გადაწყვეტილება №23491/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 23491/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23491/2/2024

15 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ის 16.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23491/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება;

3. გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

4. შემოსავლების სამსახურის 2.07.2019 წლის №22041 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის №006-999 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №006-1249 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2020 წლის №006-14 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2.07.2019 წლის №22041 ბრძანება; 5. შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №15844 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 102 110 ლარი (30.12.2019 წლის №006-1249 საგადასახადო მოთხოვნით).

მათ შორის:

გადასახადი - 573 610

დღგ - 211 868

მოგების გადასახადი - 1 696

საშემოსავლო გადასახადი - 360 046

ჯარიმა - 394 291

საურავი - 134 209

 

დარიცხული თანხა: 114 328 ლარი (28.01.2020 წლის №006-14 საგადასახადო მოთხოვნით).

მათ შორის:

გადასახადი - 53 471

დღგ - 23 231

მოგების გადასახადი - 19 095

საშემოსავლო გადასახადი - 11 145

ჯარიმა - 27 118

საურავი - 33 739

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებისა და ნაწილების იმპორტი და რეალიზაცია, ასევე, საიჯარო მომსახურების გაწევა.

1. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 27 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის №39189 ბრძანება და ამავე თარიღის №006-999 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2019 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

ა) გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული მეთოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

ბ) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

გ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.12.2019 წლის №8853/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 21 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები ჯარიმის ნაწილში შემცირდა 2 073 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2020 წლის 28 იანვრის №006-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.09.2019 წლის აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 30.12.2019 წლის №47501 ბრძანება და №006-1249 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნა და 30.12.2019 წლის №006-1249 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №15844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული აქვს 3 955 150 ლარის ოდენობით. საწარმოს მიერ წარდგენილ პირველად დოკუმენტაციაზე (ბანკის ამონაწერები, ინვოისები, ახსნა-განმარტება) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 24 აპრილის №9598 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარეშე რეალიზებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა საწარმოს მიერ მიწოდებული, კონკრეტულ საქონელზე მისადაგებული სარეალიზაციო ერთეულის ფასით (თვის ჭრილში).

შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივმა შემოსავალმა და დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ, დეკლარირებულის ნაცვლად შეადგინა 3 975 975, 49 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, მე-100 პირველი და მე-3 ნაწილებით, 102-ე მუხლით, 105-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, და აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს შემოსავლების გაანგარიშებისას, მთელი შემოწმების პერიოდის განმავლობაში გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, რომლის არანაირი საფუძველი არ არსებობს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი განმარტავს შემთხვევებს თუ რა დროს შეუძლია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს გამოიყენონ საწარმოს შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს, რომ აუდიტორები არ ეთანხმებიან საწარმოს ბუღალტერიაში ასახულ შემოსავლებს და მას თვითონ განსაზღვრავენ საბაზრო ფასების გამოყენებით, რატომღაც აქაც შემოსავლების განსაზღვრის ვირტუალურ მიდგომასთან აქვს საქმე.

აუდიტორის შეფასებაში გაუგებარია და არაა მოყვანილი დასაბუთება თუ რატომ გახდა საჭირო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ანუ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლში მოყვანილი შემთხვევებიდან თუ რომელ პუნქტის დარღვევისათვის იქნა გამოყენებული ეს მეთოდი, ასევე აუდიტორები ახსენებენ ინვენტარიზაციის აქტს, რომლითაც არანაირი დანაკლისი არ გამომჟღავნებულა, ასევე არ მოუწოდებიათ ის გათვლები (ექსელის ცხრილები), რომლითაც იქნა განსაზღვრული შემოსავლები და შესაბამისად დღგ და მოგების გადასახადები.

შემოსავლების სამსახურის აუდიტორები მხედველობაში არ იღებენ ბიზნესის თავისებურებას, რომ ელექტრო საქონლის სარეალიზაციო ფასი მცირე პერიოდის გავლის შემდგომ მცირდება, ხოლო უფრო დიდ პერიოდში კი ფასი თავდაპირველი ღირებულების მეოთხედსაც შეიძლება არ შეადგენდეს.

მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი ამისა, აღნიშნული მეთოდი გულისხმობს, რომ საწარმომ მოახდინა საქონლის რამოდენიმე მილიონიანი რეალიზაცია ნაღდი ანგარიშსწორებით, რაზეც არ გამოწერა ფაქტურა და არ მიაწოდა სალაროს ქვითარი მომხმარებელს, რაც აბსურდია, მითუმეტეს, რომ საწარმო ამ წლების განმავლობაში დაჯარიმებულიც არაა ასეთი სახის სამართალდარღვევაზე, ასევე როგორც აღინიშნა საწარმოს ბუღალტერიას აწარმოებს სპეციალურად ამ საქმისათვის დაქირავებული პროფესიონალი საბუღალტრო კომპანია, რაც ხაზ უსვამს საწარმოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას საბუღალტრო და საგადასახადო საქმიანობის სისწორის მიმართ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოწმების აქტით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენის შეუძლებლობის გამო, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარეშე რეალიზებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა საწარმოს მიერ მოწოდებული, კონკრეტული საქონელზე მისადაგებული სარეალიზაციო ერთეულის ფასით (თვის ჭრილში), შედეგად გაიზარდა მომჩივნის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განმარტავს, რომ აუდიტორის შეფასებაში გაუგებარია და არაა მოყვანილი დასაბუთება თუ რატომ გახდა საჭირო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ანუ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილში მოყვანილი შემთხვევებიდან თუ რომელ პუნქტის დარღვევისათვის იქნა გამოყენებული ეს მეთოდი.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, ვინაიდან შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გამომდინარე აქედან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდი, რასაც ითვალისწინებს კონკრეტულად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და რომლის თაობაზეც მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის დასკვნაშიც.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

2017-2019 წლების შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულად შემოსავლებსა და აღრიცხულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა (ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულ შემოსავლად) განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ 2017-2019 წლების შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულად შემოსავლებსა და აღრიცხულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა (ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულ შემოსავლად) განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

3. გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

2017-2019 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით წარდგენილი მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ყოველთვიური ზრდა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო შემცირება - მიღებული სესხის საწარმოსთვის დაბრუნებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სესხზე საბაზრო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს კანონმდებლობით არ იზღუდება სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის არსებობა, მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ რეგულირდება აღნიშნული საკითხი, კერძოდ „მეთოდური მითითება სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითება განსაზღვრავს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით სალაროს ნაშთის დაბეგვრის საკითხს, აღნიშნული მეთოდიკა განკუთვნილია აუდიტორებისთვის, რომლებმაც გარკვეულ გარემოებების დროს უნდა იხელმძღვანელონ აღნიშნული მეთოდიკით, თუმცა აღნიშნულ მეთოდიკაშიც ფაქტიური გარემოებების განსაზღვრისას, პირდაპირ არის მითითებული, რომ საწარმო, რომელიც ვაჭრობს ელექტრო ტექნიკით საბითუმო წესით და ანგარიშსწორებას ეწევა უნაღდო ანგარიშსწორებით და სალაროში ნავაჭრი თანხა ბანკიდან შეაქვს დირექტორს, ასევე სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დგინდება რომ სალაროს საბუღალტრო ნაშთი ფიქტიურია.

სწორედ ამ ფაქტიური გარემოებების არსებობისას უნდა განხორციელდეს ეს მეთოდური მიდგომა სალაროს უძრავი ნაშთის მიმართ, ამ შემთხვევაში კი სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად არ აღმოჩნდა განსხვავება ფაქტიურ ნაშთსა და საბუღალტრო ნაშთს შორის, ასევე საწარმო ვაჭრობს ნაღდი ანგარიშსწორებით და თანხა შედის პირდაპირ სალაროში, ბანკიდან სალაროში თანხის გამოტანა არ ფიქსირდება, არცერთი ფაქტიური გარემოება, რომელიც მოცემულია მეთოდიკაში არ შეესაბამება შპს საწარმის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს და გარემოებებს.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საგადასახადო შემოწმების ბოლოს სალაროში დაფიქსირებულია მინიმალური ნაშთი (46 421 ლარი), რაც აუდიტორებისათვის ცნობილი იყო, და გაუგებარია თუ რატომ იხელმძღვანელეს შემოსავლების სამსახურის უფროსის „მეთოდური მითითება სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ ბრძანებით, მათ არ გაითვალისწინეს მეთოდურ მითითებაში აღწერილი ფაქტიური გარემოებები, ბიზნესის მასშტაბი და მოთხოვნები და ყოველგვარი არგუმენტაციისა და განმარტების გარეშე, შემოწმების პერიოდის განმავლობაში, საწარმოს სალაროში არსებული ნაშთი განიხილეს უპროცენტო სესხად გაცემულ თანხად დირექტორზე ამ შემთხვევაში დამფუძნებელზე, დაარიცხეს მას 20%-იანი სარგებელი და შემდგომ ეს ვირტუალური შემოსავალი დაბეგრეს საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს დაუყოვნებლივ დაკორექტირდეს ამ საკითხში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ 2017-2019 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით წარდგენილი მონაცემები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ყოველთვიური ზრდა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. შემოსავლების სამსახურის 2.07.2019 წლის №22041 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის დასკვნის მიხედვით:

1. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა შემოწმებით დაკისრებული სანქციების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგად განხორციელდა ჯარიმის შემცირება 2 073 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 304-ე მუხლის 21 ნაწილით და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:

1. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული მეთოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 21 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით:

1. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა შემოწმებით დაკისრებული სანქციების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგად განხორციელდა ჯარიმის შემცირება 2 073 ლარის ოდენობით.

საბჭო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ამასთან, მომჩივანი გასაჩივრებულ დოკუმენტებში არგუმენტების გარეშე ასევე მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის №006-999 საგადასახადო მოთხოვნაზე და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანებაზე, რაზეც არსებობს საბჭოს 6.12.2019 წლის №8853/2/2019 გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი.

2.გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

3.მომჩივანი ითხოვს დაკორექტირდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგები.

4.აღნიშნულ ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივმა შემოსავალმა და დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ, დეკლარირებულის ნაცვლად შეადგინა 3 975 975, 49 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

2.2017-2019 წლების შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულად შემოსავლებსა და აღრიცხულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3.2017-2019 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით წარდგენილი მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ყოველთვიური ზრდა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო შემცირება - მიღებული სესხის საწარმოსთვის დაბრუნებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.ამასთან, სესხზე საბაზრო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

4. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას;საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა შემოწმებით დაკისრებული სანქციების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგად განხორციელდა ჯარიმის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

2. საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

4.საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),982,101,154,