გადაწყვეტილება №222552/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 222552/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 13.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22552/2/2024).
დავის საგანი:
მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების, დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №006-774 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №4460 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 384 872 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 210 467
დღგ - 1 362
საშემოსავლო გადასახადი - 145 645
ქონების გადასახადი - 63 460
ჯარიმა - 96 218
საურავი - 78 187
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო შესყიდვის გზით, ასევე კერძო კომპანიებთან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7449 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმო სამუშაოებს ასრულებდა საკუთარი მასალითა და მუშახელით. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები) და დადგინდა, რომ მშენებლობის პროცესისთვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები (45 პირი), რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. შემოწმებით შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებული მცირე მეწარმეები და გამიჯნულ იქნა მათგან ისეთი პირები (15 პირი), რომლებიც მხოლოდ საწარმოსთან საქმიანობის ფარგლებში დადგნენ მცირე მეწარმეებად და მანამდე და მას შემდეგაც რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდებოდათ. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული პირები განხილულ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №33887 ბრძანება და №006-774 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 384 872 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 28 თებერვლის №4460 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №4460 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ტექნიკური შეცდომის შედეგად, გაანგარიშებაში ჩარჩენილია რამდენიმე პირი, რომლებზეც კომპანიას არ ეკუთვნოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება (თანხობრივად ჯამში - 59 390 ლარი, ხოლო მისი საშემოსავლო გადასახადი - 14 847 ლარი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო ბრძანება არ მოიცავს დასაბუთებას თუ რამდენად არსებობდა პირთა მუდმივად დაქირავებულად ჩათვლის გარემოებები, რაც მოთხოვნილი იყო მომჩივნის მიერ.
პირები, რომლებიც კომპანიის სასარგებლოდ ასრულებდნენ პროექტის ფარგლებში სამუშაოებს, არ წარმოადგენდნენ დაქირავებით მომუშავე პირებს, არამედ ყველა პირი უწევდა მომსახურებას და ისინი მოქმედებდნენ როგორც მეწარმეები მათი სტატუსიდან და არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც გამორიცხავს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და 275-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრებას.
საჩივარში წარდგენილი იყო ფაქტობრივი გარემოებები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებით, რომლის შესახებაც მსჯელობას არ მოიცავს სადავო ბრძანება და ამასთანავე არ არის შეფასებული თუ რამდენად მართებულად ჩათვალა შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული პირები მუდმივად დაქირავებულ პირებად.
ზემოხსენებული პირები კომპანიის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებდნენ გარკვეული ტიპის ძირითადად სამშენებლო სამუშაოებს. ამასთანავე, მიმდინარე და შემდგომ პერიოდში აღნიშნული პირების მიერ ხორციელდება სხვა პირებისათვის სამუშაოების შესრულება.
გადასახადის გადამხდელის მიერ მოძიებულ იქნა სამუშაოს შემსრულებელი პირების დეკლარაციები, რითაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირები სხვა პირებისთვის ასრულებდნენ სამუშაოებს. ამ პირების კომპანიის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 269,735.97 ლარი, ვის შესახებაც წარმოდგენილ იქნა მომჩივნის მიერ მოძიებული დეკლარაციები, რითაც დასტურდება, რომ პირები სხვა პირების სასარგებლოდაც ასრულებდნენ სამუშაოებს. აღნიშნული წარმოდგენილია მხოლოდ იმ ფარგლებში, რის მოძიებაც მოახერხა გადასახადის გადამხდელმა. ზოგიერთი პირი საერთოდ არ ადეკლარირებს მომსახურების გაწევას, რაც ართმევთ შესაძლებლობას რაიმე ფორმით წარმოადგინონ ინფორმაცია, თუმცაღა შემოსავლების სამსახურს მათი შემოსავლების გადამოწმებით შეუძლია მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არამარტო ეს პირები, ვინც მითითებულია დეკლარაციებში, არამედ ყველა პირი, რომელსაც იმ მომენტისათვის ჰქონდა სტატუსი, აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს და არ შეიძლება განხილულ იქნეს მუდმივად დაქირავებულ თანამშრომლად.
შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია პროექტის ბუნებასა და სამუშაო სპეციფიკაზე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა სამუშაოები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სამუშაოები სრულდებოდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, როცა სტიქიის დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო იყო სახურავების და მასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, რისთვისაც კომპანიამ იკისრა ვალდებულებები მოეძიებინა ყველა რესურსი და დროულად განეხორციელებინა ყველა სამუშაო ამგვარი საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად. მეორეს მხრივ, შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა, რომ საწარმო წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას და პროექტიც ეხებოდა სამშენებლო სამუშაოებს. საქართველოში დადგენილი პრაქტიკისა და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ყველა სამშენებლო სფეროში მოღვაწე საგადასახადო აგენტი ამგვარ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს მეწარმეების მეშვეობით, რაც გამომდინარეობს სამუშაო სპეციფიკიდან და სამუშაოების შემსრულებელი პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება არ არის მართებული. შემოსავლების სამსახური თვლის, რომ გარკვეულ „მცირე მეწარმეებს“ მცირე ბიზნესის სტატუსი გამოყენებული აქვთ მხოლოდ გადასახადის გადამხდელთან ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, მანამდე და მას შემდეგ რაიმე სახის შემოსავალი არ უფიქსირდებათ. საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლი განსაზღვრავს „მცირე ბიზნესის“ მცნებას, ხოლო 89-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია, თუ როგორ ხდება სტატუსის მინიჭება. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით განმარტებულია თუ რა არის „ეკონომიკური საქმიანობა“. ამ რეგულაციის გათვალისწინებით ორი ეკონომიკური სუბიექტი (შპს „-------------“ და მეწარმე ფიზიკური პირები) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეთანხმდნენ გარკვეული საქმიანობის მიღებაზე და შესრულებაზე. ამ ოპერაციებზე გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. შესრულებულია შესაბამისი ტრანზაქციები. ასეთი ურთიერთობა არ შეიძლება ჩაითვალოს დაქირავებით მუშაობად და ეს პირები ვერ იქნებიან დაქირავებული თანამშრომლები, ვინაიდან მათი მხრიდან კომპანიის სასარგებლოდ სამუშაოების შესრულება არის კონკრეტულ სამუშაოზე მომსახურების ფარგლებში, არ აქვს მუდმივი ხასიათი და არ აქვს განსაზღვრული კონკრეტული ანაზღაურების ოდენობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სამუშაოები სრულდება გარკვეული თვეების განმავლობაში და შემდეგ წყდება, ანუ კომპანიას ეს ფიზიკური პირები არ ჰყავს უწყვეტად დაქირავებული. რადგან ორი მეწარმე სუბიექტი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, დროის მცირე მონაკვეთში თანამშრომლობენ, საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებიდან და ზემოთ მოყვანილი მუხლების გათვალისწინებით, სამუშაოების შემსრულებელი არ უნდა ჩაითვალოს დაქირავებულ თანამშრომლებად, ხოლო სამუშაოების მიმღები საგადასახადო აგენტად. აქვე აღსანიშნავია, რომ მეწარმე პირი ვერ გააკონტროლებს იღებს თუ არა მეორე მეწარმე პირი შემოსავლებს სხვა მეწარმე სუბიექტებისგან. აგრეთვე, ვერ გააკონტროლებს მის ურთიერთობას და ანგარიშსწორებას სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხაზინასთან.
მოცემული მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების წარმოების შემდგომ დგებოდნენ აღნიშნული პირები მცირე მეწარმეებად, არ შეესაბამება მომჩივნის მიერ გაცხადებულ პოზიციას. კომპანიას სურდა კონკრეტული და სპეციფიური სამუშაოს შესრულება, რის შემდგომაც მოძიებული სპეციალისტების მიერ გაწეული იყო მომსახურება, ხოლო მათი სტატუსიდან გამომდინარე ხორციელდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არც ხელშეკრულებით და არც რაიმე დაკავშირებული მითითებით არ შეუზღუდავს არსებულ პირებთან სხვა პირის სასარგებლოდ მომსახურების გაწევა. შესაბამისად, როგორც მომჩივნისთვის ცნობილია, მათი მხრიდან საწარმოში არსებული სამუშაოს პარალელურად ხორციელდებოდა სხვა პირების სასარგებლოდ მომსახურების გაწევა და მიიღებოდა შემოსავალი. შემოსავლების სამსახურს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში ჰქონდა ვალდებულება დეტალურად გამოეკვლია აღნიშნული გარემოებები და შეეფასებინა ყველა მომსახურების გამწევი პირის მიერ იმდროინდელი მდგომარეობა, რის საფუძველზეც მივიდოდა დასკვნამდე, რომ სტატუსის მქონე პირების მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში და სწორედაც ყველა საგადასახადო ვალდებულება კომპანიის მხრიდან შესრულდა ყველა მოთხოვნის დაცვით. უსაფუძვლო და მსჯელობას მოკლებულია, თუ როგორ შეიძლება ერთის მხრივ კანონმდებლობაში არსებობდეს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო კონკრეტული განაკვეთი, რომელიც მომსახურების გამწევ პირზე მოქმედებს მაშინ, როცა სამუშაო არ სრულდება შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ხოლო მეორეს მხრივ გადასახადის გადამხდელს ეზღუდებოდეს ამგვარი საკანონმდებლო განაკვეთით სარგებლობა, როცა იგი აკმაყოფილებს ყველა პირობას. მოცემულ შემთხვევაში მომსახურების გამწევ პირებთან დადგენილი არ არის სამუშაო საათები, ასევე არ არის არცერთი შეთანხმება შრომით სამართლებრივი პირობებით, მოცემულია კონკრეტული სამუშაო კონკრეტულ სპეციალისტთან და შეზღუდული არ არის მათი მხრიდან სხვა პირისთვის სამუშაოს შესრულება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანება არის უსაფუძვლო.
იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყოს შეცვალოს კვალიფიკაცია, უნდა გამოიკვლიოს ოპერაციის ფორმა და ასევე მისი შინაარსი, რაც გულისხმობს მასთან დაკავშირებული საკითხების ყოველმხრივ და საფუძვლიან გამოკვლევას ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნების ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა არსებული მომსახურების გამწევი პირების სამართლებრივი მდგომარეობა. კერძოდ, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევი პირები მანამდეც, მომსახურების გაწევის პერიოდში ან/და მის შემდგომ აგრძელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. ამ პირების საწარმოს სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 269,735.97 ლარი, ვის შესახებაც წარმოდგენილ იქნა მოძიებული დეკლარაციები, რითაც დასტურდება, რომ პირები სხვა პირების სასარგებლოდაც ასრულებდნენ სამუშაოებს. აღნიშნული წარმოდგენილია მხოლოდ იმ ფარგლებში, რის მოძიებაც მოახერხა გადასახადის გადამხდელმა, რა ნაწილშიც უდავოა რომ უნდა გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, ზოგიერთი პირი საერთოდ არ ადეკლარირებს მომსახურების გაწევას, რაც ართმევთ შესაძლებლობას რაიმე ფორმით წარმოადგინონ ინფორმაცია, თუმცაღა შემოსავლების სამსახურს მათი შემოსავლების გადამოწმებით შეუძლია მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არამარტო ეს პირები, ვინც მითითებულია დეკლარაციებში, არამედ ყველა პირი, რომელსაც იმ მომენტისთვის ჰქონდა სტატუსი, აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს და არ შეიძლება განხილულ იქნეს მუდმივად დაქირავებულ თანამშრომლად.
განსახილველია ის ფაქტიც, ხომ არ აკისრებს შემოსავლების სამსახური კომპანიას იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე ეს გადასახადის გადამხდელს შეუძლია. კერძოდ, მოკლე დროში ამ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა პირებზე, მოითხოვს საკმაოდ დიდ ჩართულობას კომპანიის მხრიდან, როცა შემოსავლების სამსახურს საკუთარი პორტალისა და მონაცემებით შეუძლია უფრო მარტივად მოიძიოს ამ პირებზე აღნიშნული ინფორმაცია. გაურკვეველია თუ რატომ არ გადაიდგა არცერთი ქმედითი ნაბიჯი იმის დასასაბუთებლად ან გამოსარიცხად, რომ ეს პირები სხვა პირებსაც უწევდნენ მომსახურებას. შემოწმების აქტი, ბრძანება, გადაწყვეტილება, სხდომაზე გაჟღერებული პოზიცია და ყველა საქმესთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოსგან არ მოიცავს მთავარი ნაწილის შეფასების ან/და მოძიების ქმედით ნაბიჯებს, არამედ ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს და დასკვნებს, რომელიც არ არის არცერთი მტკიცებულებით გამყარებული, რაც საფუძველს აცლის მას.
საგადასახადო ორგანოს რატომღაც გამორჩა შეეფასებინა საქმიანობის სპეციფიკა და მომსახურების გამწევ პირთა სპეციალობა. ზოგიერთ შემთხვევაში ტექნიკური საშუალებების არ არსებობის ან/და ტერიტორიული სირთულეების გამო, მათ შორის, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, ზოგიერთი პირი წყვეტს საქმიანობას, ვეღარ ასრულებს სხვისთვის სამუშაოს ოჯახური მდგომარეობის გამო ან/და ვერ ტოვებს ადგილობრივ რეგიონს, რის გამოც სხვა პირისთვის ვერ ასრულებს სამუშაოებს ან ასრულებს სამუშაოს ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე. მომჩივანი მოკლებულია შესაძლებლობას მოიძიოს ყველა იმ პირზე სრული ინფორმაცია, ვინც გასწია მომსახურება აღნიშნულ პერიოდში, ვინაიდან ზოგიერთთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, ზოგიერთმა დატოვა საქართველოს ტერიტორია ან/და შეწყვიტა საქმიანობა პირადი მიზეზებით. საგადასახადო ორგანოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, აქვს ვალდებულება არსებული რესურსითა და კანონმდებლობის ფარგლებში საქმის ყოველმხრივი გამოკვლევისთვის თავად უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის მოძიება, დადასტურება და ყველა საჭირო მოქმედების განხორციელება. საგადასახადო ორგანოს მიერ არათუ აღნიშნული ინფორმაციის მოკვლევა და მის საფუძველზე დასკვნების მომზადება განხორციელდა, არამედ ყველა მომსახურების გამწევი პირი შეფასებულ იქნა ერთ ჭრილში და უსაფუძვლოდ ჩაითვალა დაქირავებულ თანამშრომლებად. არცერთი მომსახურების გამწევი პირის მიერ გაწეული მომსახურება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს მუდმივად დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ მეწარმე ფიზიკურ პირებს საწარმოსთან ურთიერთობამდე და შემდეგ არ მიუღიათ რაიმე შემოსავალი, არ არის სწორი:
დაბეგრილ მეწარმე ფიზიკურ პირებში მოხვედრილი არიან ისეთი პირებიც, რომლებსაც მიღებული აქვთ შემოსავლები, თუმცა მიუხედავად ამისა შემოსავლების სამსახურს აღნიშნული გარემოებები არ შეუფასებია. აღნიშნული გაჟღერებული იქნა დავის განხილვისასაც, თუმცაღა გადაწყვეტილება არ მოიცავს ამ კუთხით მსჯელობას და არ არის გარემოებები შეფასებული. გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილში გადახედვა, რითაც შემოსავლების სამსახურის მომართვით დადგინდა მათი მხრიდან ტექნიკური შეცდომის არსებობა და აღიარება იმისა, რომ 14,847 ლარის ფარგლებში გასაუქმებელია საგადასახადო მოთხოვნა, არ არის საკმარისი, ვინაიდან გადაწყვეტილების გადახედვა, შესწავლა და გამოკვლევა უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე სრულად.
- შეიძლება გარკვეული მეწარმე ფიზიკური პირები მალავდნენ შემოსავლებს. კონკრეტული პირების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობაზე ან შემოსავლების დამალვაზე პასუხს არ უნდა აგებდეს ამ შემთხვევაში მომჩივანი. ვერ გააკონტროლებენ კონკრეტული პირების შემოსავლებს და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. აღნიშნულის მოწესრიგებისას მთავარ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ კომპანიას არ შეუზღუდავს მათი მხრიდან რაიმე ფორმით სხვა პირისთვის მომსახურების გაწევა და როგორც მომჩივნისთვის იყო ცნობილი, ისინი მუდმივად ახორციელებდნენ ამგვარ საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან არ არის აღნიშნული შემოსავლები დეკლარირებული ან/და შემოსავლების სამსახური ვერ ადგენს რაიმე გარემოებას, ეს არ წარმოადგენს კომპანიის მტკიცების საგანსა და ტვირთს.
შეიძლება არსებობდეს ისეთი შემთხვევებიც, რომ მეწარმე ფიზიკურმა პირმა კომპანიასთან ურთიერთობის შემდეგ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. (საზღვარგარეთ წავიდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეაჩერა საქმიანობა და სხვა). ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაკონტროლება მეწარმე ფიზიკური პირის ქცევის, ვინაიდან იმ მომენტისთვის, როცა კომპანიამ მათგან მიიღო მომსახურება, მათ ჰქონდათ ამგვარი სტატუსი და სპეციალობა, რაც მისაღები იყო კომპანიისათვის.
შემოსავლების სამსახურის მიერ ასევე შეუფასებელი დარჩა არსებული პრაქტიკა სამშენებლო სფეროში. აღსანიშნია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მომსახურება გაიწევა კონკრეტულ სამუშაოზე კონკრეტული სპეციალისტების მიერ, რომლებსაც არათუ დაქირავებულ პირთა სტატუსი აქვს, არამედ პირდაპირ პარტნიორულად უწევენ მომსახურებას დამკვეთს. ძირითად შემთხვევაში კონკრეტულ სპეციალისტთან არ ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, ვინაიდან შრომითი კანონმდებლობიდან გამომდინარე მისი შეწყვეტის, პირობების შეცვლის ან/და სხვა შემთხვევებში მოქმედებს შრომის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები, მათ შორის, შვებულების მიცემის, დამატებითი დასვენების დღეების გამოყოფის, სამუშაო კონკრეტული დროის (8 საათი) და ასე შემდეგ, შესაბამისად, სამუშაოების შესრულების კუთხით მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის არცერთი პირობა, ვინაიდან მიღებულია სამუშაოები მომსახურებიდან გამომდინარე და მისი საფუძვლებით, ხოლო საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულია კონკრეტული პირის სტატუსიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების ფასი შეთავაზებული იქნა ყველა პირისთვის, რის შემდგომაც მათგან განემარტათ, რომ ისინი იყვნენ ან არეგისტრირებდნენ სამეწარმეო სტატუსს, რის შემდგომაც სარგებლობდნენ განსაზღვრული საგადასახადო რეჟიმით. მომჩივნის მხრიდან შეთანხმებისამებრ იქნა ყველასთან მომსახურების თანხა ანაზღაურებული და მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შემცირებულა მომსახურების თანხა. კერძოდ, კომპანიას მათი სტატუსიდან გამომდინარე არ მიუღია რაიმე სარგებელი და სამეწარმეო სტატუსის არ არსებობის შემთხვევაში მათთან ასანაზღაურებელ თანხას დააკლდებოდა შესაბამისი გადასახადები.
დანართი 1-ში, რომელიც გამოგზავნილია ცხრილის სახით, აღნიშნულია რამდენ მცირე მეწარმეზე მოხდა საწარმოს მიერ ინფორმაციის მოძიება, რომ დეკლარირებული აქვთ სხვა შემოსავლებიც და ასევე, გადმოგზავნილი იყო საგადახდო დავალებებიც, რომ მიღებული ჰქონდათ სხვა კომპანიიდან შემოსავალი და არ ჰქონდათ ნაჩვენები დეკლარაციებში. ასევე, ცხრილში მოცემულია იმ პირების ჩამონათვალი, ვისზეც თვითონ (აუდიტის დეპარტამენტს ) მიწერილი ჰქონდა, რომ აქტიურად ადეკლარირებდნენ სხვა შემოსავლებსაც და ამ პირებთან დაკავშირებით არ მოუთხოვიათ დამატებითი ინფორმაციების წარდგენა.
არსებული ურთიერთობის შრომითი ხელშეკრულებების ჭრილში განსახილველად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის (შრომის კოდექსი) სხვა მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებს კომპანიის და მეწარმე ფიზიკური პირების ურთიერთობა. მათთან არ ყოფილა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პირობების დაცვას.
საგადასახადო კოდექსი განმარტავს დაქირავებით მუშაობის ცნებას. კერძოდ, მე-12 მუხლის თანახმად, პირი უნდა აკმაყოფილებდეს მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, რომ ითვლებოდეს დაქირავებულად:
1. ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
2. ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;
3. ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი იმთავითვე გამორიცხულია. რაც შეეხება პირველ ნაწილს, განვიხილოთ, თუ რატომ არ ჩაითვლება საწარმოსა და პირთა შორის არსებული ურთიერთობა შრომით სამართლებრივად:
შრომით სამართლებრივად ურთიერთობის მიჩნევისთვის აუცილებელია მოცემული ურთიერთობა აკმაყოფილებდეს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დებულებებს. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანიზაციული მოწესრიგება თავის თავში მოიცავს მხარეთა შორის კონკრეტული ვადით (ერთი წლით, ერთ წელზე ნაკლები ვადით მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია დასაშვები) გაფორმებულ ხელშეკრულებასა და სამუშაო საათების დადგენილ ოდენობას, განსაზღვრულს კონკრეტული გრაფიკით. მოცემულ შემთხვევაში, პირთა მოვალეობას წარმოადგენდა კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულება, რომელთა ვადასაც და საკუთარ სამუშაო საათებსაც ამ ვალდებულებების შესასრულებლად განსაზღვრავდნენ თვითონ. შესაბამისად, სტანდარტული გრაფიკით არ უწევდათ ვალდებულების განხორციელება. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია პირთა მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულება და სანაცვლოდ მათთვის თანხის მიცემა კომპანიის მხრიდან, რის შემდგომაც მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა აღარ გრძელდება. აქვე, იმის დასტურს, რომ ანაზღაურება ხორციელდება კონკრეტული შესრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს თანხის გადარიცხვის დოკუმენტაცია, რომელიც განსხვავებულია კონკრეტული შესრულების მოცულობიდან გამომდინარე, რაც რა თქმა უნდა განსხვავებულია ყოველთვიური ხელფასისგან. გარდა ამისა, ბუნდოვანია თუ კონკრეტულად რომელი პირების მოკვლევა და შეფასება განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ დაასკვნა, რომ პირებს მხოლოდ საწარმოსგან მიღებული შემოსავლები უფიქსირდებათ, რის გამოც მიიჩნევენ მათ დაქირავებულ თანამშრომლებად. ამასთან, არ არის მოძიებული თუ რომელი პერიოდის შემოწმება განხორციელდა. მომჩივანმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ აღნიშნული პირები სხვა პირების სასარგებლოდ ახორციელებდნენ სამუშაოებს, რაც შემოსავლების სამსახურის მიერაც დადასტურდებოდა საფუძვლიანი მოკვლევისას. ის ფაქტი, რომ ზოგიერთს შემოსავლების სამსახურის ბაზაში არ უფიქსირდება აღნიშნული ინფორმაცია, ვინაიდან შესაძლებელია ზოგიერთ სამუშაოზე სხვა ფორმით იღებდნენ თანხებს (ნაღდი ანგარიშსწორება), რატომ უნდა გახდეს საწარმოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა შეფასდეს მანამდე და მას შემდგომ პერიოდზე მომსახურე პირების მხრიდან სამუშაოების შესრულება სხვა პირის სასარგებლოდ, ვინაიდან კონკრეტულ პერიოდში ზოგიერთ სპეციალისტს შესაძლოა არ ჰქონდა სხვა პირის სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების დრო ან შესაძლებლობა, თუმცაღა მანამდე ან მის შემდგომ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური პირთა დაქირავებით მომუშავეებად ჩათვლისთვის განსაზღვრავს კითხვარს, რომლითაც ადგენს პირის ამ სტატუსის მქონედ მიჩნევას.
კითხვარის ყველა კითხვაზე პასუხი მიუთითებს, რომ კომპანიის ფარგლებში მომუშავე ფიზიკური პირები არ წარმოადგნენ დაქირავებით მომუშავე პირებს, რადგან არ სარგებლობდნენ ანაზღაურებადი შვებულებით, მივლინებებით, არ ატარებდნენ კონკრეტულ ფორმას, რომელზეც გამოსახული იყო რაიმე სასაქონლო ნიშანი, არ სარგებლობდნენ კომპანიის ფარგლებში რაიმე უპირატესობით/სერვისით, არ იღებდნენ მონაწილეობას რაიმე აქტივობაში, არ მიეკუთვნებოდნენ კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას თანამდებობრივად, განხორციელებული საქმიანობა არ მიეკუთვნებოდა მათ ძირითად საქმიანობას, სამუშაოს შესრულება არ იყო დადგენილ სამუშაოს შემკვეთის მიერ დადგენილ მიმდევრობაზე დამოკიდებული. ამასთანავე, სამუშაოსთვის განსაზღვრული იყო კონკრეტული სპეციფიკა, მაგალითად, ბეტონის სამუშაოები კონკრეტული მოცულობით, არასათანადოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორების ხარჯები თავად ეკისრება შემსრულებელს და ამ ფორმით ხდება სამუშაოების შესაბამისობა და არა შემსრულებლის უბრალო ვალდებულების დარღვევის მითითებით. სამუშაო საათები არის თავისუფალი და დამკვეთი მოტივირებულია მხოლოდ შესრულდეს კონკრეტული სპეციალისტის მიერ კონკრეტული სამუშაო.
კითხვარის კითხვები შედგენილია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ბუნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათზე უარყოფითი პასუხის გაცემა მიუთითებს, რომ საწარმოს ფარგლებში მომუშავე პირები არ ყოფილან დაქირავებით მომუშავეები. ნაცვლად ამისა, შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება კონკრეტული სამუშაოდან გამომდინარე და არა ამ სამუშაოზე დახარჯული საათებიდან გამომდინარე. მაგალითად, 1 კვ.მ-ის შესრულების ანაზღაურება. შემოსავლების სამსახურის აპელირება, საგადასახადო ორგანოს დისკრეციაზე, „სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“, ვერ მიიღებენ მხედველობაში, ვინაიდან არათუ შეაფასა აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული გარემოება, არამედ არც უმსჯელია წარდგენილ დოკუმენტაციაზე, რომელიც ადასტურებდა აღნიშნულ პირების მხრიდან მათი სტატუსიდან გამომდინარე მომსახურების გაწევას. შესაბამისად, მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ:
გადაწყვეტილება მიღებულია ფორმალური მიდგომის საფუძველზე, უგულებელყოფილია გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპი და არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა დანართების სახით.
დანართებით დგინდება, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები საქმიანობას ახორციელებდნენ სხვა პირების მიმართაც.
დანართებით დგინდება, რომ საწარმოს არასდროს ჰყოლია აღნიშნული პირები დაქირავებით მომუშავეებად აყვანილი, თუმცაღა ზოგადად ჰყავს მუდმივად დაქირავებული თანამშრომლები (ბუღალტერი, ასისტენტი, ა.შ).
ამ ფიზიკურ პირებსა და კომპანიას შორის არსებული ურთიერთობა აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ნარდობის ხელშეკრულების კრიტერიუმებს, რადგანაც პირები მათი სტატუსიდან გამომდინარე კონკრეტული მოცულობით უწევენ მომსახურებას საწარმოს.
მიღებული გადაწყვეტილებით ჩნდება განცდა, რომ 2024 წლის 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე მხარის მიერ მოყვანილი გარემოებები საერთოდ არ იქნა შეფასებული და დარჩა ყურადღების მიღმა.
გადაწყვეტილება არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომლის შესახებაც მხარემ დასხვა პოზიცია სხდომაზე, მიმოიხილა სამუშაო სპეციფიკა, პროექტის სენსიტიური ხასიათი, მაღალი საჯარო ინტერესი და მაქსიმალურად სწრაფი მობილიზება, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანები უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ მათი კუთვნილი სახლებით. თავის მხრივ, გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს ხდის ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ მსჯელობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორში დადგენილ სტანდარტებზე, სადაც ყველა მიმდინარე პროექტი ძირითადი სამშენებლო ოპერატორების მიერ სრულდება მსგავსი სტატუსის მქონე პირების მიერ, ვინაიდან შემსრულებელთა სეგმენტს აქვთ სპეციფიური მოთხოვნები და საჭიროებები, რის დაკმაყოფილებისთვის ისინი ვერ გახდებიან კომპანიის მუდმივად დაქირავებული თანამშრომლები. ისინი ითხოვენ თავისუფალ გრაფიკს შეზღუდვების გარეშე, კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულებას და ა.შ. გარდა უშუალოდ საპროექტო ნაწილისა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მიდგომით საფრთხე ექმნება ზოგადად სამშენებლო სექტორში განსაზღვრულ მიდგომებს, ვინაიდან ამ მიდგომით შემოსავლების სამსახურს შეუძლია საგადასახადო ვალდებულება დაარიცხოს ყველა სამშენებლო სექტორში მოღვაწე იურიდიულ პირს და საერთოდ გააუქმოს ამ სექტორში ინდივიდუალური მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით სახეზეა ყველა კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური მეწარმე იმისათვის, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება დაიბეგროს სტატუსიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ ადმინისტრაციული ორგანო მხედველობაში არ იღებს არცერთ კრიტერიუმს და დასაბუთების გარეშე არიცხავს საგადასახადო ვალდებულებას იურიდიულ პირს.
კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მხოლოდ გადაწყვეტილების გადახედვა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც თავადვე დაადგინა, რომ ჰქონდა ტექნიკური შეცდომა და შესამცირებელი იყო 14,847 ლარი. შემოწმების აქტი, ბრძანება და წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად არის გადასახედი, შესაფასებელი და გამოსაკვლევი იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა საჩივარი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის ბრძანება №4460 კომპანიის 2024 წლის 25 იანვრის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე უსაფუძვლოა იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა საჩივარი სრულად. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა სრულად, რომელიც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, მშენებლობის პროცესისთვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები, რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა კომპანიის მიერ დაქირავებული მცირე მეწარმეები და გაიმიჯნა მათგან ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ საწარმოსთან საქმიანობის ფარგლებში დადგნენ მცირე მეწარმეებად და მანამდე და მას შემდეგაც რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდებოდათ. აღნიშნული პირები განხილულ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და მათზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არ მოიცავს დასაბუთებას თუ რამდენად არსებობდა პირთა (მცირე მეწარმეთა) მუდმივად დაქირავებულად ჩათვლის საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული/გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ მოძიებული და წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების დაბეგვრის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №4460 ბრძანება;
3. საჩივარი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების დაბეგვრის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების, დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად მიჩნევა.
ფაქტობრივი გარემოებები
მშენებლობის პროცესისთვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები, რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა კომპანიის მიერ დაქირავებული მცირე მეწარმეები და გაიმიჯნა მათგან ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ საწარმოსთან საქმიანობის ფარგლებში დადგნენ მცირე მეწარმეებად და მანამდე და მას შემდეგაც რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდებოდათ. აღნიშნული პირები განხილულ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და მათზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების დაბეგვრის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(9);101(1);154(1);