-154 და 11.10.2023 წლის №005-164 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22065 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის სისწორე, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია არგუმენტები/პოზიცია, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხი 1 - საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემს შორის სხვაობები:
მოგახსენებთ, რომ ხელფასის სახით განაცემებმა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 31 მარტის ჩათვლით ჯამში შეადგინა 98162,5 ლარი, მათ შორის:
• 2021 წლის ოქტომბერი 19 250 ლარი
• 2021 წლის ნოემბერი 60 925 ლარი
• 2021 წლის დეკემბერი 14 737,5 ლარი
• 2022 წლის იანვარი 250 ლარი
• 2022 წლის თებერვალი 750 ლარი
• 2022 წლის მარტი 2 250 ლარი.
აღნიშნულ პერიოდზე დასადეკლარირებელმა თანხებმა ჯამში შეადგინა 90 475 ლარი, მათ შორის: გადასახდელი საშემოსავლო გადასახადია 18 095 ლარი, ჯარიმა 9 047 ლარი.
კომპანიის მიერ ბიუჯეტში კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი დადგენილ ვადებში სრულად იქნა გადახდილი, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და მას არ ჰქონია მიზნად დასახული არ გადაეხადა და არ დაედეკლარირებინა კუთვნილი გადასახადები. წარსულში კომპანიის საქმიანობის მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა მისი დაჯარიმება, არ მიუღია შენიშვნა/გაფრთხილება ან რაიმე სახით არ ფიქსირდება კომპანიის მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდების თუნდაც ერთი ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია კომპანიის საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე მის მიერ გადახდილი გადასახადების საერთო ოდენობა. 2019-2022 წლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენდა 2 252 000 ლარს, ბიუჯეტში გადახდილია 400 700 ლარზე მეტი, ასევე არსებობს სხვა უამრავი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს იმას, რომ კომპანია ნამდვილად კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კომპანიის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა საშემოსავლო დეკლარაციების წარუდგენლობის ნაწილში სამართალდარღვევა გამოწვეულია იმით, რომ კომპანიის ბუღალტერმა სწორედ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაიკეთა საკმაოდ სერიოზული ოპერაცია, რის გამოც გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი, რა დროსაც იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა, მის მიერ ვერ მოხდა შესაბამისი თვეების დეკლარაციების ჩაბარება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად კომპანია სრულფასოვნად ასრულებდა მის საგადასახადო ვალდებულებებს და დეკლარაციის არ ჩაბარების მიუხედავად ბიუჯეტში სრულად იხდიდა კუთვნილ თანხებს. აღნიშნულ პერიოდს დაემთხვა კოვიდ 19-ის პანდემია, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი რეაბილიტაცია, რის გამოც ვერ მოხდა საშემოსავლო დეკლარაციების ჩაბარება. კომპანია მზად არის წარმოადგინოს ბუღალტრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს რომ მას არ შეეძლო საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა. ამასთან, აღსანიშნია რომ ამ პერიოდის გადასახადი სრულად არის გადახდილი ბიუჯეტში და რამდენიმე თვის დეკლარაციის არ ჩაბარების მიუხედავად სრულად არის შესრულებული კომპანიის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა განზრახული გადასახადების გადახდისგან თავის არიდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ემუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 17.10.2022 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისა და საურავის თანხებისაგან სრულად.
საკითხი 2 - მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით:
2021 წელს ქვის სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში გაფორმდა მომსახურეობის ხელშეკრულებები ინდ. მეწარმეებთან, რომელთაც მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი (ხელშეკრულებები და მიღება ჩაბარების აქტები თან ერთვის საჩივარს). 2021 წლის დეკემბერის თვეში ი/მ "-------"-სთან ჩაირიცხა გაწეული მომსახურეობის ღირებულება 20 685 ლარი, რომელიც გადაკვალიფიცირდა, როგორც ხელფასი (დარიცხულ თანხად განისაზღვრა 25 856 ლარი; საიდანაც საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 5 171,2 ლარი; ჯარიმამ 2 585,6 ლარი), 2022 წლის იანვარის თვეში ი/მ "--------"-სთან ჩაირიცხა გაწეული მომსახურეობის ღირებულება 52 870 ლარი, რომელიც გადაკვალიფიცირდა, როგორც ხელფასი (დარიცხულ თანხად განისაზღვრა 66 087,5 ლარი; საიდანაც საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 13 217,5 ლარი; ჯარიმამ 6 608,75 ლარი). საგადასახადო შემოწმებით კომპანიასა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობა, რომლებიც კომპანიას უწევდნენ მომსახურებას, განხილულია, როგორც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას და ბეგრავდნენ კომპანიისათვის მომსახურეობის გაწევით მიღებულ შემოსავალს შემოწმების პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული განაკვეთით.
ზემოთ აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები განხილულია, როგროც ხელფასის სახით განაცემი და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან 20 პროცენტიანი განაკვეთით. არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს ზემო აღნიშნულ შეფასებას და მიაჩნია, რომ ხსენებული შეფასება არის დაუსაბუთებელი და უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ კომპანიასა და მეორეს მხრივ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს შორის დადებულია ხელშეკრულებები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ შრომით ურთიერთობას განიხილავს, როგროც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების სანაცვლოდ. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები.
ნიშანდობლივია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების განხორციელებისას სახეზე არ იყო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ:
ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა - მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება და დროის პერიოდით შეზღუდულნი არ არიან;
ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო - ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის სამუშაო ან დასვენების დრო;
გ) სამუშაო ადგილი - მომსახურების გამწევი ფიზიკური პირებისთვის არ არის განსაზღვრული მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა;
დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს არ გააჩნიათ რაიმე სახის თანამდებობა, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა;
ე) შრომის ანაზღაურება და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს სახეობის მიხედვით ფიქსირებული თანხის მიხედვით. ხსენებული ფორმით ანაზღაურება დამახასიათებელია მომსახურების განხორციელებისას.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. აკრძალული საქმიანობის ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში, თუმცა მასში მითითებული არ არის სარესტავრაციო/სამშენებლო მომსახურება. ფაქტიურად, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო შემოწმებისას მიღებული გადაწყვეტილებით, გვერდი აუარა ნორმატიულ დანაწესს და მის საწინააღმდეგოდ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს აუკრძალა ამ სტატუსის ქვეშ სარესტავრაციო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო შეღავათით სარგებლობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ფიზიკურ პირებს სრულად ჰქონდათ უფლება დარეგისტრირებულიყვნენ მცირე მეწარმეებად და მათზე გადახდილი თანხები არ უნდა ჩათვლილიყო ხელფასად და არ უნდა დაბეგრილიყო.
გარდა ზემოთ ხსენებულისა ქვემოთ ჩამოთვლილია ის უმნიშვნელოვანესი გარემოებებს რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ი/მ-ზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არის ძალიან დიდი შეცდომა ამ შემთხვევაში და პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას:
1. ის მიზეზები რის გამოც შრომითი ურთიერთობა გადაიზარდა მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში - პირველი და მეტად მნიშვნელოვანი შეცდომა რაც შემოწმების აქტში იკითხება ეხება იმას რომ "--------"-ზე და "---------" მოხსენიებულნი არიან როგორც ქვის მთლელები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი რომ შემმოწმებლების მიერ განვითარებული ლოგიკა უკიდურესად არასწორია. საქმე იმაშია რომ ეს ორი ადამიანი არა თუ ქვის მთლელები არამედ დღეისათვის არსებულ ქვის სარესტავრაციო სამუშაოების სპეციალისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პროფესიონალები არიან და მათი პროფესიული ზრდა და განვითარება მოხდა მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში. საქმე იმაშია, რომ სანამ ეს ადამიანები თვისი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდებოდნენ ისინი შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ კომპანიაში, რა თანხის გადახდის საშუალებაც ამ ადამიანის მაშინდელი კვალიფიკაციის გათვალისწინებით სავსებით მისაღები იყო კომპანიისთვის. ამას ემატება ისიც, რომ ზოგადად მათი სამუშაო (უხეშად ვუწოდოთ სარესტავრაციო მომსახურება) არის მეტისმეტად სპეციფიკური და ერთის მხრივ დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს (აღნიშნულ პირებს შესაბამისი განათლება მიღებული აქვთ სამხატვრო აკადემიაში) და მეორეს მხრივ კი აღნიშნული პროფესია არ არის ყოველდღიურად მოთხოვნადი საქართველოში, სხვაგვარად რომ ვთქვათ ეს არ არის მღებავის ან რემონტის ჩამტარებელი სპეციალისტის მომსახურება, რომელიც ყველას სჭირდება, არამედ ეს არის სპეციფიკური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანის სამუშაო, რომელიც მხოლოდ გარკვეული პროექტების არსებობის შემთხვევაშია საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამუშაო მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, რის შესაძენად დიდი დრო და პრაქტიკაა საჭირო. ეს ადამიანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ კომპანიაში შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს კომპანიაში შესაბამისი გამოცდილება და შეიძლება ითქვას რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ - აღნიშნულმა პირებმა როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე თავისი საქმე წამოიწყეს და მომსახურებას უწევენ როგორც კომპანიას, ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურებას უწევენ სხვა პირებსაც. თუმცა აღნიშნულის საშუალება მათ დღეს გააჩნიათ, ვინაიდან ეს ადამიანები დღეისათვის წარმოადგენენ საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ სპეციალისტებს, თუმცა მანამ სანამ მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბება მოხდებოდა კომპანიას წარსულ პერიოდში უღირდა მათი დაქირავება, თუმცა დღეისათვის ეს სრულიად წარმოუდგენელია მათ მიერ დღეისათვის მოთხოვნილი მაღალი ანაზღაურების გამო. ამ ადამიანების მიერ გაწეულ მომსახურებაზე (მიუხედავად იმისა რომ დღეისათვის მათი მომსახურება ძალიან ძვირად ფასობს) უწყვეტი მოთხოვნა საქართველოში არ არსებობს და მათ სამუშაოზე მოთხოვნა ჩნდება შესაბამისი პროექტის (სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის) არსებობის შემთხვევაში. წარსულში კომპანიას გააჩნდა უფრო მეტი ასეთი პროექტები, ვიდრე დღეს, შესაბამისად ამ ადამიანების ყოველთვიურად დაქირავება და მათთვის მოჭრილი თანხების ანაზღაურებაც (რომელიც რამდენჯერმე ნაკლებია ამ ადამიანების დღეს დაქირავების შემთხვევაში გადასახდელი ანაზღაურებისგან) კომერციულად გამართლებული იყო კომპანიის მხრიდან. ვინაიდან, კომპანიას აღარ ჰქონდა შესაბამისი პროექტები (კომპანიის მომსახურება არის სეზონური და ახალი ტენდერი რომც გამოცხადდეს ზამთრის პერიოდში არაფერი არ ხდება), შესაბამისად მოხდა აღნიშნულ პირებთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა აღნიშნულის შემდგომ გამომდინარე იქიდან, რომ გამოცხადდა ახალი ტენდერი და საჭირო გახდა ამ ადამიანების ჩართულობა მოხდა მათთან მომსახურების კონტრაქტის გაფორმება, ერთი კონკრეტული ტენდერის არსებობის გამო (სვეტიცხოველი), ასევე იმის გამო რომ ამ ადამიანების ანაზღაურება რამდენჯერმე გაიზარდა კომპანიას აღარ ჰქონდა ინტერესი აღნიშნულ პირებთან გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა.
2. ანაზღაურების პრინციპის მნიშვნელოვანი ცვლილება - მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ანაზღაურების პრინციპი შრომითი ურთიერთობის დროს და მის შემდეგ (რაც გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება) რადიკალურად არის შეცვლილი და თუ ადრე თანამშრომელზე ხდებოდა ყოველთვიური ანაზღაურების გადახდა, ხელშეკრულების ცვლილების შემდგომ ანაზღაურება ხდება გაცილებით უფრო დიდი თანხების და ერთჯერადად ანაზღაურება კონკრეტულ პროექტზე გაწეული სამუშაოებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასა და მხარეებს შრომის ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. აშკარაა რომ რადიკალურად არის შეცვლილი ანაზღაურების წესი რაც გამორიცხავს მხარეებს შორის ურთიერთობის შრომით ურთიერთობად განხილვას და გადახდილი თანხების ხელფასად დაბეგვრას.
3. მცირე მეწარმეების მიერ საკუთარი საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება - არის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება რომელიც გამორიცხავს იმას, რომ ეს ადამიანები კომპანიაში შრომითი ხელშეკრულებით არიან დასაქმებული. საქმე იმაშია, რომ მომსახურების კონტრაქტის პირობებში ამ ადამიანებმა, გამომდინარე იქიდან რომ წლების განმავლობაში დაუგროვდათ უდიდესი პრაქტიკა კომპანიაში დამოუკიდებლად მოახდინეს თავისი საქმის ორგანიზება და აშკარაა რომ დაკავდნენ სამეწარმეო საქმიანობით. მაგალითისთვის თუ მანამდე აღნიშნულ სპეციალისტებს კომპანიაში ჰყავდათ შესაბამისი პროექტის ხელმძღვანელი (ამ დროს სწავლა ჰქონდათ ახალი დამთავრებული და პროფესიონალის შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ), რომელიც ზედამხედველობას უწევდა მთლიან პროცესს და ისინი ფაქტობრივად იყვნენ მათი ხელმძღვანელის მითითებების შემსრულებლები, შემდგომში მათი კვალიფიკაციის ზრდისა და პროფესიონალებად ჩამოყალიბების შემდეგ მათ გადაწყვიტეს დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება (როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე) და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ერთპიროვნულად - სათანადო რისკების საკუთარ თავზე აღებით, რის გამოც დარეგისტრირდნენ მცირე მეწარმეებად. ამ ადამიანების მცირე მეწარმეებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არანაირი ფორმით კომპანია არ იყო ჩართული და არანაირი გავლენა არ მოუხდენია ამ ადამიანების გადაწყვეტილებაზე დამოუკიდებლად გაძღოლოდნენ საკუთარ საქმიანობას.
4. აშკარად არასწორი და შეცდომის შემცველი ინფორმაცია შემოწმების აქტში (შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში) იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებს არ მიუღიათ შემოსავალი სხვა წყაროებიდან - შემოწმების აქტში წერია რომ ამ ორ ადამიანს შემოსავალი არ მიუღია სხვა პირებისგან, რის გამოც შემმოწმებლებმა ჩათვალეს რომ საქმე არა მომსახურების გაწევასთან არამედ ხელფასის ანაზღაურებასთან ჰქონდა და გადახდილი თანხები დაბეგრეს საშემოსავლო გადასახადით. ინფორმაცია თითქოს ეს ადამიანები არ იღებენ შემოსვლებს სხვა პირებისგან არასწორია ვინაიდან დასტურდება ფაქტები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები შემოსავლებს სხვა პირებისგანაც იღებდნენ. მაგალითისთვის დაზუსტებით შეიძლება ითქვას რომ "--------"-ს გააჩნია შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობები სხვა კომპანიებთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ადამიანი მას შემდგომ რაც ოდესღაც კომპანიაში მუშაობდა და შემდეგ რაც კომპანიაში მუშაობისას იგი პროფესიონალად ჩამოყალიბდა უკვე დამოუკიდებლად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და ემსახურება სხვა პირებსაც, რაც ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე სრულიად არ არის გასაკვირი.
5. შრომითი ურთიერთობის არსებობა აღნიშნულ პირებთან - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პირებთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება ცალკე მსჯელობის საგანია რამდენად იყო მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე რამდენად უნდა ჩაითვალოს აღნიშნული ხელშეკრულება დაქირავებით მუშაობის ხელშეკრულებად. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდშიც კი როდესაც აღნიშნულ პირზე ხდებოდა ყოველთვიური ანაზღაურებების გაცემა მათთვის ყოველთვიურად თანხების გაცემა ხდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი წყვეტების პირობებში. მაგალითად შეეძლო მიეცა რამდენიმე თვის განმავლობაში თვეში ერთი და იგივე თანხა და შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში (რამდენიმე თვე) აღარ მიეცა. აქედან გამომდინარე, საკამათოა რამდენად იყო ეს ხელშეკრულება თუნდაც წარსულ პერიოდში შრომითი ხელშეკრულება და ეს ურთიერთობა შრომითი ურთიერთობა ე.წ. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპიდან გამომდინარე.
6. შემოსავლების სამსახურის კითხვარი, რომ პირებს შორის ურთიერთობა მომსახურების გაწევაა და არა შრომითი ურთიერთობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ გატესტეს აღნიშნულ პირებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებულ სპეციალური კითხვარზე და შედეგად კითხვარის პასუხი იყო რომ საქმე გვაქვს მომსახურების გაწევასთან და არა შრომით ურთიერთობასთან (საჩივარს ახლავს დანართი სადაც ასახულია თავად შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე არსებული კითხვარის შედეგების ამსახველი ფაილი). შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიჩნეულია ანაზღაურება ხელფასად.
7. ერთი და იგივე ბუღალტერი - საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ორი ადამიანი ხელოვნების სფეროში
მომუშავე პროფესიონალები არიან და გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად არ იკვეთებიან აღრიცხვის დარგის სპეციალისტებთან მათ მიერ დამოუკიდებლად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მოხდა იმ აღრიცხვის პროფესიონალთა დაკავშირება ვისაც ისინი იცნობდნენ მანამდე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათი ბუღალტერი და კომპანიის ბუღალტერი ერთი და იგივე ადამიანია ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს იმის შეფასებისას აღნიშნულ პირებს შორის არსებული ურთიერთობა შრომითი ურთიერთობაა თუ მომსახურების გაწევა.
8. მას შემდეგ რაც გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, მომსახურების გამწევი პირების მიერ გაიწევა შემდეგი სახის ძალიან ძვირადღირებული მომსახურების გაწევა (საჩივარს ახლავს ორივე ფიზიკური პირის ხელშეკრულება). აქვე წარმოადგენს შესაბამის ამონარიდებს ფიზიკური პირის ხელშეკრულებებიდან:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში ქვის კონსერვაციას, კერძოდ: ქვებს შორის ნაკრებისა და ბზარების ინექტირება (მიკრონიზირებული ბუნებრივი ჰიდრავლიკური კარის ხსნარით (NHL5 და ჰიდრავლიკური აგრეგატები) – 110 გრძ/მ X 60 ლარი = 6 600.00 ლარი. ქვების კონსოლიდაცია ეთილ სილიკატით (აქერცლილი და გაფხვიერებული ქვების სტრუქტურის გასაუმჯობესებლად) – 150 კვ.მ X 350 ლარი = 52 500.00 ლარი. გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულებაა 59 100 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 1 მარტამდე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წუღრუღაშენის ეკლესიის გუმბათის ქვის კონსერვაციასა და რეაბილიტაციის ფარგლებში შემდეგ სამუშაოებს: ქვის ნაწილების ფრაგმენტების გაერთიანება - 40 დეციმეტრკვადრატი X 197.29 ლარი = 7 891,60 ლარი. მექანიკური წმენდა - 80 გრ/მ X 24 ლარი = 1 920.00 ლარი. ორნამენტების კონსერვაცია - 53 დეციმეტრკვადრატი X 250.00 ლარი = 13 250.00 ლარი. გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულებაა 23 061 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
აღნიშნული 53 დეციმეტრკვადრატი ფართობზე სამუშაოს ღირებულება არის 13 250 ლარი, რაც აშკარად ნიშნავს რომ ეს არის ძალიან კვალიფიციური და ძალიან ძვირადღირებული სამუშაო და ასეთი ანაზღაურებით ასეთი ადამიანების შრომითი კონტრაქტით დაქირავება არის არარეალური. აქედან გამომდინარე, მიაჩნია რომ აშკარად ადგილი აქვს მომსახურების გაწევას მხარეებს შორის და ხელფასად გადახდილი თანხები არ უნდა დაიბეგროს.
შესაბამისად, მიაჩნია რომ უკიდურესად არასწორია ზემოთ ხსენებულ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრა ხელფასად, ითხოვს გათავისუფლდეს 17.10.2022 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხებისაგან სრულად.
საკითხი 3 - არარეზიდენტის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან:
2019 წლის სექტემბერის თვეში ხელფასის სახით გადარიცხული იყო 1 000 ფუნტი ექვივალენტით ლარში 4 609,25 ლარი, რომლის საშემოსავლო შეადგენდა 921,85 ლარს, რომელიც გადახდის წყაროსთან დეკლარირებული არ იყო, დაკისრებულია ჯარიმა გადასახდელი თანხის 25% ოდენობით (230 ლარი).
2019 წლის დეკემბერის თვეში (ინჟ. "---------") არარეზიდენტის მიერ გაწეულმა მომსახურეობამ შეადგინა 36 444 ლარი (10 000 ევროს ექვივალენტი), არარეზიდენტის დღგ გადახდილია და დადეკლარირებულია; იტალიის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით არ ეკუთვნოდა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის გადახდა 3 644 ლარი (თან ერთვის ინვოისი, მიღება ჩაბარების აქტი, არარეზიდენტის ცნობა), დაკისრებულია ჯარიმა გადასახდელი თანხის 25% ოდენობით (911 ლარი).
საგადასახადო შემოწმებისას წარდგენილია არარეზიდენტი პირის 2012 წლის და 2022 წლის ცნობა, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ვინაიდან მომსახურების გაწევა განხორციელდა 2019 წელს, მიაჩნია, რომ წარდგენილი ცნობები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შემმოწმებლების მიერ, ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ არ ემთხვევა გაცემული ცნობების და მომსახურების გაწევის პერიოდი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ინჟინერი "-------" წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, შესაბამისად, უნდა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოწმების აქტში მოცემულია არასწორი ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ რეზიდენტობის ცნობები არ არის საერთოდ წარდგენილი მაშინ როდესაც ეს ცნობები, როგორც წინა პერიოდის ასევე, 2022 წელს წარდგენილია. ასევე არასწორია, რომ არ არის წარდგენილი ინვოისები, რომელიც წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს მ/ჩ-სთან ერთად. რითაც დასტურდება შემოწმების პერიოდამდე და მის შემდეგ პირის იტალიის რეზიდენტობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიასა და ამ პიროვნებას შორის არსებობს კომუნიკაციის პრობლემა და შეუძლებელია მათი მხრიდან დღეისათვის რამე ცნობის წარდგენა, შექმნილი ვითარებიდან (და იქიდან გამომდინარე რა ცნობებიც იყო წარდგენილი შემოსავლების სამსახურისთვის) ფიქრობს, რომ თავად შემოსავალების სამსახურსაც შეუძლია ორმაგი დაბეგვრის თავიდანა აცილების საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ქვეყნებს შორის არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებიდან გამომდინარე, იტალიის საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს ამ პირის რეზიდენტობის შესახებ ინფორმაცია.
ითხოვს გათავისუფლდეს 17.10.2022 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხებისაგან სრულად.
საკითხი 4 - უკუდაბეგვრის შემცირება
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება, საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით განთავისუფლებულია და დღგ-ით არ უნდა დაბეგრილიყო არარეზიდენტისაგან მიღებული მომსახურებაც, რომელიც კომპანიის მიერ არასწორად დაიბეგრა და არ შემცირებულა შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მხრიდან.
როგორც აღინიშნა, 2019 წლის დეკემბრის თვეში ინჟინერი არარეზიდენტის დღგ გადახდილი და დარიცხულია 6 559,92 ლარი. რადგან ის მომსახურება, რომელიც გაიწევა დამკვეთზე, გათავისუფლებულია დღგ-სგან, შესაბამისად ამ მუხლის მიხედვით ის მომსახურებაც განთავისუფლებულია, რაც მიღებულია აღნიშნული არარეზიდენტებისგან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ უნდა შემცირდეს რაც არ მოხდა. აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად ზედმეტად და არასწორად დეკლარირებული უკუდაბეგვრის დღგ 6 559,92 ლარი არ შემცირებულა.
საკითხი 5 - სხვა საკითხები:
წარმოადგენს დავების განმხილველ სხდომაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან (გადამხდელი მიუთითებს, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში არარეზიდენტი ინჟინერისაგან მიღებული მომსახურება დაბეგრილია უკუდაბეგვრის დღგ-ით) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის დასკვნით ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა გადამხდელის უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის სისწორე და წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დეკლარირებული მონაცემები. გადაანგარიშების შედეგად შემცირდა დღგ 5 903 ლარის ოდენობით.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია არგუმენტები/პოზიცია, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს 17.10.2022 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხებისაგან სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სსიპ-სა და სხვა პირებისთვის მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებშიც ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულებას.აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 17.10.2022 წლის №26261 ბრძანება და ამავე თარიღის №005-154 საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14320 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9).