გადაწყვეტილება №28089/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.11.2026
№ დოკუმენტი 28089/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28089/2/2026

02 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 7.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28089/2/2026).

 

დავის საგანი:

საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №056-81 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17886 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 52 497.73 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 32 494.77

დღგ - (-8 820)

საშემოსავლო გადასახადი - 41 173.77

ქონების გადასახადი - 141

ჯარიმა - 15 337.3

საურავი - 4 665.66

 

გადასახდელად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა - 4 444.5 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გადაზიდვის მომსახურება. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.03.2023 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი 2024 წლის პირველ სექტემბრამდე. 2022 წლის კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის შემოსავლად გადამხდელს დაფიქსირებული ჰქონდა 75 937 ლარი, ხოლო 2023 და 2024 წლებში შესაბამისად 152 735 და 40 660 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ი/მ ------ი შემოსავალს იღებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევიდან. 2022 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენდა 77 739 ლარს, 2023 წელს 178 629 ლარს, ხოლო 2024 წელს 165 916 ლარს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა 1% საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯით, ბანკში გადახდილი სასესხო ვალდებულების პროცენტითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). 2022 წლის ხარჯმა შეადგინა 75 065 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 26 431 ლარი, სხვა ხარჯი 48 634 ლარი. 2023 წლის ხარჯმა შეადგინა 117 525 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 60 733 ლარი, სხვა ხარჯი 56 791ლარი. 2024 წლის ხარჯმა შეადგინა 77 026 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 56 411 ლარი, სხვა ხარჯი 20 615 ლარი. შედეგად, პირს 2022, 2023 და 2024 წლებში საანგარიშო პერიოდებში დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი 30 534 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი 2 693 ლარი.

2. გადასახადის გადამხდელს 2.06.2026 წელს საბაჟოს ტერიტორიაზე შემოყვანილი ჰყავს -------, ----- და ------- სატვირთო ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილები გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვებში. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, მოხდა აღნიშნულ სატვირთო ავტომობილებზე, საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის 8 820 ლარის ჩათვლა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.12.2025 წლის №26744 ბრძანება და №056-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.01.2026 წლის №1563 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.03.2026 წლის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების ასახვის გამო განუხილველი დარჩა.

შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 19.06.2026 წლის №27300/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანება და საჩივარი (ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში), მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17886 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაითვალისწინოს ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17886 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 88-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 106-ე მუხლით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). შედეგად, 2022 წელს საწვავის ხარჯმა შეადგინა 26 431 ლარი, 2023 წელს 60 733 ლარი, ხოლო 2024 წელს კი 56 411ლარი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელმა არ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით, მართლზომიერია, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს მიერ მეწარმის საწვავის ხარჯი გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ საწვავის ხარჯი განისაზღვრა შემოსავლის 34%. საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

საგადასახადო ორგანოს მიერ საწვავის ხარჯის დადგენის პროცესში გამოყენებული პროცენტული მაჩვენებილი აღებულია შესადარისი საწარმოს ფინანსური მონაცემებიდან, რომელშიც გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ შესადარისმა საწარმომ საწვავის შესყიდვებზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა და მას დღგ-ს დანახარჯი ზედმეტ ხარჯად არ დააწვა.

მოცემულ შემთხვევაში კი მეწარმეს არ გააჩნია საწვავის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად სახეზეა გარემოება, რომ მეწარმეს არც შესამოწმებელ პერიოდში მიუღია საწვავის თანხებზე შესაბამისი ჩათვლები და ვერც მომავალში მიიღებს აღნიშნულს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმის დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას საწვავის ხარჯის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მიუღებელი დღგ-ის ჩათვლების დანახარჯი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მეწარმის საწვავის დანახარჯი უნდა განისაზღვროს მისი შემოსავლის 40,12%-ის თანხით (=34%*1,18).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოწმებისას დადგენილია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). შედეგად, 2022 წელს საწვავის ხარჯმა შეადგინა 26 431 ლარი, 2023 წელს 60 733 ლარი, ხოლო 2024 წელს კი 56 411ლარი.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯის განსაზღვრა მოხდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტების მონაცემების მიხედვით.

მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაში დასწრების და არგუმენტების წარმოდგენის (საკუთარი ინტერესების დაცვის) შესაძლებლობა, თუმცა სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა დასწრებაზე და თანხმობა განაცხადა საჩივრის მის გარეშე ზეპირ განხილვაზე.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საწვავის ხარჯის განსაზღვრა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელს მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი 2024 წლის პირველ სექტემბრამდე. 2022 წლის კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის შემოსავლად გადამხდელს დაფიქსირებული ჰქონდა 75 937 ლარი, ხოლო 2023 და 2024 წლებში შესაბამისად 152 735 და 40 660 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ მომჩივანს შემოსავალს იღებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევიდან. 2022 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენდა 77 739 ლარს, 2023 წელს 178 629 ლარს, ხოლო 2024 წელს 165 916 ლარს.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა 1% საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯით, ბანკში გადახდილი სასესხო ვალდებულების პროცენტითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. შედეგად, პირს 2022, 2023 და 2024 წლებში საანგარიშო პერიოდებში დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი 30 534 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი 2 693 ლარი.

ამასთან,გადასახადის გადამხდელს 2.06.2026 წელს საბაჟოს ტერიტორიაზე შემოყვანილი ჰყავს სატვირთო ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილები გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვებში. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, მოხდა აღნიშნულ სატვირთო ავტომობილებზე, საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის 8 820 ლარის ჩათვლა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №26744 ბრძანება და №056-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №1563 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №26707/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების ასახვის გამო განუხილველი დარჩა.აღნიშნული №8549 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №27300/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანება და საჩივარი (ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში), მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის №17886 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,კერძოდ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაითვალისწინოს ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საწვავის ხარჯის განსაზღვრა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1„ე“); 61(3); 73(5„ა“); 100(1); 102; 105(1);