ბრძანება N 28997

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 30.01.2026
№ დოკუმენტი 28997
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28997

30 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ს“ (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: -----------------;

იურ. მის.: -------------------)

2025 წლის 17 აპრილის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის, 14 ნოემბრის და 12 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №--, №-- და №--) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 აგვისტოს №25389/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ს“ (ს/ნ ------------) №---/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №--- და №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, №---/-- საგადასახადო მოთხოვნას და 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია დაჯარიმდა შპს „------“-ის (ს/ნ ------------) კუთვნილი საავტომობილო ბენზინის, 40 000 კილოგრამის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოცემული რაოდენობა სრულად ჯდება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით არის დადგენილი. შპს „------“-ის (ს/ნ ------------) მიერ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებულ შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება/კალკულაცია და მოთხოვნის შემთხვევაში მზადაა წარუდგინოს შესაბამის უწყებას.

საბაჟო ორგანომ მოახდინა მიღებული მონაცემების, ბაზაში არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარება შპს „--------ის“ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტურად დარჩენილ ნაშთთან (რომელიც საქონლის დოკუმენტურად მიღების, იმპორტში მოქცევის, გასხვისების გათვალისწინებით იქნა დარჩენილი), რის საფუძველზეც ზედაპირული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საბაჟო ორგანომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ზღვრული ნორმები.

მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნია ვალდებულება, ბუნებრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს ან/და საბაჟო ორგანოს. შესაბამისად კომპანიის მხრიდან ფაქტობრივად გამოვლენილ ბუნებრივ დანაკარგებზე ინფორმაციის მიწოდება არ ხორციელდებოდა არც საქონლის საბაჟო საწყობში მოქცევის, არც მისი შენახვისა და არც განკარგვის დროს. არსებული დანაკარგის აღიარება და გათვალისწინება მხოლოდ შიდა აღრიცხვის მიზნებისთვის ხორციელდებოდა.

სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან, შპს „------ის“ (ს/ნ ------------) წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, რომლის შემთხვევაშიც კომპანიის მხრიდან იქნებოდა წარდგენილი სრული ინფორმაცია და თავიდან იქნებოდა აცილებული შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაფიქსირებული გადაცდომა და მოცემული გაუგებრობაც.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 9 ივლისს შპს „------ის“ (ს/ნ ------------) კუთვნილი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 40 000 კგ) №---/---/-- საბაჟო დეკლარაციით შენახულ იქნა შპს „------ის“ საბაჟო საწყობში (WHS-----).შპს „------ის“ (ს/ნ ------------) 2024 წლის 26 ივლისის №---/21-10-21 განცხადებით გამოირკვა, რომ შპს „-----ის“ საბაჟო საწყობში (WHS-----) არ ინახება შპს „-----ის“ კუთვნილი, №---/---/-- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 40 000 კგ).

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------ს“ (ს/ნ ------------) შპს „------თან“ (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №---) ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 43191.99 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის განმეორებით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №----- 12.10.2023) დარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა №---- (30.07.2024) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – შპს „-----ს“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. ამასთან, 2024 წლის 30 ივლისს გამოიცა №---/--- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 43191.99 ლარი (დღგ 23191.99 ლარი; აქციზის გადასახადი 20 000 ლარი) და საურავი 453.51 ლარი.

აღნიშნული აქტები შპს „------ის“ (ს/ნ ------------) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარში (№---/1/2024 20.08.2024) წარმოდგენილი არგუმენტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას იმის გამო, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპზე საბაჟო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დადგენილი – ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანებით, შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისათვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. კერძოდ, მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამავე დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.

შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 30 ივლისის №----- და №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №---/--- საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი და საბაჟო დეპარტამენტის №4296 (14.03.2025) ბრძანებით შპს „------ს“ (ს/ნ ------------) უარი ეთქვა სადავო აქტებით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).

მომჩივნისმიერ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №--- და №-- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, №---/--- საგადასახადო მოთხოვნა და 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10932 ბრძანებით შპს „------ს“ (ს/ნ ------------) მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანმა მიუთითა, რომ კომანია დაჯარიმდა შპს „----ის“ კუთვნილი საავტომობილო ბენზინის (40 000 კგ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ფაქტზე, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მოცემული საწვავის რაოდენობა სრულად ჯდებოდა იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც ზემოხსენებული ბრძანებით არის დადგენილი. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება/კალკულაცია, რომლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია მზად არის წარუდგინოს შესაბამის უწყებას. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანიამ შიდა სააღრიცხვო პოლიტიკით გადაწყვიტა, რომ საქონლის განბაჟებისას გამოიყენოს ე.წ FIFO მეთოდი, რაც გულისხმობს, იმას რომ საბუთის მიხედვით პირველ რიგში განაბჟებს იმ საქონელს რომელიც უფრო ადრე მიიღო, შესაბამისად ბუნებრივი დანაკარგი (აორთქლების შედეგად) სრულ საოპერაციო პერიოდზე ვრცელდება და არა ბოლო დეკლარაციაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანებაზე, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანებაზე და მომჩივნის არგუმენტებზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

- საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვს მომჩივანი;

- ზემოაღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო ნაწილობრივ დაკმაყოფილების ბრძანება და დაევალა საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება;

- არც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და არც აღსრულების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გათვალისწინებული დანაკარგის ნორმები, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, რაც დაადასტურა ასევე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრების ზეპირი განხილვის ეტაპზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანება არ არის აღსრულებული ამავე ბრძანების შესაბამისად.

ამდენად, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10932 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №----, №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და №-----/- საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2024 წლის 30 ივლისის №----, №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №---/--- საგადასახადო მოთხოვნა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 29 აგვისტოს (საჩივარი: №---/1/2024). შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით.”

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს N20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრული ნორმები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნავთობპროდუქტის/ნედლი ნავთობის ფაქტობრივი ნაკლებობის შემთხვევაში.

„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლით დადგენილია შემდეგი:

1. სასაქონლო პარტიაზე ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა დასაშვებია წინამდებარე ბრძანების დანართ №2-ში მითითებული ნორმების ფარგლებში.

2. საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას დანაკარგი გამოითვლება სასაქონლო პარტიიდან, შესაბამის დოკუმენტში მითითებულ რაოდენობასა და დანაკლისის ფაქტის დამდგენი პირის მიერ ჩატარებული აზომვის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ რაოდენობას შორის სხვაობის ფარგლებში.

3. რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.

4. ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით.

5. დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს.

ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის საზღვაო, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ან რეზერვუარში შენახვისას (თითოეულ საცავის სტაციონარულ კოდზე ერთჯერადად, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა) შესაძლო ბუნებრივი დანაკარგი გამოითვლება დანართი №2-ში მითითებული ყოველი კონკრეტული ოპერაციის დასრულების დროს, თითოეული ოპერაციისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმის ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულებით დადგენილია მათ შორის რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერის სტანდარტი. ნორმის შესაბამისად „რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.“ აღნიშნული წესის შესაბამისად იმისათვის, რომ ჩამოწერა მიჩნეულ იქნას დასაშვებად დებულებით განსაზღვრულია შესაბამისი წესით სამი ფაქტის აღრიცხვის აუცილებლობა. აღრიცხული უნდა იყოს „წინა ინვენტარიზაციის შედეგები“, ასევე უნდა განხორციელდეს ჩამოწერის გადაწყვეტილებამდე ინვენტარიზაცია (შემდგომი ინვენტარიზაცია), რომელიც წინ უსწრების ჩამოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას და ასევე აღრიცხული უნდა იყოს რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობა შესაბამისი წესით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დარჩენილი ნაშთი – 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი, შპს „-----ის“ 2024 წლის 21 ივნისის №---- განცხადების საფუძველზე, 2024 წლის 22 ივნისს №---/---/-- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. მითითებულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმით. ყვითელი დერეფნის განსაზღვრის შემდეგ, 2024 წლის 8 ივლისს, შპს „----მა“ №---- განცხადებით მომართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა №---/---/-- საქონლის საბაჟო დეკლარაციის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ თანხის არ ქონის გამო ვერ ახერხებდა დარიცხული გადასახდელების გადახდას. აღნიშნული განცხადების შესაბამისად, 2024 წლის 9 ივლისს გაუქმდა №---/---/-- საბაჟო დეკლარაცია და 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი №---/---/-- საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში.

ამასთან, ვინაიდან 2024 წლის ივლისის თვეში იცვლებოდა საბაჟო საწყობის მესაკუთრე, 2024 წლის 25 ივლისს „---“-ის მიერ განხორციელდა შპს „----ს“ საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების აზომვა (----- 25.07.2024) და საბაჟო საწყობის – შპს „-----ის“ 2024 წლის 26 ივლისის №----/21-10-21 განცხადებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ მის კუთვნილ საბაჟო საწყობში არ ინახებოდა „----ის“ კუთვნილი, №---/---/-- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული, 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი.

რაც შეეხება შპს „------ის“ (ს/ნ ------------) მიერ 2025 წლის 10 ოქტომბრის №----/21 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტებს საგულისხმო ფაქტია, რომ №---/---/-- (29.07.2023) და №---/---/-- (15.08.2023) საბაჟო დეკლარაციები ეკუთვნის შპს „------ს“, რომელმაც 2023 წელს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოაქცია 282 247 კგ ბენზინი და მითითებული დეკლარაციები არ წარმოადგენს სადავო საბაჟო დეკლარაციის №---/---/-- (09.07.2024) წინმსწრებ დეკლარაციებს.

ინვენტარიზაციის აქტებთან №-----1 (02.03.2023) და №-----1 (25.12.2023) დაკავშირებით კი, საყურადღებოა, რომ ამ აქტების გათვალისწინებით, შპს ------მა ჩაატარა ინვენტარიზაცია და შესრულდა ობიექტზე არსებული, სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღრიცხვა. მითითებული პირის მიერ მოხდა იჯარით აღებული საწვავის რეზერვუარის ჩაზომვა, რის შედეგადაც გამოვლინდა რომ ამ თარიღისთვის საწვავის ნაშთი შეადგენს 0 - ლიტრს და 0 - კგ-ს. ამდენად, ინვენტარიზაციის პერიოდია 2023 წლის 2 მარტი და 25 დეკემბერი და შესაბამისად, მითითებული აქტები კავშირში არაა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად მიჩნეულ საქონლის დანაკლისთან. №----4-1 (19.04.2024) აქტში კი მითითებულია, რომ შპს „-----მა“ ჩაატარა ინვენტარიზაცია და შესრულდა ობიექტზე არსებული, სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღრიცხვა. შედეგად, გამოვლინდა რომ რეზერვუარში ამ თარიღისთვის საწვავის ნაშთი შეადგენს 0 – ლიტრს და 0 – კგ-ს. სხვა ზემოთაღნიშნულ არგუმენტებთან ერთად, რაც უკავშირდება წინა ინვენტარიზაციის თაობაზე დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარმოუდგენლობას, ასევე საგულისხმოა, რომ საბოლოო დოკუმენტი/ზემოაღნიშნული აქტი შედგენილია შპს „-----ის“ ბუღალტრისა და დირექტორის მიერ და ხსენებულ აქტებში არ არის დაცული ინვენტარიზაციისთვის დამახასიათებელი პროცედურები, მათ შორის არ არის გამოკვეთილი შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობა, კონკრეტულად რომელი რეზერვუარების შემოწმება განხორციელდა, ასევე მითიითებულია პირები თუ ვინ ესწრებოდა ინვენტარიზაციას, თუმცა არ არის მითითებული ვინ განახორციელა ინვენტარიზაცია, აღნიშნულმა დამსწრე პირებმა თუ სხვა პირებმა, გაზომვის ტექნიკური მონაცემები/პროცედურა და სხვა მონაცემები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერისათვის აუცილებელი აღრიცხვის წარმოება არ განხორციელებულა სათანადო წესით. კომპანიის მხრიდან არ არის შესრულებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლით დადგენილი პირობები. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის უარი 2024 წლის 30 ივლისის №--- და №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებითა და №---/--- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე) მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ №4296 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „------ს“ (ს/ნ ------------) საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №----, №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და №----/- საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანსა და საბაჟო საწყობის მესაკუთრეს ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 43191.99 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. ამასთან, 2024 წლის 30 ივლისს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 43191.99 ლარი (დღგ 23191.99 ლარი; აქციზის გადასახადი 20 000 ლარი) და საურავი 453.51 ლარი.აღნიშნული აქტები მომჩივანის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №20886 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №20886 ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული №4296 ბრძანების საფუძველზე, მომჩივანს უარი ეთქვა 2024 წლის 30 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და N047-67 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).

მომჩივანმა №20886 ბრძანების აღსრულების შედეგები, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და N047-67 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა შემოსავლების სამსახურის №10932 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ამასთან,შემოსავლების 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“); 304(21);